Tuesday, January 26, 2010

* * *

... ფანჯარა მიხურული იყო, მაგრამ ქარმა ცხელი ასფალტის სუნი მაინც შემოიტანა. კარგა ხანს ვუცქირე, როგორ აგებდნენ ტროტუარს. ყველა პროცედურა ვნახე: მანქანის დაცლიდან დატკეპნამდე.
და ვიფიქრე გზებზე.
რომლებიც დავკარგე.
ან ატალახდა.
ყოველ შემთხვევაში, მოასფალტებული არ არის.
ან უბრალოდ, ჯერ არც ვიცი, როგორია.

Monday, January 25, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ორი დღეა, "აალებული ივნისის" გამოფენა მინდა და ორშაბათს ვუცდი :) ისე ამაღელვა: განსაკუთრებით – ზღვით და მართლაც ალივით კაბით. საოცარი ფერია, ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს ჩემზე მისი ნებისმიერი ტონი. წყლისა და ცეცხლის სტიქიაზე და მათ კავშირზე ფიქრს განვაგრძობ, აქ კი –

ცოტა რამ ავტორზე:
მხატვარი და სკულპტორი ფრედერიკ ლეიტონი 1830 წელს ინგლისში, სკარბოროში დაიბადა. განათლება ლონდონსა და ფლორენციაში მიიღო. 1860 წელს ლონდონში გადავიდა და მალე სამეფო აკადემიის პარტნიორი, შემდეგ კი მისი პრეზიდენტიც გახდა. მისი ყველაზე ცნობილი სკულპტურა „პითონთან მებრძოლი ათლეტია", რომელსაც თანადროული ბრიტანული სკულპტურის რენესანსის სათავის დამდებად თვლიდნენ. 1878 წელს მხატვარს უინძორის რაინდობა უბოძეს, მოგვიანებით – ბარონეტობა; იგი იყო პირველი მხატვარი პერის წოდებით (სულ ერთი დღით). რაკი ლეიტონი არასდროს დაქორწინებულა და არც შთამომავლები დარჩენია, სიკვდილის შემდეგ ბარონობაც ჩამოერთვა (სიმართლე ვთქვა, აქ მეღიმება. საერთოდაც – წოდებებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებაზე). ლონდონის ჰოლანდიურ პარკში მდებარე ლეიტონის სასახლე მუზეუმად გადაკეთდა და მისი ნამუშევრების უმეტესობა სწორედ იქ ინახება.

25-31 იანვარი.

Thursday, January 21, 2010

21-ე

დღეს ისევ ვიფიქრე, რომ ყველაზე უკეთ ფურცელზე ვმეტყველებ..

კიდევ ერთხელ, სრულიად მოულოდნელად, ისევ აღმოვჩნდი იმ პატარა, ყრუ კედლებიან, ირიბად განათებულ, ნავივით ოთახში. კედელზე ბადეა – წმინდად ნაქსოვი. და როგორც ნავი, ისე მარწევს ხოლმე ხმები და შუბლზე მოწოლილი სისხლი..

თემა: "მარსიანის საუბრები ლიტერატურაზე", რომელშიც თავი "ებლიტფოს" კრებულებისთვის დაწერილ კრიტიკულ წერილებს მოეყარა. ეს წიგნი მისთვის გიო კილაძის საჩუქარია – კაცის, "რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს". ეს დღეს თქვეს და ისე ვეთანხმები... საკმაო (ჩემთვის ასეა) პასუხისმგებლობის წინაშე მეც ვდგავარ – წერილების დასაწერად წინ რამდენიმე თვე მაქვს. არჩევანი თავისუფალია, მთავარია სათქმელი გამიჩნდეს. "ყველაზე ძნელი პოეზიაში – სათქმელის ქონაა" – ეს ბესიკ ხარანაულმა თქვა. დღეს რამდენჯერმე გამახსენდა. პოეზიაზე კი ბევრია სათქმელი, მაგრამ როცა გგონია, რომ ყურებში ორპირია, კუთხეში ჯდები, ჩაის ჭიქით.. ხშირად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის.
მომდევნო კვირაში გავა ეს გადაცემა, ისევ საპატრიარქოს რადიოს ეთერით.
*
წელს მერამდენედ მივუახლოვდი საღებავების ვიტრინას. პირველად – ერთი-ორი წუთით; დღეს უფრო მეტ ხანს შემოვრჩი. ყოველთვის ფეხაკრეფით მივდივარ მსგავს სურვილებთან: არ ვარ დარწმუნებული – თავს ვცდი. თუ ასე გაგრძელდა, ეს ფერები შეიძლება ჩემს მაგიდაზეც აღმოჩნდეს. მაგრამ, ნამდვილად მინდა? ალბათ ქვეცნობიერად კი – რაღაც სიტყვებით არ გამოვიდა, რაღაცას ფერები სჭირდება. ჯერჯერობით სუსტია ეს მიზიდულობა. საუკუნეა, არ დამიხატავს.
მეორე, რასაც ასევე მივუჩოჩდი – ფოტოკამერაა. მეჩვენება, რომ სასურველი შედეგი არ მაქვს, რადგან ტექნიკური შესაძლებლობაა ნაკლები. ვნახოთ. მანამდე "მეჩვენება" დანამდვილებით თქმად უნდა გადაიქცეს, შემდეგ საიტები გადავქექო.
მესამე, რაც წელს მომინდა, მოგზაურობაა. აქ საერთოდ არაფერი ვიცი და ამ ყველაფერს უბრალოდ სიახლეების მოთხოვნილებით ვხსნი.
და "წელს" – სულ 21 დღისაა :)
*
ასე: ნავსი გატყდა. სიჩუმე დავარღვიე. ბოლო დროს ენა მქონდა გადაყლაპული :) სიჩუმე მარტო მე არ დამირღვევია. ეს – უკეთესი.

Wednesday, January 20, 2010

ორპირში

კიდევ დავწერო ამაზე?
ხართან დაბმა, ან რაღაც ასეთია..

გუნდი, გუნდურად, გუნდა.
უძალოა ეგ გუნდა. ნუ, ხანდახან კენჭიც დევს შიგნით, მაგრამ ამჯერად დაიფშვნა.

დღეს ვფიქრობდი წრეში ბურთის თამაშზე.
ეზოები:
ყველა ეზოში თითო წრე, წრეში – თითო ბურთი.
მოთამაშეები – მკაცრად განსაზღვრული.
ყურებში – ორპირი.
...
რა მოსაწყენია.

ჰო, პოპულარულ თოთხმეტზეც:
გრაფიკა – სურვილის მიხედვით
და
– ჩვენ განსხვავებულები და სხვებზე მაგრები ვართ.

:)

Monday, January 18, 2010

ერთი კვირა, კედელზე

როცა ცივა და სიტყვებიც შემოძარცვულია, მგონი მაშინ მახსენდება გოგენი. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ.
"წასვლა და დაბრუნება" – დღევანდელი არჩევანი.

18 - 24 იანვარი.

Friday, January 15, 2010

ქართული წიგნი


ვფიქრობ, ბლოგის თაროზე აუცილებლად უნდა იყოს ეს გამოცემა: მის მომზადებაში საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობდი. გაზეთ "ქართულ წიგნს" 2001-2002 წლებში ეროვნული ბიბლიოთეკა თვეში ერთხელ გამოსცემდა. სულ 18 ნომერი გამოვიდა. გაზეთის მთავარი რედაქტორი ლევან ბერძენიშვილი იყო, პ/მდივანი – ლევან თაქთაქიშვილი.

გაზეთში ჩემი 10-მდე სტატია გამოქვეყნდა. პირველი სტატია
მე-7 ნომერში დაიბეჭდა და თედო რაზიკაშვილის მკვლელობას ეხებოდა (ლიტერატურის მუზეუმში დაცული გამოუქვეყნებელი ხელნაწერების მიხედვით). დაუბეჭდავი წყაროებით არაერთი წერილი მომზადდა. იბეჭდებოდა მასალები ქართული წიგნის ისტორიიდან, პოლემიკური და კრიტიკული წერილები, ახალი გამოცემების ანოტაციები და ბიბლიოგრაფიები... გამოიცა ორი სპეციალური ნომერიც: მე-4 – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიეძღვნა, მე-9 – "დედაენას" (ამ ნომრებში საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნებისა და "დედაენის" სრული ბიბლიოგრაფიებიც დაიბეჭდა).
"ქართული წიგნის" პირველი ორი ნომერი, შეიძლება ითქვას, ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა..

დღეს, ფლიკრზე, სტენდის ეს ფოტო მომხვდა თვალში – სტენდი აღარ არსებობს, ფოტომ კი "ჟურნალისტურ" წარსულზე პოსტის დაწერა მომანდომა :)

Thursday, January 14, 2010

ა–მინდ–ი

ამ საღამოს მიმოზები ვიყიდე. გადავირიე. უფრო ზუსტად, ისინი გადაირივნენ..

...
მინდა ვწერო აქ, მაგრამ ვერ მოვაბი თავი (თუ შევაბი ყური)
აი, ასეთი – უთავუყურო სათქმელიანი :)

Monday, January 11, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ყოველთვის ინტერესით ვათვალიერებდი ავტოპორტრეტებს; განსაკუთრებით იმ მხატვრებისას, ვისი შემოქმედებაც მომწონს. მგონია, საკუთარი თავის დახატვა საკმაოდ რთულია, რადგან ავტორს "გაშიშვლება" უწევს. საინტერესო ხდება – ის, ვინც ხედვითა თუ გადმოცემის მანერით გვნუსხავს, საკუთარი თავის ხატვისას ყურადღებას (ნებით თუ უნებლიედ) რაზე ამახვილებს, "როგორი" წარდგება მნახველის წინაშე.
ჯერ კიდევ ახალ წლამდე გამიჩნდა იდეა – რომელიმე ერთ კვირას ავტოპორტრეტები გამომეფინა. ამ კვირის მანძილზე ორ ნამუშევარს წარმოგიდგენთ მხატვრების შესახებ მცირე ინფორმაციის და ფოტოების დართვით.
ვფიქრობ, ეს ერთადერთი კვირა არ იქნება, რომელსაც ავტოპორტრეტებს დავუთმობ. თუ შესაძლებელი იქნება (ცხოვრების პერიოდის გათვალისწინებით), ტექსტს ფოტოებს მომავალშიც დავამატებ.

ეგონ შილე
ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია. ყოველთვის მხიბლავდა თავისი ექსპრესიით, ხელწერით, ფერებით, ეროტიზმით, გროტესკულობით. 1907 წელს შილემ გუსტავ კლიმტი გაიცნო, რომელიც მფარველად მოევლინა: ყიდულობდა მის ნახატებს, ხან საკუთარშიც უცვლიდა, პოულობდა მისთვის მოდელებს და გავლენიან ხალხთანაც წარადგენდა. შილემ პირველი გამოფენა 1908 წელს, აკადემიის მიტოვების შემდეგ გამართა; ხოლო 1909 წელს, ვენაში, კლიმტის მიწვევით, ვან გოგთან, ედვარდ მუნკთან და სხვა უკვე ცნობილ მხატვრებთან ერთად წარდგა. 1912-1916 წლებში ევროპაში მისი არაერთი წარმატებული გამოფენა გაიმართა.
1911 წელს შილემ 17 წლის მოდელი – ვალერი (ვოლი) ნოიზელი გაიცნო და მასთან ერთად ქალაქ ნოილენგბახში გადავიდა. 1912 წელს მხატვარი არასრულწლოვანთან კავშირის გამო დააპატიმრეს. პოლიციამ მისი ბინიდან ამოღებული ნახატები პორნოგრაფიულად მიიჩნია, მოსამართლემ ერთი მათგანი სასამართლოს სხდომაზე დაწვა კიდეც. 1915 წელს შილემ გადაწყვიტა სოციალურად მისაღებად დაქორწინებულიყო და ვოლისთან ურთიერთობაც შეენარჩუნებინა. თუმცა, გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ ვოლიმ სამუდამოდ მიატოვა, რასაც მხატვარი ძალიან განიცდიდა.
შილემ მხოლოდ 28 წელი იცოცხლა – 1918 წელს, მეუღლესთან ერთად, ე. წ. "ისპანკით" გარდაიცვალა.
მხატვარს არაერთი ავტოპორტრეტი აქვს. დღეს წარმოდგენილი ნამუშევარი, რომელიც 1912 წელს შეიქმნა, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესოა.
და ბოლოს – ფოტოპორტრეტი, რომლის ნახვისას ალბათ ჩემსავით გაიფიქრებთ – ამ ნახატების ავტორი სხვაგვარი ვერც იქნებოდა.

აუგუსტ მაკე
მეორე ავტოპორტრეტი კიდევ ერთ ექსპრესიონისტს – აუგუსტ მაკეს ეკუთვნის. მისი თითქმის ყველა ნამუშევარი მომწონს; მათგან (როგორც მხატვრის ფოტოებიდან) განსაკუთრებული სიმშვიდე მოდის, პალიტრაც საოცრად თბილია. .
აუგუსტს ხატვის ინტერესი ჯერ კიდევ პატარას, მამის გამო გაუჩნდა, რომელიც ხშირად ხატავდა პეიზაჟებს. დიუსელდორფში ორწლიანი სწავლის შემდეგ, 1907 წელს, კანდერნში მოგზაურობისას, ფრანგული იმპრესიონიზმით მოიხიბლა და მის შესასწავლად პარიზში გაემგზავრა. ამ პერიოდში მის შემოქმედებაზე არაერთი მხატვრის გავლენა აისახა. ასევე შეისწავლა გერმანული იმპრესიონიზმი, იტალიურ რენესანსი. მხატვრებთან და მუზეუმების ხელმძღვანელებთან მეგობრობით კიდევ ერთ საქმიანობაში შეეწყო ხელი: არაერთი წარმატებული გამოფენის ორგანიზება შეძლო.
არ ვიცი, რატომ დავაწყვილე ეს ორი მხატვარი. ისინი თითქმის თანატოლები იყვნენ, ერთი თაობის ადამიანები. სიკვდილმაც კი თითქმის ერთ ასაკში უწიათ. 27 წლის ავგუსტი პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა.
ავტოპორტრეტებიდან 1909 წელს შექმნილი ნამუშევარი შევარჩიე.
ამ ფოტოსურათთან კი იგივეს დავწერდი, რაც – შილეს შემთხვევაში დავწერე.

11-17 იანვარი.

Friday, January 8, 2010

* * *

ხვალ მამა ისევ წავა.
მე: მოაჯირს დავეყრდნობი. მტკვარს გავხედავ. (მზეზე მტკვარი ლაპლაპებს, ძაფს ჰგავს). გორგალს ჯიბეში ჩავიდებ. ახალ წელს ავთვლი.

Monday, January 4, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ამ ორშაბათის არჩევანი – სალვადორ დალის "ექვსი წლის ასაკში".

პ. ს. დალი წერდა, რომ ექვსი წლის ასაკში მზარეულობა უნდოდა, მე – ექვსი წლისა ხატვაზე შემიყვანეს.. :)

*
ძალიან მომინდა, რომ ეს ნახატი – ჰიერონიმუს ბოსხის ტრიპტიხის, "მოგვთა თაყვანისცემის" დეტალი გამომეფინა.
შობას გილოცავთ! მრავალს დაესწარით...

4-10 იანვარი.

Saturday, January 2, 2010

La melodie

მასზე ალბათ 11-12 წლისამ შევიტყვე – უბრალოდ ძალიან მომეწონა, თოჯინას ჰგავდა. მერე კიდევ ერთს, ვინც მომწონს, დაუკავშირდა – ჯონი დეპს. არ ვიცი, გუშინ რამ გამახსენა – იუთუბზე მოვძებნე. ამ კლიპიდან ამდენი წლის გასვლის შემდეგ მისი ახალი სიმღერები პირველად მოვისმინე. ფრანგული სიმღერები მაინც და მაინც არ მიყვარს. აი, მისი შესრულებით რაღაცნაირად ყურში ჩამრჩა. მოკლედ, მელოდია, რომელიც მგონია, რომ ჩემს ბლოგზე წამოსულ თოვლს (და ახლანდელ განწყობასაც) უხდება: