Friday, August 31, 2012

ქონდარი და პიტნა

ქონდარი შემიყვარდა. უფრო სწორედ, თავიდან აღმოვაჩინე. დედა ზამთრისთვის მწვანილებს ახმობდა ხოლმე და ამას წინათ ერთ ქილაში ქონდარი ვნახე. უცებ გამახსენდა კონკრეტული საღამო: ვისხედით ტელევიზორთან, აღარ ვიცი რას ვუყვებოდი, თავზე რომ გადამისვა ქონდრისსუნიანი ხელი. ეს კარგად მახსოვს სუნის გამო, ვუთხარი კიდეც. ხშირად შეგრძნებებს ხომ უფრო იმახსოვრებს ადამიანი, ვიდრე კონკრეტულ სიტყვებს.
ბრინჯი შევაზავე შარშანდელი ქონდრით და მეორე დღეს ბაზარში ვიყიდე რამდენიმე კონა; გავრეცხე, შევუდექი საქმეს: დავჭერი, გავფინე... და ახლა მაქვს ორიოდე მუჭა გამხმარი ქონდარი და მქონდა ქონდრის სუნიანი თითებიც, ოღონდ საკუთარ თმას ვერ მოვეფერე.

მეორე, რაც თავიდან შევიყვარე, პიტნაა. ნუ, პიტნის სუნი ბავშვობიდან მიყვარს – ჩვენი ეზოს სუნია. აქ სხვა მოგონება ჩნდება: რეცხავდა დედა პიტნის ქორფა, გრძელ ღეროებს და წნავდა. ძალიან საყვარელი იყო ეს ნაწნავები, სარეცხის თოკზე გასახმობად ჩამოკიდებული. პიტნის ჩაი მას და მამას უყვარდათ; ერთ დროს მეც, სანამ არ მივხვდი, რომ საკმარისი იყო, დამელია – მთვლემდა. გადავეჩვიე. ვუყურებდი ხოლმე, როგორ აყენებდა დედა ჩაის და მისი ჭიქიდან წამოსული სუნიც მყოფნიდა. ჰოდა ახლა, მგონი იმ, ჭიქიდან წამოსული სუნის ხათრით დავაყენე ჩაი... და მორჩა: მწვანე, ჟასმინიანი ჩაის დღიურ ულუფას – რამდენიმე ჭიქას – ერთი გამოაკლდა პიტნის ხარჯზე. მერე რა, რომ ჩემს დაბალ წნევას უფრო დაბლა სწევს. მჭირდება ეს სუნი.
ეს სუნები.

Monday, August 27, 2012

დაბრუნება: ერთი კვირა, კედელზე

ალბათ უნდა და დროა, განახლდეს ბლოგი, თუკი მინდა, რომ მან საერთოდ იარსებოს; და შეწყვეტილი ტრადიციული რუბრიკაც აღდგეს – ორშაბათის გამოფენა. თუმცა, არ მგონია ამ ეტაპზე პოსტი ყოველ ორშაბათს მოვამზადო. უბრალოდ, საგამოფენო შეხვედრა ისევ მხოლოდ ორშაბათობით გაიმართება ხოლმე, როგორც, მაგალითად, დღეს. ოღონდ დღევანდელი თემა არ იქნება ფერწერა, სინათლით მწერალზე – ფოტოგრაფზე მოვყვები: 

ის ჩინელია, სახელად დონ ჰონგ–ოაი. დაიბადა 1929 წელს. იყო აზიური პიქტორიალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო და, ამავე დროს, უკანასკნელი წარმომადგენელი. 13 წლის ასაკში უშუალოდ ფოტოგრაფებისგან დაიწყო ფოტოგრაფიის ტრადიციული ტექნიკის შესწავლა. თავადაც იღებდა პეიზაჟებს და ლეგენდარული ჩინელი ფოტოგრაფის, ლონგ ჩინ–სანის, გავლენას განიცდიდა.

ცხოვრების დიდი ნაწილი ვიეტნამში გაატარა. 1979 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩააღწია და სან–ფრანცისკოს ჩინურ უბანში დასახლდა. თავის გასატანად პეიზაჟების გაყიდვა დაიწყო და ნელ–ნელა მისმა ხელოვნებამ აღიარებაც მოიპოვა. მისი ტექნიკის საიდუმლო ასეთი იყო: ფოტოს საბოლოო სახეს სამი ნეგატივის გამოყენებით იღებდა – ახლო, შუა და შორი ხედების შერწყმით – ფოტოსურათის ყველა ნაწილი რეალურად არსებობდა ბუნებაში, თუმცა მათ სინთეზს მხოლოდ ფოტოგრაფის თვალი აღიქვამდა: დონ ჰონგ–ოაის თითოეული ფოტო უნიკალურია (ერთგვარი ნიშნის მოგებით ეს თავადაც აქვს ნათქვამი), რადგან ყველა დეტალი ხელით არის დამუშავებული. დონს არასდროს ჰყოლია ასისტენტი. ის ფოტოებზე დამოუკიდებლად მუშაობდა ერთი მიზეზით – რასაც ქმნიდა, მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობდა.
გარდაიცვალა 2004 წელს.

გამოფენისთვის რამდენიმე ფოტო შევარჩიე. ისინი ერთ ამბავს ჰყვებიან: ქვიშის, ქარიშხლისას და მარტოობის. გამოფენას პირობითად "წონასწორობის დაცვა" დავარქვი: