Friday, May 29, 2009

გიხაროდენ!

_ ექვსში ზუსტად შენს ორგანიზმში შევიდა სულიწმინდის სახით წმინდა გიორგი, შენ გამოვარდი მაგ საკანიდან, გავარდი პარლამენტში, შენ უკვე სახე წაშლილი გქონდა, იქიდან გამოვარდი, შევარდი მგლის ხახაში...
_ მადლობთ, მადლობთ, უღრმესი მადლობა!

> იხილეთ

Thursday, May 28, 2009

კონცერტმაისტერების

ამაყობდნენ, მსოფლიოს გამკვირვებლები ვართ უსისხლო რადიკალიზმითო და, აი, "საამაყო" აღარ დარჩათ. ორი დღეა, ამ ორთქლის გამოსაშვებ აქციაზე მინდა დავწერო, მაგრამ სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი. სიმართლე ვთქვა, სიჩუმე ერთგვარი პროტესტიც იყო. როცა სამსახურში ყოველი დილა პოლიტიკის გაღეჭვით იწყება, საღამო მაინც მინდა "ზედმეტი კალორიების" გარეშე. თუმცა, არ გამოვიდა.
ხუთი მძიმედ დაჭრილი მიხაილოვის საავადმყოფოშია, პარლამენტის წინ კი კონცერტი მიმდინარეობს..

ჰეი, ჩააწოდეთ ერთმანეთს პატრიარქის სიტყვა, როგორც პინგ–პონგის ბურთი. გავბრწყინდებით, როგორ არა.

რა იქნება, მათ და საერთოდ, ადამიანებს საკუთარი ნაბიჯების შეთვალიერება შეეძლოთ.

მის ქალაქში

არაერთხელ მიღიღინია მისი "შავი კატა". აი, ისე, უცებ რომ გამოიჭერ თავს. უცებ რა, მე თითქმის ყოველ დილით ვღიღინებ – არა ხმით, არამედ შიგნით და აუცილებლად გზაზე დამდგარი. დღეც ისეთი მოდის, როგორიც პირველი მელოდია..
ამ შუაღამეს რამ მომანატრა. დავდებ :)
უნიკალური ვოკალი აქვს. საერთოდაც, გამორჩეული ადამიანია..

Wednesday, May 27, 2009

რამდენიმე კადრი

ორიოდე დღის წინ უნიკალური ჩანაწერი ვნახე – თითქმის 100 წლის კადრები, სადაც დღევანდელი ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსია აღბეჭდილი: შესასვლელში უშველებელი, ქოთნებში ჩარგული ორი პალმით, საგამოფენო დარბაზის კედელზე გამოსახული ქრისტეს ფრესკით; კიბეებზე, თუ შენობის გარეთ "მოფუსფუსე" უამრავი სტუმრით, კართან ჩოხა–ახალუხში გამოწყობილი, ენერგიული "შვეიცარით" და სტუმრებს შორის ორი პატარა, დედის კალთას ჩაჭიდებული, თეთრკაბიანი და თეთრშლაპიანი გოგონათი..
პერიოდულად ეს კადრები მახსენდება ხოლმე და ვფიქრობ ამ, საუკუნის წინანდელ ადამიანებზე. ძალიან სიმპათიურები ჩანდნენ. გუშინ კი, ინეტში ხეტიალისას, შემთხევით ერთი ფოტო ვიპოვე, რომელმაც ფურცელაძის ქუჩა შემოინახა. ახლა ამ ფოტოს ატვირთვას ვაპირებდი, ჰოდა, ის ჩანაწერიც გამახსენდა..

ულამაზესი აივნებია ფოტოზე. ისე კი, ხშირად ვფიქრობ ძველ თბილისზე (და საერთოდ, ხალხზე) და, შეძლებისდაგვარად, ვკითხულობ კიდეც. სიამოვნებით შევისწავლიდი ეთნოგრაფიას. ეს ყოველთვის მაინტერესებდა, ისე როგორც ფსიქოლოგია. არა, მეტად, თუმცა..

Monday, May 25, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დიდი ხანია, მაკა ბატიაშვილის ხელწერა და გმირები (მათი პატარა ნოველა–ამბებით) მომწონს. ეს ნახატი მხატვრის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ უახლეს ნამუშევრებში ვნახე. რა თქმა უნდა, გადმომაქვს. იმედია, წყვილების თემა მოსაწყენი არ გახდა :)
ჰო, ნახატი ამჯერად დასათაურებული იყო – "კოცნა"

25-31 მაისი.

Wednesday, May 20, 2009

სხვადასხვა

დღეს არნოლდ გეგეჭკორის წიგნი მაჩუქეს. ახლა ვათვალიერებდი და გული დამწყდა – როგორც ფოტოგრაფი, ნაკლებად ცნობილია. ძალიან კარგი ხედვა აქვს: მომწონს მისი გადაღებული პორტრეტები, თუ ბუნების სცენები.. ეს – რაც წიგნის ფურცლებიდან ჩანს. საგამოფენოდ ნაბეჭდი ფოტოები, ვფიქრობ, ბევრად შთამბეჭდავი იქნებოდა.

კიდევ ერთხელ ვიფიქრე – შემოქმედების წარმოსაჩენად ზრუნვა აუცილებელია; ინტერნეტის რესურსების გამოყენებაც.
***
თითქმის აღარ ვკითხულობ ლიტერატურულ საიტებს. თუ მაინც წამძლია სულმა, სასწრაფოდ გამოვდივარ. ჯერ კიდევ როდის ვუწოდე კუნძულები. ბოლო დროს ნაპირებთან ნავებსაც აღარ ტოვებენ.
***
ბლოგზე წერა აღარ მინდება. ჩემზე თითქმის არაფერს ვწერ და რაც "თითქმისის" მიღმა რჩება, ისე შენიღბულია..
საზოგადოზეც – ნაკლებად. სიჩუმის დღეები მაქვს.

Monday, May 18, 2009

ერთი კვირა, კედელზე

წინა კვირას გამოფენილ წყვილს სხვა წყვილით ჩავანაცვლებ: ამჯერად, ქალი არა გაოცებული, არამედ შეშინებულია..
ხედვის არეალში – კარდინალისა და მონაზვნის ვნებანი.
პ. ს. ფარდა ეგონ შილემ გადასწია :)

***
ხატიამ შილეს ნახატზე დატოვებულ კომენტარში კლიმტის "კოცნა" გაიხსენა. ვეთანხმები – მეც ამ ნამუშევარს მახსენებს. "კოცნის" დეტალი ადრეც მქონდა გამოფენილი. ეს ჩემი უსაყვარლესი ტილოა და ახლაც დიდი სიამოვნებით ვუთმობ კედელს, თან, წინა კვირაში დაწყებულ წყვილების თემას ვაგრძელებ :)

18-24 მაისი.

Saturday, May 16, 2009

კეტი

ჟანდარმს ცენზორი ესტუმრა. ერთად ჭრიან და კერავენ..
რევოლუციონერი ჩუმად ზის და მაკრატელზე ფიქრობს.
კრატ–კრატ..

როცა უჯრა გამოსწიეს, მზე მის კუთხეს დაეცა.
კრატერში ღვინოს და წყალს ურევდნენ..

Wednesday, May 13, 2009

ვეფხისტყაოსანი 1712-2008


დღეს კიდევ ერთხელ გამიხარდა და, რა თქმა უნდა, სიხარულის მიზეზზე აქაც დავწერ:
ეს "ვეფხისტყაოსნის" ბიბლიოგრაფიაა, რომელშიც 1712 წლიდან დღემდე, საქართველოში და უცხოეთში დაბეჭდილი ყველა გამოცემა შევიდა, ანუ: მსოფლიოს 37 ქვეყანაში, 46 ენაზე დაბეჭდილი 383 წიგნის აღწერილობა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ასეთი ბიბლიოგრაფია საქართველოში ჯერ არ შედგენილა და, მგონი, არც მის ფარგლებს გარეთ: თითოეულ აღწერილობას გამოცემის ყდისა და ტიტულის ფურცლის ფერადი ფოტო ახლავს.
აქვე, წიგნის მაღალ პოლიგრაფიულ ხარისხს აღვნიშნავ;
გარეკანი კი: შეგიძლიათ, თქვენი მესამე თვალი "მოიმარჯვოთ" და.. ყდაზე რუსთაველის პორტრეტი დაინახოთ.
ბიბლიოგრაფიის შემდგენლები ლევან თაქთაქიშვილი და მამუკა ჩხეიძე არიან. წიგნი გამომცემლობა "სეზანმა" დაბეჭდა. ამ წიგნზე მუშაობისას დადგინდა, რომ 2009 წლამდე "ვეფხისტყაოსნის"
99 ქართული გამოცემა არსებობდა; მე-100 – წელს, ამავე გამომცემლობამ და "თიბისი" ბანკმა დაბეჭდეს (მინდა, გითხრათ, ძალიან ლამაზი, მინიატურული ზომის სასაჩუქრე წიგნებია).
მოკლედ, ძალიან მომწონს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

და ბოლოს:
ამ საოცრად კარგი გამოცემის სარედაქციო ჯგუფის წევრი ვარ.
მოკლედ, ამ თვეში ჩემი მუშაობის ორი შედეგი ვნახე – ორი მნიშვნელოვანი გამოცემის სახით და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

პ. ს. ფოტოები არც თუ კარგი ხარისხის გამომივიდა, მაგრამ შთაბეჭდილების შესაქმნელად არა უშავს :)
როგორც წინა წიგნის ფოტოს, აქაც საავტორო ლოგოები დავურთე.

Tuesday, May 12, 2009

ბიბლიოგრაფია


საავტორო ცალი მივიღე და უკვე გარეკანსაც ვაქვეყნებ.
ინფორმაციას ამ ბმულზე იპოვნით, ფოტოსაც გადავიტან..

Monday, May 11, 2009

ერთი კვირა, კედელზე

მასთან შეყვარებულები თითქმის ყოველთვის დაფრინავენ,
"მფრინავ" კაცებს მწვანე პერანგები აცვიათ...
დღეს ერთ ასეთ წყვილს გამოვფენ, ანუ:
მარკ შაგალის "დაბადების დღეს".

11-17 მაისი.

Thursday, May 7, 2009

წრე

საქართველოში იყო ერთი რევოლუციონერი – პავლე აკობია.
1905 წელს, ზუგდიდის ეკლესიის ეზოში, წირვის შემდეგ ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდა და წითელი დროშა ააფრიალა. მაზრის უფროსმა დროშა ხელიდან გამოსტაცა, მაგრამ აკობიამ, ლეო ქიაჩელის სიტყვის დამთავრებისთანავე, დროშა ხელახლა ასწია და ხალხს გაუძღვა. მაზრის უფროსის "სტრაჟნიკმა" მას თავი გაუტეხა. ახლა კი, ციტირება:
"აკობიამ თავის გატეხილ თავიდან ნაჩქეფ სისხლში შეღება ხელსახოცი, ჯოხზე მოაბა, დროშად ააფრიალა, იმავე ლ. შენგელაია–ქიაჩელთან ერთად ხელახლად შეკრიბა ხალხი და მარსელიოზას სიმღერით ქალაქის ქუჩებში დემონსტრაციული მსვლელობა მოაწყო, რის შემდეგ გაიმართა მიტინგი".

აბა, შეიცვალა რამე?! კი, კალენდარი სხვა ციფრებს გვთავაზობს, სახელებიც სხვაა, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა?! განა, აკობიას მომავლის რწმენა აკლდა?! მას და, საერთოდ, იმ ხალხს ისე სჯეროდათ, რომ დიად მომავალს ქმნიდნენ...
მე ის მაფიქრებს, საუკუნის შემდეგ (თან, წინწასული მსოფლიოს ფონზე) იგივე გზით რომ დავდივართ.
ისიც მაფიქრებს, დემოკრატიას რომ ვაშენებთ და თეოკრატია გამოგვდის.
საერთოდაც, ბევრი რამ მაფიქრებს..

დავიღალე.
...
ფეხი მაინც არ მტკიოდეს.

Monday, May 4, 2009

ერთი კვირა, კედელზე

მგონია, ის ძალიან სუფთა ადამიანი იყო. ძალიან გულწრფელი.
აი, ისეთი, იშვიათად რომ არიან..
დღეს მის ლაღ გოგონას გამოვფენ, ბურთით ხელში.
თუმცა, ლაღი – ერთი შეხედვით. ისედაც, არაერთი დეტალი მაფიქრებს..
მიყვარს ეს ნახატი.

*
ისევ ფიროსმანი და მისი "დათვი მთვარის შუქზე"

*
რაკი კვირის ბოლოს ზღვას დავუბრუნდი და სამხრეთმა შემახსენა თავი... ნიკოსეული ბათუმის სანაპირო მოვძებნე და კედელსაც ვუთმობ.
პ.ს. დროშები.. :)

4-10 მაისი.