Wednesday, June 18, 2014

ცა

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ გინდა ქვეყანაზე რეალური წარმოდგენა შეგექმნას, დედაქალაქის ან რომელიმე მეგაპოლისის გარდა მის რეგიონებშიც უნდა იმოგზაურო, რადგან ასე უკეთ ხედავ ცხოვრების დონეს, ეცნობი ადგილობრივებსა და მათ წეს–ჩვეულებებს, უბრალო, ყოველდღიურ ამბებში მონაწილეობ და არ ხარ მხოლოდ მუზეუმების ან მაღაზიების სტუმარი. ისე მოხდა, რომ ჩემი მოგზაურობა ლიტვაში სწორედ ასეთი აღმოჩნდა, რამაც ძალიან გამახარა.

ვიდრე წავიდოდი, გუგლმეპით დავათვალიერე გზა, რომელიც უნდა გამევლო. რუკა სრულიად მწვანე და ტბებით სავსე სივრცეს მთავაზობდა. მაგრამ ვიდრე მიწაზე დავდგამდი ფეხს, იყო ცა. რომ მთხოვოთ სამი რამის ჩამოთვლა, რაც ჩემთვის ლიტვას ვიზუალურად გამოხატავს, ესენი იქნება: ცა, ტბა და მწვანე ფერი. ლიტვის ცით აბსოლუტურად მოხიბლული დავრჩი – არ ვიცი, ისე როგორ აგიღწეროთ, რომ ბანალურად არ ჟღერდეს. გისურვებთ, ნახოთ. უბრალოდ ვიტყვი, მიწიდან შეხედავთ თუ ციდან, ლიტვის ცა ღრუბლების უამრავი ფენის მიუხედავად ძალიან სუფთა და გამჭვირვალეა.

ცხადია, ცაში აღმოჩენის მიზეზიც უნდა ვთქვა: ლიტვაში, ქალაქ უტენაში, ორ წელიწადში ერთხელ იმართება პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი. წელს ის მეშვიდედ ჩატარდა. გასულ წლებში ფესტივალის ქართველი სტუმრები იყვნენ შალვა ბაკურაძე, დავით რობაქიძე, ბესო ხვედელიძე, დავით მაღრაძე, ნინო სადღობელაშვილი და მარიამ წიკლაური. წელს მე წავედი. ფესტივალის შესახებ მოგვიანებით მეტს მოვყვები, მანამდე ცის ამბები:

ორ აეროპორტში – თბილისსა და ვილნიუსში საპასპორტო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა მგზავრობის მიზნის მოსმენის შემდეგ მკითხეს, ვიცოდი თუ არა ჩემი ლექსები ზეპირად:) მე, ზოგადად, არასდროს მიყვარდა ლექსების დასწავლა, მათ შორის საკუთარისაც. ვიცი მხოლოდ რამდენიმე მინიმალისტური ლექსი. ჰოდა ვთქვი პატიოსნად, რომ არ ვიცოდი. ამის შემდეგ ორივე თანამშრომელმა მთხოვა ჩემი წიგნის ჩვენება. საბედნიეროდ, წიგნი ხელბარგში მქონდა – მგონი ჩალაგებისას გულმა მიგრძნო, რომ დამჭირდებოდა და ჩავდე. ქართველმა თანამშრომელმა წაიკითხა რამდენიმე ლექსი და შთაბეჭდილებაც გამიზიარა კეთილი სურვილების დამატებით; აი, ლიტველმა ატრიალა, ფურცლა, კოლეგას აჩვენა და ბოლოს მოუწია, დაეჯერებინა, რომ ხელში ნამდვილად ჩემი წიგნი ეჭირა:) ამ მოგზაურობის შემდეგ ვფიქრობ, ერთი რომელიმე ლექსი სამგზავრო საჭიროებების გამო საგანგებოდ ხომ არ დავისწავლო:)

თბილისი ჩემი ფრთის ქვეშ :)
ცაში ორი წიგნის კითხვის დაწყებაც მოვასწარი – ერთი მათგანი მეგობარმა გამატანა, მეორე თბილისის წიგნის ფესტივალზე ვიყიდე სწორედ იმ დღეებში, როცა საჭირო საბუთებს ვაგროვებდი და მისი ცაში დამგზავრებაც მაშინ გადავწყვიტე. იმედია, ამ ორ წიგნზე შესაბამის ბლოგზეც დავწერ – ჯერ ვკითხულობ.

ვილნიუსის აეროპორტი
წამოსვლისას ერთ სახალისო ამბავს შევესწარი – ჩემი რეისის შავ-თეთრზოლებიან  მაისურში ჩაცმულმა მგზავრმა შეამჩნია, რომ მოსაცდელ დარბაზში სხვა "ზოლიანებიც" იყვნენ და ყველას შესთავაზა სამახსოვრო ფოტოს გადაღება. იდეა მაშინვე აიტაცეს და იყო ერთი მხიარულება:)

ზოლიანები აფრენამდე:)

პ. ს. ლიტვურ, მიწის ამბებს სავარაუდოდ ხვალიდან მოვყვები:)

8 comments:

Tina Nadiradze said...

ოოო, ძალიან კარგი ამბებია! ველი გაგრძელებას ! :)

Rode said...

ზოლიანების ამბავი :)
ანუ თბილისი მაღლიდან ძან ხრიოკი ჩანს ხო? ეჰ :/
ლიტვის ცას არ გადაუღე ფოტო?

Keti said...

@ თიკო, საღამოს ვგეგმავ:)

@ როდე, გადავუღე, მაგრამ უხარისხო აღმოჩნდა. მიწიდან გადაღებულ ფოტოებს დავდებ შემდეგ პოსტებში :)

Toma said...

zolianebis ambavi da zoliani surati momecona :)

mesazgvreebi ar mevasebian :D
gansakutrebit turkebi, ai gushin chamofrenisasa vigac mgavrs ushtvenda mesazgvre :D :D :d

kartvelebic arian ra. mesazgvre mekitxeba shvedetis mokalakeoba rodis miigeo. gushin ra vchame is ar maxsvs da mokalakeoba romel tveshi mivige is rogor memaxsovreba. varaudze vuasuxe da scori agmochnda :D

Keti said...

ტომა, ისეთი უცნაური კითხვები ჰქონდათ ამათაც, განსაკუთრებით ვილნიუსში :) ამ კითხვა–პასუხში დამაგვიანდა ქვემოთ ჩასვლა და ვინც უნდა დამხვედროდა, ისე შეშფოთდა, სად არისო, რომ საქართველოში დარეკა :D

Janri Gogeshvili said...

გამარჯობა ქეთი
წრფელი და მიმზიდველი თხრობა, მართლაც რომ კეთილი და საიმედო მეგზურია მეგობარი ქვეყნის ”სულისა” და ყოფის შესაცნობად.
გილოცავ წარმატებას, გიმრავლოს… (ვფიქრობ, ”შენობით” მომართვა, როგორც შენი ბლოგის ”უხუცეს” მკითხველს ფამილიარობაში არ ჩამეთვლება).
და რადგან ლიტვასთან, ჩემთვის გამორჩეული ურთიერთობა მაკავშირებს. ვიფიქრე, იმ შთაბეჭდილებებს, თავისებური სახით ესეც თუ შეემატება არაფერი დაშავდება მეთქი.
ეს პაულიუს იოდიშიუსია.Paulius Juodišius (Lietuva) / პაულიუს იუოდიშიუს (...http://janrigogeshvilijuansher.blogspot.com/2010/05/paulius-juodisius.html ცნობილი ლიტველი ავტორი და ილუსტრატორი. (დედით ქართველი) იქნებ, ვინმე დაინტერესდეს და ქართველ ავტორებთან ერთად ერთობლივი წიგნის გამოცემაც მოხერხდეს…
ისევ და ისევ კეთილი სურვილებით…

Keti said...

ბატონო ჯანრი, დიდი მადლობა გამოხმაურებისა და კეთილი სურვილებისთვის!

პაულიუს იუოდიშიუსის შესახებ, სამწუხაროდ, არ მსმენია და მადლობა ლინკისთვის, აუცილებლად გავეცნობი. საქართველოში წელს პირველად ჩატარდა ლიტვური პოეზიის ფესტივალი და იქნებ მომდევნო წლებში მის თარგმანებსაც გავეცნოთ.

ასევე კეთილი სურვილებით...

Lord Vader said...

მეზღვაურები ცაში