Monday, January 31, 2011

ერთი კვირა, კედელზე

"ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ..." ფანჯრიდან ქარის ხმა მესმის. ცივა. დილით თოვლიც დამხვდა, თითქმის ორ საათში რომ მოახერხა "შარშანდელი თოვლივით" გაქრობა..
აი, გამოფენამდეც მოვედი. დღეს რატომღაც გუსტავ კურბე გამახსენდა. მას აქვს ზამთრის პეიზაჟები. შერჩეულ ნამუშევარზე, ვფიქრობ, რომელიმე გარდამავალი სეზონის ზღვა უნდა იყოს, თუმცა ზამთრის განწყობას მიჩენს. ნახატს "სათევზაოდ წასვლა" ჰქვია.
აქ კი, ცოტა რამ მხატვარზე.

31 იანვარი – 6 თებერვალი.

Monday, January 24, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მთელი დღე მზე და მზესუმზირას ყვავილი მქონდა თვალწინ. ვფიქრობდი, მზესუმზირა გამომეფინა, მაგრამ ბოლოს თბილსა და ექსპრესიულ აუგუსტ მაკეს მივაკითხე – მის მოსეირნე წყვილს ავირჩევ.

24–30 იანვარი.

Sunday, January 23, 2011

საღამოს სანელებლები

ცოტ-ცოტა ყველაფერზე წერა მომინდა. უფრო ზუსტად, იმ რამდენიმე თემაზე, რაც ამ საღამოს მიტრიალებს თავში და რისი გამოქვეყნებაც შესაძლებელია (უფრო პრივატულ ფიქრებს ჩემთვის ვიტოვებ :) ).
*
დღეს მეტროში ორი ქალი ვნახე, ჩემი ბებიის ასაკისები. იქნებ დებიც იყვნენ? ვინ იცის. კოპწია მოხუცები რომ არიან, რაღაცნაირად კარგი მოსაუბრეები, სანდომიანი ნაკვთებით; ცოტა შეშინებულები ახალი ინფორმაციით (აქ: მგზავრობის წესებს რომ შეეხებოდა), ცოტა აკანკალებულები (აქ: ესკალატორზე გადასვლისას), მადლიერები (დახმარებისას) და ერთმანეთზე ხელჩაჭიდებულები (როგორც ბავშვები).
ხანდახან ვფიქრობ, მე როგორი ვიქნები ამ ასაკში. ჩემთვის რთული წარმოსადგენია. საშიშიც. არ ვიცი, რისი უფრო მეშინია: ნაოჭების? მოგონებების? უფრო ძნელი ალბათ ეს უკანასკნელი იქნება – სავსე მახსოვრობის დისკი. ან თითქმის სავსე. როცა ყველაფერი ზურგსუკან არის; როცა ჩასაწერი ადგილიც მცირდება. რაღაც ამოსაშლელია, რაღაც – დასაკარგი (ამაზე ბუნებაც ზრუნავს ხოლმე)...
*
უკვე რამდენჯერ მომინდა, წაკითხულ წიგნებზე პატარა რევიუებს ვწერდე. თუნდაც მხოლოდ ჩემთვის, დიდი ხნის მერე წასაკითხად – თუ რა როგორ მივიღე. მახსოვს, როცა სკოლის ბიბლიოთეკიდან კლასგარეშე ლიტერატურა გამომქონდა, ბიბლიოთეკარი ასეთი ჩანაწერების გაკეთებას მთხოვდა. არ ვიცი, ეს ევალებოდა თუ მხოლოდ მე მთხოვდა. ვწერდი. ვაღიარებ, უხალისოდ – დავალებად აღვიქვამდი. ახლა კი ჩემი სურვილით მინდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ვფიქრობ. სიმართლე ვთქვა, დროსაც ვერ ვპოულობ. ამასობაში ბევრი ემოცია გამინელდა.
*
ბოლო დროს, ნებით თუ უნებურად, ელექტრონული რიდერებისა და წიგნების დიდი პოპულარიზატორი გავხდი ( :) ). თავისთავად, რეაქციებსაც ვაკვირდები: ხშირად პესიმისტურს, შიშნარევს. მე, ალბათ, უფრო რეალისტური ბუნების გამო მიადვილდება სიახლეების მიღება. ტექნოლოგიური მიღწევები ყოველთვის მაღელვებდა. თუ მოწყობილობა (პირობითად) მისი მნიშვნელობისა და შესაძლებლობების გამო მომეწონა, ადვილად (და საზოგადოების აზრის გაცნობამდეც) ვდგები მის მხარეს.
კიდევ ერთი, რაც პირდაპირ თუ ირიბად, თემას უკავშირდება, ხეებია. მეფიქრება ამაზე, თან იმდენად, რომ პრინტერით ამობეჭდვისას ზედმეტი ქაღალდის გაფუჭებაც მენანება ხოლმე.
ვინმეს ეგონება, ნაბეჭდ წიგნს ზურგი სულ ვაქციე. ჩემი აზრი უფრო ვრცლად აქ დავწერე..
*
ჩემს ბლოგზე ხშირად ხვდებიან საძიებო სიტყვით "სტატუსები". ვფიქრობ, ასე დასათაურებული პოსტის გამო. მაგრამ საინტერესო ის არის, თუ რატომ ეძებენ სტატუსებს. ჰოდა, მეც დავგუგლე. აღმოჩნდა, რომ მოფრთიანფრაზო წინადადებების კოლექციები (ამ ზოგადი სათაურით) არაერთ საიტზე ინახება. მსურველებიც (ალბათ) აკოპირებენ მათ და სოციალურ ქსელებში საკუთარ სტატუსებად ასაღებენ.
როგორც ჩანს, სხვისი ემოციების მორგება ადვილი საქმეა (ან საქმეს აადვილებს).
*
პოსტში უმეტესად დროის მოტანილ ან მოსატან ამბებზე ვწერე. ამ საღამოს ფეისბუკზე – "ებლიტფოს" გვერდზე ვთქვი, თუ რას ნიშნავს ჩემთვის წიგნის კითხვა. ჩამონათვალიდან ერთ-ერთი დროის შეგრძნების დაკარგვა იყო. საამისოდ კიდევ ერთი საშუალება ვიცი: ძილი. პოსტის წერას რომ მოვრჩები, ქვეცნობიერის წასაკითხი დროც დადგება. მე მიყვარს ეს წიგნიც.

Monday, January 17, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ხანდახან ვფიქრობ, რა კარგია, რომ გოგენი არსებობს – თავისი ტაიტითა და ბრეტანით, თბილი ფერებითა და... აი, თუნდაც,
ამ გოგოს ამბით, მდინარის პირას რომ ირთობს თავს.

17–23 იანვარი.

Wednesday, January 12, 2011

* * *

რამდენჯერ დგება დღე, როცა თავს თავიდან აღმოაჩენ – ხედავ იმ კუთხიდან, ჩადიხარ იმ სიღრმეებში, სადაც არასდროს მდგარხარ და ყოფილხარ? თითქოს ზღვაში ჩაყვინთო – არ ილევა გასაოცებელი.
ხშირად ვაცნობიერებთ კი ამ ცვლილებას? ეს ხან მშვიდი გადასვლაა, ხან – ცუნამი.
როგორც სტიქიის მეორე დღეს, გარს ვუვლი ჩუმად და ვაკვირდები – სახლს.

Monday, January 10, 2011

ერთი კვირა, კედელზე

გასულ კვირას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კედლის კალენდარი გამოსცა, რომელიც 12 ცნობილი ნახატით არის გაფორმებული. ამ ნახატებს ერთი თემა აერთიანებთ: ქალები წიგნით ხელში – კითხვის პროცესში. კალენდრის ბოლოთქმაში წერია, რომ ქალები და წიგნის კითხვა, ორივე, აჩერებს დროსა და ცვლის რეალობას. ვფიქრობ, კარგი გამონათქვამია :) ასეთი კალენდრის შექმნის იდეა, მით უმეტეს, ბიბლიოთეკისთვის, სადაც უმეტესად ქალები მუშაობენ, ძალიან მომეწონა; გარდა ამისა, კითხვის პოპულარიზაციისთვის მშვენიერი სვლაა. რატომ ვწერ ამდენს ამ კალენდარზე? მან ჩემი მორიგი გამოფენის თემაც განსაზღვრა: ამ კვირაში გამოვფენ ქალებს (და, შესაძლოა, არა მხოლოდ მათ), რომლებიც კითხულობენ.
კალენდრიდან რამდენიმე თვის კუთვნილი ნახატი გამორჩევით მომეწონა, მაგრამ ბლოგის კედელზე მხოლოდ "იანვარს" გადმოვიტან – ფრიდრიხ ფონ ამერლინგის თბილსა და ნათელ ნამუშევარს. დანარჩენ ნახატებს კი განწყობის მიხედვით შევარჩევ – ამ 12-ს მიღმა..
*
აი, რა მონდომებულები არიან :) სამკითხველო ღია ცისქვეშ – ბრეტონელი ბავშვებისათვის. მხატვარი – ემილ ვერნონი.
*
კიდევ ერთი ნახატი – "მამაკაცი კითხულობს". ნახატის ავტორი ჩემს კედელზე არაერთხელ გამოფენილი ჯონ სინგერ სარჯენტია.

10-16 იანვარი.

"ერთი ბარტყი ჩამომიგდე..."

დაახლოებით ერთი თვის წინ თიბისი ბანკის სმარტ კლუბმა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ბლოგერების კრებულის გამოსაცემად პოსტების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადეს. შეირჩა 39 პოსტი, მათ შორის ჩემიც.
დღეს მივიღე ხელშეკრულების ფორმა, რომელმაც ჯერ გამაცინა, მერე კი გული დამწყვიტა. იურიდიულ საკითხებში აბსოლუტურად გაუცნობიერებელი ადამიანიც კი გააპროტესტებს ამ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ბლოგერის ყველა პოსტზე საავტორო უფლებას იღებენ უსასყიდლოდ, განუსაზღვრელი ვადით, კომერციული და არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად; უფლება ეძლევათ, ნებისმიერ მესამე პირს გადასცენ ხელშეკრულებით მიღებული უფლებები; პუბლიკაციები გამოაქვეყნონ მრავალჯერადად, განუსაზღვრელი ტირაჟით – ბეჭდურად და ელექტრონულად; ავტორს მომავალში ეკრძალება სხვა ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება და ა.შ., მოკლედ, სრული კრახი ბლოგერისთვის და ხელშეკრულების შემომთავაზებლისთვისაც – ყოველ შემთხვევაში, პიარის მხრივ.
საერთო პროტესტის მიღების შემდეგ, გავრცელდა სმარტ კლუბის პასუხი, რომ ეს ხელშეკრულების "დრაფტ" ვარიანტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მასში გარკვევით წერია: დოკუმენტზე ხელი უფლებათა მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ორ კალენდარულ დღეში (13 იანვრამდე) უნდა მოგვეწერა. ხელშეკრულებას ჩვენთან დებდა თიბისი ბანკი – წარმოდგენილი გენერალური დირექტორის მიერ.
გული დამწყდა – ალბათ ბლოგერებს გაუნათლებელ და ადვილად მოსატყუებელ, პოსტის გამოქვეყნებაზე დახამებულ პირებად თვლიან. არადა, მათ ხომ ყველაზე დიდი და თავისუფალი ასპარეზი აქვთ – ინტერნეტი; მათ შორის ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ადამიანია, კარგად წერაც რომ შეუძლია...
უცებ, კარაბასი და მისი თეატრი გამახსენდა. მე პირადად, არასდროს ვყოფილვარ მარიონეტი და არც მომავალში ვაპირებ, ამად ვიქცე. ჩემი წერილობითი პასუხი (უარი ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე) ბანკის წარმომადგენელმა უკვე მიიღო.
პოსტი კი, სულ ახლახან, შესანიშნავ კრებულში ყველაზე ადამიანური "ხელშეკრულების" საფუძველზე დაიბეჭდა – მოეწონათ და ამიტომ შეარჩიეს, მეც გამიხარდა.
და ბოლოს, რჩევა, რომლის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს, მაგრამ მაინც:

ყურადღებით წაიკითხეთ ნებისმიერ ხელშეკრულება, ვიდრე ხელს მოაწერთ. გაუფრთხილდით თქვენს ინტელექტუალურ თუ სხვა სახის შრომას.
წარმატებებს გისურვებთ!

Saturday, January 8, 2011

თარიღები

რამდენიმე დღის წინ, როცა თბილისში ერთი უბედური შემთხვევა მოხდა, ვფიქრობდი: იმ ორი ოჯახისთვის მომავალში ყოველთვის მძიმე იქნება ახალი წლის დადგომა-მეთქი. ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი კარგი თუ ცუდი ფაქტები, თავისთავად, თარიღებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვიყვარდება რიცხვები, თვეები, სეზონები, ან პირიქით – სევდით ვხვდებით, იმის მიხედვით, თუ როგორი ინფორმაციით დავტვირთეთ წარსულში. ეს ამბები კი, უმეტესად, მხოლოდ ჩვენთვის ან ჩვენი უახლოესი წრისთვის არის გასაგები. წარსულის თარიღებს საერთო უჯრებში ვახარისხებთ, რომლებზეც წლებს ვაწერთ და მერე გვიყვარს, ან გვიხდება თქმა: "ეს იყო..." ხანდახან მხოლოდ წლები გვახსოვს, ხან კი უბრალოდ ვსაზღვრავთ – "ბავშვობაში", "ახალგაზრდობაში", რადგან ციფრები გვეკარგება. ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს თარიღებს ღიად ან მდუმარედ, ვაძველებთ მათ ღვინოსავით, ან ვწმენდთ მეხსიერებიდან, როგორც სასკოლო დაფიდან – ამოხსნილ განტოლებას.
ყოველთვის მიჭირდა ისტორიული თარიღების დამახსოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ციფრების რთულ კომბინაციებსაც ადვილად ვიმახსოვრებ. ალბათ, ინფორმაციის მნიშვნელობის გამო; ყოველთვის ვაწერ გადაღების თარიღს საოჯახო ალბომისთვის დაბეჭდილ ფოტოებს, ან დაწერისას – ლექსებს. კომპიუტერში ჩემი ფოტო თუ სხვა არქივებიც წლების მიხედვით არის დახარისხებული, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს არც ისე მოსახერხებელია; და ეს თარიღები უმეტესად მხოლოდ ჩემთვის არის საინტერესო – ერთგვარი ორიენტირია, სხვებისთვის კი – ალბათ, აბსოლუტურად უმნიშვნელო.
ვფიქრობდი საოჯახო, საერო, რელიგიის, დარგების, თუნდაც რომელიმე დაწესებულების ან შენობის, ციფრებში ჩაშენებულ ისტორიებზე და წარმოვიდგინე: ჩვენ, ჩვენი ამბებიანად, ერთ უშველებელ, დედამიწის საერთო კალენდარზე ჭიკარტებით ვართ მიმაგრებულები. მის წინ მდგომი კი, როგორც ჭადრაკის დაფაზე, სვლებს აკეთებს: რა – სად, რა – დასავიწყებელი და ჩამოსახსნელი... ცუდად მიმაგრებული ჭიკარტები კი დაუხმარებლადაც ჩამოცვივდებიან.

ვიცი, რატომაც მომინდა ამაზე წერა. ჩემი იანვრის დასაწყისია ასეთი – მძიმე ციფრით.
თუმცა, ციფრები მხოლოდ ნიშნულებია, სახე(ლ)ები კი მოძრაობას განაგრძობენ – დროსა და სივრცეში – ვიდრე ჩვენ ვმოძრაობთ და ისინიც, ვისაც მათზე ვუამბობთ.

Wednesday, January 5, 2011

სუპერმენები

გუშინ პირველად ვნახე ტელევიზიით პატრულის საპოპულარიზაციო კლიპი, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ. მე რომ მშობელი ვიყო და შემომთავაზონ შვილის ასეთ კლიპში გადაღება, უარს ვიტყოდი – ბავშვის ფსიქიკის დაცვის მიზნით. მე ვფიქრობ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის თამაში იდეოლოგიზირებულ კლიპში, ასეთი აღმატებული განწყობით და დამოკიდებულებით, ბავშვს კარგს არაფერს მოუტანს.

გუშინვე ვნახე ვეტერანთა აქციის დარბევის კადრები. პატრული ამ ფაქტით ნამდვილად ვერ იამაყებს.
საინტერესოა, კლიპში გადაღებული და კლიპის მაყურებელი პატარები რას ფიქრობენ ასეთ შემთხვევებზე – ალბათ მათი ნაწილი მაინც მოახერხებდა ინფორმაციისთვის თვალის მოკვრას. იმედია, "დარბევობანას" არ ითამაშებენ.

პ. ს. ეს საწყალი კურდღელი
(სხვა ასოციაციური ვარიაციები: "დამნაშავე თუ მსხვერპლი?", "დანაშაული და სასჯელი", "2011", "Ну, погоди!")

Monday, January 3, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ესპანური კედელი მექნება: მხატვარი, რომელსაც გამოვფენ – ხულიო რომერო დე ტორესია. ის 1874 წელს კორდოვაში დაიბადა, სადაც ძირითადად გაატარა კიდეც ცხოვრება. მისი მამა ცნობილი მხატვარი რაფაელ რომერო ბაროსო იყო (მისი ნახატების ნახვისას გარსია ლორკას ლექსები გამახსენდა), რომელიც იმავდროულად კორდოვას მუზეუმის დირექტორიც გახლდათ. ხულიომ მხატვრობის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო. მოგვიანებით, სწავლის მიზნით, ევროპაშიც იმოგზაურა. 1914 წელს ძმასთან ერთად მადრიდში გადავიდა. არტისტულ წრეებში მეტად პოპულარული იყო, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომშიც, 1916 წლიდან მადრიდის ხელოვნების სკოლაში ტანსაცმლის დიზაინის მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო 1922 წელს, ასევე ძმასთან ერთად, არგენტინაში გაემგზავრა. სწორედ არგენტინის ამბები მაინტერესებს დღეს:

მარია ტერეზა ლოპესი – მხატვრის ყველაზე საყვარელი მოდელი, 1913 წელს, ბუენოს აირესში დაიბადა. ეს არის ქალი, რომელიც მოგვიანებით, ფრანკოსდროინდელ 100 პესეტიან კუპიურაზე გამოსახეს, რა თქმა უნდა, ხულიოს მიერ დახატული (ეს კუპიურა 1953-1978 წლებში იყო მიმოქცევაში). მასზე ლექსებს თხზავდნენ, "შავგვრემან ქალსა" და "ქალების დედოფალს" უწოდებდნენ, მთელი ესპანეთი სიყვარულს უცხადებდა.
მარიას მამასა და ხულიოს ძმას საერთო საქმე აკავშირებდათ, გოგონა კი მხატვართან შინამოსამსახურის დახმარებით მოხვდა. ხულიოს გამოუსწორებელი მექალთანის სახელი ჰქონდა გავარდნილი, სკანდალური სასიყვარულო ისტორიების გამო მის ნებისმიერ მოდელზე, ცნობილი მსახიობებსა თუ მოცეკვავეებზე, ათასი ჭორი ვრცელდებოდა, თუმცა ეს ჭორები სიმართლეს მოკლებულიც არ იყო. ხულიო დასახატად მისი ეპოქის სილამაზის მოთხოვნების შესაბამისი გარეგნობის – მუქთმიან, დიდთვალება, მაღალი თეძოების მქონე ქალებს არჩევდა. 14 წლის ასაკიდან მარია ტერეზამ ხულიოს თავი დააკარგვინა. როგორც ეს ქალბატონი თავის მემუარებში წერს, ხულიოს ძმასთან მამის საქმიანი კავშირის გამო, უარს ვერ ამბობდა მოდელობაზე. სწორედ ამ პერიოდში, ხატვის სეანსებს ხულიოს ცოლიც ესწრებოდა, იმდენად შესამჩნევი იყო მხატვრის დამოკიდებულება გოგონას მიმართ. მოგვიანებით, ამ ნიადაგზე დიდი ოჯახური სკანდალიც აგორდა, – გოგონას მამას მიაჩნდა, რომ მარიასა და ხულიოს შორის სასიყვარულო კავშირი არსებობდა... მარია ტერეზამ სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, სადაც დაწერა კიდეც მემუარები. გარდაიცვალა 2003 წელს. აი, ასეთი იყო მოხუცი მარია.

ნახატი, რომელიც დღეს მინდა გამოვფინო, ბოლო ნამუშევარია მხატვრის შემოქმედებაში – ხულიო რომერო დე ტორესი 1930 წელს გარდაიცვალა. ეს "პატარა მენახშირეა". აქ მარია ტერეზა 16 წლის არის. მოხიბლული ვარ ამ ნახატით, სხვა რა ვთქვა :)

3–9 იანვარი.

Sunday, January 2, 2011

Wild horses


დღევანდელი განწყობისთვის

პ. ს. ველურმა ცხენებმა ერთი ბებია გამახსენა, მეტროდან – ამას წინათ რომ ვნახე. ღია ფერის მანტო ეცვა, რომელზეც შავი რაშები ეხატა. შთამბეჭდავი იყო.

პ. პ. ს. We'll ride them some day...