Sunday, April 20, 2014

ჩემი ცხვარი

საძერწი თიხა იდეაში აქსესუარებისთვის ვიყიდე და ისე მოხდა, რომ პარასკევს აი ეს შემომეძერწა. განწყობა მქონდა ასეთი. ახლა გაშრა და აკრილით შევღებავ. მანამდე ჩიტები გავაკეთე და მათ, როცა მანქანაში დავაბინავებ, მერე გაგაცნობთ. ახლა რომ ვფიქრდები, ჩიტები და ცხვრები ჩემთვის განსაკუთრებული არსებებია. ჰოდა აღარ მიკვირს, ჯერ ისინი რომ გამოვძერწე სამკაულების ნაცვლად – როგორ, ამას ალბათ  მნიშვნელობა არ აქვს.



Monday, April 7, 2014

დაბალი ღობეები

დაახლოებით ერთი–ორი თვის წინ სადღაც წავიკითხე, მოსწავლეთა სასახლის წინ სკამი გაუტეხავთო. წიგნის დასატოვებლად რომ ავუყევი რუსთაველის გამზირს, ეს ფოტოები მაშინ გადავიღე – უკვე თითქმის ყოველი მეორე სკამი უმოწყალოდ არის დამსხვრეული. ამას ემატება რკინის მოგლეჯილი ღობეები. შეუძლებელია ასეთი მასიური სკამი ან ღობე შემთხვევით გატყდეს. არ მიკვირს, რომ აგრესიული ხალხი არსებობს, რომლებიც "დაბალ ღობეს" ეძებენ საკუთარი უუნარობის თუ უიღბლობის გადასაბრალებლად, მაგრამ მიკვირს, კამერებით სავსე ქუჩებში რომ ვერცერთხელ დაფიქსირდა დამნაშავე.





Thursday, April 3, 2014

მოხეტიალე წიგნები

ორი წლის წინ მქონდა პოსტი "წიგნის სიყვარულის გასავრცელებლად", სადაც ვწერდი მსოფლიოში ერთ–ერთ პოპულარულ მოძრაობაზე – "ბუქქროსინგზე"... და აი, რაღაც ასეთი ჩვენთანაც გაჩნდა: სამი დღეა, თბილისში (და უკვე არა მხოლოდ თბილისში) მოხეტიალე წიგნების ბუმია. მინაწერებიანი წიგნები მთელ ქალაქს მოედნენ. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. საერთოდაც, რაც წიგნების პოპულარიზაციას უკავშირდება, ყველაფერი მომწონს. წიგნისმოყვარულთა კლუბში რამდენიმე კითხვის ვირუსით დაავადებულის შემომატებაც დიდი საქმეა :) თან ძლივს, ამ დაძაბულ ყოველდღიურობაში რაღაც პოზიტიური ამბავიც გავრცელდა: უხარიათ გამჩუქებლებს და უხარიათ მპოვნელებს. მით უმეტეს, სულ კარგ წიგნებს იმეტებენ, ისეთებს კი არა, რომლებიც ეზედმეტებათ. ჰოდა, ორმაგად, სამმაგად, ათმაგად მომწონს. გუშინ ვკითხულობდი ერთ–ერთი თანამედროვე ავტორის ემოციურ კომენტარს უცნობი მპოვნელისგან გამოხმაურების მიღების შემდეგ. მოკლედ, ყველა მხრივ დადებითი აქცია მგონია. რაც შემეხება მე: არ ველოდი, თურმე ასეთი ფორმით წიგნის გაშვება ძალიან ამაღელვებელი ყოფილა – ორი დღეა ვფიქრობ, ვის დაემგზავრა და სად მოუწევს კიდევ მარტო დარჩენა ჩემს კრებულს :)