Monday, October 29, 2012

ორშაბათის კედელი

დიდი ხანია, გამოფენა აღარ გამიმართავს. ამ ფონზე სათაურიც ("ერთი კვირა, კედელზე") არაადეკვატურად ჟღერდა – წინა გამოფენა რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ვფიქრობ, სათაური "ორშაბათის კედლად" ხომ არ გადავაკეთო, ვიდრე გამოფენებს ასეთი რეჟიმით ვაწყობ. ვცდი აბა – დღევანდელს ასეც ვუწოდებ. ახლა რაც შეეხება ამ გამოფენას:

ოქტომბრის ბოლო ორშაბათია, გოგრის სეზონი დადგა – ბაზარში გოგრის ზვინებია მოწყობილი და უახლოეს დღეებში ერთი-ორის ყიდვასაც ვაპირებ. გემო  დიდად არ მიყვარს, მაგრამ გარეგნულად მომწონს – საშემოდგომო განწყობას ქმნის. შვედი კარლ ლარსონის (ფერმწერი და ინტერიერის დიზაინერი. დაიბადა 1853 წ.) ნახატიც შეეფერება ამ ორშაბათს, თუმცა მხოლოდ ამიტომ არ შემირჩევია. ვფიქრობ, საინტერესო მხატვარია ყოველდღიურამბებიანი ნახატებით. ამბებს კი თავისი ცხოვრებიდან "ყვებოდა" – ლარსონის საყვარელი მოდელები მისი მრავალსულიანი ოჯახის (8 შვილი ჰყავდა) წევრები ყოფილან. დღეს "ოქტომბერთან" (1883 წ.) ერთად სხვა ნამუშევრებსაც გამოვფენ:

"განიერი ლუანი"
"სუზანი და სხვა"
"ვაშლის კრეფა" 
"ზამთრის კოტეჯი"

Saturday, October 27, 2012

24 საათი

საჩუქარი
რამდენი თვეა, ჩემი თავისთვის არაფერი მიყიდია. აი, საჩუქრის მსგავსი, უბრალოდ ლამაზი რამ, რისი დანახვაც გსიამოვნებს. დღეს უცებ გადავწყვიტე. მოვიტანე შინ, დავდე მაგიდაზე და ვთქვი – ნახე, რა ვიყიდე. დამაკლდა ღიმილი და თბილი სიტყვები.

შაბათი
შაბათ დღეს რიტუალი შეემატა: 9 საათზე ეკლესიაში ვარ. ვწერ მოსახსენებელს, ვუსმენ გალობას და მოვდივარ. ღმერთთან სასაუბროდ, თუკი ამის სურვილი მიჩნდება, სპეციალური გარემო არ მჭირდება ხოლმე; ეკლესიაშიც მხოლოდ მაშინ შევდივარ, როცა გული მიმიწევს. ეს კი იშვიათად ხდება, რადგან არ მიყვარს ხალხმრავალი და დოგმატური ადგილები. ხანდახან, ამ შაბათების გამო, ჩემ თავს ვეუბნები, დედამ ეკლესიასთან მიმაბრუნა-მეთქი. ისე მოხდა, რომ შაბათობით იქ გულიც მიმიწევს.

გალობა
ხომ არის რაღაცები, რასაც გვინდა, ვფლობდეთ და ვიცით, რომ ვერა? ასეთი რაღაცების სიაში გალობაც მივამატე. ძალიან მსიამოვნებს ეკლესიის პატარა გუნდის მოსმენა. დღეს კი ტირილი მომინდა და წამოვედი.

გეგმა
ცუდი გრძნობაა, როცა რაღაცას გეგმავ დასვენების დღისთვის და ბანალური მიზეზით ჩაგეშლება – გაწვიმდა. სხვა გეგმები შევასრულე – ძირითადად საშინაო დავალებები.

სიხარული
ძალიან უნდა დაბნელდეს, რომ სინათლის დრო დადგეს. თუნდაც პატარა სხივების გამოჩენის. ბოლო 24 საათი ცოტა ნათელი მქონდა.

Friday, October 26, 2012

ახალი გამოცემა: ყვავილნარი

წელს ნაბეჭდი "ვეფხისტყაოსნის" 300 წელი აღინიშნება, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად ეხმაურება. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა იყო. ეს პროექტი შარშან დაიწყო და თითქმის დასრულებულია. სიახლე კი ის გამოცემაა, რომელზეც ახლა მინდა, დავწერო: ალბათ გსმენიათ ე. წ. "ყვავილების ფლირტის" შესახებ, იქნებ თქვენს ბებიებსაც შემორჩათ ძველი, ყვავილებიანი ბარათები და გინახავთ კიდეც. ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა სწორედ ყვავილების ფლირტია, ოღონდ რუსთაველის ციტატებით გაფორმებული. ილუსტრაციები (ჩემთვის "ვეფხისტყაოსნის" ალბათ ყველაზე საყვარელი ილუსტრაციები) ეკუთვნის მე-17 საუკუნის მხატვარს და პოემის გადამწერს – მამუკა თავაქარაშვილს, მცენარეების სახელწოდებები ალექსანდრე მაყაშვილის ბოტანიკის ლექსიკონიდან არის შერჩეული:

Saturday, October 20, 2012

მზესუმზირა

მზესუმზირა მიყვარს – როგორც ყველა ის ყვავილი, რომელიც მზეს მაგონებს.
და მზესუმზირა მიყვარს – შინ მოხალული. როცა რამე ფილმის ყურებას ვაპირებ, ჯერ მზესუმზირას ვიმარაგებ.
ამას წინათ, მოხალვის წინ, სამი მოზრდილი მარცვალი ამოვარჩიე, რამდენიმე საათით წყალში დავალბე და ყვავილის ქოთანში ჩავარჭე – იქნებ ამოვიდეს-მეთქი. ოღონდ დიდად დაიმედებული არ ვყოფილვარ, რადგან წელს ჩვენს ბაღში დათესილიც კი არ ამოსულა (ყოველ წელს ვთესავ, უბრალოდ ყვავილისთვის, რომ ვხედავდე). თუმცა ამჯერად, სამიდან ერთმა ამოჰყო თავკომბალა თავი :) ისე მაინტერესებს, რამხელა გაიზრდება და იყვავილებს თუ არა ბინის პირობებში. აი ასეთია ახლა:

შარშან ლესელიძეზე, ერთ აივანზე ვნახე, ქოთნით გამოედგათ. ისე საყვარელი იყო. რა თქმა უნდა, უფრო მცირე ზომის, ვიდრე ბაღში იზრდება. აივნიანი ბინის მეპატრონეების მშურს ხოლმე. თან არ მესმის, ხარახურის დასაყრელად როგორ იმეტებენ, ან ცარიელს როგორ ტოვებენ. ყველაზე ვიწრო თბილისურ აივანზეც კი მექნებოდა მცენარეები, სკამი და პატარა მაგიდა, სადაც სიამოვნებით დავლევდი ჩაის და წავიკითხავდი. ის კი არა, აივანზე მარწყვსაც დავრგავდი. ბოლო თვეებია, ყოველდღე ვსტუმრობ პინტერესტს. სხვა მსგავსი საიტებისგან ეს გამოვარჩიე. ჩემი საყვარელი კატეგორიები მებაღეობა და ხელნაკეთი ნივთებია. ორივე მეხერხება და სიამოვნებას მანიჭებს და სამწუხაროდ, არცერთისთვის მაქვს დრო.
პ.ს. ხვალ ჩვენს ქალაქგარე სახლში პირველად უნდა დავაფესვიანო ვარდის ანაჭრები. აქამდე დედა აკეთებდა ხოლმე. ახლა მე ვცდი. უკვე დროა ამინდის მხრივ.

Friday, October 12, 2012

* * *

სოც. ქსელში უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების ჯგუფი ჩემი საყვარელი ჯგუფია. იმ შესაძლებლობის არქონით გამოწვეულ სევდას, რომ მყავდეს შინ ცხოველი, იქ შესვლით ვიქარვებ ხოლმე. თან მომწონს ხალხი, რომელიც ცხოველების მიმართ სიყვარულს ღიად აფიქსირებს და კარგ საქმეებზე ჰყვება – როგორ პატრონობენ, იცავენ ძაღლმჭერებისგან, უვლიან როგორც საკუთარ, ისე თავშესაფრების ცხოველებს. ერთი გუნდია, შეკრული. სამწუხაროდ იქ სევდიანი ისტორიებიც იდება – მიტოვებული ძაღლებისა, რომლებისთვისაც ერთობლივი ძალებით ეძებენ ახალ პატრონებს და ხშირად პოულობენ კიდეც.

ამას წინათ ერთი ლეკვის ამბავი გავრცელდა, ფოტოთი. ქუჩაში უნახავს ჯგუფის წევრს. მე იმ ფოტოს კარგად ვერ დავაკვირდი, იმდენად მძიმე სანახავი იყო. ვეტერინარის კომენტარი კი წავიკითხე – როგორც ჩანს, ვიღაცას ისე ამოუკრავს ლეკვისთვის წიხლი, რომ ცხვირი ახეული აქვს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – თავის ქალას მოცილებული. დღეს გაუკეთეს ოპერაცია და ყველა იმედს იტოვებს, რომ გადარჩება. 

და რატომ ვწერ აქ:
ხომ შეიძლება ვინმე ისეთი ადამიანიც კითხულობდეს ჩემს ბლოგს, ვისაც არ უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით უსახლკაროები და მათი დანახვისას ხელ-ფეხს ვერ აჩერებს?
ჰოდა,
ვინმე ისეთო ადამიანო,
რომ გიცნობდე, არასდროს გაპატიებდი სისასტიკეს და აღარასდროს გავამჟღავნებდი, რომ გიცნობ. ვისურვებდი, ყველამ ასე იფიქროს შენზე. 

- - - - - -
ნეტში ამ ლეკვის ფოტოები გავრცელდა. ახლა უკვე ისე გამოიყურება, რომ თვალის გასწორებაც შეიძლება მისთვის. სამწუხაროდ, კბილები ასე დარჩება. 

Monday, October 8, 2012

პარალელური სიზმრები

კარგია ის დღე, როცა დედა მესიზმრება – ენერგია მიბრუნდება, ვიღიმი და წინ ვიყურები. დედას სიზმრად როცა ვხედავ, ან მეხმარება ან მეფერება. დილას, მაგალითად, გამაღვიძა, როგორც ხდებოდა ხოლმე ცხადში. რაც მარტო ვარ, თავის დროზე გაღვიძება და დაძინება ჩემი გადაუჭრელი პრობლემაა. ნუ, "თავისი დრო" პირობითია, ჩემთვის ოპტიმალურს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ჰოდა, დილას გვერდით მეჯდა და მითხრა, რომ უკვე გვიან იყო, ავმდგარიყავი და მეჭამა. მე კიდევ წუხანდელი ამბის მოყოლა დავუწყე,  თუ როგორ გავაკეთე ე. წ. აჯაფსანდალი ბადრიჯნის გარეშე. ეგ იმ მარტივი მიზეზით, რომ ბადრიჯანი არ მქონდა. გემრიელი გამოვიდა-მეთქი და მიღიმოდა. მოკლედ, ცაიტნოტზე გავიღვიძე, სიზმრად ნახსენები უსახელო საჭმელი ვჭამე და სამსახურში დავიგვიანე.
კულინარობა ჩემი "ახალი" ცხოვრების ახალი ფურცელია და ძალიან შემოქმედებითი. ადრე არ მიწევდა საჭმლის მომზადება, ყოველთვის მზად მხვდებოდა და მხოლოდ მაშინ ვიდექი ქურასთან, თუ ვეხმარებოდი დედას ან რაიმე კონკრეტულის გაკეთების ხასიათზე მოვდიოდი. ახლა ყოველ საღამოს ვფიქრობ "ხვალ რა ვჭამო". ამაზე არფიქრმა ცუდ შედეგამდე მიმიყვანა და დავიწყე. ხანდახან სამუშაო დღის ბოლოს ვმაზოხისტობ –  ფოტოებიან რეცეპტებს ვგუგლავ. დედას და ბებიას არაჩვეულებრივი რეცეპტები მაქვს, მაგრამ დედას ხელნაწერს რომ ვხედავ, ტირილი მინდება, ამიტომ არ ვნახულობ და ვგუგლავ.
შემდეგი ეტაპი ბაზარში და მარკეტში გავლაა. ეს ყოველთვის მომწონდა – ვგულისხმობ მრავალფეროვან დახლებს და ყიდვის პროცესს; აი სიმძიმის თრევა, ცხადია, არ მომწონს, ამიტომ ყოველთვის ცოტას ვყიდულობ. უკვე ვცნობ ბაზრის სტაფს, მაქვს ამოჩემებული წერტილები და ხანდახან ბაჯებისგან კომპლიმენტებსაც ვიღებ. კიდევ რამდენიმე გამყიდველია, რომლებსაც დედასგან კარგი რეკომენდაციები ჰქონდათ. მაგალითად, ყველის გამყიდველი ლელა. მეც სულ მისგან ვყიდულობ ყველს და არასდროს გაუცრუებია იმედი ხარისხის მხრივ.
და რას ვამბობდი, კულინარია შემოქმედებითი პროცესია-მეთქი. გემოების შეხამება, ჯერ წარმოდგენით და მერე ცდა, ხელთ არსებული პროდუქტებით მომზადება და ა.შ. მგონია, რომ რეცეპტები ეს ისეთი კანონებია, რისი დარღვევაც, საგზაო წესებისგან განსხვავებით, თავისუფლად შეიძლება, თუმცა არის დღეები, როცა არაფერი მინდა და, მით უმეტეს, დღეს/ხვალ რას ვჭამ – არ მაინტერესებს.

ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ პარალელური სამყაროების არსებობაზე. ძალიან მაწყობს, არსებობდეს ეგეთი რამ. აი აქ ხომ ასეთი უაზრო აწმყო მაქვს და იქნებ სადღაც ჯერ სულ პატარა ვარ, სადღაც – ჩაჩანაკი და საინტერესო ცხოვრებაგავლილი; მამა და დედაც  სადღაც გრძელდებიან და ყველა ის ადამიანი, ვინც მიყვარს, სხვაგანაცაა. იქნებ იქ სხვა შანსები გვაქვს, იქნებ რაღაც უკეთ არის, ან პირიქით, აქ უნდა ვიყო მადლიერი იმისა, რაც და როგორც ხდება. იქნებ სიზმრებში იმიტომ ვხედავ ჩემს მშობლებს და თან ისე, თითქოს არც არსად წასულან, რომ სწორედაც რომ არ წასულან?
ბავშვებს ხომ ჰყავთ ხოლმე წარმოსახვითი მეგობრები, მე ეს რამდენიმე თვეა წარმოსახვითი დედა მყავს. განსაკუთრებით მანქანით მგზავრობისას – ყოველთვის არის ჩემი უჩინარი მგზავრი. და ეს კარგი გრძნობაა – სულ მგონია, რომ უსაფრთხოდ ვივლი. ამასობაში რისკიანი მძღოლი გავხდი, სისწრაფის მოყვარული. რამდენადაც ტრასაზე მიღებული ადრენალინი მომწონს, იმდენად ვერ ვიტან თბილისის საცობებში ხოხვას და "შემოქმედებით" მძღოლებთან ურთიერთობას, ამიტომ ვერიდები კიდეც.
მთელი ეს თვეები არაფერი წამიკითხავს, ამას წინათ კუტზეეს "სირცხვილი" ვიყიდე. აი, ეგაც მნიშვნელოვანი ამბავი იყო, წიგნის მაღაზიაში რომ შევედი – აქამდე გული არ მიმიწევდა. ჰოდა ეს "სირცხვილი" ორი კვირაა თაროზე მიდევს სხვა წაუკითხავებთან ერთად და, თუ არ დამავიწყდა, ხვალ გზაში წავიყოლებ, იქნებ დავიწყო.

პ.ს. აზრზე არ ვარ, რატომ მომინდა ასეთი წვრილმანების მოყოლა. მადლობა ბოლომდე მოსმენისთვის. 

Friday, October 5, 2012

"ვერ ვნახე, დაკარგულიყო"

მეორე დღეა, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ხეებზე გაკრულ, თაბახის ფურცლებზე მსხვილი შრიფტით ამობეჭდილ საპროტესტო პლაკატებს ვხედავ:


"მინდა წიგნის კითხვა"
"მაქვს ბიზნესშეხვედრა"
"მინდა გართობა"
"მინდა განტვირთვა"
"მინდა ცოცხალი მუსიკა" 
თითოეული მათგანი დაწყვილებულია ასეთივე ამონაბეჭდ პლაკატთან:
"ვეძებ მყუდრო ადგილს"

მე მომეწონა ეს ჩუმი და თან მყვირალა საპროტესტო აქცია, როგორც მინიაქციის ფორმა, თავისი ბევრისმთქმელი შინაარსით: მილიონნახევრიან ქალაქში, სადაც თითქმის ყოველ 10 მეტრში გასართობი დაწესებულებაა გახსნილი და რომლებშიც, თავისთავად, არის მაგიდებიც, საკვებიც, მუსიკაც, ადამიანები (თუნდაც გარკვეული  ნაწილი) ვერ ახერხებენ ვერც განტვირთვას, ვერც საქმეზე მშვიდად მსჯელობას, ვერც წიგნის კითხვას. როგორც ჩანს, ქალაქში სიმყუდროვე იძებნება. იქნებ თბილისის კაფე-რესტორნებიც ჩაერთონ მის ძებნაში და იპოვონ. პლაკატები მათი კარების წინ მდგომ ხეებსაც ამშვენებს. ისე კი, მყუდრო გარემო მგონი ყველგან დეფიციტურია.
                                      
                                      

რაც გრძელ სიტყვად მინდოდა...

ორკვირიანი მძიმე ინფორმაციულ-ემოციური წნეხის მოდუნების მერე აღმოჩნდა, რომ სიტყვები ისევე არ მაქვს ბლოგის საწერად, როგორც ამ ორი კვირის მანძილზე. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა:
~ ვგმობ ძალადობას;
~ მიხარია, რომ ცივილურ ერს დავემსგავსეთ – ხალხს ხმა აქვს და დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას შეუძლია დამარცხების აღიარება;
~ მეშინია ქვეყნის მომავლის, რომელიც ამ ეტაპზე გაურკვეველი ჩანს;
~ როგორც ყოველთვის, არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ მხარეს, რადგან ეს ჩემთვის ჩარჩოში მოქცევას ნიშნავს და, შესაბამისად, აზრის თავისუფლად გამოხატვის შემზღუდველია;
~ მინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება.