Monday, January 30, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ენდრიუ ნიუელ უაიეტი – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი რეალისტი (რეგიონალისტი) მხატვარი. დაიბადა 1917 წელს, პენსილვანიაში, ილუსტრატორ ენ სი უაიეტის ოჯახში. სუსტი ჯანმრთელობის გამო მამამ გადაწყვიტა ენდრიუს შინ მიეღო განათლება, ხოლო ერთადერთი მასწავლებლის როლი თავად იტვირთა. 20-იან წლებში ენდრიუს მამა პოპულარული არტისტი გახდა, ამ პერიოდიდან დაიწყეს მათ ოჯახში შეკრება ცნობილმა ადამიანებმაც. მეგობრულ და ხელოვნების სიყვარულით სავსე ოჯახში ხუთი ხელოვანი აღიზარდა.

ენდრიუმ ხატვა მანამ დაიწყო, ვიდრე კითხვას შეისწავლიდა. ერთადერთი ადამიანი, ვისგანაც ცხოვრების მანძილზე ხატვის გაკვეთილები მიიღო, მამამისი იყო. სწორედ მან შეაყვარა ბუნება და სოფლის პეიზაჟები. 1945 წელს ენ სი უაიეტი სახლთან ახლოს, მანქანით მატარებელთან შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, რაც ენდრიუსთვის ცხოვრების ტრაგედიად იქცა და მის მხატვრობასაც დაამჩნია კვალი. მისი ნამუშევრები მარტოობის, სიცარიელის გამომხატველია. განწყობით, გარკვეულწილად, ედვარდ ჰოპერსაც მახსენებს.

დაქორწინებული იყო ბეტსი ჯეიმსზე, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ენდრიუს კარიერაში (ცნობილია ბეტსის გამონათქვამიც: „მე ვარ რეჟისორი და მყავდა მსოფლიოს უდიდესი მსახიობი“). ენდრიუმ ის თავისი ყველაზე ცნობილი ნახატის – „ქრისტინას სამყაროს“ – შექმნისას გაიცნო, მეზობლისა და ამ ნახატის მოდელის – ქრისტინას დახმარებით. სწორედ მის გამოფენას ვაპირებ დღეს:

„ქრისტინას სამყარო“ 1948 წელს არის დახატული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ნამუშევარია. როგორც ვწერდი, სამი წლით ადრე მამის ტრაგიკულად დაღუპვა ენდრიუ უაიეტის მხატვრობაზეც აისახა: მისი პალიტრა ჩამუქდა, ნახატები პერსონაჟებისგან თითქმის სულ დაცარიელდა, ასახული სივრცეები ცივი და უნაყოფო გახდა. „ქრისტინას სამყარო“ ყველა ამ შტრიხს მოიცავს.

რაც შეეხება ნახატის მთავარ გმირს: მხატვრის საზაფხულო სახლის მეზობელი ქრისტინა ოლსონი უცნობი დაავადების გამო სიარულს ვერ ახერხებდა და შეიძლება ითქვას, მისი ფიზიკური სამყარო მხოლოდ სახლითა და სახლის შემოგარენით შემოისაზღვრებოდა. ქალი მექანიკურ ეტლს ხშირად ტოვებდა და სახლს გარშემო ხოხვით უვლიდა. ფანჯრიდან დანახულმა ამ სანახაობამ ენდრიუზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის დიდხანს ემზადებოდა ნამუშევრის შესაქმნელად...

ნამუშევარს სამი მოდელი ჰყავს: ქალის სხეული ქრისტინა ოლსონს ეკუთვნის, რომელიც იმ ხანად 55 წლის იყო; შავთმიანი თავი მხატვრის ცოლის, 25-იოდე წლის ბეტსის, თავია, ხოლო მესამე, ნახატის ერთ-ერთ მთავარ მოდელად ითვლება ოლსონების სახლი, რომელიც სპეციალურად გარემონტდა და გადაკეთდა კიდეც, რათა ისეთი გამხდარიყო, როგორიც მხატვარს ნახატისთვის წარმოედგინა. დღეს ამ სახლში მუზეუმია გახსნილი.
აქვე ავტვირთავ დეტალებს: ქრისტინას ფეხებს და ქარისგან აფრიალებულ შავ თმას.

უაიეტი ამბობდა, რომ ხატვისას არასდროს ფიქრობდა შედეგებზე, რაც ნახატს უნდა მოეტანა. მისთვის მთავარი იყო, ეხატა ის, რასაც გული კარნახობდა: „ვინც ქმნის ეფექტისთვის – რათა მოარტყას მიზანს – არ იცის, თუ რას უშვებს ხელიდან“ – ვფიქრობ, კარგი რჩევაა ნებისმიერი ხელოვანისთვის.

30 იანვარი –
5 თებერვალი.

Monday, January 23, 2012

ერთი კვირა, კედელზე

გუსტავ კლიმტის პეიზაჟებს ვათვალიერებ, უმეტესად პატარა ავსტრიული დასახლების – კამერის – ფერად და სიმშვიდით სავსე ხედებს. ერთი მათგანი აქ გამოსაფენად: ფერმის სახლი კამერში.

23–30 იანვარი.

Saturday, January 21, 2012

თეთრი


მითები: ხევსურეთში სწამდათ, რომ არსებობდა "მორიგე ღმერთი", რომელსაც თეთრი მგლები ჰყავდა იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც მიუღებელ საქციელს ჩაიდენდა. მგელს იმ შემთხვევაში კლავდნენ, თუ ადამიანს დაესხმოდა თავს. მოკვლა თუ უწევდათ, მონადირეები მგელს სოფლის შუაგულში დაასვენებდნენ და რიტუალს ასრულებდნენ – წმინდა გიორგის სთხოვნენ შეწყალებას, რადგან მის ცხოველად ითვლებოდა.

დამამახსოვრდა: შარშან ტელევიზიით თბილისის გარეუბანში მოკლული მგელი აჩვენეს. მონადირის სიტყვებით, "მინდორში თავისთვის მოდიოდა". შემეცოდა, რაკი "თავისთვის მოდიოდა". სიუჟეტში თითქოს იმ რიტუალს წააგავდა ყველაფერი: მიწაზე იწვა, გარშემო უამრავი კაცი ეხვეოდა... ოღონდ, მონადირე ამაყი იყო.

ფოტო: რა ლამაზია, თეთრი.

Monday, January 16, 2012

ერთი კვირა, კედელზე

გუსტავ კაიბოტი – ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი, ფილატელისტი. დაიბადა 1848 წლის 19 აგვისტოს პარიზში. მისი ოჯახი ზაფხულს იერში, ამავე სახელწოდების მდინარის პირას მდებარე ქალაქში, ატარებდა, სადაც გუსტავმა დაიწყო კიდეც ხატვა. კაიბოტმა იურიდიული განათლება მიიღო, მონაწილეობდა ფრანკო–პრუსიის ომში. ომიდან დაბრუნების შემდეგ ფერწერის შესწავლას შეუდგა – ჯერ ლეონ ბონას სტუდიაში, ხოლო 1873 წლიდან – ხელოვნების სკოლაში. ამავე პერიოდში გაიცნო ფრანგი მხატვრები და დაესწრო იმპრესიონისტთა პირველ გამოფენას (1873 წ.).

მშობლების გარდაცვალების შემდეგ კაიბოტმა სოლიდური მემკვიდრეობა მიიღო, რამაც საშუალება მისცა, მთელი დრო ფერწერისთვის დაეთმო – როგორც მხატვარსა და როგორც მეცენატს: კაიბოტი აფინანსებდა იმპრესიონისტთა (კლოდ მონეს, ოგიუსტ რენუარის, კამილ პისაროსა და სხვების) გამოფენებს, ყიდულობდა მათ ნამუშევრებს, ქირაობდა სამხატვრო სტუდიას (მაგალითად, მონესთვის).

კაიბოტის ნახატების დიდ ნაწილზე ოჯახის წევრები და ყოველდღიური ცხოვრებაა გამოსახული. მას იტაცებდა რეალობის აღწერა და არაერთი ნამუშევარი რეალისტურ მიმდინარეობას მიეკუთვნება. სხვათა შორის, ის განიცდიდა იაპონური გრაფიკისა და ფოტოგრაფიის გავლენას (ის დაინტერესებული იყო იმ დროისთვის "ახალი ხილით" – ფოტოგრაფიით და მას ხელოვნების დარგად მიიჩნევდა. ამას გარდა, მის სერიოზულ გატაცებებს შორის იყო ორქიდეების მოგროვება და მოვლა, იახტების მშენებლობა, ტექსტილის დიზაინი და ყველაზე მნიშვნელოვანი – ფილატელია. კაიბოტი "გამოჩენილ ფილატელისტთა სიაში" ჩაწერეს, როგორც ფილატელიის "ერთ-ერთი მამა"). ამ გავლენის შედეგად ნახატებზე გადატანილი ფოტორეალისტური ეფექტისა და გადიდებული პერსპექტივის გამო აკრიტიკებდნენ კიდეც.

გუსტავ კაიბოტმა იმპრესიონისთა ნამუშევრების დიდი კოლექცია (68 ნახატი) ანდერძით საფრანგეთის რესპუბლიკას გადასცა. იმ დროისთვის იმპრესიონიზმი და მისი მიმდევარი მხატვრები არც ისე დაფასებულები იყვნენ, არსებობდა ნახატების გაფანტვის საშიშროება, ამიტომ ანდერძი მოიცავდა პირობას: ისინი შეენახათ ლუქსემბურგის სასახლეში, მოგვიანებით კი გადაეტანათ ლუვრში. ხელისუფლება პირობას არ დათანხმდა და მხოლოდ 38 ნამუშევარი აირჩია. მოგვიანებით მოთხოვნილ დარჩენილ ნახატებზე კი (ინახება ფილადელფიაში, ბარნსის ფონდში) უკვე კაიბოტის მემკვიდრეებისგან მიიღო სასტიკი უარი. თავად კაიბოტის ნახატები ორსეს მუზეუმშია დაცული.
გარდაიცვალა 1894 წელს.

ჩემი ამ კვირის არჩევანი "ევროპის ხიდია" – ამ სახელწოდებით ორი ნამუშევარი არსებობს და ორივეს გამოვფენ:

პირველი მათგანი 1876 წელს არის დახატული და სამი მთავარი ობიექტით – ხიდიდან მოცქირალი მამაკაცით (ამბობენ, ეს თავად მხატვარია), წყვილით და ძაღლით – ძალიან მხიბლავს.

მეორე ნამუშევარზეც (1877 წ.) მამაკაცია, რომელიც ხიდიდან იყურება.
სხვათა შორის, ეს კაიბოტის საყვარელი თემა მგონია (არაერთი ნახატი აქვს, რომელზეც სივრცეში მაყურებელი ან მიმავალი მამაკაცებია გამოსახული), ან უბრალოდ, "კადრი", რომელიც მას აღელვებდა.

16–22 იანვარი.

Tuesday, January 10, 2012

ისევ საახალწლო სერიებიდან


ამ საღამოს ქუჩაში ეს ხანშიშესული წყვილი შემომხვდა. წელმოხრილ თოვლის პაპას (იქნებ სანტა ჯობია) , დაღლილობისგან თუ სხვა მიზეზით, სიარული უჭირდა. მისი ფიფქია კი (ეს როლი მივანიჭე, თან თეთრი კაბაც ეცვა) მკლავზე ეყრდნობოდა და ისე მისდევდა. დროდადრო ფიფქია ლაპარაკობდა, თოვლის პაპა მძიმედ აქნევდა თავს და მგონი სულ არ ახსოვდა, როგორი თეთრი და გრძელი წვერი ჰქონდა და წითელი პალტო ეცვა. ცოტა ხანს მათ გვერდით ვიარე და მერე გამინათდა გონება: "ფოტო!" მაგრამ სიჩქარეში ბუნდოვანი სურათი გამოვიდა. ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ნამდვილი იყო, მოხუცი, შინისკენ მიმავალი...

Friday, January 6, 2012

გულანთებული


საღამოობით მინდება მოსმენა, ფოტო – დღის ნებისმიერი მონაკვეთის ფავორიტია.
აინთეთ გულები :)

Monday, January 2, 2012