Thursday, April 30, 2009

დეიდებო, ბიძიებო...

გუშინ, სოფის ბლოგზე, 7 და 10 წლის ბავშვების ფოტოები ვნახე, ბლიც–ინტერვიუს თანხლებით. არ ვიცი, რომელ გაზეთში დაიბეჭდა, მითითებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ, გაზეთის სახელწოდების დასახელება ბევრს ვერაფერს შეცვლის. პრობლემა ერთი გაზეთის კომპეტენტურობის ფარგლებს ძალიან გაცდენილია.
მეორე დღეა, მათზე ვფიქრობ. უფრო სწორედ, საზოგადოებაზე, სადაც ბავშვების პოლიტიკური ანგაჟირება დადებითად ფასდება; სადაც უფროსები ბავშვებს, საკუთარი შეხედულებებისთვის დამაჯერებლობის მოსამატებლად (როგორც კერძზე – მარილის), ერთგვარ იარაღად აქცევენ. ჰო, ჩვენ ხომ გვითხრეს, რომ ბავშვის პირიდან ჭეშმარიტება ღაღადებს. ამიტომ "ჭეშმარიტებას" ვქმნით.

არანაკლებ მაღელვებენ სამათხოვროდ გამეტებული ბავშვები. ყოველდღე მიწევს მეტროთი მგზავრობა. მეტროში (ბოლო დროს ნაკლებად, ესეც აკრძალვის გამო, თორემ საერთო სურათს არ ცვლის) შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ ხდება ბავშვების ექსპლუატაცია. ამას მათი მშობლები (ყოველ შემთხვევაში, თანმხლები/მომლოდინე უფროსები) აკეთებენ. ბავშვების ასაკი ჩვილობიდან მოზარდობამდე მერყეობს. ზრდასრული ადამიანისთვის სამათხოვროდ ხელის გაწოდება, ჩემი აზრით, მძიმე სულიერი ბრძოლის გადატანის შედეგია, მაგრამ როცა მიზანმიმართულად ხდება ბავშვისთვის ამის გაადვილება, ეს დანაშაულია. რა თქმა უნდა, სამართლებრივ განსაზღვრებას არაკომპეტენტურობის გამო ვერ მოვუძებნი, მაგრამ
ადამიანურად ასეა..
ორ მაგალითს მოვიტან, როგორც ამ ყველაფრის შესაძლო შედეგს:
რაკი მეტროთი მგზავრობისას ყოველთვის სამსახურში მივიჩქარი, ერთსა და იმავე დროს მიწევს ჩასვლა. შარშან, ჩემთან ერთად ბებია და, დაახლოებით, 7-8 წლის ბიჭი მგზავრობდნენ. მთელი თვე გრძელდებოდა ჩვენი "შეხვედრები", სანამ... ბიჭი ვაგონში მარტო არ შემოვიდა. სკოლის ჩანთა ისევ ზურგზე ჰქონდა (რამაც მაფიქრებინა, რომ იმ დღეს ბებიამ სკოლაში ვერ წაიყვანა), ხელში კი ერთჯერადი ჭიქა ეჭირა. მან ვაგონი უხმოდ ჩამოიარა. რამდენიმე დღის შემდეგ წყვილი ისევ შემხვდა, ბიჭი – ისევ ბებიასთან ხელჩაჭიდებული, თითქოს არაფერი.
ვფიქრობ, მას ადვილად მოეჩვენა, ისევე, როგორც იმ, მეორე, თუ მესამეკლასელ ბიჭს, რომელიც თითქმის ყოველ დილით ჩანთააკიდებული მხვდება. ის შემხვედრ უფროსებს ერთი ტექსტით მოგვმართავს: "ფენოვანზე 20 თეთრი მაკლდება და ხომ ვერ მომცემთ".

მესამე, რაზეც ამ წერილში დავწერ, სატელევიზიო თამაში –
"ვა–ბანკია". რამდენიმე გადაცემის მსმენელ–მაყურებელი ვიყავი და მიწვეული სტუმრებისა და მათი შვილების ფულთან დამოკიდებულების გამო გავოცდი. კერძოდ, საგულშემატკივროდ მიყვანილი პატარების აჟიტირება მაოცებს. ზოგადად, აზარტი – გასაგებია, მაგრამ... როცა, მაგალითად, მაია ასათიანს მისი, დაახლოებით ათი წლის გოგონა აღელვებული, სერიოზულად ეუბნება, რომ შემოთავაზებული თანხის აღებაზე დათანხმებას არ აპატიებს, ვფიქრობ, გასაღიმებელი არ არის. არც ის, როცა პატარებს მსგავს თამაშებში რთავენ, თანაც იმ მოსაზრებით (რამდენნაირად უნდა გადამღერდეს!), რომ "ბავშვის პირიდან ჭეშმარიტება ღაღადებს" და გაუმართლებთ.
...
მხოლოდ ერთის თქმა მინდოდა:
დეიდებო, ბიძიებო, ნუ თამაშობთ (ამ) ბუმერანგით.

Tuesday, April 28, 2009

POLITIK KILLS!


ვიდეოში არაერთხელ ჩნდება კედლებზე მიწერილი "Respect victims of war". ჩვენი, თითქმის 20 წლიანი ლოზუნგი –
"გვახსოვდეს აფხაზეთი" მომაგონდა.
ვფიქრობდი, რას ნიშნავს მათთვის ომის მსხვერპლთა პატივისცემის შეხსენება: ბრძოლისკენ მოწოდებას, თუ კადრში მოხვედრილ სასაფლაოზე ნაგვის არდაყრას..
დანარჩენი – უკომენტაროდ.

ისე

გუშინ 2009 წლის ლექსები ჩავწერე. რა თქმა უნდა, ჩემთვის, რადგან მგონია, ცუდად ვკითხულობ და ასეც არის.
პატარა ვიდეოთეკა მაქვს :)
კიდევ, "საკანს" "წასვლა" დაემატა. ეს ორი ბლოგის ახალი პოსტის გრაფაში გაჩნდა და ამ ნიშნით დავაწყვილე. ქაღალდის ნაგლეჯზე მიწერილის ეფექტი აქვთ – ოღონდ სადმე, ჩქარა..
ვიცი, არიან ავტორები, რომლებსაც მსგავსის მოსმენა ალბათ გააღიმებთ, რადგან ლექსებს რეფერატებივით წერენ, ჩაბარების სავარაუდო თარიღის განსაზღვრით :)
ჰო, გასაგებია, მხოლოდ იდეაზე დაშენება; ზოგიერთის შემთხვევაში – სხვის იდეაზეც..
აი, მე ყოველთვის გულით ვწერდი და ჭკუას ვატანდი :)
...
უკვე იშვიათად ვსტუმრობ რამდენიმე მისამართს. დღეს ნაცნობი შემხვდა, ერთი კარგი ადამიანი და... მძაფრად ვიგრძენი, როგორ გავუცხოვდი. მეძნელება აღწერა..
...
კიდევ, ორი ახალი (ანუ, საყვარელი :) ) ავტოპორტრეტი მაქვს. იქნებ, ოდესმე გამოვფინო. არ მიყვარს ინეტში..

Monday, April 27, 2009

ერთი კვირა, კედელზე

აი, ეს განწყობა ჰაერში – დოღის წინა.
ორშაბათის არჩევანი – ედგარ დეგა.

პ. ს. ვფიქრობდი, ცარიელი კედელი ამერჩია. გადავიფიქრე..

27 აპრილი –
3 მაისი.

Saturday, April 25, 2009

UNZA, UNZA TIME!

საფუარის გარეშე

ეს კადრი გუშინ გადავიღე, როცა სამსახურში გამოცხადებამდე
3 წუთი მრჩებოდა, წინ კი შარდიანი ქუჩის ჩარბენა მელოდა. ათიდან ცხრა ე. წ. საკანი ცარიელია და ეს აქცია ჩემში საფუარით გაღვივებული ცომის პატარა გუნდის ასოციაციას იწვევს (ფქვილის ხარისხზე აღარაფერს ვიტყვი; არც ზოგადად, საფუარით კვების "სიკეთეებზე").
ახლა თბილისში, სადმე თავის დროზე მისვლის ერთადერთი გარანტი მეტროა და მეტროს მერე – საკუთარი ფეხების მოქნილობა.
საკუთარი ფეხების და საერთოდ, სხეულის მოქნილობის გასაუმჯობესებლად (თანაც, ეს დღის ნეგატივის ჩამოფერთხვის შესანიშნავი საშუალებაა)...
ბოლო ერთი კვირაა, საღამოობით (როცა მშობლები ბავშვებს მოიკითხავენ და გარშემოც სიმშვიდეა), სახლის წინ მდებარე სტადიონზე დავრბივარ. მხოლოდ ერთი დღე გამიცდა – წვიმდა. იმედია, ამ საღამოს არ იწვიმებს.
...
ამბავი ორი დამოუკიდებელი აქციისა..

Tuesday, April 21, 2009

ჩამქრალი–სა

წავიყარე თავზე ნაცარი
ვითომ არაფერი, ვითომ არაფერი
ჩავქრი,
ჩავქრი,
ხომ ვთქვი..

და ძველ სიმღერას ვღიღინებ, ჩამქრალისას..
ჩემთვის ვღიღინებ,
სხვები "ბანს" ამბობენ,
მაგრამ მე - ჩემსას, ისე ძველს:

"ლა–ლა
...
ვიდრე უცებ არ გაგახსენდება,
რომ ჯიბეში გაქვს ახალი ნათურები,
ციმციმა ნათურები,
ფერადი..."


პს
თითქმის ყოველ დილით, ჩვენი თანამშრომელი შემოდის ოთახში და კითხულობს – სადმე ნათურა ხომ არ არის გამოსაცვლელი. ბედნიერია (ყველა) ჭაღი. უნათურობით ჩაქრობა არ ემუქრება(თ).

პპს
იციმციმეთ.

Monday, April 20, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ლეგენდა, თუ როგორ:
შიშველი – ქალაქის ქუჩებში, პირობის შესასრულებლად..
/აქ - არაფრის სანაცვლოდ. ან, იქნებ მათი ბედნიერებისთვის/.

კედელზე – ჯონ კოლიერის "ლედი გოდივა".

***
დიდი ომი. მაგრიტის.
ჩემი.

20-26 აპრილი.

Saturday, April 18, 2009

ეს


ფოტო: Herb Ritts
Neith with Tumbleweed, 1986
ძალიან მომწონს იდეა და მისი განხორციელების ხარისხიც.

Thursday, April 16, 2009

Diabla–bla...

დяლოგი თურმე საშიში ყოფილა და მაინც,
hable con ella, gente! იქნებ რამეს მიხვდეს.
სოლო – სახსოვრად :)
მე კი, ეს დღეებია, ოდესმე დიალოგად გადასაქცევ მონოლოგს ვინიშნავ – ფაილში. მაგრამ, უფრო მკაცრი შემფასებელი გავხდი, ჰოდა, რა ვიცი..

პი ეს – ლაიტმოტივი:
"Что-то воздуху мне мало: ветер пью, туман глотаю..."

Monday, April 13, 2009

ერთი კვირა, კედელზე

სხვას ვეძებდი და უცებ ეს ნახატი შემომხვდა.
საოცრად კეთილია...
და ამ პატარას განცდები იმდენად ზუსტად არის გამოხატული! თვალებით, თითებით, დაძაბული მთელი სხეულით.. ალბათ ასე გამოვიყურებოდი, როცა მამამ პირველად (დაახლოებით ამ ასაკში) დამსვა საჭესთან "მარტო"..
ორშაბათის სენტიმენტები – ემილ რენუფის სითბოთი სავსე
"დამხმარე ხელი".

13-19 აპრილი.

Friday, April 10, 2009

საღამო

ასე, "ვნათლავ":
კომბოსტოების და სტაფილოების "რევოლუცია"
უბრალოდ, სტაფილოების
არა, კომბოსტოში ნაპოვნი
ან, იქნებ ბოსტნის? თუ მებოსტნეთა..
"დავბირჟავდეთ!" – ლიდერი.
დავბირჟავდეთ–ლიდერის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ნაყოფი:
"მე არ შევიგინებ, მაგრამ დავიგინებ და თქვენ დააბოლოვეთ..."
გაბრაზებული ლიდერი:
"ისინი არიან გაბრაზებულები და მეც ძალიან გაბრაზებული ვარ"
ორთქლი, ორთქლი, ორთქლი.

და მე – არანაირი ლიდერი:
ამ საღამოს თავი მტკივა – ძალიან
ინდიფერენტული ვარ – ძალიან
არ მეღიმება, მხოლოდ ვუსმენ: ცალი ყურით – რეპლიკებს, მეორეთი – მას, ვისაც მთელი ეს თვე, მთელი ათი წელი..
ერთად გავიზარდეთ. აი, ასეთი რამ..
კი, ხდება ხოლმე – ათი წელი, ერთნაირად.

. . . как стая ромашек

f i n

მთელი ეს თვეები – ათვლა კარის სახელურის ჩამოწევამდე.
აღარ მაინტერესებს.
როგორც მათ.
fin.

Tuesday, April 7, 2009

Caballo de madera


ფოტო: Manuel Alvarez Bravo

ბიბლიოგრაფია


პირველი ქართველი ავტორი, რომელმაც წიგნი რუსულ ენაზე გამოსცა – ქრისტეფორე (ქაიხოსრო) გურამიშვილი (დავით გურამიშვილის ძმა) იყო, ეს წიგნი კი, პეტერბურგში დაბეჭდილი "Букварь" გახლავთ.
რატომ ვწერ ამაზე?
დღეს, უფრო სწორედ, გუშინ ვნახე – სასიგნალო ეგზემპლარი:
როგორც იქნა გამოვიდა – რუსულენოვანი წიგნადი გამოცემების ბიბლიოგრაფიის I ტომი (1737-1917). ყველაფერს, რაც საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ დაბეჭდილა (თუკი არსებობს ინფორმაცია), ამ ტომში იხილავთ. 12 ათასზე მეტი აღწერილობაა - 700 გვერდამდე მასალა. მცირე სამუშაო ჯგუფისგან იმდენი შრომაა ჩადებული! მოკლედ, ძალიან მომეწონა. ჰო, ყდის დიზაინიც :)
და.. რედკოლეგიის ერთ–ერთი წევრი მეც ვარ. ჩემთვის ეს პირველი წიგნია, რომელზეც ვიმუშავე და თაროზე არ დაიმტვერა.
თან, წიგნზე გულწრფელად ნათქვამი არაერთი დადებითი აზრი მოვისმინე. გამიხარდა:)

Monday, April 6, 2009

. . .


დუ–დუმპ..

ასეთი ცხვირი მინდა :)
ღიად გაიცინებდით.
და ასეთი თვალები – მე გავიცინებდი.

ერთი კვირა, კედელზე

არ ვიცი, რა გამოვფინო.
დავტოვებდი ბოსხს, იგივე განწყობის გამო. ჩავრჩი.
თუმცა, იყოს ეშერი და მისი "სიღრმე" (გაიღიმებს ვინმე და მაინც – აქაც ხმები).
*
ვაგრძელებ ეშერის კვირას, ამჯერად მისი "ფარდობითობით".

6-12 აპრილი.

Sunday, April 5, 2009

. . .

მა, არ გინდა, მომეფერო?

Friday, April 3, 2009

ხელისგული

ზუსტად გამოვიცანი – მდინარის მეორე მხარეს გადაბარგდა. (ოღონდ ეს "მდინარე" და "მხარე" სიმბოლური ნათქვამია,
"ნამდვილი პოეზიის მიმდევართათვის" პოზიციის მისანიშნებლად; თორემ ჩემთვის ამას, ასეც და ისეც, "მდინარეში" ჰქვია) . მიზეზიც ის ჩანს, რაც თქვა და ვიფიქრე.

შთაბეჭდილება
გული მწყდება, რომ ეს წინასწარ განზრახული ნაბიჯია (ანუ დაპირების შესრულება). გულწრფელი სათქმელი თავად პოულობს ფორმას, როგორც კალაპოტს. სხვა შემთხვევაში ეს "კალმოსნების" სამუშაოს ემსგავსება: მაგალითად, ჯერ სარითმო წყვილებს რომ პოულობენ და შინაარსს მათზე აგებენ. ახლაც ასეთივე შთაბეჭდილება დამრჩა: ჩამოწერილი ინგრედიენტები და მათი ფაზლივით აწყობა. ფაზლის აწყობისას პროცესია მომხიბვლელი, თორემ შედეგს მუდმივად არავინ ინახავს.
ამას გარდა, ვერლიბრი, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ – "ენტერის დარტყმით დატეხილ პროზას" არ ნიშნავს. "სხვა ნაპირზე" გადასული კი, სწორედ მათ მოსაზრებას ამყარებს.
ამ თავისუფალი (ერთი შეხედვით) და ძალიან მგრძნობიარე ფორმით – ვერლიბრით (ზოგადად) მოწოდებული ლექსი – გამოწვდილი ხელისგულია: მასზე ავტორის ყველა შესაძლებლობა თავსდება; დამოკიდებულება კი – ან აათრთოლებს ხელს, ან სიმყარეს შეუნარჩუნებს. ხელოვნურობა, რომელიც ამ და ბევრ სხვა მაგალითს ახლავს, გულს მწყვეტს.

პ.ს. ცხენებს მაინც ვერ გავექეცი :)
ცირკში ჰყავთ კარგად გაწვრთნილი ცხენები, რომლებსაც შეუძლიათ, რიტმს აჰყვნენ, იტრიალონ ერთ ადგილზე, რინგის კიდეებზეც იქროლონ და მხედარს, საოცარი მოქნილობის წარმოსაჩენად, ბეჭი მორჩილად შეუშვირონ. დაოსტატებული მხედარი უუნაგირო ცხენსაც გამოაქროლებს, მაგრამ მისი რაში შინდისფერ წრეს ვერ გასცდება.
აი, ღია სივრცეში ჭენება სულ სხვაა: სადამდეც გსურს, სადამდეც შეძლებთ – ორივე.
(ოღონდ, ცხენზე ჯდომის ცოდნა ნებისმიერ შემთხვევაში უცილებელია, ხომ?! )
ხოლო, ველზე შემოხაზულ წრეზე სირბილი იმას ჰგავს, შარშანწინ, იპოდრომზე რომ მავარჯიშებდა მწვრთნელი – საბელმობმულ ცხენზე შემჯდარს...

წარმატება ყველას.

Thursday, April 2, 2009

2 აპრილი

ჩემი ბლოგის პირველი პოსტი 2 აპრილით თარიღდება. არა, არც სტატისტიკურ მონაცემებს დავდებ, არც რაიმე სახის შეჯამებას.
უბრალოდ, მთელი წელი გავიდა..

პ.ს. პირველი ბლოგი, რომელიც 2006 წელს მქონდა, აღარ არსებობს. ეს კი, რეალურად, იანვარში გაჩნდა :)

Wednesday, April 1, 2009

ურმული

აპრილი დადგა და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ათვლა დაიწყო.
გუშინ, რომელიღაც საიტზე ამოვიკითხე: "წინ, დავით აღმაშენებლისკენ!" და გამეღიმა..
კომპასი გჭირდება, საზოგადოებავ :) და ზღვის შემჩნევა.

რატომ ხდება, რომ თვალები სულ უკან გვრჩება?!
რომ ჩვენ აი, ეს ეს ეს ეს გვყავდა.
რომ ჩვენ აი, ეს ეს ეს ეს გავაკეთეთ.
რომ "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!"
ის ადამიანები, რომლებიც გვყავდა, თავისი დროისთვის აკეთებდნენ მაქსიმუმს.
და რას აკეთებს თითოეული, "რაც კარგია" მოქალაქე უკეთესი ქვეყნის შესაქმნელად? თუმცა, პირველად ალბათ სხვა კითხვებს უნდა ვსვამდე: ვის რა მიაჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად და სამშობლო ვისთვის სადამდეა გადაჭიმული – საკუთარ ზღურბლამდე, თუ უფრო შორს.
მხოლოდ (და ყოველთვის) ის მინდა, რომ ადამიანებს მოცემულობათა შეჯერება შეეძლოთ, ვიდრე დასკვნას გამოიტანენ.

...
ურემზე ვსხედვართ და მივჩაქჩაქებთ..
შიშველი ფეხისგულებით კენჭებზე ტყაპუნმა არ მოგვიწიოს.