Monday, July 27, 2009

ერთი კვირა, კედელზე

სიურეალისტ პოლ კლის ნამუშევარი ერთხელ უკვე გამოვფინე. დღეს ისევ მივუბრუნდი მის ხასხასა ფერებით სავსე შემოქმედებას და კედლისთვის მზიანი ტილო ამოვარჩიე: ცხელ უდაბნოს მოვიტან, "მოძრავი პირამიდებით" დასერილს..

27 ივლისი –
2 აგვისტო.

Saturday, July 25, 2009

შინ

ასე: დაიწყო ჩემი სამსახურისგან თავისუფალი ერთი თვე და წარმოსახვით კედელზე ფერად–ფერადი სანიშნეების მიმაგრება-ჩამოხსნის დროც დადგა. საიდან რას დავიწყებ, როდის რას მოვასწრებ: მიმოსვლას 60 კილომეტრიან რადიუსში, წიგნის კეთებას, მომარაგებული საკითხავის ათვისებას, შინ პატარა რემონტის გაძღოლას და კიდევ ათას რამეს.. თანაც არცერთი რომ არ მეზარება? პირიქით, მეჩვენება, რომ დროში ვარ შეზღუდული. ჰო, კიდევ ერთი გეგმა მაქვს და თუ მოვაბი თავი, ვრცლად დავწერ.
...
არსებობს სახლი, რომლის კარის ჩაკეტვისას მგონია, რომ ისევე საცოდავად მიცქერის, როგორც ჩემი ძაღლი დამშვიდობებისას – ორი წლის წინ, იმავე ეზოში. მოვდივარ მერე გულდამძიმებული.. და ვბრუნდები სიზმრებში. უცნაურია, სიზმრებში მხოლოდ ორგან ვარ ხოლმე: ვერაზე და ამ მარტოხელაში. ბინა, სადაც ახლა ვცხოვრობ – არასდროს დამსიზმრებია, მიუხედავად იმისა, რომ გადმოსვლიდან მე-8 წელი გადის. მხოლოდ ბავშვობის სახლები, სადაც მამა ყოველთვის შინ არის, ან მოდის.
იდეა: ჩემი ბავშვობის სახლები – კარგი თემაა დასაწერად. ოღონდ, სხვა დროს – როცა ნაკლებად სენტიმენტალური ვიქნები.. ახლა მხოლოდ ფოტოს დავდებ:

Monday, July 20, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ამ ორშაბათის კედელს გუსტავ კლიმტის "მოცეკვავეს" ვუთმობ –
ხასხასას, სურნელოვანს, მელოდიურს..

20-26 ივლისი.

Wednesday, July 15, 2009

მოქმედება პირველი – შერჩევა

კრებულის გამოცემაზე სერიოზულად ფიქრი ჯერ კიდევ იანვარში დავიწყე. მას შემდეგ უკვე მეშვიდე თვეს ვატარებთ, ჩემი ფიქრიდან საქმისკენ კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაქვს გადადგმული – ეს ლექსების პირველადი გადარჩევაა. თუმცა არა, ყდის დიზაინზეც ვიფიქრე (ორი სავარაუდო სათაურის შესაბამისად). რა თქმა უნდა, დიზაინის (როგორც სათაურის) საბოლოო ვარიანტი ჯერ არ მაქვს. ეს საკითხი რთულად მეჩვენება და ვფიქრობ, მასზე საკმაო დროის დათმობა მომიწევს, რადგან მკითხველზე პირველ ეფექტს სწორედ წიგნის გარეგანი სახე და სათაური ახდენს.. გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოგვიანებით ამაზე ვრცლად და არაერთხელ დავწერ. დღეს კი იმაზე ვისაუბრებ, რაც უკვე გავაკეთე და რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია როგორც კრებულის წარმატებისთვის, ისე ზოგადად, წინსვლისთვის.

ავტორებისგან არაერთხელ მსმენია საკუთარი ქმნილებების მიმართ გამოთქმული სენტიმენტალური ეპითეტები. ლექსებს, უმეტესად, შვილებს ადარებენ და გვერდზე გადასადებად არცერთი მათგანი (და არცერთი სიტყვა მათში) არ ეთმობათ. ჩემი აზრით, სწორედ ეს დამოკიდებულება აქცევს ავტორთა
(წინ)სვლას ადგილის ტკეპნად.

პირველადი შერჩევა მხოლოდ პირველადს ნიშნავს და მომავალში კიდევ რამდენჯერმე გახდება საჭირო არჩევანის გადახედვა. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ეს არც თუ ადვილია. ზოგადად, სიძნელე სენტიმენტების (ჩემ შემთხვევაში ყველა ლექსში "გაბნევით" გამოწვეული) მოცილება და რაც მთავარია – უცხო/კრიტიკული თვალით კითხვის შეძლებაა. ეს უკანასკნელი ჩემთვის ნაცნობ, სულ რამდენიმე ახალთაობელ ავტორს ახასიათებს. აქვე თამამად ვიტყვი, რომ არც მე მიჭირს მხოლოდ მკითხველის მანტიის მორგება, თუმცა ლექსების წიგნისთვის გადარჩევა მაინც ძნელად მომეჩვენა.

გადარჩევა თავისთავად ნიშნავს სათითაო ტექსტის წაკითხვას, რაც მათ მოწესრიგებასაც იწვევს – პუნქტუაციის ჩასწორებას და ხან მცირე რედაქტირებასაც, თუკი ამის საჭიროება დგას. თუმცა, გამოქვეყნებამდე, როგორც წესი, ამ ყველაფერს ვაკეთებდი. ალბათ გაჩნდება კითხვა: რატომ ახლაც. დროთა განმავლობაში მომატებულმა გამოცდილებამ და გამძაფრებულმა კრიტიკულმა დამოკიდებულებამ შეიძლება კიდევ აღმომაჩენინოს რაიმე; და რაკი ნაბეჭდ ტექსტში ხარვეზების ნახვა გულს დამწყვეტს, წინასწარ მეტი ყურადღებით ყოფნა მირჩევნია.

გადარჩევამ წიგნის სტრუქტურაზეც დამაწყებინა ფიქრი: ქვეთავების მიხედვით დავყო, თუ არა. თუ კი – ლექსების კიდევ უფრო ვიწრო, შინაარსის მიხედვით დახარისხება მომიწევს. ორივე შემთხვევაში აუცილებელი იქნება თანმიმდევრობის განსაზღვრა. თანმიმდევრობა ჰარმონიული უნდა იყოს. ავიღოთ ნებისმიერი მუსიკალური ალბომი – შემავალი ტრეკების რიგითობა არასდროს არის შემთხვევითი, ის ყოველთვის აწესრიგებს მსმენელის "მაჯისცემას".. ასევეა წიგნშიც.

კიდევ ერთი "თავსატეხი": პასუხისმგებლობა მემატება იმ ლექსების არჩევისას, რომლებიც იანვრის შემდეგ დავწერე და არსად გამომიქვეყნებია. წაკითხვა, შეძლებისდაგვარად, კიდევ უფრო მკაცრი თვალით მიწევს. განვიცდი მათ ბედს, თუმცა ათამდე მაინც მეგულება ისეთი, კრებულში რომ აუცილებლად მოხვდება (მეტი თუ არა).

ახლა კი, ამ გრძელი წერილის ერთგვარი რეზიუმე:

  • ლექსები არ არიან შვილები და, მით უმეტეს, კალთაზე ჩამოკიდებულები :)
  • კრიტიკული თვალი – პირველ რიგში არა ტექსტის მოსაწესრიგებლად, არამედ წიგნში მისი შეტანის აუცილებლობის განსასაზღვრად. მეორე რიგში გასაკეთებელი – უკვე წაკითხული წინადადების შემადგენელი ნაწილია.
  • ხედვა – სივრცის და სივრცეში. ან ასე: მე მიყვარს შენობის დეტალების თვალიერება; ხოლო დეტალების ერთობლიობა ერთ მთლიანს ქმნის – სახლს, რომელშიც ადამიანები შევლენ..

და ბოლოს, პირველ წერილში ვთქვი, რომ ამ ზაფხულის გეგმებზეც დავწერდი. რაკი შერჩევა ერთი დამოუკიდებელი მოქმედებაა (თან, საკმაოდ ვრცელი ტექსტიც გამოვიდა), ამიტომ შემდეგ ნაბიჯზე და შესაბამისად, ზაფხულის გეგმაზე, მომდევნო წერილში მოვყვები.

Tuesday, July 14, 2009

ქართული ART ბლოგები

ნიკოლოზის არაჩვეულებრივი იდეა – ერთად მოუყაროს თავი ქართულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ ბლოგებს. ჩამონათვალში ნახავთ ჯერჯერობით მოძიებული ბლოგების მისამართებს, მცირე ანოტაციებით. პროექტი გრძელდება და იმედია, დროთა განმავლობაში სიას არაერთი თანამედროვე ხელოვანის პირადი გვერდი შეემატება.
ამ ბანერის საშუალებით მათ ადვილად იპოვნით:


Monday, July 13, 2009

ერთი კვირა, კედელზე

უცნაური ორშაბათია – არც ერთი ნახატის მოტანა არ მსურს. ვერც მკვეთრი ფერები მივიღე, ვერც – მუქი, ვერავის ხელწერა..
და მთლად ცარიელი რომ არ დარჩეს კედელი, იყოს კლოდ მონეს "ნავი" - სიმშვიდის გამო (თუ სიმშვიდისთვის).

*
მონეს კიდევ ერთი, ჩემი საყვარელი ნამუშევარი – "შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა" (ტერმინ "იმპრესიონიზმის" დაბადება სწორედ ამ ტილოს დაემყარა).
ფორთოხლისფერი მზე – ჩემი მოხიბვლის "ყველაზე უფრო" მიზეზია..

13-19 ივლისი.

Saturday, July 11, 2009

სტარტი: ონლაინ

გუშინ დათოს ბლოგი აღმოვაჩინე და წაკითხვამდე უკვე არაორდინალურის პოვნისთვის განვეწყე, რადგან მის ავტორს ასეთად ვთვლი :) არც შევმცდარვარ: ეს იქნება პირველი ქართული ბლოგი (მე არ მინახავს სხვა), სადაც ონლაინ მივადევნებთ თვალს ბლოგის ავტორის სახლის მშენებლობას. დათოს ბლოგი ჩემი იდეის წყაროდ იქცა.
ამ იდეის აღწერამდე კიდევ ერთი ახალი ბლოგი რომ არ ვახსენო, არ შემიძლია. ანი ონლაინ აპირებს დისერტაციისთვის (რომლის თემაც ნიუ–მედია იქნება, კერძოდ ქართული ბლოგინგი) კვლევის ჩატარებას. მშვენიერი აზრია, ასევე – ორიგინალური. ჩემი გადაწყვეტილების ინსპირირება კი ფაქტია, დათოს ბლოგიდან წამოვიდა (რაც ცოტა ხნის წინ მეგობრის მიერ მენეჯმენტის ანა–ბანაზე ნათქვამი რამდენიმე სიტყვის გახსენებამაც გაამყარა). ალბათ ყველაფერი "სახლის" ბრალია..
რომელი სახლი? მაშ ასე:
ვიქნები პირველი, ვინც ონლაინ "დაბეჭდავს" წიგნს. ანუ: აღვწერ ყველა წვრილმანს, რისი გათვალისწინებაც კრებულის გამოცემისთვის გავლილ გზაზე მომიწევს. მთელი საღამო ვფიქრობდი ამ იდეაზე და პროცესის საჯაროდ წარმართვის დადებითი მხარეების შესახებ რამდენიმე დასკვნაც გავაკეთე. მგონია, რომ ეს:
  • დაეხმარება ავტორებს, რომლებიც პირველი წიგნის გამოცემაზე ფიქრობენ და ვისაც, ჩემს მსგავსად, სიტყვის საქმედ გადაქცევის პროცესის ამუშავება აბურდულ გორგალში ძაფის წვერის ძებნას აგონებთ;

  • რაც მთავარია, დამეხმარება მე, რადგან ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, იმ საქმის წამოწყება, რაშიც გამოუცდელი ვარ (და შესაბამისად, ძნელად მეჩვენება), მიჭირს. სტარტის საჯაროდ გამოცხადება კი, ჩემთვის უკვე ნიშნავს რეალური ნაბიჯის გადადგმას და იმასაც, რომ უკან ვეღარ დავიხევ :)

  • გარკვეულწილად დამეხმარება კრებულის პიარისთვის. საკუთარი შემოქმედების რეალიზაციის შესახებ რამდენიმე ხნის წინ დაწერილ წერილში პირველ პუნქტად გამოტანილი ინტერნეტრესურსების გამოყენების საკმაოდ საინტერესო ხერხად (წარდგენის ერთ–ერთ ფორმად) ახლა წიგნის ონლაინ შექმნის იდეასაც ვთვლი.
რაც შეეხება ონლაინ პროცესს: თავიდან ვიფიქრე, რომ ცალკე ბლოგი გამეხსნა, მაგრამ რამდენიმე საიტის მართვას მირჩევნია აქ ვწერო. დაინტერესებული მკითხველი ბლოგის ზედა, მარჯვენა კუთხეში განთავსებული ამ ბანერის (იქნებ მოგვიანებით შევცვალო)

საშუალებით თემაზე დაწერილი ყველა პოსტის პოვნას შეძლებს. წერას ყოველი ახალი ქმედების შესაბამისად განვაახლებ. მოვყვები დიზაინის, მასალის და ყველა სხვა ნიუანსის შესახებ.

რაკი კრებულის გამოცემაზე ფიქრს მთლად ნულიდან არ ვიწყებ, სულ ცოტა ხანში მოგიყვებით იმაზე, რაც აქამდე გავაკეთე; ასევე – სექტემბრამდე მოსაგვარებელ საქმეებზეც..

ჰო, იმედი მაქვს, პროცესის განმავლობაში ჩემს სცენაზე კაცის ბჭობისა და ღმერთის ჩაცინების ამბავი არ გათამაშდება. გეგმებზე ღიად საუბარს ყოველთვის თავს ვარიდებ ხოლმე, მაგრამ ახლა მგონია, რომ ეს სულ სხვა შემთხვევაა და ამიტომ, თამამად ვაქვეყნებ ჩემს პირველ პოსტს :)

Tuesday, July 7, 2009

...

ვერ ვამბობ სიტყვას, რომელსაც აქ მყოფებს ეუბნებიან ხოლმე, ასეთ დღეს. სამაგიეროდ, ადვილად ვიტყვი: მიყვარხარ.

Monday, July 6, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ფრანგ სიმბოლისტს, ოდილონ რედონს გამოვფენ. მისი რამდენიმე ტილო, ასევე ლითოგრაფია, განსაკუთრებით მომწონს. პირველი არჩევანი "ოქროს უჯრედი" იქნება – ორი დომინანტი ფერით მიღწეული განწყობით. თუმცა, ჩემი განწყობის შექმნაზე არანაკლებ ზრუნავს მთვარისებური რკალი და მისგან ღაწვზე დაცემული შუქ–ჩრდილი..

*
ჩემი აზრით, რედონს მოსწონდა ამ ორი ფერის – ლურჯისა და ყვითლის შეხამება, რადგან არაერთ პორტრეტზე იყენებს.
"ბეატრისის" ძირითადი ფერებიც ეს ორია, ოღონდ "ოქროს უჯრედისგან" განსხვავებით, ისინი ადგილებს იცვლიან: აქ ფონია ცისფერი, მასზე მოკაშკაშე ყვითელი კი ჩემს თვალებზე მზის ცქერის მსგავს ეფექტს ახდენს..
კიდევ, მინდა მის ქალებზე ვთქვა: საოცრად მშვიდი სახის ნაკვთები აქვთ, სევდიანიც..

6-12 ივლისი.

Friday, July 3, 2009

კარუსელი

ფოტო: Eugene Atget (1857-1927)
Caroussell, 1923

წერილი (დახურული)

შენ ყვები გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაზე; ადრე სხვამ მითხრა: მოკლედ ამბობ, დაგრძელდი. მე კი, მივედინები – ღრმა მდინარედ ბრტყელნაპირებშუა. ხან ქარი მაღელვებს, ხან თავით გადმოშვებული ბავშვი..

გისმენდი დღეს და მკვეთრ ფერებზე ვფიქრობდი. გაიცრიცა ეს პორტრეტი, უნდა დამუშავდეს (ფოტოშოპში?! იქნებ რესტავრატორის ხელით?)..
ან, ეგებ, ასევე დავტოვოთ და ჩარჩოში ჩავსვათ?!

ჩვენ გვესმის სიტყვები, რომლებიც გვახარებს, გვამხნევებს, გვტკენს, ან უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებს... და დღეს ოთხივ კუთხით ცვიოდა ნაყოფი. ერთი თავში მომხვდა.

დასაწყისი ტიტრებია: სახელი, შემქმნელი, მონაწილე, აშაშაშ. ტიტრებს ხომ ვიღაც კრეფს. ან წერს. კალიგრაფიას დავხვეწ (პირობა). "წერაქვი მიჭირავს, წრიაპი მაცვია". ჰო.

ჰოწერტილი – ჩემი საყვარელი პასუხი. ეს – როცა ბავშვი ეშვება თავით.

ვთქვი, დახურულია წერილი.
წყალქვეშა.

პ. ს.–ც ბარემ: დავაკვირდი, როცა აქ ვერ ვწერ, ჩემს ფაილს ვემატები.