Friday, April 19, 2013

19

მომწონს უბრალო ადამიანების მოსმენა. ისინი ყვებიან ამბებს თავიანთი წარსულიდან, ზოგს – თავმომწონედ, ზოგს – მხოლოდ შთაბეჭდილების გაზიარების მიზნით. მათი შეხედულებები პოლიტიკაზე, კარგ ადამიანობაზე ან უბრალოდ, ყოველდღიურობაზე ყოველთვის საინტერესოა, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა. ჩემთან ენაწყლიანობენ, შეიძლება იმიტომ, რომ ყურადღებით მოსმენა მახასიათებს, თავად კი ბევრს არ ვლაპარაკობ. დღეს მაგალითად, ერთი შემოსწრებული ადამიანისგან, რომელიც თურმე დღიური სამუშაოს გამო მთელ საქართველოში დადის და მეზობელ ქვეყანაშიც ყოფილა, მოვისმინე: რამდენიმე დღის წინ კახეთის აზერბაიჯანულ სოფელში როგორ რეაგირებდნენ უეცარ სეტყვაზე; რა ხდება ქუთაისში, ჩინელების ნაყიდ ქარხანაში და როგორ ელიან ჩეჩნეთში გზაზე გამოსული ქალები ავტობუსს – თურმე ისინი იცუცქებიან ჩვენებური ე.წ. ძველი ბიჭებივით. კაცები იგივეს აკეთებენ გზის გადაღმა და არასდროს ქალების გვერდით. კინო თუ ფოტოკადრივით წარმოვიდგინე. კიდევ მოვისმინე ამბები ჩემი მშობლების თაობის ადამიანებზე, მათ შორის – ნაცნობებზე, რამაც ბავშვობისდროინდელი ეპიზოდები გამახსენა.

დედას ფიკუსმა ორ კვირაში ორი ფოთოლი გამოიტანა. არ ვიცი, როგორი სისწრაფით იზრდებიან ფიკუსები ზოგადად, მაგრამ თუ ამ ფიკუსის წარსულით ვიმსჯელებ, მისთვის დიდი შედეგია. ვაშლის ნერგი, რომელიც შარშან ერთად დავრგეთ და ჯერ ერთი  მეტრიც არ არის სიმაღლეში, აყვავდა; მინდოდა ატირებული ვაზის გადაღებაც, მაგრამ კამერა დამიჯდა. ბოლო დროს სულ მცენარეებზე ვწერ, ცალკე ბლოგიც კი გავხსენი მათზე, მაგრამ სასიცოცხლო ენერგიას მაძლევენ და გვერდს ვერ ვუვლი.

დღეს დედას დაბადების დღეა. დღის მეორე ნახევარი სასაფლაოზე გავატარე. ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობის გამო თითქმის ორი თვე თავს ცუდად ვგრძნობდი – რასაც ჩავრთავდი, ყველაფრიდან ეს თარიღი მესმოდა და სევდაც მუდმივად დამდევდა. საერთოდ, აპრილმა, თავის მხრივ, სიმძიმე და იმედგაცრუება მომიტანა. შეიძლება ითქვას, ყოველდღიურობით ვცხოვრობ, არანაირი ხედვა და გრძელვადიანი გეგმა არ მაქვს.

Tuesday, April 9, 2013

მიუწვდომელი ბ პუნქტი

გქონიათ შენობის ნოსტალგია? აი მე მაქვს. დღემდე, როცა რკინიგზის დეპარტამენტის შენობას ჩავუვლი, მინდება შევიდე შიგნით, ავიდე მეორე სართულზე, გავიარო გრძელი, მიხვეულ–მოხვეული დერეფანი და მოვძებნო ოთახი, რომელშიც ბავშვობაში ხშირად მივყავდი დედას – თავის ბიძასთან სტუმრად. არ ვარ დარწმუნებული, რომ დამოუკიდებლად მივაგნებ კონკრეტულ ოთახს, თუმცა ვინ იცის. ერთადერთი, ვიცი ის, რომ ეს რკინიგზის პროფკავშირების ოთახი იყო.
მახსოვს ამ ლაბირინთულ დერეფნებში (მაშინ ასე აღვიქვამდი) ჩამომდგარი სუნი, ფერადი ფანქრები, რომლებსაც მჩუქნიდა ძია მიშა, სიყვარული, რომლითაც მიღებდნენ ის და მისი თანამშრომლები.
აი ახლა, რომ მივიდე იქ და ვუთხრა, უბრალოდ შენობის დათვალიერება მინდა–მეთქი, არ მგონია, შემიშვან. რომ ვუთხრა – ნოსტალგიის გამო მივედი, ნორმალურად არ ჩამთვლიან :) გარეგნულად ეს შენობა არ შეცვლილა, ისევ ისეთია. იქნებ შიგნითაც, რა ვიცი.
უცნაურია, სკოლის შენობის მიმართ არ მაქვს ეს განცდა. ცოტათი ვიგრძენი უნვერსიტეტის მიმართ, ამას წინათ დამესიზმრა კიდეც. ჩემი ძველი სახლი ჯერაც ძალიან მასევდიანებს, ასე რომ, ვერიდები. მაინტერესებს რამდენიმე სოფლის ნახვა,  ასევე იმ ქალაქებისა და გზების, ბავშვობაში რომ ვყოფილვარ. ორი წლის წინ, წლების მერე, სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა რომ ვნახე, ძალიან განვიცადე... მაგრამ ეს რკინიგზის დეპარტამენტის შენობა მაინც სხვაა, "ცხვირწინ" არის და როცა გვერდს ვუვლი – ხან ტრანსპორტით, ხან ფეხით – ყოველთვის შესვლის სურვილი მიჩნდება. 

Wednesday, April 3, 2013

ფროიდის ნისლი და გაზაფხული

ერთი თვე რომ არაფერს წერ, ცუდია; მაგრამ, როცა ნახულობ ბლოგის სტატისტიკას და ერთგული მკითხველები მაინც გყავს, გიხარია და თან გული გწყდება, რომ მათ მოლოდინს უცრუებ. წინა ჩანაწერის მერე უკეთესი ცვლილებები მაქვს: სიახლე სამსახურში, შესაბამისად – ახალი საქმის ათვისება და ხედვის ჩამოყალიბება; გაცილებით სოციალური გავხდი – შეძლებისდაგვარად გადავლახე მორიდება და მიკროფონს და კამერას ვუმეგობრდები; ვკითხულობ წიგნებს და ვწერ მათზე; ჩემი ბაღი უფრო მოვლილია, მე – ისევ გამოუძინებელი, თუმცა სიზმრებიანი. ბოლო დროს სიზმრების გამო ცუდადაც ვიყავი. დედა მესიზმრება, ძალიან ცხადად, შეგრძნებებით სავსე ვიღვიძებ და მერე უმისო რეალობის მიღება მიჭირს.
ბოლო დღეებში კიდევ ერთმა სიზმარმა გამახსენა თავი; მეგობრისთვის – ამ სიზმრის მთავარი გმირისთვის არ მომიყოლია. სიზმრად თავდაუჯერებელი გზაზე გადამიყვანა და ცხადშიც გვერდით დამიდგა. საერთოდ, შეიძლება ვთქვა, ჩემი პარალელური ცხოვრებაა სიზმრები. ხანდახან ვფიქრობ, ბედნიერი ვარ, მათი ნახვა რომ შემიძლია. შემხვედრია ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სიზმარი არასდროს უნახავთ.

ამას წინათ ფროიდის რაღაც ტესტს გადავაწყდი და შევსება დავიწყე. ბოლო კითხვაზე დავწერე: "თვალებს ვხუჭავ. ლამაზია." პასუხების  ანალიზი რომ ვნახე, გავშეშდი – ბოლო კითხვა სიკვდილზე ყოფილა, ანუ როგორი დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ. ამ თემაზე ისედაც თითქმის ყოველდღე ვფიქრობ და ტესტის შევსების მერე რამდენიმე დღე თავიდან ვერ მოვიცილე ფიქრი. ოღონდ ამჯერად სიმძიმისგან დავიცალე. ყველაფერი იმ ლამაზი პეიზაჟის ფონზე დგომას დაემსგავსა, რომელიც დასმულმა კითხვამ წარმომადგენინა.

დედას დაბადების დღე ახლოვდება და ძალიან განვიცდი. საერთოდ, ბევრი თარიღი უკვე ტკივილთან ასოცირდება. ალბათ ცხოვრების გარკვეული ეტაპიდან ყველასთან დგება ეს მომენტი. 
მოკლედ, ორფერია ჩემი გაზაფხული: თან სევდა, ხანდახან რომ მგონია, ვეღარ გავუძლებ და თვალებს მაგრად ვხუჭავ ან თავს გავიქნევ, თითქოს ამით ფიქრებს გავფანტავ; თან  საინტერესო და თბილი. მგონი პოსტიც ასეთი გამოვიდა + არეულ-დარეული. ეტყობა, რომ დიდი ხანია, ჩემზე არაფერი დამიწერია.