Monday, August 31, 2009

ერთი კვირა, კედელზე

გუშინ თითქოს მოფიქრებული მქონდა, რომელ მხატვარს გამოვფენდი, მაგრამ განწყობა იცვლება და შესაბამისად – არჩევანიც.
"Haere Pape" – მგონია, ახლა ყველაზე მეტად ეს ფერები და ხმა გამომხატავს..
პოლ გოგენს ვუთმობ კვირის კედელს, თბილს..

31 აგვისტო –
6 სექტემბერი.

Thursday, August 27, 2009

Let's..

There may be trouble ahead
But while there's music and moonlight and love and romance
Let's face the music and dance..
...
ამ დღის მშვიდი რიტმი

Wednesday, August 26, 2009

"ერთი პეშვი" საჩუქარი

ბედნიერებაა ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც კარგი მოსმენა შეუძლია. ვფიქრობ, რომ კარგი მსმენელები ცოტანი არსებობენ. კარგი მკითხველი კი ორჯერ კარგი მსმენელია – შინაგან ხმასაც წვდება, სტრიქონებს შორის რომ ტოვებ. კარგი მკითხველები კიდევ უფრო ცოტანი არიან.

ერთი სული მქონდა, შინ მოვსულიყავი და ბლოგზე გამომექვეყნებინა ის, რამაც დღეს ასე გამახარა. ისეთი ემოციური ვარ ამ საღამოს... ემხვარმა ჩემი "ერთი პეშვისთვის" შარშან დაწერილი მინაწერი იპოვა, აღადგინა და აი, ასეთი სიურპრიზი გამიკეთა. ვინც დიდი ხანია, რაც ბლოგს თვალს ადევნებს, ეხსომება ეს ლექსი და მასთან დაკავშირებული ჩემი განცდები. მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა. ავტორისთვის საჩუქარია, როცა ასე "უსმენენ"..


* * *
სადღაც ამოვიკითხე
სათაური ნახევარი ნაწარმოებიაო
მგონი კარგი სათაურიო ეწერა

ქეთის ლექსს ”ერთი პეშვი” ჰქვია...
ერთი – ვთქვი და იმწამიერად ღმერთი ” შევუსაბამე”

ლექსის შინაარსის მოლოდინიც ”ღმერთს” უკავშირდება...
არ დავმალავ და ”პეშვს” სათაურში ნაკლები ყურადღება მივაქციე...

შესაძლებელია ”პეშვს” ამოხსნა სჭირდება...

და მაინც პეშვი წყლის ან მარცვლების (მარცვლეულისაც) რამდენიმე წამით (წუთით) შესანახი ”სათავსოა”.
როგორ წესი ”პეშვიდან” წყალს სვამენ...
ოღონდ პეშვი ჯერ წყლით უნდა აავსო...

და ეს მხოლოდ ადამიანებს შეგვიძლია!!!

.................

ლექსს ადამიანები წერენ...
თითო ლექსი ყველას დაგვიწერია...
ოღონდ ყველას ასეთნაირი არა...

”ცას შეიძლება დაეპნეს პეშვში მოგროვილი ლოცვები,
მაგრამ ცა ვეღარ წამოკრეფს მათ.
ცა იტირებს,
მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ. – ცა ერთი დიდი ”პეშვია”...
აორთქლილ წყალს ”აგროვებს”
დედამიწიდან სესხად იღებს...
კეთილსინდისიერი მევალეა და ვალსაც დროულად იხდის...

”ცა ლოცვებსაც აგრვებს”
და ეს ცა უკვე ცხრაა...

”ცას შეიძლება ლოცვები დაებნეს” – ვკითხულობ და ახლაც კითხვას ვსვამ... – რატომ შეიძლება?
ეს ხომ გარდაუვალი აუცილებლობაა...
ყველა პეშვს საკუთარი ზომა აქვს და დაგროვების დრო...

დრო ლექსში ერთ–ერთი ცენტრალური ”სუბიექტი” გახდება...
ვაგრძელებ:

”ცა იჩხუბებს,მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ.” – აქამდე შესაძლებლობა იყო...
უკვე მოქმედებაა...
ცის (იქნებ ცაში?!) ჩხუბი ღრუბელთა შეჯახებაა...
ცის ტირილი – წვიმა...
”მაგრამ (ცა) ვეღარ წამოკრეფს მათ...
ხომ კრეფდა?
ხომ უნდა წამოკრიფოს?

რაღაც ახალი ხდება?
უნდა მოხდეს...

მაშ, ასე

გაწვიმდა და...
”პატარა მწყემსი,ორი ცხვარი ორი ბატივით რომ გაუგდია წინ,”

დამეთანხმებით, ლექსის ერთ–ერთი ცენტრალური მომენტია...

პატარა მწყემსი ცოტა ხნით ”დავივიწყოთ” და
ორ ცხვარს და ორ ბატს ”მივხედოთ”

სადაც მწყემსია – იქ ცხვარიცაა
რატომ ორი?
არ ვიცი, ორი მრავლობითი რიცხვია...
ბატიც ორია
რათა ორი...
იმიტომ, ხომ არა, რომ პატარა მწყემსს ორი ბატიც არ უნდა მიაბარო?!

სადაც მწყემსია
სადაც ცხვარია
იქ სალამურიცაა და უმრავლეს შემთხვევაში თხაც..
მაგრამ ორ (ორი – უკვე კონკრეტული რიცხვია!!!) ცხვარს ერთი პატარა მწყემსიც ეყოფა, თუ გაბედავ და ორ ბატს მიაბარებ...

სალამურს დაკვრა სჭირდება
უფრო სწორედ აკვნესება და
ლექსში აკვნესებული სალამურის ხმაც უნდა გესმოდეს წესით...
თუმცა თუ წვიმს?!

მწყემსი პლეერს უსმენს...
და მის ყურში ”დედოფალია” ანუ ქვინი...
უბერებელი ქვინი, რომელიც მოდერნსაც განასახიერებს და პოსტ მოდერნსაც –პერიოდს ვგულისხმობ რა თქმა უნდა.

პლეერი – ყურებშია
დედოფალს – მწყემსი უსმენს...
და რას უსმენენ ცხვრები?
(უკვე გაწუწულები)?

”თეთრ ქარავანს”!!!
”მივალ მივყვები თეთრი გზებით(ქარავნით!!!) მე ჩემ ფარასა...”

მეც ვღიღინებ და ვამბობ _

მწყემსი ყოველთვის მწყემსია
ორი ცხვარს მწყემსავს თუ ორიათასს...

შეჯამება პირველი:

მიდის გალუმპული პატარა მწყემსი გაშლილ მინდორში ყურში პლეერითა და ღიღინებს...

ვაგრძელებ:

მიდის გალუმპული პატარა მწყემსი გაშლილ მინდორში ყურში პლეერითა და ღიღინებს... და არაფერი ვიცით მაღალია თუ დაბალი... კეთილია თუ ბოროტი, ზარმაცია თუ ბეჯითი...

ვიცით რომ პატარაა და 2 ბატი ანდეს... (არ შემშლია!!!)

კითხულობ _ ”პატარა მწყემსი ბრმაა.” – და გახსენდება სიტყვა – უყურებს...
სიბრალულის გრძნობა გიჩნდება და კითხულობ...
კი მაგრამ როგორ ”უყურებს” ცხვრებს?! (ბატებს!!!)

ვგებულობთ – ცხვრებს, ნაბიჯით რომ არ სცილდებიან,
ყნოსვით აგნებს.
ცხვრებს უყვართ მწყემსის მოსმენა,
ცხვრებს უყვართ მწვანე ბალახი,
ცხვრებს უყვართ მიწა.
ცხვრები ბატებს ემსგავსებიან, – მხოლოდ მაშინ, როცა ცა პეშვს ხსნის და ტირის.

კითხულობ – როცა ცა პეშვს ხსნის და ტირის. – და ხვდები – პატარა მწყემსი მხოლოდ ამის შემდეგ გაილუმპება!!!

მცირე გადახვევა:

ვკითხულობ: ” ცხვრებს უყვართ მწყემსის მოსმენა,
ცხვრებს უყვართ მწვანე ბალახი,
ცხვრებს უყვართ მიწა.
ცხვრები ბატებს ემსგავსებიან” – და მუშტს რიტმულად მაგიდას ვურტყამ

შემდეგ ავტორისეული თხოვნაა თუ შემოძახება:
”პატარა მწყემსო, დაისველე თავი,
პატარა მწყემსო, მოიწმინდე პირი,
პატარა მწყემსო, აახილე თვალი,
აახილე,
აახილე,
აახილე! – იმიტომ რომ
ცა დაიქცა.

აქაც იგივეს ვიმეორებ და მუშტის ძირი მტკივა...

ვაგრძელებ: ორ ცხვარს, ორ ბატს რომ ჰგავს,
სახე ჩამოსტირის.
პატარა მწყემსს აღარ აქვს პლეერი.
მის ყურში თეთრი ქარავანია,
ბაგეზე – დედოფალი...

პატარა მწყემსმა ცა დაინახა.
ცამ გაიღიმა. – კითხულობ და კითხვას სვამ:
მაინც ვინაა მწყემსი
ვის ყურშია – ქარავანი
ვის ბაგეზეა დედოფალი, რომელიც არის ღვთისმშობელი...
ვინ შემოუძახა თავს და ვინ აახილა თვალი?

მან ვინც მომიყვა საკუთარი ფერისცვალება და ჰქვია – ავტორი!!!

> ბმული ლიბ.გე–ზე

Tuesday, August 25, 2009

პ.ს. მინაწერის გამო

"მინაწერის მინაწერი" – ამ დილით, ჩემთვის მოულოდნელად, ლიბ.გეზე, ემხვარის გვერდზეც განთავსდა და გამიხარდა..

Monday, August 24, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ოცნება, რომლის ხელიც კაცის მხარზეა... და ეს ორივე – ჩემ საგამოფენო კედელზე.
ამ კვირას სალვადორ დალის დავუთმობ, მისი რამდენიმე ნამუშევარი შევარჩიე..

*
ეს "გუმბათოვანი", აფეთქებული თავი ისე აღმაფრთოვანებს, როგორც დალისვე "უჯრებად ქცეული" ქალი (რამდენიმე თვის წინ უკვე გამოვფინე)..

*
"მედიტაციის ვარდი". აი, ასე :)


24-30 აგვისტო.

Friday, August 21, 2009

მინაწერი

ამ რამდენიმე წლის წინ, ლიტერატურულ ფორუმ "ებლიტფოზე" ახლად გაწევრიანებულმა იმხანად ჩემთვის უცხო რამ წავიკითხე: მინაწერი ლექსზე. მანამდე, მსგავსი განხილვა არც ბეჭდურად შემხვედრია. ისიც აღმოვაჩინე, რომ იმ, მინაწერიან და ნებისმიერ სხვა კარგ ლექსზე ნაკლებ საინტერესო როდი იყო მისი კითხვა. "მინაწერებად" ტექსტებს მათი ავტორი - ემხვარი მოიხსენებდა და სულ მალე, ქართულ ლიტერატურულ ინტერნეტსივრცეში ერთგვარ ჟანრადაც იქცა, რადგან ნაწარმოების ასეთი ფორმით წაკითხვას სხვებიც შეეცადნენ.

ნებისმიერი ავტორისთვის მისი ნაწარმოების გულდასმით წაკითხვა და გამოთქმული აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მინაწერები კი მათი ავტორის – მკითხველის დაინტერესებას, მისეულ აღქმას, კრიტიკას გამოხატავს.
ახლა არქივს ვათვალიერებდი და ემხვარის მიერ ჩემ ლექსებზე გაკეთებულ მინაწერებს გადავხედე. ხუთი აღმომაჩნდა. ხუთივე ძალიან საინტერესოა, თანაც ჩემთვისაც მნიშვნელოვან ლექსებზეა გაკეთებული, მაგრამ აქ გამოსაქვეყნებლად "მუცოს" ავირჩევ:

"ეს ლექსი ჩემი არაა...
სამი დღეა ტვინით დავატარებ...
ახლა მომინდა დამედო...
აქ მთაც და ყველაფერი ანტურაჟი რომაა ფაქტია...
განშორებაზეც არაა...
უფრო ახლოს რომ ხართ...
ჩახუტებულები და მაინც განშ-ორ-ებაზე რომ ფიქრობ ისაა...
საგზალსაც იმარაგებ...
ერთადგატარებულ წუთებს, საათებს...დღეებს...
და მიზეზიც ნაპოვნიც რომ გაქვს წასასვლელად იმაზეცაა ალბათ...
მხარზეო..
მხარზე მძიმე ტვირთს იკიდებენ...
ოღონდ ისეთს ტარება რომ შეგიძლია...
სიხარულით რომ მიგაქვს ისეთ ტვირთსაც...
ხო სტვენაზე იცი რა გამახსენდა...
სტვენენ შიშის დასათრგუნად...
ფარა თეთრია...
ფიქრებიც თეთრია ხშირად...
შავებიც გამოერევა...
ფარასაც...
მერე შიმშილიც თავს გახსენებს...
მონატრების შიმშილი ქვია მაგას...
ერთად ხართ და გშიათ მაინც...
სხეულიც და სულიც...
თვალებს ხუჭავთ...
მილულავო...
"რუხ ჰორიზონტს შუბლს მიუშვერ..
ხელს გაუქნევ ნიავს - მიმართულების შესაცვლელად..."

რჩები..."


პ.ს. მინაწერის დასაწყისი იმან გამოიწვია, რომ მაშინ ჩემი ლექსი ანონიმურად გამოვაქვეყნე. ჯერ კიდევ არ ვამხელდი, რომ ვწერდი :)

Wednesday, August 19, 2009

დაკაბადონება

ამას წინათ ვკითხულობდი, აკა მორჩილაძემ ერთ–ერთი რომანი 8 დღეში დაწერა და ზუსტად ერთი თვის შემდეგ უკვე წიგნად გამოცემული ჰქონდაო. ვაჰ, ვთქვი მაშინ. თუმცა, ამ შემთხვევის მხოლოდ საგამომცემლო მხარეში გასაოცარი თითქოს არაფერია, თუკი უსწრაფესი ტემპებით; მაგრამ 8 დღეში რომანის დაწერა, მერე დაღვინებას რომ ვეძახი, ის პერიოდი – სანამ შეძლებ კრიტიკული თვალის მომარჯვებას და ისე გადახედვას, მერე ტექსტის აწყობა (იქნებ თავად კრეფდა კიდეც), ჩასწორება... მწერლის გამოცდილებას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს და მაინც – „ვაჰ!“
ამ მოულოდნელად გაჩენილ მოგონებასა და გაოცებას გვერდზე გადავდებ და ჩემს შემდეგ ნაბიჯზე დავწერ.
აკას ამბავი იმაზე ფიქრმა გამახსენა, რომ გამოუცდელი ადამიანი უფრო დიდ ხანს ანდომებს ყველაფერს. გვერდით გამოცდილი მრჩევლისა და გულშემატკივარის ყოფნა კი ძალიან ბევრს ნიშნავს. საბედნიეროდ, მყავს ასეთი მეგობარი..
ახლა კი, საქმეზე:

ფერისცვალების დღეს ჩემმა საქმემაც ფერი იცვალა – ახალ ეტაპზე გადავედი.
გადარჩევისა და ლექსებისთვის ადგილის მიჩენის შემდეგ საჭირო გახდა მათი ვორდის ფაილიდან გადატანა. რა თქმა უნდა, ამას დამკაბადონებელი აკეთებს, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე, ამ საქმესაც თავად შევეჭიდო. ერთ–ერთი მიზეზი ფინანსური მხარეც არის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარია – საკუთარ წიგნზე თვითონ ვიმუშაო. ერთი საკმაოდ ცნობილი პოეტის მაგალითმაც დამაფიქრა (დასახელებისგან თავს შევიკავებ; ამას წინათ, პირადად მირჩია, თუკი შეგიძლია, უკეთესია, თვითონ გააკეთოო). იმდენი ინერვიულა ხარვეზებით გამოცემული წიგნის გამო! მიუხედავად იმისა, რომ კორექტურას აკეთებდა და ყურადღებითაც იყო, მისმა დამკაბადონებელმა საბოლოო მითითებები არ გაითვალისწინა. ამას გარდა, გადაწყვეტილებისკენ დამკაბადონებლებთან მუშაობით მიღებულმა გამოცდილებამაც მიბიძგა. ადრე, როცა გაზეთ „ქართული წიგნის“ სარედაქციო კოლეგიის აქტიური წევრი ვიყავი, გაზეთის დაკაბადონებაზე დასწრება მიწევდა.
მისთვის, ვინც დღის მანძილზე უამრავი საქმით არის გადაღლილი და მხოლოდ ჩემთვის გამოყოფილ დროს დამითმობს, თითოეულ ჩასასწორებელზე (ან ახალ იდეაზე) თქმა და მერე მისი რეაქცია (თუნდაც უსიტყვო და შეჭმუხნული სახით) უხერხულობას შემიქმნის..
ერთი სიტყვით, ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, შემდეგი ეტაპის გადალახვას თვითონ ვცდი.

ტექსტს PageMaker-ის პროგრამაში დავაკაბადონებ. ჩემი ცოდნა არც თუ ღრმაა, მაგრამ ძირითად საქმეს თავს გავართმევ. რა თქმა უნდა, დამჭირდება საბოლოო გადახედვა და რჩევები, რაში თანადგომასაც მეგობარი, რომლის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, დამპირდა. თავიდან ვფიქრობდი, კრებულის შრიფტად Sylfaen ამერჩია, რადგან ინტერნეტის გამო თვალი მიჩვეული მაქვს და მუშაობაშიც ძირითადად მას ვიყენებ. აღმოჩნდა, რომ ეს შრიფტი PageMaker-ს არ აქვს და ტექსტის მასზე გადაყვანა გამომცემლობაში მოხდებოდა. ამასობაში გაჩნდა რჩევაც – „ლიტ.ნუსხური“. რამდენიმე კარგი პოეტური კრებული სწორედ ამ შრიფტით არის აწყობილი. გადმოვალაგე ყველა ეს გამოცემა და ვთქვი – რატომაც არა. მგონია, რომ ლამაზი შრიფტია. ასე რომ, წინ მხოლოდ ახალი ფაილის გახსნა მრჩებოდა, რაც ამ დილით გავაკეთე კიდეც. რაც შეეხება დაკაბადონებამდე სამუშაო შრიფტს – სჯობს ტექსტი "აკად.ნუსხურში" იყოს გადაყვანილი, რადგან შემდეგ ადვილად ხდება მისი სხვა, სასურველ შრიფტზე გადატანა. თუმცა, ზოგი წიგნს პირდაპირ ამ შრიფტითაც ბეჭდავს. მოკლედ, გემოვნების საკითხია.
აქვე ლექსების დალაგებაზეც ვიტყვი – გადავწყვიტე, კრებული ქვეთავებად დავყო. სავარაუდოდ სამი ქვეთავი იქნება, რომლებშიც ლექსები მათი შინაარსის და ფორმის მიხედვით გადავანაწილე. სამუშაო პერიოდში, რამოდენიმე ლექსს შეიძლება მინიჭებული ადგილი კიდევ შევუცვალო...
წიგნის ზომად 14x19,5 ავირჩიე. ასეთივე ზომა აქვს რეზო გეთიაშვილის კრებულს.
დღეს კიდევ ერთი იდეა მომივიდა თავში, რომელიც წიგნის შიდა გაფორმებას ეხება და მგონი ურიგო არ უნდა იყოს. მასზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, რჩევასაც ვიკითხავ (ტექნიკურად რამდენად შესაძლებელი იქნება განხორციელება) და დიზაინზე მუშაობისას, ვრცლად დავწერ..

ამჯერად სულ ეს არის.
შემდეგი ეტაპი ალბათ სექტემბერში დადგება. აი, ეს იყო ამ ზაფხულის გეგმა, რომელზეც წინა წერილში ვწერდი. ვფიქრობ, ზუსტად მოვახერხე დროის გადანაწილება. ამ ეტაპის გადასალახად წინ კიდევ ერთი თავისუფალი კვირა მაქვს, შემდეგ კი მეგობრის დახმარების დიდი იმედი :)

პ.ს. აქვე მინდა, ერთი სასიამოვნო ფაქტიც აღვნიშნო: წიგნის შესახებ დაწერილი ჩემი წინა წერილი მონოლოგად იქცა ("მონოლოგი პირველ კრებულზე") და ეროვნული ბიბლიოთეკის რიგით მე-5 ლიტერატურულ კრებულში დაიბეჭდება. კრებულს "მონოლოგები და პირისპირ" ჰქვია და მასში არაერთი თანამედროვე ქართველი მწერლის და პოეტის ორიგინალური, ექსკლუზიურად კრებულისთვის შექმნილი მონოლოგი და ლიტერატურულ საკითხებზე გამართული დიალოგი (რუბრიკით "პირისპირ") შევა.
ამ თემაზე მოგვიანებით დავწერ..

Monday, August 17, 2009

ერთი კვირა, კედელზე

მართალია, დღის მიწურულს, მაგრამ მაინც ორშაბათს ვხსნი ახალ გამოფენას :)
მხატვარი, რომელსაც ამ კვირას დავუთმობ, ჰოლანდიელი პიტერ ბრეიგელია (უფროსი). ძირითადი სახატავი თემის გამო (ასევე, დინასტიის სხვა წარმომადგენლებისგან გამოსარჩევად) ზედმეტ სახელად გლეხ ბრეიგელს ეძახდნენ. მისი ნამუშევრები პერსონაჟთა სიუხვით გამოირჩევა. ხანდახან მგონია, ადგილი აღარ ჰქონდა, თორემ კიდევ ჩახატავდა ვინმეს :) თუმცა, ყველა პერსონაჟს თავისი სათქმელი აქვს. ამით და ზოგჯერ ფერებითაც ჰიერონიმუს ბოსხს მაგონებს. როგორც ბოსხთან, მასთანაც თითქოს გამადიდებელი შუშით შეიარაღებულს მიწევს ტილოს სათითაო კუთხე–კუნჭულის დიდხანს თვალიერება – ყველგან "რაღაც" ხდება, არაფერი უნდა გამომრჩეს... და ის, რაც ბრეიგელთან "ხდება", ცხოვრებისეული ფაქტების ფონზე საოცარი ტრაგიზმით გადმოცემული ადამიანის ბუნებაა.

მისი არაერთი ნახატი მომწონს. ამჯერად შევეცდები, შედარებით "მსუბუქი" ხასიათის ნამუშევრები შევარჩიო და პირველს, რასაც გამოვფენ – "მკა" იქნება.
*
ამ გამოფენის შემდეგი ტილო – "მონადირეები თოვლში".


პ.ს. ბლოგის პარამეტრების გამო ფაილის ზომის შემცირება მიწევს. შედარებით დიდი გაფართოების მქონე ვარიანტებს ტექსტში მითითებულ ბმულებზე ნახავთ.

17-23 აგვისტო.

Friday, August 14, 2009

ფერები (ჩემი)


ეს დღეებია, ბლოგზე შემოსვლისას უხერხულად შეშმუშვნის შეგრძნება ვერ მოვიცილე. გავივლი ავტორიზაციას და ჩუმად ვჯდები, კუთხეში :) საუბრის წამოსაწყებად და უხერხულობის გასაფანტად ადამიანებს მხსნელად ამინდი ევლინებათ ხოლმე. მეც ამით დავიწყებ და იქნებ, მოგვიანებით სხვა რამის თქმაც მომინდეს.. თანაც, ისეთი აგვისტო გვაქვს, რომ უკვე არა საუბრის წამოსაწყებ მიზეზად, არამედ საუბრის ერთ–ერთ შემადგენელ თემად გვექცა..
ამ აცივებამ ჩემი მოლოდინი გაამძაფრა: უკვე მეორე წელია, ერთი უცნაურობა დამემართა – შემოდგომის გარდა ვერცერთ სეზონს აღვიქვამ. შარშანაც მას ვუცდიდი, წელსაც. სხვა სეზონები უემოციოდ მივიღე და გავაცილე. ეს ამინდიც შემოდგომისას წააგავს, ოღონდ შეუსაბამო ფერის ფონზე ცივა. მე კი, ფაქტია: ახლა ფერადი ფოთლების ნახვა უფრო მესიამოვნება, ვიდრე იმავე ფოთლებისა – კვირტობის ხანაში. ოღონდ, მე თბილი შემოდგომა მიყვარს, მზიანი.
ფერებზე და სითბოზე ფიქრმა ერთი წიგნი გამახსენა – ის, რომელსაც ამ ზაფხულს, საღამოობით, მეტროში ვკითხულობდი. არ დამიმთავრებია. მგონი ამისთვის ისევ მეტროს ვაგონში მოხვედრა დამჭირდება. "პლატეროს" ვგულისხმობ. ისე ადვილად გადაგისვრის სითბოში და გაგაფერადებს გოგენის ფუნჯით.. წინათქმაში წერია, ესპანელ ემიგრანტებს ქვეყნის დატოვებისას თან სამშობლოს მიწა და "პლატერო" მიჰქონდათო. არ მიკვირს. მთელი ესპანეთია ჩატეული და თარგმანში კი – ბევრი ლამაზი ქართული სიტყვა.
რამ გამახსენა ახლა. მგონი, ტექსტის კითხვისას წითელისა და ყვითელის მოჭარბებულმა აღქმამ. ეს ქვეცნობიერი აღქმაა – როცა რამეს ვკითხულობ, სხვადასხვა ფერის გავლენის ქვეშ ვხვდები..
მეტროს ვაგონებში წაკითხულ წიგნებში მთელი დღის რუტინით დამძიმებული თავის ჩაკარგვაზე სხვა დროს,
წუხელ კი...
ფონი: მქონდა შეციებული მკლავები, ხელის გაწვდენაზე – ჩაის ცხელი ჭიქა და ყურში – წვიმის წკაპა–წკუპი. მთელი საღამო ჩემი მეგობრის ერთ მოთხრობას ვკითხულობდი – "ფსიქოლოგთან". პირველად არა, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ. ფინალს რამდენჯერმე მივუბრუნდი; მერე ბევრს ვფიქრობდი (როგორც ადრე)... და ზღვისფერი დამკრავდა. გაზიარება მომინდა.

ისე კი, როგორც დედა ამბობს, კარგი ფერი დამკრავს :) ამას ჩემი ვარჯიშიდან დაბრუნების მერე აღნიშნავს ხოლმე. მეც მეტი რა მინდა, დადებითი აზრი მიხარია, როგორც ყოველთვის..
...
ჰო, შილეს "ოთხი ხით" ამას წინათ მოვიხიბლე. არ დავუცდი არც კალენდარულ შემოდგომას, არც ახალ გამოფენას და აქ მივუჩენ ადგილს..
პ.ს. მწვანე? მწვანეც. ახლა რომ ვხატავდე, უფრო გაცრეცილ ტონს ავირჩევდი, ვიდრე ხასხასას..
პ.პ.ს. მელოდია მინდოდა ფონად. ზღვის ხმას გთავაზობთ, ან ფოთლების შრიალს... ან სიჩუმეს.

Wednesday, August 12, 2009

ორი არჩევანი

კიდევ ორი ძველი ლექსი (რომლებიც ადრე "ებლიტფოზე" იდო) გავუგზავნე ლიბ.გეს. განათავსეს. საკუთარ თავთან დადებულ პირობას არ ვარღვევ – ახლებს ისევ ვიტოვებ (თუმცა ძნელია ეს სიჩუმე).
საინტერესო არჩევანის გაკეთება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძველებიდან ბევრია, რაც საიტზე არ დევს, ამ ლექსებთან თავისთავად მივედი: ჯერ – "გაკვეთილთან", მერე – მეორესთან და მივხვდი, მეტს ამჯერად არ გავგზავნიდი. მეგობარმაც ეს მითხრა, რომ ეს ორი ერთად უნდა გამოქვეყნებულიყო. ჩემ არჩევანზე მისი სიტყვების მერე დავფიქრდი, მანამდე მხოლოდ ქვეცნობიერი იყო ჩართული..
ამავე ლექსებს ჩემს საიტსაც დავამატებ.

...
თუ კრებულზე მუშაობა აქამდე ერთი დიდი მასის დამუშავებას ჰგავდა, დღეს თითებით გამოძერწილი სახის ნაკვთების შეგრძნებაც შევძელი. ეს არ არის სრულყოფილი სახე, მაგრამ როცა იცი, "ვის" ძერწავ, უკვე კარგია. ცოტათი ამოვისუნთქე, რადგან მთელ ამ დღეებს შიშსა და მცდელობებს შორის ვატარებდი (დამეხმარა მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ და სტარტის აქ – "ონლაინ" გამოცხადება, თორემ ვინ იცის, იქნებ გადამედო კიდეც). ვფიქრობ, მალე კიდევ ერთი წერილის დაწერა მომიწევს, ანუ – როგორც კი შემდეგ ეტაპზე გადავალ..

Monday, August 10, 2009

ერთი კვირა, კედელზე

"ყველაზე უფრო კოლუმბიელი კოლუმბიელ არტისტთა შორის" – ასე ამბობენ მასზე. მე კი ვიტყვი, რომ ის, თითქმის თავის "კბილა" კიდევ ერთ კოლუმბიელთან – გაბრიელ გარსია მარკესთან ერთად, ჩემ წარმოდგენას მათ სამშობლოზე შესანიშნავად აფერადებს.
ჩემთან დაკავშირებული ერთი უცნაურობაც: მისი ნახატების თვალიერებისას საუბარი მინდება ხოლმე: რომ მომწონს ფერები, თუ სატირიზებული ლათინური ამბების "მოსმენა"..
ფერნანდო ბოტეროს და მის გმირებს ვგულისხმობ. კარგა ხანია, ჩემს კედელზე "ზომიერად ფერ–ხორციანი" სამყარო არ გადაშლილა.. ამჯერად, უფრო კონკრეტული – "ქუჩა".

*
მისივე "მებრძოლები".
*
კვირის ბოლოს ბოტეროს ჩვეულისგან განსხვავებული ხელწერით შესრულებულ ნამუშევარს გამოვფენ..

10-16 აგვისტო.

Thursday, August 6, 2009

ჩემი..


ყველაზე ჩემი ფერი ამ ბოლო დროს
და განწყობაც – რაღაც მსგავსი..
.
originally uploaded by k e t i

Wednesday, August 5, 2009

* * *

მთელი დღეა, მხარდაჭერაზე მინდა მოვყვე. კიდევ – ნდობაზე, მეგობრობაზე, მადლიერებაზე, განათებულ თვალებზე, ღიმილზე, ხალისის დაბრუნებაზე, მოლოდინზე...
ვცადე და ვერ დავწერე ღია ბარათი. დავტოვებ ცალ–ცალკე სიტყვებად – ისე, როგორც თავზე გადმომეყარა..

ახალი "კლასი"

ორი წლის წინ, იპოდრომზე მწვრთნელმა მითხრა, რომ არანაირი ტრენაჟორი და სპორტის სახეობა ისე სრულყოფილად არ ტვირთავს სხეულს, როგორც ცხენზე ჯდომა. პირველი გაკვეთილის შემდეგვე დავეთანხმე – მთელი კვირა "თხემიდან ტერფამდე" ყველა კუნთი მტკიოდა, ამას დაემატა ჩალურჯებული ფეხები – რადგან პირველივე დღეს უზანგების გარეშე დავიწყეთ სწავლა (მისივე თქმით, მუხლებით რომ შემძლებოდა სხეულის კონტროლი და წონასწორობის შენარჩუნება). მიუხედავად ამ ყველაფრისა, კმაყოფილი ვიყავი.. ჯერ იმიტომ, რომ დიდი შესვენების შემდეგ (მანამდე, ბოლოს 11 წლის ასაკში ვიჯექი ცხენზე) ისევ გავბედე და დავუბრუნდი ცხენს და მერე იმ საოცარი ემოციის გამო, რომელზეც მოგვიანებით დავწერე კიდეც..
რამ გამახსენა ახლა მწვრთნელის მაშინდელი სიტყვები?

დღე–ღამეში 12 საათს კომპიუტერთან რომ ვატარებ, მგონი, არც თუ კარგია. "უძრაობის" წინააღმდეგ ყველაზე უკეთესი, რაც ამ გაზაფხულზე მოვიფიქრე, საღამოობით სირბილი იყო, მაგრამ თვითშემოქმედებამ მთლად კარგი შედეგი ვერ გამოიღო: რამდენიმე კვირაში ფეხი ვიტკინე და მომდევნო თვე მის მოშუშებას მოვუნდი. ერთი კვირის წინ გადავწყვიტე, თვითშემოქმედება გვერდზე გადამედო და ფიტნეს კლუბის აბონიმენტი ვიყიდე. დღეს (ანუ, უკვე გუშინ) პირველი ვიზიტი მქონდა.
მიუხედავად ენთუზიაზმისა, ისე მომერიდა. ცხენების სიყვარულმა იპოდრომზე კი გაბედულად მიმიყვანა, მაგრამ აქ – ლამის კიბიდან გამოვბრუნდი. დარბაზში შესვლისას მიღებული პირველი ემოციაც "ახალ კლასში" გადასული ბავშვის იყო :) თუმცა, საბოლოოდ მომეწონა: ტრენაჟორებიც, დატვირთვაც, ინსტრუქტორი გოგოს დამოკიდებულებაც, პირობებიც... მოკლედ, შემდეგი ვიზიტისთვის ფეხი უკან რომ აღარ დამრჩება, ვიცი :)
სამწუხაროდ, იპოდრომზე ვეღარ დავდივარ – ისე შორს არის და ჩემი გრაფიკის გათვალისწინებით იმდენად რთულია ამ მანძილების რეგულარულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვა. არარეგულარულად – ყოველი მისვლა იმ პირველი გაკვეთილის შედეგით სრულდება. ამას ემატება კეთილმოუწყობელი გარემო, თუმცა, ახლა უკვე აღარ ვიცი, როგორია..
ჰო, გზად მხოლოდ ცხენებზე არ მიფიქრია, ერთი საუბარიც გამახსენდა – ბოლო დროს რომ ასე საზღვრავს ჩემს განწყობას და ნაბიჯებს..

პ.ს. იმ, იპოდრომის ცხენს სასწაული სახელი ჰქონდა – პარაბელუმი. ახლა, რატომღაც მოვძებნე პარაბელუმის დეფინიცია: Si vis pacem, para bellum – თუ გსურს მშვიდობა, მოემზადე ომისთვის. ჰმ.
... არადა, "კოლტის" ლოგო იყო ცხენი :)

Monday, August 3, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დღეს რამდენჯერმე გავხსენი შილეს ფოლდერი. მერე ინეტში მისი პორტრეტები მოვძებნე. მომინდა თვალიერება – ფოტოგრაფირებულის..
თუმცა, ახლა ეგონის ავტოპორტრეტის გამოფენას არ ვაპირებ. კედელს მის შეყვარებულ წყვილს ვუთმობ.

*
ისევ შილე: ქალი წითელი ქუდით.

3-9 აგვისტო.

* * *

ერთდროულად – სავსე და ცარიელი.
არა, ნაკლული ჭიქის ამბავს არ ვყვები. სავსე ემოციებით და დაცლილი – მათი გამოხატვის საშუალებებისგან. არც სიტყვები, არც ნაბიჯები, არც, არც. მხოლოდ კედლებია გარშემო.

ეს დღეებია, ჩემს ლექსებს ვკითხულობ – ისევ ვარჩევ. ძველი ფაილი ბოქლომჩამოკიდებულ კარს ჰგავს, ან ძველ სკივრს – რომ გახსნი (თუ თავს ახდი) და პეპლებივით აფარფატდებიან განცდილები. მერე ან ხელებს იქნევ, ან თვალებს ხუჭავ..
დავხუჭე.

ცხადდება სიზმრები? აღარ ვიცი.

Saturday, August 1, 2009

მსგავსი

მელოდია, რომელიც ძალიან ჩემია /თუ მგავს/, თანაც წლების მანძილზე, თანაც ჩემი მობის უცვლელი ზარი –
ბლოგზეც მინდა, იყოს..


პ.ს. რამდენიმე ხნის წინ კი, ზურიუსმა ჩემი ბლოგი /თუ მე/
ამ მელოდიას შე(გვ)ადარა..

საინტერესოა, კიდევ, ვის რას ვახსენებთ მე და ჩემი ბლოგი :)