Wednesday, September 30, 2009

together


ცხენებს მხოლოდ ბავშვობაში არ "ვაგროვებდი", ახლაც..
სამწუხაროდ, ავტორი არ ვიცი, რომ მივუთითო.

Monday, September 28, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ყველაზე მეტად ქალები და ვაგონები შთააგონებდა: მის ქალებს ჰიპნოზირებული მზერით, კალთაზე უღონოდ დაწყობილი ხელებით, მამაკაცების ან ჩონჩხების გარემოცვით ამოიცნობთ; მის სივრცეში ხშირად "ისმის" ვაგონების ხმა – იქნება ეს ტრამვაისა თუ მატარებლის (საგნები და პერსონაჟებიც ხშირად არიან ვაგონებივით ჩაბმულ–გაგრძელებულები), სცენა კი უმეტესად საღამოობით იშლება – მთვარის ან სანათების შუქზე...
მასზე წერდნენ, რომ მუდმივად საზრდოობდა ბავშვობისდროინდელი შთაბეჭდილებებით (არ ვციტირებ). თუმცა ეს გასაკვირი არ არის, მგონია, თავისი ბავშვობით ყველა ხელოვანი საზრდოობს.
ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, ბელგიელ სიურეალისტს (თუმცა, თვითონ თავს სიურეალისტად არ თვლიდა), არაერთი მხატვრის გავლენაგანცდილ და მაინც საკუთარხელწერიან პოლ დელვოს წარმოგიდგენთ. კვირას ორ ნაწილად "გავტეხ" – მისი შთაგონების ორი ძირითადი წყაროს შესაბამისად. მართალია, ხშირად ორივეს ერთ ტილოზეც შესანიშნავად ათავსებს, მაგრამ მე ცალ–ცალკე შემოგთავაზებთ.

კვირის პირველ ნამუშევრად – "მთვარის ფაზები" ავარჩიე.
და მეორე არჩევანი – "ვიადუკი".

პ.ს. დელვოს შემოქმედებაში, 1945-1947 წლებში, განსხვავებული პერიოდიც იდგა – მისი შესრულების სტილი შეიცვალა. ამ ნამუშევრებს სხვა დროს გამოვფენ.

28 სექტემბერი –
4 ოქტომბერი.

Saturday, September 26, 2009

კონდორი და სიურპრიზი


ჩემ ბავშვობაში, როცა თბილისურ სამზარეულოებს ე.წ. ხაზის რადიოები ამშვენებდა, რადიოს აქტიური მსმენელი ვიყავი. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მახსოვს ეს მელოდია – რომელიღაც გადაცემის "ქუდი". არ ვიცი, ამ დილას მისი მოსმენა რამ მომანდომა. თემა საკმაოდ ცნობილია: "El condor pasa" ("კონდორი მიფრინავს").
მთელი დილაა, არაერთ ვარიანტს ვუსმენ, თან ამ არაჩვეულებრივ ხალხს – ინკებს ვათვალიერებ (ამდენწლიან ოცნებასაც, რომ ოდესმე მათ სიახლოვეს მოვხვდე, ვიმძაფრებ :) ), თან კონდორის ირაოთი ვარ აღტაცებული.. ტყუილად არ ითვლება თავისუფლების სიმბოლოდ.
ეს მელოდია 1913 წელს დანიელ ალომია რობლესმა სპექტაკლისთვის დაწერა; მოგვიანებით მუსიკას კეჩუას ენაზე შექმნილი სიტყვებიც დაემატა; კიდევ უფრო მოგვიანებით საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პროცესიც მოჰყვა.. თუმცა, ეს ნაკლებად მაინტერესებს. კეჩუას ენაზე შესრულებული ვარიანტი ჯერ ვერ ვიპოვნე, სამაგიეროდ, სხვებს წარმოგიდგენთ:
>> ლოს ინკას, 1963;
>> პოლ საიმონი და არტურ გარფანკელი, 1970;
>> პლასიდო დომინგო.

და უცებ,

ანდებს სულ ხუთი წუთით გამორიდებულმა (ჩვევაში გადაზრდილი ინტერესით: აბა, ლიტერატურულ საიტებზე ახალი რა ხდება) სიურპრიზი აღმოვაჩინე. ასეთი მოულოდნელობები ისე მახარებს, აბა აქ როგორ არ დავწერო:
ბლოგის მკითხველებს ჩემს მომავალ წიგნზე დაწერილი ერთ–ერთი წერილი ეხსომებათ. შემდეგ იმასაც ვწერდი, რომ ის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ კრებულში დაიბეჭდება. კრებული წლის ბოლოს გამოვა და მასზე კიდევ მოვყვები, მაგრამ ახლა ჩემი მონოლოგის ლიბ. გეზე მოხვედრა დღის სიურპრიზი იყო.
...
მგონია, ეს მელოდია რაღაცნაირად მოუხდა ჩემს სიურპრიზს, რომელიც ამ სახელობით დღეს მივიღე...
მადლობა :)

Monday, September 21, 2009

რამდენიმე ტენდენცია

დიდი ხანია, ლიტერატურული საიტების შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ერთხანს მათი კითხვაც შევწყვიტე, თუმცა ახლა ისევ ვათვალიერებ. ლექსების გარდა, ხანდახან კომენტარებსაც ვკითხულობ და ბოლო დროს ჩემთვის საინტერესო სწორედ მკითხველებზე დაკვირვება გახდა – ვინ კითხულობს ინტერნეტში და როგორ. არანაკლებ საინტერესოა, ავტორები გამოთქმულ აზრს როგორ იღებენ. რაკი კომენტატორები ძირითადად ისინი არიან, ვინც თავადაც ქმნიან, მკითხველზე ფიქრი კიდევ უფრო "მიმზიდველი" ხდება.
ის, რომ კარგი მკითხველი (ისევე, როგორც ავტორი) თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით მეგულება, არაერთხელ ვთქვი.
ახლა მხოლოდ ზოგადად და მოკლედ – ტენდენციებზე:

ავტორიტეტები
ქართველებს რომ ბელადომანია გვჭირს, ახალი ამბავი არ არის. თუ არ გვყავს ლიდერი, ვქმნით. საიტებზეც – ასე და მერე უგვირგვინო ბელადები ნაწარმოებების ირგვლივ ამინდს ჰქმნიან. რა თქმა უნდა, მათგან მობერილი ქარი ყველა მკითხველს ერთნაირად არ ცელავს, მაგრამ უმეტესობაზე "ზემოდან" ნათქვამი სიტყვა მოქმედებს. ეს კი დამწყებ ავტორს შესაძლოა გაბუქებულ თვითშეფასებას უჩენდეს, ან პირიქით. ჰო, კიდევ, მაღიმებს "ავტორიტეტებისთვის" შეფარული "თავის მოქონვა" მათი გემოვნების ღიად ქებით – მომავალში კარგი შეფასების მიღების მოლოდინით. სხვათა შორის, ხშირად რეაქციაც არ აყოვნებს ხოლმე..

შეფასება
კარგის და ცუდის გადარჩევა იმის მიხედვით, ავტორი და მკითხველი ერთმანეთს იცნობენ თუ არა;
თვალში მომხვდა განაცხადები, რომ "ბრმად ენდობიან" ვიღაცის შეფასებას და საკუთარსაც ამით საზღვრავენ. ერთმანეთის მიბაძვით შეფასება ხშირად ხდება, მაგრამ ადრე ამას ღიად არ გამოთქვამდნენ.

რეაქცია
ახლობლისგან მიღებულ შენიშვნაზე ან შედარებით დაბალ შეფასებაზე: წყენის ღიად დაფიქსირება და პირად ურთიერთობებზე გადატანა;
დასაბუთებული უარყოფითი აზრისთვის პასუხად: რევანშული უარყოფითი კომენტარი მთქმელის ნაწარმოებზე (თუ აქვს), მოთხოვნა – "აქ აღარ შემოხვიდე", სერიალად გადაქცეული "პოლემიკა", სადმე შეხვედრის დანიშვნა (ტელეფონის, უბნის, მეგობრების /ლიტერატურული წრიდან/ მითითებითაც!).

თვითშეფასება
საინტერესოა ზოგიერთი ავტორისგან საკუთარი თავის შემდგარ პოეტად დასახელება, რომელიც სხვის დაუხმარებლადაც ამოიცნობს თავისი ლექსის სუსტ მხარეებს (მაშინ რატომ არ აძლიერებს მათ? თუნდაც შემდეგ ლექსში?) და რაც მთავარია, პოეზიაში სხვებზე უკეთ ერკვევა.

თვითშეფასების და ნაწარმოებების ხარისხის შკალაზე მკვეთრად მოქმედებს კომენტარების სახით დაუნანებლად გაღებული დითირამბები.

კითხვა
ზედაპირულად, ფრაგმენტულად, კონტექსტის გაუთვალისწინებლად ან კონტექსტიდან ამოგლეჯით;

"ვერლიბრისტებისა" და "კონვენციის" მიმდევართა შორის "დავა" იმდენად უგვანო მგონია, რომ არ განვიხილავ. მხოლოდ როგორც ფაქტს – აღვნიშნავ, რადგან ლექსის "ღირსება" მისი ფორმით ხშირად ისაზღვრება.

...
რაც დავწერე, რა თქმა უნდა, ყველა მკითხველს და ავტორს არ ეხება. არსებობენ შედარებით ობიექტური (რადგან მთლად ობიექტური არ მგონია, ვინმე იყოს) ადამიანები. მე მხოლოდ ტენდენციებზე ვსაუბრობდი, თანაც იმ პოზიციიდან, რომ არცერთი საიტის წევრი არ ვარ.
აქვე, ამ ფონზე, რომ არ ვთქვა, არ შემიძლია: არსებობდა საიტი, რომელიც მისი სტრუქტურის გამო თავისუფალი იყო ბევრი იმ გამოვლინებისგან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

ვინმემ შეიძლება იკითხოს, რა მრჯის, ამას რომ ვწერ. ინტერნეტმა მკითხველი და ავტორი გაცილებით მეტად დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. შეიძლება ითქვას, ერთმანეთის ნაცნობებად აქცია. ამ ნაცნობობამ კი, სიკეთესთან ერთად ეს ტენდენციებიც მოიტანა. უფრო ზუსტად, მათი დანახვის საშუალება გააჩინა, თორემ მსგავსი ალბათ არავირტუალურ ლიტერატურულ სამყაროშიც იყო.
მგონია, ბევრი ადამიანია, ვინც არ არის ლიტერატურული საიტების წევრი და "ჩუმად" კითხულობს. მათზე ვერაფერს ვიტყვი, "ხილული" მკითხველები კი (აქ თაობაც იგულისხმება: ძირითადად ახალგაზრდები, რადგან უფროსი თაობა კომპიუტერს ნაკლებად იყენებს) ზოგადი სურათის წარმოდგენის საშუალებას იძლევიან. თან, ისინი ჩემი ლექსების პოტენციური თუ რეალური მკითხველებიც არიან, ჰოდა უბრალოდ მაინტერესებს, რას წერენ და როგორ შეიძლება ესმოდეთ სხვისი ნათქვამი..

ერთი კვირა, კედელზე

ორ ნამუშევარს შორის ვმერყეობდი:
მგონია, ჩემი დღევანდელი განწყობის ყველაზე უკეთ გამომსახველი გუსტავ კლიმტის "კოცნაა". უზომოდ მიყვარს ეს ნახატი – ალბათ ყველა დროში ამაღელვებს (როგორც აქამდე). მაგრამ დღეს მას აღარ შემოგთავაზებთ (ანუ კედლიდან, თორემ ამ ტექსტში ბმულს აუცილებლად აღმოაჩენთ). ეს ერთადერთი ტილოა, რომელიც განმეორებით გამოვფინე. ყველა დანარჩენი ნამუშევარი კედელზე ერთხელ მოხვდა და მხოლოდ იმიტომ, რომ მგონია, ბლოგის სტუმრებს სიახლის მოლოდინი არ უნდა გავუცრუო :) აი, წინა გამოფენაზე ტომუშკამ მითხრა, რომ ინტერესით ელის ჩემს ორშაბათებს.. მგონია, რომ სხვებიც :)

ასე რომ, არჩევანი მეორე ნამუშევრის სასარგებლოდ:
ეს სალვადორ დალის ამხედრებული კარმენ ბანდიუა. მასზე ბევრის თქმა მინდა (თუნდაც კარმენის საოცრად მშვიდ და მეოცნებე სახეზე, მის ხელებზე, ცხენზე და მასში გამოსახულ სივრცეზე, ცისფერ შარფზე და ა. შ.), თუმცა გავჩუმდები და უბრალოდ წარმოგიდგენთ...

21-27 სექტემბერი.

Saturday, September 19, 2009

ორი


დღეს გადავიღე. ისე დასდევდნენ ერთმანეთს.. ყვავილებსაც ერთად ირჩევდნენ, ფოთლებსაც.. მეც – მათ კვალში, სადამდეც შევძელი.
...
ბოლო დროს ჩემდა გასაკვირად შავ–თეთრს ვარჩევ.
არასდროს მიყვარდა ასე. ახლა მომწონს.
მგონი, ამ ტონების გრადაციამ ჩემში ყველა დანარჩენი ფერი ჩააქრო.

originally uploaded by k e t i

Friday, September 18, 2009

Monday, September 14, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ექსპრესიონისტ პოლ კლის ნამუშევრები ადრეც არაერთხელ გამოვფინე. დღეს სხვა არჩევანზე არც მიფიქრია, მზერაში მხოლოდ ეს ოქროს თევზი სხმარტალებს..

14-20 სექტემბერი.

პ.ს. წინა წერილისთვის

კურტ ვონეგუტის მოთხრობა და მასზე გაკეთებული მინაწერი გამოქვეყნდა და აი, დაპირებული ბმულებიც:

კურტ ვონეგუტი – "ხანგრძლივი გასეირნება მარადისობისკენ"

ემხვარ კახაძე – მინაწერი

Thursday, September 10, 2009

ხანგრძლივი გასეირნება... სტრიქონებს მიღმა

ჩემი ამ კვირის გამოფენა, როგორც დავწერე, ერთი მოთხრობის შესახებ საუბრით გაჩენილი განწყობის შედეგია. ახლა მომინდა, ამ საუბარზე უფრო ვრცლად მომეთხრო:
ორიოდე დღის წინ კურტ ვონეგუტის "ხანგრძლივი გასეირნება მარადისობისკენ" პირველად წავიკითხე. ამ მოთხრობის თარგმანი ქართულად არ არ არსებობს, მე კი სწორედ "უცხელესი" ვარიანტის წაკითხვამ მომიწია (მასთან ერთად ინგლისურ და რუსულ ენაზეც გავეცანი). ეს პატარა მოთხრობა ერთი, დიდი ხნის უნახავი წყვილის უცაბედ შეხვედრაზე მოგვითხრობს. ვონეგუტის წერის მანერისა და ამ კონკრეტული ამბის გამო, ერთი შეხედვით მსუბუქი და კმაყოფილების მომგვრელი მოთხრობაა... კითხვის დამთავრებისას ჩნდება განცდა, რომ მშვენივრად დასრულდა – გოგო და ბიჭი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და გზა განაგრძეს, ანუ ამერიკული ჰეპი ენდი.. მათზე მეტის გაგება არც მოგინდება – კმაყოფილი დახურავ წიგნს (ანუ ჩაკეცავ ვირტუალურ ფურცელს). შემდეგ შეიძლება სკამის საზურგეს მიეყრდნო და გონებაში რამდენიმე, თვალში საეჭვოდ და უხეშად მოხვედრილი ფრაზაც ამოგიტივტივდეს... და აი, აქ არის საჭირო, იყო გამჭრიახი – არ დაიზარო და ზედაპირზე ამოტივტივებული ეჭვები ისევ ფსკერისკენ არ მიმართო.

კარგი მკითხველი (როგორც მსმენელი) ცოტაა–თქო, ადრე ვწერდი და ახლაც დავრწმუნდი.
სანამ დარწმუნების ფაქტზე გიამბობთ, ვიტყვი – მოთხრობის თარგმანიცა და მისი განხილვაც (როგორც თვალსაჩინოება, თუ როგორ უნდა ისიამოვნო ჩაძიებებითა და აღმოჩენებით) ემხვარ კახაძეს ეკუთვნის. ახლა კი მინაწერის წაკითხვის შედეგზე დავწერ, ანუ ჩემ ემოციაზე. ის, წამით გამკრთალი ეჭვები და მათ გარდა სხვაც ისე ნაფიქრი და მკვეთრი განათების ქვეშ გულმოდგინედ დათვალიერებული დამხვდა, გავოცდი. რა ვუწოდო? ჯაჭვური რეაქცია? ყოველ დასკვნას – მომდევნოს ჭდე? და სულაც არ მინდოდა, რომ ეს ჯაჭვი შეკრულიყო. იქნებ არც შეკრულა? აკი, მინაწერის ფინალიც ამას გვეუბნება..

მოკლედ, ამ ტექსტზე საუბარს, რაკი ჯერ ვერ წარმოგიდგენთ, ახლა შევწყვეტ. ცოტა ხანში, ალბათ თარგმანიცა და მინაწერიც გამოქვეყნდება და მათ მისამართს აუცილებლად მივუთითებ. ახლა მხოლოდ ჩემს ემოციებს მოვუყარე თავი და ეს წუთია, სპონტანურად გაჩენილი იდეის გამო დაწყებული ძებნაც წარმატებით დავასრულე:



თუ რატომ "ქარწაღებულნი" (კერძოდ ეს საფინალო სცენა), მინაწერის გაცნობისას ნახავთ.
მგონი, ამ კვირის საგამოფენო კედლისთვის გაკეთებული არჩევანიც ავხსენი..

Wednesday, September 9, 2009

Labels

გუშინ. ქუჩა.
ჰანსი და მის კისერს ჩაბღაუჭებული სასკია დავინახე. მომერიდა, მეთქვა – გამარჯობა ჰანს, მე ქეთი ვარ, კომენტარებს რომ ვცვლით, სასკიას ფოტოებზე რომ ვგიჟდები და საქართველოს მიმართ შენს სიყვარულს რომ ვაფასებ..
სანამ რამე მოვიფიქრე, საკმაოდ დამშორდნენ..

გუშინ. მოგონება.
ფოტო: მთაში. ცალი ხელით ვუჭერივარ. ხელი – კისერზე. იცინის.

დღეს. ჩანაწერი.
წინა კორპუსში ყველა სარკმელი ბნელია. იქიდან მე ვჩანვარ. უფრო სწორედ, ჩემი უძილობა.

დღეს. დრო.
დილას თვალში დღის "ნომერი" მომხვდა: 09.09.09.
გამახსენდა: შარშანწინ მსგავსს რატომღაც უფრო განსხვავებულად ველოდი, ოღონდ არა სამი შვიდიანის გამო. აღმოჩნდა, ბოლოჯერ მივულოცე..

კარგად დაიწყო დღევანდელი დღე, მერე..
ხეტიალი მომინდა. ქუჩებში, უცხოსავით, როგორც მაშინ, როცა ამ ფოტოებს ვიღებდი.
რა ხანია, დროს არ დავვიწყებივარ. თუმცა, მხოლოდ ძველ ქუჩებში არ ვავიწყდები.

დღეს. სარკე.
ვერ გავიღიმე.
edit: ახლა – კი..

ხვალ. მოლოდინი.
ჩვენ მოვიშინაურებთ სიტყვებს.
სიზმრებიც ნანახი მექნება.

Monday, September 7, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დღეს მოთხრობის გენიალური განხილვა მოვისმინე და ვატყობ, მასზე ამ საღამოსაც ბევრს ვიფიქრებ. კითხვებზე პასუხების გასაცემად, ბრეიგელის "ბრმებს" კიდევ ერთხელ, გულდასმით დავათვალიერებ, თუმცა გამოფენას მისით არ გავხსნი. დღევანდელ კედელზე სულ სხვა ნახატს გამოვფენ: რატომღაც, მარკ შაგალის ქალაქის თავზე მოფრიალე წყვილი გამახსენდა...
/ქარწაღებულნი/

პ. ს.
ერთი სიმდიდრეა გამჭრიახი გონება..


7-13 სექტემბერი.

Friday, September 4, 2009

საქონელზე(დ)

ახალი თაობის პლაგიატორებმა ახალი (მათთვის) სიტყვა ისწავლეს – რემინისცენცია (მერე რა, რომ ხშირად ზუსტად ვერ გამოთქვამენ, ვერც წერენ) და წელში გაიმართნენ.

ძველთაობელები ხმლად ჭაღარას იქნევენ.


...
კრეატიულებს – რასაც იკლებენ, ემატებათ; რასაც აკლებენ..


'სინდისიც კარგი საქონელია', დიადნო.

Thursday, September 3, 2009

ფერი

შეიძლება თითქოს არაფრით გამორჩეული ნივთიც საინტერესო გახდეს: ხან ტალღად დაინახო, ხან ქულაღრუბლიან ცად,
ხან ყვავილად..

შეიძლება მომცროსთან ერთად ეზოც დატოვო, კვალს გაჰყვე..

originally uploaded by k e t i

Wednesday, September 2, 2009

სამთოსა და მომცროზე..

ლექსი "ჩვენ, ორი", რომლის გამოც ეს მინაწერი დაიწერა, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ავტორისგან ამ ემოციებზე საუბარი ალბათ უხერხულია, ამიტომ გავჩუმდები და სხვას ვიტყვი: (ეს) სიურპრიზები ჩემთვის, როგორც ფერადი ნათურები – როცა გულით (და გულისყურით)...

* * *

მარცვალ–მარცვალ

სიტყვა–სიტყვით

მივსდევ აზრს და წყდება ფიქრი...


კი არ მიდის

კი არ მიქრის...

თეთრ კედელთან დგას და

იცდის...

ორი...


ორი ბორბლით...

ერთი ”ცეპით”

გადაბმული ერთ საჭით

დგანან,,,

ერთად დგანან

ცალ–ცალკე და

მაინც ერთად...


თეთრ კედელზე ჩნდება ჩრდილი...

ჯერ არ ჩანდა

ჩავლილი და ჩამოვლილი

ეფინება მიწას თეთრი

ლოდინში...


ერთი ველო

პირველი და სამთო , მწვანე

ყოველ დილით

ფილტვებს უვსებ...

ველო წინ და კაცი უკან

მიდიან...

მხოლოდ ცისკენ...

ბრუნდები!!!


და მეორე

ცისფერია არის მომცრო

მხოლოდ ეზო...

ქუჩაც...


მოგონების დიდი ეზო...

და მომავლის ვიწრო ქუჩა

გელის!!!

ყოველ დილით...

გაკვეთილი – თავიდან!!!


არ წკარუნებს ველოს ზარი...

იკარგება სამთოს – ხმაში

ორი ველო მიდის ერთად...

გადაახტნენ უწყლო ორმოს

ფართოვდება ქუჩის ბოლო...

დგანან!!!


ჩამოქერცლილ თეთრ კედელთან

დგანან ორნი...

უყვართ!!!

* * *

მთელი დღე ფანჯარასთან ვიდექი.
მერე ავტოპორტრეტობანა ვითამაშე.
ახლა ძილის დროა.

Tuesday, September 1, 2009

დღის ფრაგმენტი: ფიროსმანი

დილას, სამსახურისკენ აჩქარებულმა ეროვნული მუზეუმის ფასადზე გადმოფენილი ყვითელი ლომი რომ დავინახე, ვიფიქრე, უახლოეს დღეებში ამ შენობის კარს აუცილებლად შევაღებდი.
"უახლოესი დღეები" რამდენიმე საათმა ჩაანაცვლა. სამსახურში თითქმის მთელი დღე უკომპიუტეროდ დარჩენას ის დადებითი მოჰყვა, რომ ავიღე ფოტოაპარატი და დილის გზა უკან გავიარე..
მგონი შესავალი გამიგრძელდა. მოკლედ, ფიროსმანის გამოფენაზე ვიყავი. ამ გამოფენის ჩემი ფავორიტები: "აქტრისა მარგარიტა" და "წმინდა გიორგის დღეობა ბოლნისში" (თუნდაც მათ წინ გატარებული დროის მიხედვით).
სამწუხაროდ, გადაღებასთან დაკავშირებული იმედები ჩამეფუშა. აქ მოწყობილ რამდენიმე გამოფენაზე აკრძალვა არ ყოფილა, დღეს კი, მკაცრი მეთვალყურისგან რჩევა მივიღე: შემეძლო, ქვემოთ მეყიდა ღია ბარათები. მოგვიანებით, საკმაოდ მწირი არჩევანიდან ერთი მარგარიტა "წამოვიყვანე" და მთელი გზა ფოტოგრაფირების ნების დართვით მისაღებ დადებითს კონტრარგუმენტებს გულმოდგინედ ვუძებნიდი..

გუგლში ფიროსმანის ცოტა ნახატი იძებნება (მით უმეტეს, კარგი ხარისხით). აი, როგორ მინდოდა ბოლნისური გიორგობის მონახვა და მხოლოდ ორი, მცირე რეზოლუციანი ფრაგმენტი ვიპოვე..
ერთი ნორმალური საიტიც არ გვაქვს ნიკოზე.