Thursday, July 19, 2012

* * *

ოთხი დღით საავადმყოფოში დაწვენაზე რომ იყო საუბარი, განიცადა – მარტო როგორ უნდა იყოო, ღამით. 7 ღამე გავიდა და ღმერთმა იცის, რამდენი დამრჩა. ყველაზე აუტანელი მონატრების განცდაა. მისი ნახელავის ყურება, მისი დაწერილების, დალაგებულების, ნივთების. ისე აქვს ყველაფერი მოწესრიგებული, ხან მგონია, დროებით გავიდა და მოვა. სიჩუმეა აუტანელი – როცა მხოლოდ საკუთარი მოძრაობის ხმა მესმის.  
გუშინ წავიკითხე: „რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე“. გული ამომიჯდა. როცა მამა წავიდა, თითქოს გავიზარდე. რაღაც შეიცვალა შიგნით,  პასუხისმგებლობა მომემატა, თავი და დედა მყავდა გასატანი. ახლა პირიქით, თითქოს დავპატარავდი – როგორც პირველ კლასში, როცა ჩემი კლასელი ტყუპები გავაცილე მათი დედის სამსახურამდე და ქუჩაში დარჩენილმა უკან ვეღარ გამოვიგნე გზა. 
ბოლოს, როცა საჭიროების გამო ცოტა ხნით ვტოვებდი, დაბრუნებულს მეუბნებოდა, რომ ძალიან მოვენატრე და  მიხუტებდა. როგორ ვუცდიდით ამ ზაფხულს და ჩემს შვებულებას. თურმე ამიტომ, რომ მომენატროს და ვერ ჩავეხუტო.

Tuesday, July 3, 2012

* * *

"ვაი ჩვენი ბრალი", – ყურთან ჩამილაპარაკა ქალმა და საქმე განაგრძო – წყალში ჩაყრილი ახალი ხილი ქურაზე შემოდგა; არ შემოუხედავს. თვალს გვერდით ვაპარებ, – ხომ არ გაიგო... უცებ თავი შეთქმულად ვიგრძენი. იმ მომენტში ისე ახლობელი იყო ის ქალი; იგივე სტკიოდა, იგივე საზრუნავი ჰქონდა.
ადრე არ მესმოდა ფილმებში ნანახი თერაპიის სიკეთისა – წრეში ჩამსხდარი საერთო პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რა შედეგი მოჰქონდა საწუხარის გაზიარებას. მე ვინმესთვის პირისპირ რაიმეს მოყოლის სურვილი არ მაქვს, თუმცა იმ ადამიანების ცქერამ, მათზე დაკვირვებამ და მათთან საუბარმა, ვინც პრაქტიკულად სხვა სამყაროში ცხოვრობს, ჩემი დამოკიდებულება ამ თერაპიისადმი შეცვალა.
ყველაზე რთული პირველი დღეებია, როცა არ გინდა აღიარო, რომ სხვა განზომილებაში მოხვდი. ჯერ კიდევ გარსის გარედან ათვალიერებ მათ. ერთი სული გაქვს, შენობიდან გარეთ გამოვარდე და ღრმად ისუნთქო ქალაქის  მოწამლული ჰაერი, რომელიც ამ დროს საოცრად სუფთა გეჩვენება. როცა პირდაპირ მოხლილი სინამდვილის გამო მათ წინაშე  ტირილი გივარდება, გარსის ზღვარიც გადალახულია. ამ დროს საშინლად გრცხვენია, რომ თავი ვერ შეიკავე და ამით უნებლიეთ ტკივილი მიაყენე. ზურგს აქცევ, ცდილობ, მათი თვალთახედვის არეალიდან გაქრე და დაბრუნებისას მშვიდი იყო.  შემდეგ დღეებში უფრო ლაგდება ყველაფერი: შეიძლება რომელიმე გამოგელაპარაკოს, უფრო "კოლეგა" – პაციენტის ახლობელი. აუცილებლად გეტყვის, კონკრეტულად რა სჭირთ, რამდენი წელია, რაც ასე არიან, რამდენი დახარჯეს და იგივე კითხვებს დაგისვამს. ბოლოს ჯანმრთელობას და გაძლებას გისურვებს, რასაც გულწრფელად უბრუნებ. ქუჩაში თავს გამოიჭერ, რომ გამვლელების ფერს აკვირდები და ცდილობ გამოიცნო, ჯანმრთელები არიან, თუ არა. შენ ხომ უკვე ამდენი არაჯანმრთელი ადამიანი ნახე. ზოგიერთ მათგანზე, ადრე სადმე რომ შეგხვედროდა, ვერც იტყოდი, თუ რამე აწუხებს. იქნებ მათი სიმკრთალე მომხიბვლელადაც ჩაგეთვალა. კლინიკაშიც უკვე ადვილად გადააწყობ პაციენტებსა და მათ ახლობლებს. მათთან ურთიერთობის წამოწყებას აუცილებლად მოაქვს ერთი რამ: იწყებ მდგომარეობის შეფასებას. წონი: აი, იმის დიაგნოზი თუ ისეთი უმძიმესი იყო და ამდენი წლის მერე ასეა, ე.ი. უკეთესის იმედი შეგიძლია გქონდეს. გულის სიღრმეში რაღაც გკაწრავს: ყველაფერი ხომ ინდივიდუალურია და იქნებ ტყუილად გიხარია... მაგრამ ისევე სწრაფად ფუთავ ამ აზრს, როგორც გაშალე – მას არსებობის უფლება არ აქვს! და ამ დროს, ამ ყველაზე დახუთულ სივრცეში, ნათელი წერტილი ჩნდება – რაღაც პოზიტიური, საიმედო: ყველაფერი გამოსწორდება, ჰო, ჰო... უნდა. მერე რა, რომ ზოგი ექიმი უხეშია და მიაჩნია – შენს გამძლეობას მძიმე, დამიზნებული დარტყმებით აწრთობს.