Saturday, May 31, 2008

მკვდრის

მამამ მითხრა:
- არა, შენ დარჩები
და შეუდგა აღმართს.
მამამ მითხრა
და მე დავთქვი ჰორიზონტი..
წითელი ვარ და უძალო,
უძალო და ბრტყელი,
ბრტყელი და ცხელი,
ცხელი და
მიმიღე..
ჩემი ქუსლებით დაიწყე
და ჩემს მუხლებზე ჩამომსხდარ თოლიებს
სთხოვე გაფრენა,
ამო..
რომ სვლა განვაგრძო,
რომ არ გამოვჩნდე არცერთ ჭოგრიტში
და არცერთ მთიდან.
მე ვიცი, ეს გზა -
შემოვლითი -
ფსკერზე იწყება,
ამო თავს ზევით და
ნუ მიცურებ წელქვეშ გრილ მკლავებს
ნაპირისკენ გადასატყორცნად..

ქეთი გზირიშვილი

Friday, May 30, 2008

წერო

ჩემი სამეული ასეთია:
1) დედები
2) ანკეოსის არგონავტიკა
3) ემბიენტი

ვნახოთ ამ საღამოს. წარმატებები :)
-----
მაშ ასე. საღამო მოვიდა, 'წერო' გადასცეს:
1) გრამატიკის გაკვეთილები - დიანა ანფიმიადი
2) დედები - ნატო ინგოროყვა
3) აქ ნუ დადგებით - ეკა ქევანიშვილი
ვულოცავ:)
და მე მაინც ჩემს ფავორიტებს ვიტოვებ - ამ 15-დან.

ფარდა.

feelings


პირველად ვნახე ჩემი გადაღებული ფოტო დაბეჭდილი.. ყვავილებსა და ასეთ რამეებს ვგულისხმობ, არ ვბეჭდავ ხოლმე და მხოლოდ ვაქვეყნებ. ეს ფოტო დევს ჩემს ფლიკრზე, მაგრამ აქაც გადმოვიტან, რადგან ძალიან დადებითი ემოციები მომიტანა..
არნოლდ გეგეჭკორს – ჩემი მინაწერით.. რას ვიფიქრებდი!
გმადლობ, მეგობარო..

Thursday, May 29, 2008

U

არსებობს ადამიანი, რომელიც მაბრუნებს..
ბოლო დროს ცუდი აზრები მაქვს თავში. უაზროდ ვარ, უფრო სწორედ - უმიზნოდ და უმიზნოდ ყოფნას კი აზრი არ აქვს.
ჰოდა, ამ დროს არსებობ შენ. გეყრდნობი. ყველაზე მძიმე წუთებში.
ზუსტად იცი, როდის..

გმადლობ.

Tuesday, May 27, 2008

უუუფ

მერამდენე დღეა, ცარიელი ვარ.
დავიღალე უნდო ადამიანებით,
ლაპარაკებით,
სიარულებით,
ჩაჯდომებით,
დავარდნებით,
გაქცევებით,
ძილით და
ღვიძილით.

მამა დამესიზმრა ორჯერ.
უცნაური სიზმრები იყო..
– არა, შენ დარჩები.

ჰო, მარა..
არც არაფერი.
წა(მო)სვლა აჯობებდა.
ეგ ქუჩა მიყვარს..

ერთადერთი 'უუუფ' იყო რაღაც სხვა და ისიც გაქრა.

ძალიან მინდა ისევ ვწერო, ანუ ისევ ისე. თუ არ/თუ ვე(ღა)რ – გამიჭირდება.

Saturday, May 24, 2008

თარგმანი

გუშინ საღამოდან გაოცებული ვარ ერთი პატივცემული ადამიანის გამო. გამოაქვეყნა თარგმანები, უმარტივესი ტექსტები რუსული ენიდან და დაურთო ვრცელი "მტკიცებულებები", თუ როგორ და რამდენი გაითვალისწინა თარგმნისას.. არადა, ეს უბრალოდ საშინელებაა. ჩემს თვალში ეს ქალბატონი, როგორც მთარგმნელი, არასდროს აღარ იარსებებს. ცუდი ის არის, რომ მან შეიძლება დაბეჭდოს კიდეც და მკითხველს ხელში აბსოლუტურად სხვა ტექსტები შერჩება.
ყველაფერმა ამან ერთი რამ გამოიწვია - პირველად ჩემს ცხოვრებაში ვთარგმნე ორი ლექსი. ორივემ მოწონება დაიმსახურა.. და მეც მომწონს. სხვათაშორის თარგმნის პროცესიც. ტექსტები ძალიან მარტივია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ მარტივის ასე გადასხვაფერებამ გამაოცა და მიბიძგა.. ყველაზე საშინელი დროის ცვლილება იყო, აწმყოს წარსულით ჩანაცვლება! სიტყვების ამოგდება/დაკარგვა ან ისე შეცვლა, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. მაგალითად "სხვათაშორის" და "შემთხვევით". არის მათ შორის განსხვავება?!
საუბარი ვერა პავლოვას ეროტიკულ პოეზიას ეხება.

ვაქვეყნებ ორივე ლექსს ჩემი თარგმანით:
Идет
мужик.
Упал.
Встает.
Идет
мужик.
Упал.
Лежит.
Лежит
мужик
и не
встает.
Потом
встает.
Потом
идет

მიდის
კაცი.
დაეცა.
დგება.
მიდის
კაცი.
დაეცა.
წევს.
წევს
კაცი
და არ
დგება.
შემდეგ
დგება.
შემდეგ
მიდის.

Под свитерком его не спрячешь,
мой первый лифчик номер первый,
когда, гуляя по двору,
его ношу, и каждый смотрит,
и каждый видит, несмотря
на то, что складываю плечи
и что крест-накрест руки. Трудно
дышать — затянуто дыханье
подарком, сделанным мне мамой
вчера, как будто между прочим.

სვიტერის ქვეშ არ იმალება
ჩემი პირველი ლიფი, პირველი ნომერი,
ეზოში მოსეირნეს,
როცა მაცვია, ყველა შემომცქერის
და ყველა ხედავს, მიუხედავად იმისა,
რომ მხრებში ვიხრები
და ხელებს ვაჯვარედინებ. ძნელია
სუნთქვა - შეგუბებულია ჰაერი
გუშინ საღამოს, დედისგან სხვათაშორის
გაკეთებული საჩუქრით.

-------------
p.s. მან ჩაასწორა!! ჩუმად, მაგრამ მაინც..

p.p.s. არ ვასახელებ ვინაობას და არ ვდებ მის თარგმანებს, რადგან ვფიქრობ, მართალი არ ვიქნები, მას თუ არ ეცოდინება. წაკითხვა შესაძლებელია "ებლიტფოზე".

Friday, May 23, 2008

პლაგიატი

ბოლო დროს ხშირად ახსენებენ პლაგიატობას (როგორც ჩანს, სენივით შემოიჭრა).
ა) ახსენებენ მკითხველები, რომ რომელიღაცა ავტორის ფრაზამ სხვა რომელიღაცა ავტორის ფრაზა გაახსენათ.. შესაბამისად, რომელიღაცა ავტორი, რომელსაც მიანიშნეს მსგავსებაზე, აცხადებს ომს, ან მისი მკითხველები იცავენ თავგამოდებით.
ბ) ახსენებენ ავტორები, რომ მათი ფრაზა თუ იდეა სხვის ლექსში აღმოაჩინეს; სხვა ლექსის ავტორი მაშინვე იხსენებს, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა და გადადის შეტევაზე;
გ) ახსენებენ ლიტერატურათმცოდნეები და ავტორები, რომლებიც გვერდიდან უსმენენ/უყურებენ სიტუაციას და ასკვნიან, რომ ეს არ არის პლაგიატი, რომ ეს ბუნებრივია, თან 21-ე საუკუნეში; რომ თვითკმარი და თვითნაბადი ნაწარმოები/ავტორი არ არსებობს..
ამ შემთხვევაში ყველა კმაყოფილია, რადგან თავის გასამართლებელ საბუთად გამოდგება, მითუმეტეს თუ კომპეტენტური პირი ამბობს..

კი ბატონო, როდესაც მაგალითად მოგყავთ ოკეანისგადაღმელი და ქართველი, რომლებსაც თითქმის (ან გადაჭრით) შეუძლებელია, ერთმანეთის შემოქმედებაზე ჰქონდეთ წარმოდგენა – გეთანხმებით. მაგრამ, როდესაც ერთ, საერთო, ქართულ ლიტერატურულ ფორუმში მყოფ წევრებს აქვთ ეს მსგავსებები, უფრო სწორედ კალკირებული ფრაზები, აქ რა ვქნათ?! მერე რა, ხომ?! და თუ სხვის ფრაზაზე აშენებ შენს ლექსს, ეპიგრაფად მაინც უნდა მიუთითო.. და თუ სიტყვები არ გყოფნის სათქმელის გამოსახატად, ანუ ენას ვერ ფლობ, უნდა დატოვო ამბიციები. მე ასე მესმის..

ჰო, გული მეტკინა მას შემდეგ, რაც საკუთარი იდეა თუ ფრაზა სხვასთან აღმოვაჩინე, ჩემი ლექსის გამოქვეყნების შემდეგ. იდეებთან დაკავშირებით – ძალიან საინტერესო ამბავი ხდება.. ოკ, საკუთარ თავზე წერა მიჭირს.
კი, მჯერა კომპეტენტური ხალხის, შეიძლება ითქვას, ღრუბელივით ვისრუტავ მათ სიტყვებს, მაგრამ გული მაინც მტკივა. ამიტომ, აქ მაინც დავწერ, სხვაგან თუ არა..

ჩვენ, ორი..


p.s. I Love You..

(The Beatles)

Thursday, May 22, 2008

ახალი :)

მაშ ასე.. დროებით ასეთი გარეგნობა ექნება ჩემს ბლოგს :)
გიომ იმდენი და ისეთი ლამაზი მოლურჯო-მოცისფერო ტონები აირჩია საიტისთვის, რომ მუქ ფერებს აქ ვეღარ შევეგუე..
ჰოდა, მეც – ღია იისფერი. ძალიან მომწონს.
თუ სხვა რამ მოვიფიქრე, ვნახოთ, ოღონდ ყველა შემთხვევაში - ღია იქნება!

Wednesday, May 21, 2008

. . .

მეგონა, სისუსტეს დავძლევდი და შევძლებდი.
ძალიან მინდოდა.
ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ კი.
მაგრამ რაღაც დამემართა.
იცი, გულის სიღრმეში მინდოდა, ჩემი ასეთი თხოვნის მიუხედავად, მაინც გეთქვა და მაშინ სხვა გზა არ მექნებოდა.
მაგრამ..
ძალიან მიყვარხარ, ასეთი.. ჩემო მეგობარო..
და მრცხვენია, რა იფიქრე ნეტავ?!

Saturday, May 17, 2008

წერო

არ მიყვარს არასტაბილური რაღაცეები.
აი, ახლაც..
ამაზე სხვა დროს.

ორი დღეა "წეროს" ლექსებს ვკითხულობ. რომ ვთქვა ეს საუკეთესოებს შორის საუკეთესოებია, მოვიტყუები. საშინელებაა, როცა 100 სტრიქონის შექმნა მოთხოვნაა, როცა თვალწინ "გაკეთებულ" ლექსებს გიდებენ და პოეზიად გაჩეჩებენ. "გაკეთებულში" დამუშავებას არ ვგულისხმობ, ეს ბუნებრივია, დაწერის შემდეგ ავტორი, თუ ამჩნევს შეცდომებს, უნდა ასწორებდეს კიდეც. მე სხვა რამეს ვამბობ.
თუმცა, მათ შორის ორი-სამი ტექსტი შედარებით გამოირჩევა..

აუ, წერა მეზარება. მოვბრუნდები..

Wednesday, May 14, 2008

პ.ს.

ზაზა შათირიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოხმაურება დავწერე. მითხრეს, რომ ნახა და დარეკა.. მოკლედ, დადებითად შეფასდა და კმაყოფილი ვარ.

დღის უარყოფითი.. მეზარება ჩამოთვლა.

არა, მაინც, საქმეა 100 სტრიქონიანი ტექსტების ლექსებად გამოცხადება?!

Monday, May 12, 2008

გორან

ქორწილებისა და დაკრძალვების ორკესტრი.
სწორედ ის, რაც მჭირდება..
მიუხედავად მხიარული აკორდებისა, ხან ისეთი ტრაგიზმით სავსე..
მხრებს ხომ ვაყოლებ და.. შუბლის ხაზებსაც, ზევით - ფიქრებით..

და კიდევ- ყოველთვის მიყვარდა ჩასაბერი ინსტრუმენტები..


მიყვარს ეს ადამიანი.

ეს - ერთი, ალბომიდან Karmen with a happy end
დანარჩენი.. ადვილად მოსაძიებელია.

Sunday, May 11, 2008

გვირილა


ცოტა უკეთესი დღე.
ამ ფოტომაც გამახალისა.. ეს დღეები ძალიან სევდიანი ვარ.


პ.ს. ცოტა უკეთესი დღე ცოტა უარესი ფინალით..
ფიჰ..

Friday, May 9, 2008

. . .

დღეს 4 თვე გახდა..

და 4 თვეა, როცა არ უნდა გაგიხსენო, მხოლოდ ცივი კედლები, უმწეო სხეული, ოდნავ წვერწამოზრდილი ნიკაპი, შესიებული ხელები, შეკრული ფეხები მახსენდება..
მინდა სხვა რამეზე ვიფიქრო..
აი, როცა ერთმანეთის გვერდით ვიდექით - წლებზე.

Thursday, May 8, 2008

ხმა

ხმები, რომლებიც მიყვარს,
ხმები, რომლებიც არ მიყვარს,
ხმები, რომლებიც მაშინებს,
ხმები, რომლებიც აღარ მახსოვს,
ხმები, რომლებიც მაინტერესებს..

რაც მაშინებს, ის ხანდახან მაინტერესებს კიდეც.
რაც აღარ მახსოვს, ის ხანდახან მიყვარს.
რაც არ მიყვარს, იმას ხშირად ჩამძახიან.
რაც მიყვარს, ის ხშირად მაკლია..

ხმები გაცილებით მეტს ყვებიან, ვიდრე თვალები და შედარებით ნაკლებს, ვიდრე შეხება..
შეხებაზე – სხვა დროს..
სულაც არ შემოვსულვარ ახლა ხმებზე საწერად.
დილიდან ბურთი მაქვს ყელში გაჩხერილი. დილიდან მერამდენედ გავხსენი ახალი პოსტის გრაფა და დავხურე..
ეს ბურთი არც გადმოვარდნას აპირებს და არც ილოკება, რომ დადნეს..

ყველაზე ბევრს მაშინ ვამბობდი, როცა ყურით გულისცემას ვუსმენდი და თვალებს ვლულავდი..
რამდენი ხანია, ჩუმად ვარ.
ყოველ ღამე გორგალივით ვიკუნტები და ვცდილობ, ყური მოგადო.. ჰაერში..

შენ აღარ გინდა ჩემთან ლაპარაკი.
მე – ბურთი მაქვს.

ჩვენ, ორი..

ჩვენ, ორი ველოსიპედი,
ორი, დიდი ხნის წინ გამოგონილი ველოსიპედი,
ჩამოქერცლილ, თეთრ კედელთან მიყუდებულები
ველოდებით მათ.

შენი ველო მწვანეა და სამთო,
უამრავ დაბრკოლებაგადალახულს, თავი ყოჩაღად უჭირავს.
შენ, ყოველდილით,
(ან იქნებ არც კი, ყოველდილით)
ჰაერით ავსებ მის ბორბლებს
და სიგნალს საჩვენებელს წამოკრავ –
გასვლის წინ, გასაღიმებლად...
მწვანე მეგობარზე ამხედრებული
კისერს უკან იტრიალებ, –
კეთილ ღიმილს, ჩამოქნეულ ხელისგულში რომ ხედავ,
საკუთარს აგებებ.
დამშვიდობება შედგა –
დროებითი
და ეშვები სივრცეზე და სივრცეში...

ჩემი ველო ცისფერია და მომცრო –
ეზოში გასატარებლად თუ გამოდგება,
ჰა – მიმდებარე ქუჩებში..
მე, ყოველდილით,
(ან არც კი, ყოველდილით)
ვამჩნევ მის მოშვებულ ბორბალს და იმ იმედით,
რომ ახლოს მივდივარ,
ხელჩაქნეული, მაინც ვსკუპდები ზედ
და კედელ–კედელ ნასწავლი პირველი გაკვეთილი მახსენდება..
ჩემი ველოს სიგნალი ისეთი უნიათოა,
საჩვენებელ თითსაც კი ვერ განაწყობს წამოსაკრავად,
ჰოდა დუმს,
მხოლოდ ხანდახან, შესამჩნევ და მაინც უყურადღებოდ გამორჩენილ
ორმოში ჩახეთქებისას კვნესის,
ოდნავ.

დღეს შენი სივრცე ჩემს მიმდებარე ქუჩას მოიცავს.
დღეს შენი მწვანე ჩემს ცისფერს ეზავება.
დღეს შენი კვალი ჩემი საგზაო ნიშანია.
დღეს ვერ შევამჩნევ ვერცერთ ორმოს და მაინც,
არ გავიგებ ხმას –
სუნთქვას ჩუმად ამოყოლილს..

ჩვენ, ორ ველოსიპედს,
ორ, დიდი ხნის წინ გამოგონილ ველოსიპედს,
ჩამოქერცლილ, თეთრ კედელთან მიყუდებულებს,
გვიყვარს ერთმანეთი.

ქეთი გზირიშვილი

Wednesday, May 7, 2008

პორტრეტი :)

ამ საღამოს ქეთქეთამ გამახალისა - ჩემი პორტრეტი დახატა აი, ამ პროგრამით და მაჩუქა:)



მგავს?! :)
წიგნი - კარგი და ფრთები რომ მაქვს?! :)

Tuesday, May 6, 2008

Here comes the sun..

ამ ინტერპრეტაციას გადავაწყდი და ჰაეროვანი და მსუბუქი კვალისთვის - იყოს აქაც:)
მოუსმინეთ - ამჯერად ნინა სიმონეს


პ.ს. მგონი, ჯერჯერობით მხოლოდ ეს სიმღერა მაქვს ბლოგზე ატვირთული.. სხვებსაც შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა :))

იგი

ტვინი გუგუნით მუშაობს..
იგი
იგი
იგი -გენიალური!
აღარ მახსოვდა და მთლიანად მომიცვა - სხვანაირად მივიღე ყველაფერი.. ზუსტად ისაა, რაც ახლა მჭირდება და მომწონს - საფიქრი, რომელიც ბრახა-ბრუხით ჩადის თავში და დალაგება უნდა..


...

წაიკითხეთ ან გადაიკითხეთ ჯემალ ქარჩხაძის "იგი"

Monday, May 5, 2008

U

დღის ერთადერთი გამონათება - მოპარული ნახევარი წუთი..

Sunday, May 4, 2008

New..


საოცარია, დილას, როცა ჯერ არაფერი ვიცოდი, ეს ფოტო გადავიღე. ნუ, ნათურის მნიშვნელობა ბოლო დროს - გასაგებია, მაგრამ..

ჰოდა, დავდე Flickr-ზე და დავარქვი New. ინტუიცია იყო ალბათ. არადა, მთელი თვეა არაფერი არ გადამიღია..

All will be right! ეგეც მივაწერე ქვეშ :)

Saturday, May 3, 2008

!

ეს რა დღეა!
დილიდანვე დათარსული..
ვერ ვიტანს 3 მაისს!
ჯერ ფორუმში დავიბლოკე თუ რაღაც,
რომ ვერ გავიგე რა ხდებოდა, კომპის ბრალი მეგონა, ავურიე და საბოლოოდ ფირმაში წაღება მომიწია, იქ დამატებით სხვა მიზეზიც მითხრეს.. მოკლედ - შესაბამისი ხარჯებით,
მერე მილი გასკდა სახლში,
ახლა..
ყველაფერი დამთავრდა - დაცარიელდა ის, რითაც უკვე მეორე წელია ვსუნთქავ..
რაზეც ყოველდღე ვფიქრობდი,
სადაც ყველაფერი დაიწყო,
სადაც დავიწყე!
წუხელ ისე ბედნიერი ვიყავი, სახლიდან პირველად შევედი, დაძინება არ მინდოდა, რაღაცნაირი გრძნობა მქონდა..


არანაირი - სიღნაღი..
უბრალოდ.. მიყვარხარ.

ერთი პეშვი..

ცას შეიძლება დაეპნეს პეშვში მოგროვილი ლოცვები,
მაგრამ ცა ვეღარ წამოკრეფს მათ.
ცა იტირებს,
მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ.
ცა იჩხუბებს,
მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ.

პატარა მწყემსი,
ორი ცხვარი ორი ბატივით რომ გაუგდია წინ,
ფლეერს უსმენს.
მის ყურში ‘დედოფალია’,
ბაგეზე – ‘თეთრი ქარავანი’.
პატარა მწყემსი ბრმაა.
ცხვრებს, ნაბიჯით რომ არ სცილდებიან,
ყნოსვით აგნებს.
ცხვრებს უყვართ მწყემსის მოსმენა,
ცხვრებს უყვართ მწვანე ბალახი,
ცხვრებს უყვართ მიწა.
ცხვრები ბატებს ემსგავსებიან,
როცა ცა პეშვს ხსნის და ტირის..

პატარა მწყემსო, დაისველე თავი,
პატარა მწყემსო, მოიწმინდე პირი,
პატარა მწყემსო, აახილე თვალი,
აახილე,
აახილე,
აახილე!
ცა დაიქცა.

ორ ცხვარს, ორ ბატს რომ ჰგავს,
სახე ჩამოსტირის..
პატარა მწყემსს აღარ აქვს ფლეერი..
მის ყურში თეთრი ქარავანია,
ბაგეზე – დედოფალი..

პატარა მწყემსმა ცა დაინახა..
ცამ გაიღიმა..

ქეთი გზირიშვილი
7.03.08.

პატარა მწყემსი.. პატარა, იმაზე უფრო დაბნეული მწყემსი, ვიდრე მეგონა..

მთელი ღამე ვფიქრობდი ლექსზე , რომელიც ჩავმალე "ცივი შხაპის" გამო..
მთელი ღამე ვნანობდი და ჭკუას ვსწავლობდი, რომ ერთადერთხელ არ წავაკითხე პირველად მეგობარს..
მარა გამობრძმედილი ჭკუა რას მარგებს ახლა..

ჩერჩეტი..

არადა, მაშინ მრცხვენოდა - მეგობრის.. რატომ პირიქით არა..
იმ ხანად ასეთ უცნაურ ლექსებს არ ვწერდი.. ჩემთვის უცნაური იყო, ანუ ახალი ეტაპი.. თითქოს ვიღაც "მკარნახობდა", მე მხოლოდ "ვიწერდი" და მერე რამდენიმე კვირა ვცდილობდი საკუთარის გაგებას, უფრო იმის დაჯერებას, რომ კარგია..

გვიან გავიგე..
მან - მაშინვე..

ვცდებოდე..

Friday, May 2, 2008

დღეს..

დღეიდან ინეტი მაქვს, ეგეც კარგი ამბავი..

პირველი პოსტი 2 აპრილს დავწერე.. ეგეც – ერთი თვე..
კოპლებიანი დღე? მხოლოდ შავზე თეთრად.. ეგეც – ორი ფერი..
ციფრი 2 არ მიყვარს.. ეგ არაფერი :)
"ჩვენ, ორი.." ჩემი საყვარელი ლექსია – ეგ ლექსი იმით გამოირჩევა, რომ წერის პროცესშივე უკვე მიყვარდა ..

ეგ არი..

. . .
აღარ მახსოვს, ვინ აგროვებდა ბავშვობაში ხმებს? ბიორკი?
დადიოდა პატარა დიქტოფონით და წერდა..

დღეს შევაგროვებდი:

მაგიდის უჯრების ჯახუნს,
15 წყვილი ქუსლის კაკუნს,
ყოველ 5 წუთში ზარს,
ყვირილს,
იქვე სიცილს,
კარის ჭრიალს,
წიგნების ფურცლების შრიალს,
კლავიატურაზე წკაპაწკუპს,
პარკეტის ჭრაჭუნს,
კომპიუტერების ქულერების ხმას,
ჩაიდანიდან ჩამოსხმული წყლის ჩხრიალს,
მანქანის სირენას..


ძალიან დავიღალე.

Thursday, May 1, 2008

შავ–თეთრი..



დღეს შავ–თეთრი დღეა, ოღონდ კოპლებიანი..
ხან შავზე – თეთრად, ხან პირიქით..

ისე, ლამაზია.. :)

მიყვარხარ სიღნაღში.. :)

ეს მელოდია გამახსენდა :)
"ებლიტფო" სიღნაღში წასვლას გეგმავს და გამახალისა ამ ამბავმა..

ეს – შარშანდელი..



პ.ს. ახლა დავხედე თარიღს :)
1 მაისი..
და მაისის პირველი პოსტი რომ ასე რომანტიკულსათაურიანი გამოვიდა? :)