Monday, May 30, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ჯონ სინგერ სარჯენტის მომხიბვლელ "ლედი აგნიუს" გამოვფენ, რომლის დახატვასაც მხატვარი ქალის მეუღლის, სერ ენდრიუ ნოელ აგნიუს, თხოვნით 1892 წელს შეუდგა. მისი ნამდვილი სახელი გერტრუდა ვერნონი იყო (1865-1932). 1898 წელს ნახატი სამეფო აკადემიაში გამოიფინა და კრიტიკოსების საუკეთესო შეფასებები მიიღო. განხილვის საგანი ძირითადად ლედი აგნიუს ჯდომის მანერა, ღიმილი, მზერა და სიმეტრიული, თითქმის სქემატურად გამოსახული სახეა. ნახატი ედინბურგში, შოტლანდიის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

რეალური გერტრუდა
ვრცლად მხატვრის შესახებ

30 მაისი –
5 ივნისი.

Saturday, May 28, 2011

მე-13

წიგნის ფესტივალი ჩემთვის დღეს დაიწყო – როგორც იქნა, გავთავისუფლდი და წასვლამდე წინა დღეებში გაფანტული განწყობის შეგროვებაც ვცადე. არადა, როგორ ველი ხოლმე. მორიგი ფესტივალის ანონსის გავრცელებისთანავე მიჩნდება ასოციაცია: "წამზომი". ხანდახან ვცდილობ ავხსნა, რით არის გამოწვეული ეს ფერადი ემოცია. ბევრ წიგნს ვყიდულობ? – არა. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი უამრავი წიგნისა და კითხვის მოყვარულის ერთად ნახვაა და მერე: დადიხარ, დადიხარ, ფეხების დაწყვეტამდე; არ გეზარება. ელი ახალი გამოცემების ნახვას, იქნებ მნიშვნელოვანი ფასდაკლებაც დაგხვდეს.. უცნაურია, რომ წლებია, ეს ემოცია არ მტოვებს, უფრო კონკრეტულად კი, მე-10 წელია, რაც დღეს ცოტა შეცბუნებულმა გავიაზრე – მე-3 ფესტივალიდან მოყოლებული, მონაწილეცა და სტუმარიც ვყოფილვარ. ჩემს ბლოგზეც ყოველთვის ჩნდება ჩანაწერი.
სივრცე
კარგია, რომ ისევ დიდუბის საგამოფენო სივრცე აირჩიეს. მომეწონა სტენდებისა და საპრეზენტაციო ადგილების განლაგება. ამას ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე – ფართის გადანაწილებაზეა დამოკიდებული ხალხის შედარებით კომფორტული გადაადგილებაც. თუმცა, მთელი პავილიონი არ შეუვსიათ. ზოგიერთი "სტაჟიანი" მოფესტივალე გამომცემლობისა თუ მაღაზიის სტენდიც არ იყო. როგორც ჩანს, არ მონაწილეობდნენ. სამაგიეროდ, ახალი სახელები შევამჩნიე. ჰო, წინა წლებივით აუტანლად არ ცხელოდა.
წიგნები
გულდასმით დავათვალიერე ყველა სტენდი და გამიჩნდა აზრი, რომ წიგნის მაღაზიებში გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანია. შეიძლება იმიტომ, რომ ფესტივალზე ძირითადად ახალი ან კომერციული თვალსაზრისით გამართლებული გამოცემები ხვდება. სიახლე: წლის ბუმმა – სერიულმა გამოცემებმა – ფესტივალზე, პავილიონის შუაგულში გადაინაცვლა. ეს ფესტივალი ყველაზე მომგებიანი ალბათ "სერიალების" შემქმნელებისთვის იქნება.

თითქმის არ იყო წარმოდგენილი რუსული წიგნები. სამაგიეროდ, გაიზარდა ინგლისურენოვანი გამოცემების რიცხვი. რა თქმა უნდა, არის საბავშვო წიგნების ფართო არჩევანი. სასურველი ახალი თარგმანები ისევ საკმაოდ ძვირია, თუმცა, ფასებზე ქვემოთ.
ეს პირველი ფესტივალია, სადაც ვიხილე ქინდლი :)

მართალია, არც გასაყიდად იყო გამოტანილი და არც წასაკითხად – მხოლოდ თაროს ამშვენებდა ორი ეგზემპლარი, მაგრამ გამიხარდა. ქართული ელექტრონული გამოცემების სტედებზეც ვერ ნახავდით ფართო არჩევანს, ერთი მათგანი სულაც ასე გამოიყურებოდა:

(ეს ქალბატონი დასასვენებლად ჩამომჯდარიყო). იქნებ, მომავალ წელს მეტი სიახლე შემოგვთავაზონ – მოთხოვნილება ელექტრონულ წიგნებზე იზრდება.
ფასები
უკმაყოფილო დავრჩი. ძირითადად 10-20%-იანი ფასდაკლებაა:
10% – ყველასთვის (მეც ამ კატეგორიაში ვარ), ხოლო ზუმის წევრებისთვის – 20%, რაც დიდ განსხვავებას არ იძლევა. კარგი იქნებოდა, მაღაზიების საკომისიო სრულად მოეხსნათ და მართლა საგამომცემლო ფასში გაეყიდათ წიგნები. ცნობისათვის, მაღაზიები წიგნს 35-40%-ს ამატებენ.

ახალი ქართული გამოცემებით არ დავინტერესებულვარ. რატომღაც, წელს გამოცემულმა წიგნებმა, არც პროზამ და არც პოეზიამ, ყიდვის სურვილი არ გამიჩინა.
ზემოთ "სერიალებზე" ვწერდი და მაქვს იდეა, წამოიწყონ ახალი ქართული ბუმსერია – "ტუალეტში საკითხავი წიგნები": ორი ქართული გამოცემა ვნახე ამ სათაურით. მათი გადაფურცვლა არ მომდომებია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთის ავტორი იქვე პრეზენტაციასაც მართავდა.
ვიყიდე ორი, ადრე წაკითხული წიგნი (დოსტოევსკი, მასეტი) – შინ არ მქონდა. ფამუქი მინდოდა, მაგრამ მისი ყიდვა გადავდე.
სულ ეს იყო ჩემი ფესტივალი. არ ვიცი, ხვალ კიდევ წავალ თუ არა. რამდენიმე ფოტო:

ამ სტენდთან გვირილებმა მიმიზიდეს.


წიგნის ფესტივალიც საოჯახოა – კარგია, ბავშვებით რომ მოდიან ხოლმე.



:)

Thursday, May 26, 2011

დამოკიდებულებისათვის

ვგმობ ყველა გადაწყვეტილებას და მოქმედებას, რომელიც გულისხმობს რუსეთის ხელქვეითობას, წარსულში დაბრუნებას.
ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას.
დიდი იმედი მქონდა, ე. წ. პოლიტიკოსებს ცოტაოდენი პასუხისმგებლობის გრძნობა მაინც ექნებოდათ შერჩენილი იმისთვის, რომ მათ გვერდით მდგომი ხალხი საფრთხეში არ ჩაეგდოთ. არ მომწონს არცერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა რუსეთზე დამოკიდებულების აღსადგენად, შესაბამისად, არც ასეთნაბიჯგადადგმული ადამიანების მიერ გამართულ აქციას ვგულშემატკივრობდი;
თუმცა:
მე არ მინდა, ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრისთვის შეიძლება უმოწყალოდ სცემონ, დააშინონ, დააპატიმრონ.
აუტანელია ამ ჩანაწერის ნახვა, სადაც ჩანს, აბსოლუტურად დამორჩილებულ ადამიანებს, ხელებგაკრულებს, მათ შორის ასაკოვნებს, როგორ ურტყამენ პოლიციელები. აქ გადაღებულია, როგორ ამტვრევენ პოლიციელები მოქალაქის მანქანას. ინტერნეტში მოიპოვება უამრავი კადრი, რომლებზე ასახული მოქმედებაც ნიშნავს არა მომიტინგეთა დაშლას, არამედ მათზე ძალადობას. მათი ნახვის შემდეგ ვფიქრობ, რომ სრულიად გაკონტროლებულ ციხეებში შეიძლება იძალადონ პატიმრებზე და ის ინფორმაციები, რაც ხანდახან ვრცელდება სხვადასხვა ინტერნეტსაშუალებით, სიმართლეს შეესაბამება. ამას ვფიქრობ, რადგან პოლიციელები აღნიშნული ჩანაწერებიდან დასჯის მოთხოვნილებით და უპირატესობის განცდით სავსეები ჩანან. ვცდებოდე, ნეტა.
არ მინდა, ფორმიანი ადამიანების მიმართ უნდობლობას ვგრძნობდე; საქართველოში პოლიციელი მოძალადესთან გაიგივდეს.
ზემოთ მოტანილი კადრების ნახვის შემდეგ შემეშინდა მომავალი თაობის, რომელსაც ეს ახალგაზრდები ზრდიან ან აღზრდიან.

დავიჯერებ, რომ ჩვენს ქვეყანას შეიძლება უკეთესი მომავალი ჰქონდეს, თუ მოძალადეები, ყველა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერთან ერთად, დანაშაულისა და კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

დიდი იმედი მქონდა, რომ ამ დამოუკიდებლობის დღეს საკმაოდ სასიამოვნო გეგმებს განვახორცილებდი – წავიდოდი წიგნის ფესტივალზე, რომელსაც ასე ველოდი, დავკავდებოდი სხვა კარგი საქმეებით. ამის ნაცვლად დღე გავატარე შინ, ნანახით შოკირებულმა და ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულებით გაღიზიანებულმა. ჩემთვის გაუგებარია ქილიკი მომხდარზე, რადგან ეს ჩვენს მომავალზე ქილიკსაც ნიშნავს. პატივს ვცემ ყველა ადამიანს, რომელმაც არ დაკარგა ადამიანობა.
და ბოლოს,
იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის ქვეყანა, სადაც პოზიციის დაფიქსირება საშიშია.
მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც მიტინგი არავისთვის იქნება დღიური სამუშაო;
სადაც პოლიტიკოსები ხალხის ზურგს სკამზე ასაბობღებლად აღარ გამოიყენებენ და მხოლოდ ამ პროცესის (აბობღების) დროს არ გაახსენდებათ მათი არსებობა;
სადაც პირად საუბრებში არ იმსჯელებენ იმაზე, რომ მიზნის მისაღწევად 100 ან 1 ადამიანის სიკვდილიც კი დასაშვებია (სამწუხაროდ, დღეს ადამიანები გარდაიცვალნენ);
სადაც ხალხი არ იქნება მარიონეტი;
სადაც ვიზეიმებთ დამოუკიდებლობის დღეს.

------
ამ ჩანაწერში მოზარდს სცემენ. მოგვიანებით ვნახე.

Monday, May 23, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მინდა, ამ კვირის გამოფენის თემატიკა (კიდევ ერთხელ) წიგნის კითხვა იყოს. პირველ ნამუშევრად ფრედერიკ ჩაილდ ჰასამის ეს უმშვიდესგარემოიანი ტილო შევარჩიე..

ძველი გამოფენა ამავე თემაზე

23-29 მაისი.

Sunday, May 15, 2011

ხეები

ხეები ძალიან მიყვარს და სულაც არ ვთვლი მათ უსულოებად.
აი, ერთ-ერთი მათგანი, ასე რომ მომწონს, მინდა, კიდევ დავხატო (როგორც ბავშვობაში), მის ტყეში ვიხეტიალო, ხელები შემოვხვიო – არყის ხე






Wednesday, May 11, 2011

ქართული:

გამჭვირვალობა
ასეთი შთაბეჭდილება მრჩება: დღეს კარგი ტიპობაა იმის ღიად თქმა, რომ გეი ხარ ან ბი. ფეისბუკზე ვნახე: ჭიქებივით უჭახუნებდნენ ერთმანეთს თავის ორიენტაციებს და ამბობდნენ:
– გაგვიმარჯოს!
– გაგვიმარჯოს!

შოუ–ბიზნესი
ტელევიზიით აჩვენეს მღვდელი, რომელსაც უთანხმებდნენ ეკლესიის საძირკვლის გაჭრის ცერემონიაზე წითელი ხალიჩის დაგების დეტალებს. ცერემონიას ჰყავს რეჟისორი. მონტაჟდება ეკრანები...

პარადოქსი
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისთვის მშენებარე პირველ ტრასას შეეწირა 1500 ძირი ხე.

Monday, May 9, 2011

ერთი კვირა, კედელზე

საყვარელი მხატვრის კვირა მექნება: "სიცოცხლის ხის" (1909) ცენტრალური ნაწილი ადრე გამოვფინე. ამჯერად, კიდევ
ერთი დეტალი.

9-15 მაისი.

Monday, May 2, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დღეს მარკ შაგალის რომელიმე თაიგულიან-წყვილებიანი ნახატის გამოფენა მომინდა და აი, არჩევანიც..

2-8 მაისი.

Sunday, May 1, 2011

დაინახე და დამანახე, ანუ შთაბეჭდილებები თანამედროვე ქართულ პროზაზე

"როცა გაივლი იმ მეწვრილმანის ახლოს, თავისი დუქნის კართან რომ ზის, მეკარის ახლოს, ჩიბუხს რომ ეწევა მეეტლეების სადგომთან, მიჩვენე ეს მეწვრილმანე და მეკარე, მათი პოზა, მათი გარეგნული სახე, რომელიც შეიცავს აგრეთვე მათს ზნეობრივ ხასიათს, მიჩვენე ისე, რომ არ ავრიო არც ერთ სხვა მეწვრილმანესა ან მეკარეში, დამანახე – მხოლოდ ერთი სიტყვის დახმარებით, – რით განირჩევა ეს ცხენი ორმოცდაათი სხვა ცხენისაგან, რომლებიც მას უსწრებენ, თუ უკან მიჰყვებიან" – გუსტავ ფლობერი.

ბოლო დროს ორმა თანამედროვე ქართველმა მწერალმა თქვა – ფანტაზიას ვუჩივით (თუმცა ვაფასებთ ფანტაზიის მქონე მწერლებს) და რასაც ვწერთ, მხოლოდ ჩვენ თავს გადახდენილი ან ჩვენი ყურით მოსმენილი ამბებიაო. არ ვიცი, რატომ ჩათვალეს საჭიროდ ამის საჯაროდ აღნიშვნა, მაგრამ საერთო ფონზე ფიქრისას მათი ნათქვამი თავს იჩენს.

მე ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვე ქართულ პროზას კარგად ვიცნობ – ყველაფერს ვკითხულობ, ყველა ავტორს ვადევნებ თვალს, მაგრამ რაც წამიკითხავს, ძირითადად სწორედ ფანტაზიის ნაყოფია ხოლმე – გამოგონილი პერსონაჟები და ამბები (ხშირად უცხოელი მწერლების ნაწარმოებების გმირებისა და სიტუაციების ანარეკლები), ჩაკეტილი სივრცეები – მხოლოდ ემოციური მდგომარეობის საჩვენებლად. აქ, რა თქმა უნდა, შესაბამის ჟანრებს არ ვგულისხმობ, სადაც ფანტაზია მწერლის მთავარი საყრდენია.

ახალი თაობის ავტორების დიდ ნაწილს, მათი ნაწარმოებებიდან გამომდინარე, ეტყობა, რომ თავის საცხოვრებელ ადგილს იშვიათად ტოვებს, მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრეში ტრიალებს, არ ინტერესდება სხვადასხვა თაობის თუ სოციალური წრის ცხოვრებით, არ მოგზაურობს თუნდაც საკუთარ ქვეყანაში, იკვებება კლიშე შეხედულებებით, რომლებსაც თავს ახვევს კინო, ტელევიზია ან ინტერნეტი (ეს ცალკე ფენომენია და მასზე, იქნებ, სხვა წერილში), კითხულობს მოდურ მწერლებს... და ისე წერს. ერთი სიტყვით, მასისგან მათ მხოლოდ წერის სურვილი თუ გამოარჩევთ.
ალბათ ამიტომ, ხშირად ხდება, რომ პერსონაჟებს ვერ დაინახავ: პორტრეტს არ აგიწერენ, არც გარემოს – სადაც გმირები მოქმედებენ. დასახლებული პუნქტი უმეტესად თბილისია (ნაწარმოებში ნახსენები რომ არც იყოს, იგულისხმება), ან წარმოსახვითი დიდი ქალაქი – ფილმებიდან თუ წაკითხულიდან მიღებულ შთაბეჭდილებათა ნაზავი; ხოლო ამ მოცემულობის შესაბამისად, აღწერილი ურთიერთობები, სიტუაციები, დიალოგებიც – დაშტამპული. თითქოს არავის აინტერესებს პერიფერია. ან იქნებ ცუდი ტონია არათბილისურ (არადიდქალაქურ) ამბებზე წერა? ფილმების გავლენა კიდევ ცალკე აღსანიშნი ამბავია: აკი, ერთ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილე მოთხრობებზე თქვეს კიდეც – ადვილად მიხვდები, მათ დაწერამდე რომელმა ავტორმა რომელი ჰოლივუდური ფილმი ნახაო.

მე მგონია, კარგი პროზაიკოსისთვის გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების ქონა ისეთივე აუცილებელია, როგორც წერის ტექნიკის ფლობა; ცხოვრებისეულ გამოცდილებაში ბევრის მნახველობას ვგულისხმობ, რაც თავისთავად დაკვირვების უნარსაც მოიცავს და რაზეც მიხეილ ჯავახიშვილი არაჩვეულებრივად წერს თავის ესეში "როგორ ვმუშაობ":
"რა მასალა უფრო მშველის – ავტობიოგრაფია, დაკვირვება, წიგნი თუ ჩანაწერები? ყველა ერთად, ცალ-ცალკე კი არცერთი. ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა. თავისუფალი შემოქმედების მაგიერ ბრმა მიმბაძველობა გამოვა. დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიან დამეხმარა. პროზაიკოსისთვის იგი ფრთებს უდრის, უამისოდ ვერ გაფრინდება. შესაძლებელია მან ხალასი ფსიქოლოგიური რამ დასწეროს, მაგრამ ის ვერ შეჰქმნის ცოცხალ ტიპს, ვერ დაგვიხატავს პეიზაჟს, ვერ დაგვანახებს სულიერ-უსულო საგნების ურთიერთობას, ე. ი. ბუნებას, სიცოცხლეს, ცხოვრებას. მისი დანიშნულება კი სწორედ ეს არის და სხვა არაფერი... მარტო წიგნი და კარჩაკეტილობა პატიმრობას უდრის-მეთქი. მწერალმა, ნამეტან კი პროზაიკოსმა, ბევრი უნდა იმოგზაუროს, რათა ყველაფერი ნახოს, განიცადოს, გაიგოს, მოისმინოს და შეისრუტოს, თორემ ვისაც ბევრი არა მიუღია რა, ის ბევრს ვერც მოგვცემს" .
აი, ბეგბედერის ენით რომ რომ ვთქვათ: "ყველა მწერალი ჩამშვებია, ყველა ლიტერატურა დამბეზღებელია".
არ შეგაშინოთ ამ უსიამოდ მჟღერმა სიტყვებმა, – "გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები".