საოცრად დატვირთული ვარ ემოციებით. რაც დავბრუნდი, წერა მინდა და საწყის სიტყვას ვერ ვპოულობ. ვცდი:
პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვინც საღამოს დაესწრო და ამდენი სითბო გამოხატა! იმედი მაქვს, მათთვის ცოტათი საინტერესოსა თუ სასიამოვნოს შეთავაზება მეც შევძელი :)
როდესაც გიორგი კილაძემ წიგნის წარდგინების თარიღი მითხრა (დღე – რა თქმა უნდა, ტრადიციული – ოთხშაბათი. უკვე სამი წელია, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საღამოები ამ დღეს იმართება), შემეშინდა. ძირითადად იმის, რაზეც ცოტა ქვემოთ დავწერ. მოლოდინის ყველაზე სასიამოვნო მხარე მკითხველზე ფიქრი იყო, მით უმეტეს, ერთწლიანი სიჩუმის შემდეგ. ყოველთვის მაინტერსებდა მკითხველის აზრი, ნებისმიერი სახის: რა მოსწონთ და რა – ნაკლებად. შემიძლია ვთქვა, ყველა კომენტარი, რომელიც ვირტუალურად თუ პირად საუბრებში მიმიღია, გულწრფელად მიმაჩნია. აქედან გამომდინარე, ყველა გამოთქმული აზრი მნიშვნელოვანია და ყოველთვის მაფიქრებს. ეს საღამო ამ მხრივაც გამორჩეული იყო.
მგონია, ზუსტად ვერ გადმოვეცი მადლიერება, რასაც ვგრძნობდი; უამრავი სიტყვა დამეფანტა ღელვის გამო (შიშიც ამის მქონდა). შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი ფიქრების ჩემგან დამოუკიდებლად გახმოვანება, დამეხმარებოდა ალბათ :)
იქნებ ახლა მოვძებნო გაფანტული სიტყვები:
განსაკუთრებული მადლობა გიორგი კილაძეს მხარში ასე დგომისთვის – სიხარულისა თუ სიძნელეების გაზიარებისთვის! შეიძლება ითქვას, პირველი ლექსის გამოქვეყნებიდან საღამოს ჩატარების ჩათვლით – ჩემი "სვლა" მისი მეგზურობით მიმდინარეობდა. მეგზური კი ისეთია, ყველაზე საცალფეხო ბილიკზეც იმედიანად რომ დაეყრდნობი. მართლაც იშვიათია (ნებისმიერ სფეროში) ასეთი უანგარო ქომაგი და მისი ქომაგობა მხოლოდ მე არ შემხებია. საღამოს დამთავრების შემდეგ ვუთხარი – უძნელესია "იმ" სკამზე ჯდომა-მეთქი და მგონია, წამყვანობაც ასევე, ძალიან რთულია – მას ორის ნაცვლად უწევს ფიქრი. დღეს რამდენჯერმე მომცა "ამოსუნთქვის" საშუალება (არ ვიცი, დამსწრეებისთვის ეს შესამჩნევი იყო თუ არა). მისივე გამხნევებით კიდევ ერთი ბარიერი გადავლახე: ამ საღამოს არაერთი ლექსი წავიკითხე, მათ შორის ისინი, რომლებსაც მკითხველი მხოლოდ წიგნში გაეცნობა, საღამო კი სრულიად ახალი ლექსით დავამთავრე, რომელიც კრებულში არ შესულა. დიდი მადლობა სიურპრიზისთვის, რომელიც გიომ საღამოზე გაამხილა – ჩემი ლიტერატურული წერილების კრებულად გამოცემის შესახებ. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სულ მალე კი, მისი თანადგომით მარსიანის "ლიტერატურული საუბრები" გამოიცემა.
დღეს გამომცემლობა "მერიდიანის" შესახებ ვთქვი: "ის არ ჩქარობს და არასოდეს აგვიანებს". წიგნზე მუშაობა ავტორისთვის სასიამოვნო, მაგრამ ამავე დროს ურთულესი პროცესია და გამომცემლობის მიერ ნდობის გამართლება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მათ!
ასევე, განსაკუთრებული მადლობა
ეროვნულ ბიბლიოთეკას, მის კულტურის პროგრამების განყოფილებას –
საინფორმაციო მხარდაჭერისთვის; ყველას, ვინც საღამომდე თუ მისი მსვლელობისას გულწრფელი სითბო და აზრი გამოხატა: ბატონებს: ემზარ ჯგერენაიას, ლევან თაქთაქიშვილის, დათო შუღლიაშვილს, მარსიანს, გიორგი კობახიძეს; ქალბატონებს: ციური კოჭლაშვილს, ია ქადაგიძეს, რუსიკო ფანცულაიას, ანასტასიას... ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება, თითოეულ სტუმარს – ნაცნობს თუ უცნობს, უღრმესი მადლობა!
დიდი მადლობა
ლიბ.გეს – საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.
თითქოს დავწერე ყველაფერი, მაგრამ ეს წერილიც უკმარისობის განცდას მიტოვებს – ვერ გადმოვცემ, რასაც ვგრძნობ საჩუქრისთვის, ჩემი საღამო რომ ერქვა.
------------
დღეს კიდევ ერთი სიურპრიზი დამხვდა.. საღამოს მიმოხილვა:
"პოეზია ნოტებად"უღრმესი მადლობა მაიას!