Friday, January 30, 2009

წყარო

გუშინ, გვიან ღამით მომინდა ამაზე დაწერა – დღის მანძილზე საუბარმაც მოიტანა და მერე პოსტშიც ვახსენე. მოკლედ, მოჩუხჩუხე წყლის ნაკადს არ ვგულისხმობ, არამედ ტექსტში გამოყენებული მასალის, თუ ინსპირირების წყაროს მითითების ცივილურ ფორმას (თუმცა, სიტყვა 'წყარო' შესანიშნავად გადმოსცემს პირველწყაროს ბუნებას).
მას შემდეგ, რაც ქართულ ბლოგებს ვათვალიერებ, სხვადასხვა ასაკის ბლოგერებისგან ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი ყურადღების დანახვა მახარებს, ანუ: როცა ერთ თემაზე დაწერილ პოსტებში მითითებულია იმავე თემაზე დაწერილი სხვა ბლოგერის პოსტის ლინკი; ან სიტყვიერად, რომ იდეა წამოვიდა აქედან, ან ამ ადამიანისგან; თუნდაც ჩემი გუშინდელი (არა ერთადერთი) შემთხვევა – როცა წყარო მითითებული დამხვდა.
ამის მაგალითად მოტანა გადავწყვიტე, რადგან სამწუხაროდ, ხშირად იგივე კულტურას პოეტები არ იჩენენ (ძირითადად ახალგაზრდა ავტორებს ვგულისხმობ). სულ რამდენიმეს ჩამოთვლა შემიძლია, ვისთანაც ეპიგრაფს შევხვედრივარ (პირადი საუბრიდან მოტანილი ფრაზაც კი მინახავს, თუკი ის ინსპირაციის მიზეზია). ეს ადამიანის პატიოსან ბუნებაზე მიუთითებს. შედეგი არა მხოლოდ ის შეხედულებაა, რომელიც ბუნებასთან დაკავშირებით ჩნდება, არამედ ისიც, რომ პლაგიატორის დარქმევა თავში არავის მოუვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შემოქმედებითი ეთიკის ქონაზე მიუთითებს, რომელზეც მხოლოდ კეთილგანწყობით პასუხობენ.
ეპიგრაფის დართვა არანაირად არ აკნინებს ავტორს, არადა, პირიქით ფიქრობენ. სწორედ, რომ ასე, რადგან დღეს, კარგი კონცეპტი და მეტაფორა რამდენადაც იშვიათია, იმდენადვე მოიმატა მათზე მონადირეთა რიცხვმა. როცა რეიტინგისთვის ბრძოლაა გადასატანი, როცა სურთ, რომ ინტელექტუალის სახელით დამკვიდრდნენ, უკან არაფერზე იხევენ. ინტერნეტის უსაზღვრობის გამო კი შესაძლებელია, ოდესმე საკუთარი ქმნილების ქურდად გამოცხადდე – ვერ დაამტკიცო, რომ პირველი შენ იყავი, რადგან "საჭირო ადგილზე საჭირო დროს" არ აღმოჩნდი; ანუ, როცა ნამდვილი ავტორის დიდი აუდიტორიისთვის გაცნობა პლაგიატორზე გვიან მოხდება.
ცუდი ის არის, რომ წინათაობელებისგან არაერთხელ მსმენია – თუ ნაკლებად ცნობილი ავტორის ტექსტს გადაამუშავებენ, შერჩებათ კიდეც. მთავარია, ცნობილის სიტყვა არ გაეპაროთ სადმე ბრჭყალების, ან ეპიგრაფის გარეშე, რადგან ვინმე მიუთითებთ. საწყენია.
შთაგონების წყაროს ღელედ ან მდინარედ ქცევას რა სჯობს, ოღონდ მისი დავიწყების გარეშე, ვინც წყაროსთან მიგიყვანთ.

მუქი სათვალის გამო

დიდი ხანია, ვიცი.
ისიც, რომ კედელი ჩემ გარშემო – უფრო მყარი, უფრო მაღალი.

Thursday, January 29, 2009

უპს..

დღეს გუგლში ერთ ლიტერატურულ საიტს ვეძებდი. საიტი ვიპოვნე და იქვე, ჩამონათვალში კიდევ ერთი რამ: ბლოგი, სადაც ლიტერატურულ თემებზეც შეიძლება სტატიების წაკითხვა, ანუ სანიშნეს ჰგავს – მოწონებული საკითხავის ერთად აკინძვის საინტერესო მცდელობაა. ბლოგროლში Keti დავინახე. აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ კატეგორიაა, სადაც ჩემი ბლოგიდან სამი წერილია გადატანილი. წყარო მითითებულია.
ვეძებე, მაგრამ ბლოგზე მისი ავტორის ვინაობა ვერ აღმოვაჩინე, ვერც საკონტაქტო კოორდინატები. არანაირი პროფილი, არანაირი პირადი ტექსტი. მხოლოდ სტატიები ქართული ბლოგებიდან.
ჰო, იქვე რადიო 105–ც :)
კარგი იქნებოდა, მცოდნოდა.. და როცა არ – პოვნაც კარგია:)

Tuesday, January 27, 2009

მარტივად

ის წერილი უნდა ვიპოვნო სახლის არქივში – მარტივად თქმაზე, ოდესღაც რომ გამოვაქვეყნე...

მანამდე სხვა სიმარტივეები, ისიც იმიტომ, რომ ბოლო დროს ოთხივე შემთხვევა მქონდა, თორემ ახალი არაფერი:
* როდესაც ადამიანი არ მოგწონს და მას ის მოსწონს, რაც შენ – ბრაზდები. ამბობ – ოო, შეუძლებელია! ის მე არ მგავს.
* როდესაც ადამიანი არ მოგწონს, ოღონდ ეს უბრალოდ კაპრიზია – ამბობ იგივეს და ამატებ, რომ პირველს შენ მოგეწონა.
* როდესაც ადამიანი მოგწონს და გემოვნებაც ემთხვევა – გიხარია – ვა, რა მაგარია! მერე ამაზე ბევრს საუბრობთ და იცინით. ან არც საუბრობთ, მაგრამ გიხარია.
* მაგრამ, როდესაც ადამიანი მოგწონს და მას განსხვავებული
რამ მოსწონს – ეს უკვე სხვაა – ინტერესდები: ნახულობ, ისმენ, ეხები, კბეჩ... ცდილობ, "მოირგო", მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკეთ გაიცნო. შეიძლება არ მიიღო, მაგრამ ნეიტრალური რჩები.

Monday, January 26, 2009

ერთი კვირა, კედელზე

რამდენიმედან ამორჩევა გამიჭირდა. მაგრიტის რამდენიმედან.
მიყვარს მისი მოსმენა. ადრეც ვთქვი, პოეტურია–მეთქი. რაღაცნაირად.
ჰოდა,
დღეს საიდუმლოს მოვუსმინოთ..

***
ვინთიჯ არტი.
კენ ბეილი. ჩაი ბულტერიერი.

ახლანდელ განწყობას ვერ ავხსნი. მხოლოდ ფერი ვიცი..
ისე, საინტერესოა ეს ბულ ტერიერ თი :)
და პოსტერები რომ მიყვარს, უკვე ვთქვი :)

26 იანვარი –
1 თებერვალი.

Saturday, January 24, 2009

კადრში


ასე მგონია, როცა მათ ვიღებ, კარგ საქმეს ვაკეთებ.
და უცნაური ის არის, რომ თავიდან ასე არ ვფიქრობდი.
თავიდან, თავისთავად მოხვდნენ კადრში.
მერე ვეძებდი.
ხან – არც, უბრალოდ ვხედავდი და მე ხომ თითქმის სულ თან მაქვს კამერა.
ბოლო დროს გამიჩნდა ეს განცდა, რომ კარგი საქმეა, რადგან აღმოვაჩინე: ზოგიერთი რამ ჩემ კადრებს შემორჩა, თბილისს – აღარ.
აი, მაგალითად, წერილი "ინიციალები", ასე თვენახევრის წინ დავწერე. ძველი ფანჯრის ფოტოც დავურთე, რომლის გისოსზეც სახლის, ალბათ, პირველი მფლობელის ინიციალები იყო აღნიშნული – Д. А.
დაახლოებით ორი კვირის წინ ეს ფანჯარა გააუქმეს. როგორც ჩანს, პატრონმა ბინა გააქირავა, ან გაყიდა; იქ ოფისი გაიხსნა, გარემონტდა და ჩემი აზრით, უნიკალური ძველი სახე სახლსაც დაეკარგა და ფანჯარასაც. ის გისოსი ამოუჭრიათ და ახალი რკინის კარის გასაფორმებლად გამოუყენებიათ. ინიციალები ისევ ჩანს, მაგრამ კარი თანამედროვეა, თან გადაშინდისფერებული.
და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის.

დღეს, დაუგეგმავად – ლოდინის ორი საათის შესავსებად სადგურის მიმდებარე ქუჩებს გავუყევი. ულამაზესი სახლები და სადარბაზო კარები ვნახე. რა თქმა უნდა, გადავიღე. სხვათაშორის, კიდევ აღმოვაჩინე კარზე ინიციალები, ამჯერად – M. C. და მეორეზე – წარწერა "Заводь" :)
ჰო, თან ისტორიაც განმეორდა.
ძველი ეზოების მაცხოვრებლებს შორის ეჭვს ვაჩენ ხოლმე. შარშან, ერთი ქალი ქუჩის ბოლომდე გამომყვა. ვერაფრით დაიჯერა, რომ სამშენებლო კომპანიიდან არ ვიყავი და ამიტომ არ ვიღებდი მათ ეზოს.
– ლამაზი ეზო გაქვთ, – ვეუბნები.
ვითომ არ ესმის, მიმეორებს:
– რატომ იღებთ? რომელ კომპანიაში მუშაობთ? ჩვენთან მოდიან დანგრევის მსურველები...

მე ერთი კადრის გადაღებით არ ვკმაყოფილდები, რამდენიმეს ვიღებ, რომ საუკეთესო გამოვაქვეყნო. დღესაც დრო დამჭირდა – ერთი სახლი ისე ლამაზი იყო, კარი და შიდა ეზოც ისეთი ჰქონდა... ჰოდა, სანამ ხან მანქანებს ვატარებდი სასურველი პოზიციის დაკავებამდე და ხან კადრს ვასწორებდი, თურმე მეზობლებიც მოგროვდნენ. ამ დროს, როგორც წესი, კაცები არ აქტიურობენ. ამბის გასაგებად ქალი მოდის :)
ნელი ნაბიჯით და თან დოინჯშემორტყმული რომ დაიძრა, მივხვდი. გავუღიმე.
– გოგონა, რატომ იღებთ? – მიღიმის.
– ლამაზია.
– მერე? რისთვის იღებთ?
– ისე, ჩემთვის. მომწონს.
– აა..
გავეცალე. გაკვირვებული დარჩა და ტუჩაბზუებულიც.
მათი სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში ორი ტრიალი მინდორია. ნინოშვილის ქუჩის უშველებელი მონაკვეთი, ორივე მხარეს – მიწასთან გასწორებული.
იქ ბეტონის გორას ჩადგამენ.
თბილისი ხომ შენდება..

ხანდახან მგონია, ჩემ თბილისს ვაგროვებ, იმის შიშით, რომ დავკარგავ.

Thursday, January 22, 2009

Y asi pasan los dias...

ვერ ვწერ აქ. უფრო ზუსტად, პირადულზე ვერ და არც.
აი, საზოგადოსთვის – მარტო სურვილი არ არის საკმარისი, მეტი ემოცია მჭირდება.. არ მაღელვებს.
და მაინც, ამ საღამოს ბლოგს ვერ მოვცილდი: ზაფხულამდე გადავიკითხე, თან როტას მუსიკის ფონზე (რამ გამახსენა?!).

ახლა სხვა რამეს ვუსმენ და აქაც დავდებ. მიყვარს მისი აქცენტიანი "პრეგუნთოუ" :)


პ.ს. თურმე "Quizás" კუბელმა ოსვალდო ფარესმა დაწერა, 1947 წელს. არაერთი შესრულებით მომისმენია, მაგრამ ამას ვუბრუნდები. ხან, სხვასაც, უფრო რიტმულს – ლაურა ფიგის..

...
ერთი არაჩვეულებრივი შესრულებაც მსურს, აქ დავამატო:
იბრაჰიმ ფერერი და ომარა პორტუონდო

Tuesday, January 20, 2009

ერთი კვირა, კედელზე

თუ რაზე წერს, უფრო სწორედ, რას ახსენებს ხშირად პოეტი, დაკვირვებულ ფსიქოანალიტიკოსს, ან დაინტერესების შემთხვევაში, უბრალო მკითხველსაც შეუძლია, გამოიცნოს მისი სისუსტეები (ასე დავარქვათ). რას ხატავს ხშირად მხატვარი, ამის მიხედვით... ამ შემთხვევაში ვასკვნი: ედგარ დეგას ყველაზე მეტად ქალის კისერი აღელვებდა, ასევე ქალი – წინგადმოწეული თმის ვარცხნისას და ქალი – დაბანვის, ან გამშრალების პროცესში:) შესაბამისად, სურნელზეც შემიძლია ვთქვა...
ძალიან ინტიმურ დეტალებს ავღწერ? უფრო ვრცლადაც შემეძლო, თუმცა, რაკი ფსიქოლოგი არ ვარ, ჩავთვალოთ, რომ ეს მხოლოდ ჩემი აღქმაა.
დეგას მიერ ამ თემაზე შექმნილი არაერთი ნამუშევრიდან ერთ - ჩემთვის ყველაზე მოსაწონს კედელს ვუთმობ.
ჰო, რატომ After the Bath თემა, ამას არ დავწერ :)

***
ფერნანდო ბოტეროს დავუბრუნდი. ხან ვფიქრობ, რატომ მისი დამრგვალებული ფორმები?! მგონი, ის რაც შეიძლება მეტ ხორცს ხატავს (უხეშად რომ ვთქვა) და ამით ყველაფერს იმაზე მეტად მიწიერად წარმოადგენს, ვიდრე არის. ან, იქნებ, "ვიდრე" ზედმეტია..
უბრალოდ, მიწაზე დგას, მყარად :)
და თან, ხასხასაფერებიან მიწაზე :)
გარდა ამისა, უამრავი დეტალია, დიდი ხნით რომ ვუკირკიტებ. მაგალითად, გამოფენის დღევანდელი ტილო: მკვეთრი ნარინჯისფერით ოპტიმისტური განწყობა თავიდანვე ჩნდება, შემდეგ კი: მას წითელი ვაშლი უჭირავს, ყრმას – კოლუმბიის დროშა; მარჯვენა კუთხეში ორი ყვითელი ვაშლია; ღრუბლებიდან გვირილიანი ხელი ჩანს; და ეს ადამიანები – ხის მწვანე საფარველზე (ღვთისმშობელი ხომ ცნობადის ხის ფონზეა), შარავადედიანები და უშარავანდედო, ჩაცმულობით განსაზღვრავ – ვინ ვინ არის... ჰო, კაბის კალთაც – აფრიალებული, და ბოლოს, ფეხებქვეშ გამძვრალი გველი.
კახიკა – ქალაქია კოლუმბიაში. ლათინელებს ხომ ასე უყვართ ღვთისმშობლისთვის ქალაქების დაკუთვნება (თუ პირიქით:) ), ჰოდა, ესაა მათი "ლედი, კახიკასი" – მიწიერი და ცის.


19-25 იანვარი.
/იმის გამო, რომ გუშინ არასამუშაო დღე იყო და მე დღეების აღქმა ზედმეტდასვენებებიან კვირებში მიჭირს, ფაქტიც სახეზეა: დღეს თურმე სამშაბათია, არადა, ორშაბათი მეგონა:) ნუ, ჩემთვის გამოფენა მაინც ორშაბათს გაიხსნა:) /

Sunday, January 18, 2009

სააქციო

სააქციო საზოგადოება გვაქვს :)
აქციების, ანუ.
წელიწადში ორჯერ მაინც – საერთო სახალხო ორთქლის გამოშვებისკენ მომწოდებელი.
რისი ბრალია, ნეტა?
ტოტალური უსექსობის, თუ ტოტალური უსაქმობის?!
ან ორივესი.
ან პოზაიკოსობის.
და რაც მთავარია, დახუჭული თვალებით.
:ვავა:

პ.ს. ტერმინებს ვიგონებ :)

Friday, January 16, 2009

Great!





საოცარია, არა?!
ესთეტია მისი გადამღები. სხეულის თითოეულ ნაკვთს ისე აღიქვამს...
ცხენების, ფოტოგრაფიაში კი - დეტალების გადაღების მოყვარულს სხვა რა მინდოდა :)

Wednesday, January 14, 2009

რაღაც

ამ დღეებში, ბლოგზე წერის სურვილი გამიქრა.
მინდოდა, რაღაც დამეწერა კრიტიკოსებზე, მაგრამ.. თუმცა, მოგვიანებით მაინც დავწერ.
მინდოდა, რაღაც დამეწერა ფერებზე, რომლებსაც ვიბრუნებ, თუმცა, გადავიფიქრე.
რაღაც, რაც შემომთავაზეს... იქნებ დაეხმაროს მათ, თუმცა, არ ვიცი. თუ მოხდა, გამიხარდება, რადგან სიმშვიდისთვის ფიქსირებაა საჭირო. თურმე. და ახლა სულ ერთია – სად.
რაღაც, რაც ხდება, მაწუხებს. თუმცა, ცოტა მახალისებს.
კიდევ, ფაქტია, ინდიფერენტულობა შემეყარა.
მაგალითად, ასეთი:
ადრე, დიდი ხნის წინ, როცა ფურცლებზე ვინიშნავდი რაღაცებს, რომლებსაც ლექსებს არ ვუწოდებდი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი სიტყვები ხდებოდა და შემეშინდა.
ახლა, როცა ლექსებს თამამად ვუწოდებ, აღმოვაჩინე, რომ ისევ ხდება, ოღონდ ამას შიშის გარეშე ვუცქერი.
ფაქტია, არაერთი დაწერილი სიტყვა ნაბიჯად (ან გარემოებად) მექცა და მომავალშიც ალბათ, ასე იქნება.
აი, ხომ ჩავიქნიე ხელი (მართალია, ემოცია, რომელმაც დამაწერინა, ჩემთვის კონკრეტული (სხვა) სათქმელის იყო) ლექსში, ჩავიქნიე მერეც. ვისწავლე. დაშვება.
და სხვაც, არაერთი...
საოცარია? ჩემთვის – არა, რადგან ქვეცნობიერი, რომელიც წერისას ფარავს ცნობიერს, გაცილებით ზუსტია. ხან, მტკივნეულად ზუსტი. საკუთარ თვალებში ჩახედვა საშიში არ უნდა იყოს.
/ხოლო, ვინც გადახატვით არის დაკავებული და ლექსი სათამაშო კუბიკებით სახლის აგება ჰქონია, მერე შედეგსაც ხედავს – ხელის ერთი წაკვრით როგორ ინგრევა ხუხულა. უფრო სწორედ, ამას სხვები ხედავენ/.

და ბოლოს, არაინდიფერენტულად, სხვა რ ა ღ ა ც ა ს დავწერ:
ახალ წელს გილოცავთ, უკვე ნამდვილად შემოსულს :)

Monday, January 12, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დიდი ხანია, რაც სანდრო ანთაძის ნამუშევრები მომწონს, ანუ ავტორის სახელი მათი პირველად ნახვისთანავე დავიმახსოვრე:) სულ მინდოდა, მისი რაიმე (და არა ერთადერთი) ჩემ კედელზეც გამომეფინა.
პირველი არჩევანი "მგლები" გახდა. ძალიან მომწონს..

***
ახლა საოცარი ნამუშევარი ვიპოვნე, მაკა ბატიაშვილის. სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ამის დანახვა ძალიან ემოციურია! ისე, რომ ვერ შევძლებ გამოხატვას..
ჯობდა, არ მენახა.

12-18 იანვარი.

Friday, January 9, 2009

9

ბავშვები უცებ იზრდებიან, როცა რომელიმე მშობელი მიდის.
ჰო, ბავშვები – ნებისმიერ ასაკში, ვიდრე შეგვიძლია მივეკრათ..
ბოლო ორი კვირის მანძილზე, ღამით, ამას ხშირად განვიცდი, როცა სირბილისგან გულამოვარდნილს კართან ხელებგაშლილი მელოდება და მერე მხოლოდ ამ სიტყვებს მეუბნება: – აი, დავბრუნდი..
სულ პირველად ბედნიერმა გავიღვიძე, მერე უკვე მშვიდმა.
გულზე მიკვრა მამშვიდებს.
მასაც ამშვიდებდა, როცა ტკიოდა..

არ გამომდის წერა.

9 დადგა.
ერთი წლის მერე.

Wednesday, January 7, 2009

შობა


მიყვარს მისი მოლოდინი... ასე.
გ ი ლ ო ც ა ვ თ

Monday, January 5, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირისთვის სხვა ვერაფერი. ეს ყოველი ღამის წარმოსახვაა. უბრალოდ, ამაზე არ ვწერ. მგონია, უცნობ მკითხველებს (ან ნაცნობსაც) თავს შევაწყენ. ისედაც, ვცდილობ, პოზიტიური ვიყო (სხვა საქმეა, როგორ გამომდის). ამიტომ, ჩემი მონატრება ყოველთვის ორ სიტყვად თუ მცდება.
მაგრამ, ეს კვირა ძალიან მისია, ძალიან ჩვენი.

პოლ გოგენის "მკვდარი მეთვალყურის სული" (ასე ვთარგმნე, სიზუსტისათვის. თორემ, ჩემთვის, გაცილებით გამართული – "მეთვალყურე სულია"). მისი ფიგურა ამ ტილოზე საოცრად კონტრასტულია. შეგაკრთობს კიდეც, თუ თავს მკვდარი მეთვალყურის მეთვალყურედ იგრძნობ. მაგრამ თუ "გძინავს", სიმშვიდე დაგეუფლება, რადგან დაცული ხარ;
რადგან ის ყოველთვის გვერდით არის.

5-11 იანვარი.

გავიცინეთ, ჩიტი რომ გამოფრინდა

როგორ მებრალება ეს გოგო.
როგორ.
ის მხოლოდ ამას ახერხებს – გამოცლას – ენერგიის და, ლექსებს რაც შეეხება, ფრაზების – სხვების საკუთრებიდან.
სწორედ ამის გამოა, რომ სხვისი და შესაბამისად, ერთმანეთთან დაუკავშირებელი სახეების შედეგად შეუკვრელი და ბუნდოვანი ტექსტები რჩება.
მე ვთქვი, რომ ლექსებს ინეტში აღარ გამოვაქვეყნებ. დეკემბრის ბოლოს, ერთადერთი გამონაკლისი პლაგიატობის ფაქტის გამო გავაკეთე – ლიბ.გეს გავუგზავნე ლექსი "ერთი პეშვი", რომლის გამოც გული ძალიან დამწყდა. როცა გამოქვეყნდა, აღმოჩნდა, რომ თავფურცელზე, ახალ ნაწარმოებებში, ჩემი ლექსის გვერდზე ამ გოგოს ერთი ქმნილებაც დადეს. პირველი, რაც გავიფიქრე – "წაიკითხავს და გადაიხატავს". მხოლოდ ორი დღე დასჭირდა – ცხვრები, ბატები და პატარა მწყემსიც ჩაისახლა:
"გამომწყვდეული ცხვრები და ბატები თავს იშვებენ";
"პატარა ბიჭს მოყავდა გამხდარი ცხვარი".


ამ ლექსში სხვა კალკებიც არის, მაგალითად, სანათას "ფითრებიდან"..
ჰო, კვიცი გვარზე ხტის.
და "გვარს" საერთო გემოვნებაც (უფრო ინტუიცია) რომ აღმოაჩნდა?!

პ.ს.
ჰმ. სიმშვიდე, ერთი კვირაც რომ არ გაგრძელებულა.

და კიდევ,
გრაფომანები უცხო სიტყვით გამოხატულს ალბათ მძაფრად არ აღიქვამენ, ამიტომ ქართულად ვიტყვი:
ამას ქურდობა ქვია,
ჩამდენს – ქურდი
და ეს, სულ მცირე, სირცხვილია.

Thursday, January 1, 2009

პირველი

დილას, როცა დათოვლილ და ქარიან ქუჩას გადავხედე, მელოდია, რომელიც მომენტალურად გამახსენდა, "ზამთარი" იყო –
ანტონიო ვივალდის "ოთხი სეზონიდან".
ცოტა ხანში არაჩვეულებრივი, ქვიშის ანიმაციაც ვიპოვნე:



ასეთივე, უნგრელი არტისტის – ფერენ კაკოს მიერ შექმნილი, ანიმაციები წელიწადის სხვა დროებსაც ახლავს.
გაყევით ლინკს, გაეცანით მის შემოქმედებას.