Monday, April 25, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ხუაკინ სოროლას სან სებასტიანის სანაპიროზე ნახატების მთელი სერია აქვს შექმნილი. დღეისთვის შერჩეული ნახატიც ამ სერიიდან არის..

ცოტა რამ მხატვრის შესახებ – ადრინდელ პოსტში

25 აპრილი –
1 მაისი.

Monday, April 18, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირის გამოფენას ვან გოგს დავუთმობ:
კიდევ ერთი კაფე – მონმარტრიდან (1886).

18-24 აპრილი.

Thursday, April 14, 2011

"გუგლ-დუდლები", ანუ ის, რაც ყოველთვის მომწონდა


ყოველთვის მახალისებდა და მომწონდა yahoo-ს ანიმაციები და google-ს ლოგოები, იგივე გუგლ-დუდლები (google-doodles) რომლებსაც განსაკუთრებული თარიღებისთვის ქმნიან და მთავარ გვერდზე ათავსებენ. ეს არაერთხელ მითქვამს, ზოგიერთი შემინახავს კიდეც.
დღეს მინდა დავწერო ადამიანზე, რომელიც გუგლის ლოგოებს ქმნის. ეს დენის ჰვანგია, იგივე ჰვანგ ჯეონგ-მოკი, გრაფიკაში მომუშავე არტისტი. ჰვანგი 1978 წელს ნოქსვილში (ტენესის შტატი, აშშ) დაიბადა. ხუთი წლის ასაკიდან კორეაში ცხოვრობდა. 2003 წელს ისევ ნოქსვილში დაბრუნდა. მის მიერ გუგლისთვის შექმნილი პირველი ლოგო "ბასტილიის დღე" იყო, რომელიც 2000 წლის 14 ივლისს გამოქვეყნდა. მას შემდეგ, ჰვანგი ყოველ წელს დაახლოებით 50 ლოგოს ხატავს. თუმცა, გუგლ-დუდლების ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო: პირველი ლოგო – "აალებული კაცის" (Burning Man) ფესტივალზე წარსადგენი კორპორატიული ემბლემა – გუგლის დამაარსებლებმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა, 1998 წელს შექმნეს. 2000 წლიდან კი, გუგლ-დუდლერის ხელმძღვანელობა დენის ჰვანგს მიანდეს – არტისტს, რომელიც დღეისათვის "ყველაზე ცნობილი უცნობი მხატვარია მსოფლიოში – მისი ნამუშევრები არ ინახება მუზეუმებში, თუმცა ასობით მილიონჯერ არის ნანახი".

იაჰუსგან განსხვავებით, რომელიც ანიმაციებს ძირითადი დღესასწაულებისთვის ქმნის, გუგლი გლობალურია: ის აღნიშნავს როგორც საყოველთაო თარიღებს (ახალი წელი, დედამიწის დღე, დედის და მამის დღეები, ოლიმპიური თამაშები...), ასევე მსოფლიოში ცნობილი ადამიანების დაბადების დღეებს (ვან გოგი, რენე მაგრიტი, კარლოს გარდელი, დიზი ჯილესპი, რეი ჩარლზი, ალფრედ ჰიჩკოკი,, მარტინ ლუთერ კინგი...). განსაკუთრებით მომწონს ის, რომ 50-ზე მეტი ქვეყნისთვის სპეციალურად იქმნება ლოგოები მათი დამოუკიდებლობის დღეებისა და სხვა საერო დღესასწაულების, წმინდანთა დღეების, საზოგადო მოღვაწეების დაბადების თარიღების, ქვეყნის "სავიზიტო ბარათად" ქცეული მოვლენების აღსანიშნად (კარგი იქნება, საქართველოც იყოს ამ ჩამონათვალში). 1998 წლიდან 1000-მდე დუდლია შექმნილი.

არქივის თვალიერებისას უმეტესი ლოგოს გამოფენა მომინდა. რა თქმა უნდა, ერთ პოსტში ეს გამიჭირდება, მაგრამ არ შემიძლია, გვერდი ავუარო მხატვრების, მუსიკოსების, მწერლების, მამის დღის, ესპანური და იაპონური დღესასწაულებისთვის შექმნილ ლოგოებს...
ვიპოვნე ჩემი საყვარელი მხატვრები:

ნაციონალური ლოგოები კარგად გამოხატავს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. ლოგოები იაპონიისთვის გამორჩევით მომეწონა: ერთადერთი ერია, რომელსაც მოხუცებისა და ბებია-ბაბუის დღეების აღსანიშნი ლოგოები აქვს, რის გამოც კიდევ ერთხელ დავაფასე (ვვარაუდობ, რომ სხვა ქვეყნებში ამ დღეებს არ დღესასწაულობენ); გარდა ამისა, არსებობს იაპონელი მხატვრებისა და რეჟისორის, არჩევნების დღის ლოგოები.

საინტერესოა (და სახალისოც) წმ. გიორგის და დედამიწის დღის, ლიტერატურული თუ მულტფილმების გმირების, ჰელოუინის და ა. შ. ლოგოების სერიები; ბელკას და სტრელკას კოსმოსში გაფრენისა და ხეების დღეებიც კი აღინიშნება. პროფესიული ნიშნითაც მოვნახე ერთი ლოგო: ეროვნული საბიბლიოთეკო კვირეულისთვის, რომელიც ამერიკაში გაიმართა.

და ბოლოს, ანიმაცია, რომელიც გუგლის მთავარ გვერდზე შარშან, ჯონ ლენონის დაბადების დღეს გამოქვეყნდა და ძალიან მომეწონა:



Monday, April 11, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დღეისათვის ფრედერიკ ჩაილდ ჰასამის ოქროსთევზებიანი აკვარიუმი (1912) შევარჩიე. არსებობს ამ ნახატის მეორე ვარიანტიც (1916). სხვათაშორის, ეს მხატვრის ერთადერთი ნახატი არ არის, რომელსაც რამდენიმე ვარიანტი აქვს.

ამერიკელი იმპრესიონისტი ფრედერიკ ჰასამი 1859 წელს ბოსტონში დაიბადა. ხატავდა 1879 წლიდან, მისი პირველი ნამუშევრები ძირითადად აკვარელში იყო შესრულებული. 1882 წელს უშტატო ილუსტრატორად დაიწყო მუშაობა და თავისი პირველი სტუდიაც მოაწყო. იმხანად, ფერწერის შესწავლის პარალელურად, სხვადასხვა ჟურნალისათვის საბავშვო მოთხრობებს ასურათებდა. 1882 წელსვე, ბოსტონში, პირველი გამოფენა გამართა. მეგობრის, სელია ტექსტერის, რჩევით სახელი შეიმოკლა და ცნობილი გახდა, როგორც ჩაილდ ჰასამი.
1883 წელს, ფერწერაში ცოდნის გასაღრმავებლად მთელი ევროპა მოიარა და 70-მდე ნამუშევარი შექმნა, რაც საფუძვლად დაედო მის მეორე გამოფენას (1884).
ძირითადად პეიზაჟებს ხატავდა. განსაკუთრებულ ყურადღებას სინათლისა და ატმოსფეროს ასახვას აქცევდა. 1890-იანი წლების რეცენზიებში მას უკვე ამერიკელი იმპრესიონისტების მზარდი ჯგუფის ლიდერად მოიხსენიებდნენ. ამ პერიოდში ბევრს მოგზაურობდა ამერიკაში, კუბაზე, 1896 წელს კი ევროპაში დაბრუნდა (მოგვიანებით, მოგზაურობის გამუდმებული რეჟიმის გამო, საკუთარ თავს ხუმრობით "ფერმწერთა მარკო პოლო" უწოდა).
1909 წლისთვის ის უკვე ძალიან წარმატებული მხატვარი იყო – მისი ნამუშევრები დიდ ფასად იყიდებოდა. 1912-1920 წლებში შექმნა სერია "ფანჯრები". ამ ნახატებზე გამოსახული ქალები ძირითადად კიმონოებში არიან გამოწყობილები. სწორედ ამ სერიის ნაწილია დღევანდელი გამოფენისთვის შერჩეული ნახატიც. აგრეთვე, ცნობილია მისი "დროშების სერია".

11-17 აპრილი.

Sunday, April 10, 2011

გუშინ, დღეს...

გუშინ
ბევრი ვიარე რაიმე მსუბუქის საპოვნელად – იქნებოდა ეს ქსოვილი, სამკაული თუ სხვა რამ მსგავსი, ლამაზი ნივთებიდან, მაგრამ ტყუილად. "რაიმე მსუბუქის" მოთხოვნილება ბოლო დროს სულ მაქვს – ზამთარი, რომელიც თავს არ გვანებებს, საოცრად მოსაწყენი გახდა. ტანსაცმელი, რომელიც ზამთარს მოაქვს – ასევე. პეიზაჟი, სადაც ასფალტისფერი ჭარბობს, ამბები, რომლებსაც შეშფოთებული ტონით გვამცნობენ – მინდა, დამთავრდეს. ალბათ ამიტომ არ დავასრულე ჩემი წერილები (და, შესაბამისად, არც გამოვაქვეყნე), რომლებიც მძიმე თემებს ეხებოდა. თუმცა, მათზე ფიქრი მაინც არ შემიწყვეტია.

დღეს
ეზოში ერთი გულწითელა ჩიტი მთელი დღე მიწაზე და ტოტებზე დახტოდა და მიახლოებისას არ მიფრთხოდა. ფოტოც გადავუღე. ისე უცნაური იყო. (მერე) მონატრება გამიმძაფრდა. ძალიან მომინდა, შინ მხოლოდ სამნი არ ვყოფილიყავით.
და საერთოდ, პატარა ვიყო, მინდა.

ხვალ

Monday, April 4, 2011

ერთი კვირა, კედელზე

კლოდ მონეს "რეგატა არჟანტეში"
სასურველი ტონები ასფალტისფერი პეიზაჟების გადასაღებად.

4–10 აპრილი.