Friday, February 27, 2009

ისტორია


კიდევ ერთი ფოტო–ისტორია ჩემ არქივში.
ჭერი ისევ მინის არის, ლამაზიც, მაგრამ მე ეს მომწონდა..

პ.ს. ანას უნდოდა, მის ფონზე გადამეღო :(

Thursday, February 26, 2009

ხისა და შეძახილისა

როგორც ბიძგისგან გაღვიძებული.. იოსები.
დაახლოებით ერთი კვირის წინ თითქოს არაფრით გამორჩეულმა ფრაზამ (არ ვციტირებ) კითხვა შემაწყვეტინა და...
უფრო ადრე კი, სხვათაშორის, მაგრამ გულწრფელად ნათქვამი ორი სიტყვა იყო მნიშვნელოვანი.

ჰოდა ასე, მთელი ცხოვრება შეძახილები გვესმის.
ხეებიც შესაბამისად – ხმებიან, ან ყვავდებიან..

***
ამ ყველაფერთან კავშირი არ აქვს, მაგრამ აქვე დავწერ (რაკი პოეზიაზეა):
გიორგი ბუნდოვანმა პოეზიის პანაშვიდზე მიგვიწვია.
რა უცნაურია ეს 90-იანელთა თაობა. უკვე მეორე წარმომადგენელი აცხადებს, რომ პოეზია მოკვდა და ხელს უქნევს. ოღონდ, როგორც ჩანს, არ თანხმდებიან და თითქმის ორი წლის შუალედით აცხადებენ ერთსა და იმავეს.
და,
მე მაინტერესებს,
რატომ ხდება მსგავსის გამოცხადება მაშინ, როცა პოეტი წერას წყვეტს? (ან ჰგონია, რომ წყვეტს; ან (როგორც გუშინ ვთქვი), კადრად იქცევა (აღარ ვითარდება) და რაკი ალბომში ჩაკვრის დრო დგება, ამ დროს პოეზიაც მკვდრად ცხადდება).
მოკლედ, განცხადების წაკითხვის შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
გარკვეულწილად ვეთანხმები კიდეც, როცა ამბობს, რომ "არ ხდება ყველა (თუკი ვინმეა) ნიჭიერი პოეტის გაცნობა და შესწავლა სათანადოდ, არ ხდება კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც არ ხდება კი არა და, არც კი არსებობს ლამის!". მაგრამ, მგონი, არც არავის ეშლება ხელი, რომ თვითონ იყოს თუნდაც ერთი პოეტის აღმომჩენი, ან კრიტიკის დამწერი.
დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ბოლო დროს, პოლიტიკური ტრიბუნებიდან თავისუფალი სიტყვის მოთხოვნა. დღეს, როცა არსებობს ყველაზე უფრო თავისუფალი სივრცე – ინტერნეტი, რა საჭიროა ზოგიერთი გალავნის თავით განგრევის მცდელობა? (მივედი ამ დასკვნამდე..)
წერეთ, ბატონო.
აღმოაჩინეთ და წერეთ.
(ფრაზას დაემსგავსა – ჩემივე ლექსიდან :) )
ამ ტრიბუნიდან შესაძლოა მსმენელთა კონტურებს ვერ არჩევდეთ, მაგრამ მათ არსებობას აუცილებლად იგრძნობთ.

"სანამ საქართველოში რამე უკეთესობისკენ არ შეიცვლება" –
ანუ, მერე გაცოცხლდება? თუ იოსებივით – გაიღვიძებს...
და, ვინ შეცვლის?

პ.ს. შეძახილის ამბავს დავუბრუნდები – შევეცდები, დავაკავშირო: ასეთ შემთხვევებში ხეა შემძახებელიც და ფოთლებდაცვენილიც.
ჰარაკირია.

მიწა კი, დგას
და ხეებიც ამოიზრდებიან...

სულ ბოლოს:
კრებულის გამოცემა მოსალოცი საქმეა. წარმატებას ვუსურვებ:)

Wednesday, February 25, 2009

რეკორდსმენები

ბოლო დროს, რაც სამსახურში, ზღვის მსგავს არქივში თავით გადავეშვი, საღამოობით თუ ვფიქრობ რაიმე ლიტერატურულზე (თუმცა, ზღვაშიც საკმაოდ ხშირად მხვდება თევზი – სახელად "ლიტერატურა") და როცა ამ ყველაფერს "კოჭებში ეტყობა", რომ ბლოგზე დასაწერადაც გამოდგება, სწორედ მაშინ, შინ ინეტი არ მაქვს. აი, ამ დღეებში მქონდა კოხტაკოჭა ფიქრები, მაგრამ რად გინდა – გამეფანტნენ :))
სამაგიეროდ, დღევანდელზე დავწერ. ასეთი რამ წავიკითხე:
ერთ ფორუმში, ბოლო წლებში ასე თუ ისე პოპულარულ პოეტს უთხრეს, რომ შეუძლებელია , "ერთი და იგივე დონეზე 3, 4, 5 წლის განმავლობაში" მკითხველს ერთი ავტორი მოსწონდეს, "რადგან მკითხველი დინამიურია"; რომ ავტორი მოდიდან გადადის.
ვფიქრობ, ამის თქმა ნებისმიერი ავტორისთვის გვარიანი "შემოლაწუნებაა" გამოფხიზლების მიზნით.
პუნქტებით მივყვები (აქვე ვიტყვი, ამაზე არაერთხელ მიფიქრია, უბრალოდ , ღიად დაფიქსირებულმა დიალოგმა მიბიძგა – აზრი ხმამაღლა გამომეთქვა).
მკითხველის დინამიურობა – ეს ისეთივე ბუნებრივია, როგორიც ალბათ, ავტორის დინამიურობა უნდა იყოს. მკითხველი გამუდმებით იზრდება – ავსებს მასში არსებულ სიცარიელეს და მერე (იმ თამაშისა არ იყოს, ბოლო დღეებში რომ ვერთობოდი), ავსებულის სანაცლოდ ახალი, ამოსავსები სიღრმეები უჩნდება. ავტორიც – თავისთავად, მკითხველია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავადაც ქმნის და სწორედ ამიტომ, ალბათ გაცილებით მეტი მოეთხოვება (დავარქვათ თამაშის შემქმნელი:) ).
ვიდრე ვინმეს შემოქმედება საკმარისია არსებული სიღრმის ამოსავსებად, ის გამუდმებით კითხვადია, მაგრამ თუ წლების მანძილზე მკითხველის გემოვნება და შესაბამისად, მოთხოვნებიც იცვლება... რჩება პატივისცემა/სიყვარული და განწყობის მიხედვით მიბრუნება იმასთან, რაც ავტორმა დატოვა.
სპორტსმენები გამახსენდნენ, რომლებიც საკუთარ რეკორდს ხსნიან...
ავტორი, რომელიც ცდილობს, გაიზარდოს: პირველ რიგში თავად განიცდის სიამოვნებას ახალი მიღწევით და თან, მუდმივად საინტერესოა სხვებისთვისაც. სხვა საქმეა, რა სიმაღლე ითვლება მისთვის ამა თუ იმ ეტაპზე სარეკორდოდ, მაგრამ მთავარია, ამ ეტაპობრივ ნიშნულებს ხედავდეს და ძლევდეს. ისე, ერთ არც თუ მშვენიერ დღეს, მკითხველი ეტყვის, რომ უკვე მასზე წინ გარბის და ხელს დაუქნევს.
რაც შეეხება მოდიდან გადასვლას. აქ საქმე ცოტა რთულად არის. ორმხრივად რთულად: ერთი სირთულე ავტორებს ექმნებათ, მეორე – მოდას აყოლილ მკითხველებს. ლიტერატურაში მოდაზე საუბარი, ჩემი აზრით, პირდაპირი მინიშნებაა სნობურ დამოკიდებულებაზე. ის, ვინც მოდის მიხედვით არჩევს საკითხავს; მოდის მიხედვით ასახელებს გვარებს – შიში აქვს, რომ ჩაიღიმებენ, თუ ხმაურიან სახელებს არ ახსენებს (ლიტ.საიტებზე ძირითადად ხომ ასე ხდება კომენტარების წერა:) ); კითხულობს "რეცენზიებს", ან ყურადღებით ისმენს კულუარებში გამოთქმულ აზრს, რომ მსგავსის გამოთქმა შეძლოს თავადაც, ვერასდროს იქნება კარგი მკითხველი. თავის მხრივ, ავტორი, რომელიც მკითხველზე "მორგებას" ცდილობს – წერს იმას, რაც პოპულარულს, "ცნობადს" გახდის, ვერასდროს შექმნის რაიმე ღირებულს; ვერ იქნება ის რეკორდსმენი, რომელიც ბარიერს სიმაღლეს უმატებს და ცდილობს, ზურგით გადაევლოს.
თუმცა, არიან ავტორები, რომლებიც შემოქმედების დასაწყისში ცდილობენ, ყურადღება მიიქციონ, მაგრამ მხოლოდ ძლიერი ნებისყოფის ადამიანები ახერხებენ ლავირებას და სწორი კურსის შენარჩუნებას..

ასე, თუ ისე, ნებისმიერი ავტორის შემოქმედება საბოლოოდ ფოტოგრაფიას ემსგავსება – შეჩერებული წამია – თანადროული ეპოქით, სცენებით, მოქმედი გმირებით, კონტრასტებით...
ოღონდ, კადრად მაშინ ფიქსირდება, როცა ზრდას წყვეტს.
მოკლედ, სასურველია, კადრმა რეკორდსმენის სახე შემოინახოს:)

"შესთავაზე მკითხველს რამე ახალი".
დავამატებდი – რაიმე, ოღონდ გააზრებულად ახალი.
წარმატება ყველას.

Monday, February 23, 2009

ერთი კვირა, კედელზე

მის ქალებს საოცარი ენერგეტიკა აქვთ. ჯუდითი ერთ–ერთი გამორჩეულია..
კლიმტის "სალომე", ანუ "ჯუდით II" – კედელზე.

*
ისევ კლიმტი – მისი მომნუსხველმზერიანი წყლის სერპანტინი :)
*
ამ კვირისთვის ბოლო ნამუშევარი. Primavesi – Primavera–ს მახსენებდა და ესეც რომ არა, მაინც გაზაფხულია ამ ტილოზე, თანაც ასე: "მოვედი!"

23 თებერვალი –
1 მარტი.

Friday, February 20, 2009

B/W

სხვადასხვა თემატიკაა (თუმცა, მათი დაკავშირებაც შეიძლება), მაგრამ განწყობის გამო ორივეს ატვირთვა მომინდა (იმედია, არავინ ჩაუღრმავდება ჩემს ბოლოდროინდელ განწყობებს :) მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბლოგზე წერის სურვილი ნაკლებად მაქვს).
არტურ სტილს, გარდა პროფესიონალიზმისა, იუმორსაც ვუქებ.


Q.E.II ready for launch, 1967


Priests with thier skates on, 1966

Monday, February 16, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ისევ დალის ვფენ..
"ქალი სარკმელთან".

***
მინდა, რუმინელი სკულპტორი – კონსტანტინ ბრინკუში წარმოგიდგინოთ.
კედელზე ვერა, მაგრამ კედელთან გამოვფენ მის პირველ მნიშვნელოვან ნამუშევარს – "კოცნას", რომელიც 1908 წელს შექმნა. არანაკლებ მომწონს მისი "თავები" (ზოგადად, ასე შევარქვი:) ) და კვირის ბოლომდე რომელიმე მათგანი აუცილებლად შეემატება ჩემს გამოფენას. მანამდე კი, კოცნა..

*
დაპირებული ნამუშევარი – ბრინკუშის "მძინარე მუზა".
საოცრად მომწონს...

16-22 თებერვალი.

Sunday, February 15, 2009

სოლო

* დღეს ვნახე, როგორ ათეთრებენ განვითარების ბნელ მხარეებს ვირტუალურ ოფშორებში. ტექნოლოგიას არ დავწერ. რა საჭიროა. ადამიანების უმრავლესობას სირაქლემას პოზა ხიბლავს.
* ჰოდა, ისევ ვფიქრობდი: კოლმეურნე; საშუალო არითმეტიკულ; არც მწვად, არც შამფურ; კედელზე – შუბლით; ჩუმ.. ადამიანებზე.
* გოგოები – ნაკლები შანსით.
უთხარით, რომ ბიჭია.
ბიჭები დაიცავენ გოგოებს.
ბიჭებო, დაცავით გოგოები.
დიდო გოგოებო, დაიცავით პატარა ბიჭები და პატარა გოგოები –
მიყუჟულები, კიდურების უნებლიე მოძრაობებით –
საათის პირველი აღქმისას.
* ამ საღამოს ფაილი გავაკეთე – მათთვის, რომლებიც არსად და არასდროს.. იმას ბოქლომი ჩამოვკიდე. გადავსახლდი.
შარშანაც გადავსახლდი. სხვა ამბავია. დაემთხვა.
* 15 – დასასრულის და დასაწყისის, ერთდროულად. ყოველთვის.
* გადასვლებისას ავეჯი ფუჭდება, ნივთები იკარგება, ბევრიც ნაგავში ხვდება, ან – სარდაფში..
ახალი – ან უკეთესი, ან შესაგუებელი, ან დროებითი.
ცუდს არ ვწერ, სამივე ვარიანტშია.
* წყლიანია თებერვალი.
* საოცარი სოლო აქვს, ყველა ბგერას აღვიქვამ..
* მამა, შენ?

Thursday, February 12, 2009

სათაური

სახლისკენ წამოსულმა, პლეხანოვზე (თუ გინდათ, აღმაშენებელზე), მთელი თვე რომ არემონტებდნენ – იმ ფართის თავზე, სახელწოდება წავიკითხე : "სახინკლე – არა ვჭამოთ პური?!" გამეღიმა (თან დათას ფლიკრი გამახსენდა – თბილისის ქუჩებში გამოფენილი გონებამახვილობების მგონი ყველაზე სრული ბაზა) და გადავწყვიტე: დღეს აღარ დავიზარებ და სათაურებზე დავწერ. ოღონდ, არა ქუჩა–ქუჩა ნაპოვნზე (თემის სახალისო ხასიათის მიუხედავად), არამედ საიტ–საიტ აღმოჩენილებზე, ლექსებს (ძირითადად) რომ ამშვენებენ.
მაშ ასე, ორი რამ, რაზეც მინდა თქმა: ერთზე ადრე, ფორუმშიც ვისაუბრე. ეს ინგლისურენოვანი სათაურებია. მეორეზე კი, აქამდე არსად მითქვამს – ეს არ ვიცი, რა არის. შევეცდები, წერისას გავერკვე:)
დავიწყებ გადაღეჭილი წესის ხსენებით: კითხვა, ანუ ა მ ოკითხვა სათაურით იწყება. ნაწარმოების საწყისიც და შემკვრელიც – სათაურია. რა თქმა უნდა, არსებობს უსათაურო ლექსები, მაგრამ, ეს არ არის პრობლემა. ამ დროს, არაფერზე მიგანიშნებენ, შენ გიტოვებენ ნასკვის გაკეთების ნებას, შენ გაჭერინებენ ხელში ფანქარს – "თვალების" მისახატად. მოკლედ, შორს რომ არ წავიდე და წერის ხასიათზე მოსულმა, სათაურის მნიშვნელობის საჩვენებლად კიდევ არაერთი სახე რომ არ წარმოვიდგინო, მაგალითებზე გადავალ. ჯერ ინგლისურენოვანზე.
აი, ერთი საიტის ბოლო ორი თუ სამი კვირის ახალი ნაწარმოებებიდან:
John; Different; Massive; The dark side of the.. ; Requiem For Ninase; Shake; Ordinary Love; Short stories; Alternative ways
...
ამიხსნის ვინმე – რატომ "Different" და არა "განსხვავებული"? რაიმე დატვირთვას იძენს, გარდა იმისა, რომ უცხო(ურა)დ ჟღერს? (მაგალითად, მე ავხსნი ერთადერთ შემთხვევას, როცა ლექსს Circus დავარქვი. მინიშნების გაკეთება ორ რამეზე მსურდა: ცირკზე და წრეზე. მხოლოდ ლათინური ტრანსკრიფცია მაძლევდა ამის საშუალებას, რადგან ქართულად დასათაურებისას მკითხველისთვის "წრე" იკარგებოდა, ან ძნელი ამოსაცნობი ხდებოდა). როგორც "განსხვავებულს", დანარჩენსაც ისე მოეძებნება ქართული შესატყვისი.

გარდა "რაიმეენოვანი" და მაინც, ლექსზე ასე თუ ისე მორგებული სათაურებისა, გვაქვს კიდევ "რაღაც":
სხვადასხვა "სმაილები", სასვენი ნიშნები (ძახილის, კითხვის), ან:
კოტესტროფა; აროიალებ; შტერული განწყობა; უსახელო ივერიელმა ნაპოლეონის თვალწინ ოცდარვა ფრანგი გაფატრა; სულში შემომელეკვე; ნაპოეტარი ლექსი
...
ვფიქრობ, ამოწერაც საკმარისია – კომენტარის გარეშე (აქვე ავღნიშნავ, დღეს არცერთი ტექსტის სხვა ავ–კარგზე არ ვაკეთებ მინიშნებას). ჰო, ეს ყველაფერი კიდევ ერთი ლიტერატურული საიტიდან.
აქვე ვიტყვი, რომ არც უცხო ენაზე დასათაურებული ბლოგებისა და პოსტების ნახვაა იშვიათობა, მაგრამ ბლოგის წარმოება ლექსის წერას არ გავს და ჩემი აზრით, შედარება შეუსაბამო იქნება.

მოკლედ, სულ ამის თქმა მინდოდა: თონეში კარგად ჩაკრულ–გამომცხვარი ქართული პურის გატეხვა სჯობს:)
სულ სხვა სუნი აქვს...

Monday, February 9, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დალის ორშაბათი (იქნებ, მთელი კვირაც).
კედელს "უჯრების ქალაქს" ვუთმობ..
პ.ს. ეს ის არის, რასაც ვგრძნობ. გაოგნებამდე – ის.

9-15 თებერვალი.

Friday, February 6, 2009

სანიშნე

ბლოგს, თუ არ ვცდები, აქვს ისეთი ფუნქცია, ყველაზე უფრო პოპულარულ პოსტებს რომ ავლენს, მაგრამ მე სხვა რამის გაკეთება გადავწყვიტე – ჩემთვის ყველაზე უფრო აქტუალური თემების ჩანიშვნა, ოღონდ საკუთარი ბლოგიდან.
ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაწერილი და რამდენიმე გვერდის იქით ჩამალული წერილები, ან ისინი, რომლებსაც უბრალოდ, განწყობის გამო ავირჩევ, ბლოგის არქივის ზემოთ შეგიძლიათ, ნახოთ. საკვანძო სიტყვებით ადვილია მათი მოძებნა, მაგრამ, მგონი ავტორისგან დასმული მახვილიც არანაკლებ საინტერესოა.. :)

Thursday, February 5, 2009

ტკბილი


წეღან, გზაზე ვფიქრობდი, რომ ამ საღამოს მულტფილმებს ვუყურებდი და არაფერზე ვიფიქრებდი.. ცოტა ხნით, მაინც.
სოფის ბლოგზე კი, სულ რამდენიმე დღის წინ რომ აღმოვაჩინე და ყოველთვის ინტერესით ვსტუმრობ, ისეთი პოსტი დამხვდა...
ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნება გამახსენდა – მუსტანგიანი ინდიელი გოგო ვყოფილიყავი და ისე გამეღიმა :))
მუსიკა, არქიტექტურა, ძველი მანქანები და რაც მთავარია – ხალხი! აი, რა მიზიდავს კუბაზე! და კიდევ, შეგრძნება, რომ იქ ჩემი ბავშვობის მოძებნა შემიძლია, რადგან არაერთი "მიზანსცენა", რომლის ფონზეც გავიზარდე, ისევ შემორჩენილია..
ჰო, მშვენიერი შედარებაა: ზემო თაროზე შენახული ტკბილეული – ბავშვისთვის:)
იმედი მაქვს, ოდესმე თაროს მივწვდები..

აქ – ბენი მორე და ბევრი, ბევრი საყვირი.
სხვათაშორის, ბარბარაბატირი – პირველი ნამღერი მამბოა..

Wednesday, February 4, 2009

ისტერია – თემაზე და ფურცლებიდან

წლების მანძილზე გადაღეჭილ მეტაფორებსა და თემებს სხეულის ჩაცმა–გახდაზე, თევზებზე, პეპლებზე, ქალაქზე, ჩიტებსა თუ სხვაზე, როგორც ჩანს, "უკანა კარიდან" გასვლაც დაემატება:)
არ შემიძლია, არ ავღნიშნო: ჩემმა, თვის აქტიურმა და ხელებდაკაპიწებულმა "მკითხველმა" ცხვრების შემდეგ ფოიე და მისი უკანა კარიდან გასვლის იდეაც მოიწონა. დავიღალე ამაზე საუბრით, მაგრამ გუშინ კიდევ ერთ ლექსში ვიპოვნე ეს სცენა და დღეს, მესამეშიც! :)
მათი ერთადერთი უარყოფითი რომ ეს იყოს, რა უჭირს. აი, მესამეში: "თავდახრილ პაკლონებს პოზისთვის" – რა ვუყოთ?
კითხვებს, რომლებზეც ჩუმად არაერთხელ მიფიქრია, ამჯერად ხმამაღლა დავსვამ:
1. რა კრიტერიუმებით არჩევენ ამ/მსგავს ავტორებს ცნობილი ლიტერატურული ჟურნალების რედაქტორები?!
2. რა კრიტერიუმებით აფასებენ ინტერნეტმკითხველები ასეთ ტექსტებს დადებითად?! (ინტერნეტმკითხველები იმიტომ, რომ მათი რეაქციის ნახვა შესაძლებელია და ანალიზის საშუალებასაც იძლევა).
ამ კითხვებს აუცილებლად განვავრცობ,
ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ცუდია, როცა მხოლოდ ფურცლებს ჩაჩერებული მკითხველის შთაბეჭდილება თანამედროვე პოეზიაზე თითო კაცის სუბიექტური მოსაზრებებით შერჩეული საკითხავით იქმნება.
ამ საერთო ისტერიის ფონზე კი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები – ტრიბუნაზე გადაბარგება სწორი გადაწყვეტილებაა. ერთადერთი დისკომფორტი – სინდისის ქენჯნა მათ მიმართ, რომლებზეც მხოლოდ მე ვიცი, მაგრამ ასე სჯობს.

Monday, February 2, 2009

ერთი კვირა, კედელზე

გინდათ, დაინახოთ, როგორ იცვლიან ადგილებს: მაღლა და დაბლა, ახლოს და შორს, მარჯვნივ და მარცხნივ, დღე და ღამე,
ცა და წყალი? როგორ კავშირდებიან სხვადასხვა წერტილები, ზედაპირები, თუ სამყაროები? გაიხსენეთ/დაათვალიერეთ
მორის კორნელიუს ეშერის ნამუშევრები.
დღეს მის ლითოგრაფიას გამოვფენ – ხელებს, ხატვისას...

*
ეს კვირა ეშერის იყოს. ამჯერად, კედელი მისი "შეხლა-შემოხლის" რინგია :)

2-8 თებერვალი.