Thursday, June 26, 2014

ალაუშასი

ამ პოსტს მთლიანად ალაუშასს მივუძღვნი. ტბაზე ბორანით სასეირნოდ ღრუბლიან და ცივქარიან დღეს გავედით. წასვლამდე ცოტა ხნით კომპს მივუჯექი და ეკრანზე გამოტანილი ამინდის პროგნოზის გამო ზუსტად მახსოვს ტემპერატურაც – 12 გრადუსი. ყველაზე ცივი დღე იყო ჩემი იქ ყოფნის მანძილზე. როგორც წინა პოსტში გითხარით, ალაუშასი რეგიონის ყველაზე დიდი ტბაა. დავამატებ იმას, რომ ძალიან სუფთაა; ღრმაც არ არის – თურმე ტბის შუაგულში არსებულ კუნძულამდე  ფეხით მისვლაც შესაძლებელია. ჰო, მიუხედავად სიცივისა, ადგილობრივები ტბაზე საბანაოდ იყვნენ ჩასულები, მე კიდევ მათ ბორანიდან გავცქეროდი და კიდევ უფრო მციოდა. არადა, სამშობლოში სულ ჩემს არამცივანობას აღნიშნავენ:) 

 
მეთევზეები – ჩემი აზრით, ცოლ–ქმარი იყვნენ
 
როგორც მითხრეს, სიღრმეში მდგარი სახლი შეიძინა იქაურმა ბიზნესმენმა და შემოქმედებს უთმობს – მხატვრებს, მწერლებს, როგორც ღონისძიებების გასამართად, ისე სამუშაოდ
ეს ტბისპირას მდგარი სკამი ისე მომეწონა, ისე!... სამწუხაროდ, დაღამებისას  ვნახე და იქამდე მისასვლელი გზის გასარკვევად დრო არ მქონდა. სიამოვნებით დავჯდებოდი და ვუყურებდი მზის ჩასვლას
ჩვენი ბორანი პარკინგის ადგილზე, მზის ჩასვლისას
ვახსენე და... მზე შემდეგი პოსტის თემა მინდა იყოს. არ გეგონოთ, რომ ცოტა მაქვს მოსაყოლი:)

Tuesday, June 24, 2014

ტბების მხარე

დღეს უტენას ოლქზე მინდა დავწერო – ჩემთვის, უბრალოდ, ტბების მხარეზე. ვილნიუსიდან ორსაათნახევარი ვიმგზავრეთ. მთელი გზა ვიბრძოლეთ ღამენათევმა მემ და ძილმა და მაინც არ დავნებდი. ჰოდა, რა ხდებოდა გზაში: როგორც მძღოლს, გზებისა და მანქანების ამბებიც მაინტერესებდა. ვიმგზავრეთ არა ავტობანით, არამედ ჩვეულებრივი ორმხრივი გზით, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ-ში იყო დაშვებული (ავტობანებზე, ზამთარ-ზაფხულის სეზონების შესაბამისად, 110-130 კმ/სთ სიჩქარით შეიძლება მოძრაობა). ვიდრე ამას გავიგებდი, ვფიქრობდი, რა მშვიდი და წესრიგის მოყვარულები არიან ლიტველი მძღოლები-მეთქი. წესრიგის მოყვარულები ნამდვილად არიან, მაგრამ ჯარიმებსაც საკმაოდ უფრთხიან. ჩემთვის უხილავი რადარების წყალობით სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 100 ლიტიდან იწყება, რაც დაახლოებით 30 ევროა. ლიტვაში ავტოპარკი ჩვენზე უკეთესი აქვთ; ჩვენი მძღოლის თქმით, ყველაზე იაფად 8-9 წლის მანქანებს იყიდით.
გზისპირები კი, აი ასეთი იყო:
 
 
ლიტვურ სოფლებში ყველა სახლი (ძველი თუ ახალი აშენებული) მსგავსი არქიტექტურის არის, უმეტესად თეთრი ან ყვითელი, შემოუღობავი. ყველა მათგანს გვერდით უდგას ცელოფნით ან შუშით გადახურული პატარა სათბური. შეიძლება ტყისპირად მხოლოდ ერთი, ან ორი-სამი  სახლისგან შემდგარი დასახლება შემოგხვდეთ; მინდვრები უმეტესად დაუმუშავებელია (თუ არ ვცდები, უნაყოფო), თუმცა ამ შესანიშნავ საძოვრებზე საქონელსაც იშვიათად დაინახავთ. როგორც ამბობენ, ხალხი მესაქონლეობას აღარ მისდევს, რადგან ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის გასაღების საშუალება არ აქვთ. ამიტომ ჰყავთ თითო-ოროლა ცხენი, ან ძროხა – მხოლოდ ოჯახის საჭიროებისთვის.
არ შემიძლია, სასაფლაოს ფოტოც არ დავდო. ორი დღის მანძილზე რამდენჯერმე ავუარეთ გვერდი ამ მყუდრო და ლამაზ სასაფლაოს. მე მგონია, რომ სასაფლაოს, როგორც კულტურის ნაწილს, ადგილობრივებზე ძალიან ბევრის თქმა შეუძლია.


 სუდეიკიაი

სუდეიკიაის სახელი, როგორც მითხრეს, დამარილებულ თევზს უკავშირდება. რეგიონის ყველაზე დიდი ტბა ალაუშასიც აქ არის, რომელსაც კიდევ ორი მცირე ტბა უერთდება  (გარს შემოსავლელად 22 კილომეტრის გავლა მოგიწევთ). ესაც ტიპური ლიტვური სახლები და ეზოები:
ყვითელ სახლებს მომდევნო პოსტებშიც მივუბრუნდები
დასახლების კულტურის სახლი და მის წინ აღმართული თევზებიანი დროშა.
როგორც აფიშებიდან ჩანდა – მოწყენილები არ არიან
 
ბოსტნები ქუჩის პირას, ცხადია, შემოუღობავი.
ჩვენნაირი რკინა–ბეტონის გალავნები ლიტვაში არსად მინახავს; თუ მაინც და მაინც, გაზონებს სჯერდებიან.
 
ერთადერთი ეზო, სადაც ვაზი ვნახე. მანამდე მეგონა, რომ ლიტვაში ვაზი არ ხარობს:)

ვფიქრობდი, ტბა ალაუშასზეც აქ მომეყოლა, მაგრამ მგონი ძალიან გრძელი პოსტი გამოდის, ამიტომ ხვალისთვის გადავდებ.


Friday, June 20, 2014

ვილნიუსი

ვილნიუსისთვის ცოტა დრო მქონდა – ორ-ორი საათი ჩასვლისა და წამოსვლის დღეებში. მხოლოდ ცენტრალური, ძველი ქალაქის რამდენიმე ქუჩა მოვიარე, დანარჩენი უკვე მანქანიდან დავათვალიერე. პირველი, რაც განსაკუთრებით თბილისიდან ჩასულს შეიძლება თვალში მოხვდეს – მანქანების რაოდენობაა – ვილნიუსში ძალიან ცოტა მანქანა დადის. ადამიანებიც ცოტანი არიან. როგორც მოგვიანებით მასპინძლებმა დანანებით თქვეს – სამი მილიონი ლიტველიდან მილიონამდე ადამიანი ქვეყნიდან წასულია, ძირითადად ახალგაზრდები. ვილნიუსის ქუჩები ფართოა, ცენტრისგან განსხვავებით ახალ უბნებში და გარეუბნებში გაცილებით მეტი მოძრაობაა, თუმცა უსაცობო. ძველი ქალაქის ფეხით მოსავლელად ორი-სამი საათი გეყოფათ – სულ სამი-ოთხი მთავარი ქუჩაა – საყვარელი სახლებით, ბევრი ღია კაფით, ეკლესიებით, ყვავილებით სავსე. ახალი შუშის შენობები 20+ სართულით მხოლოდ ე. წ. ახალ ქალაქშია აშენებული, ცენტრში კორპუსებიც მაქსიმუმ 6 სართულიანია. ძველი ქალაქის ზოგიერთი ქუჩა ჩვენს ვორონცოვის მიმდებარე ქუჩებს მაგონებდა. ყველაზე მთავარი ჩემთვის – ვილნიუსი ძალიან მწვანე ქალაქია – ტყეებიან-პარკებიან-სუფთა ჰაერიანი. ტყეებს რომ ვამბობ, არ ვაჭარბებ და საერთოდ, ქალაქი ისეა აშენებული, რომ გჯერა, არცერთი ხე არ გაუჩეხავთ ამისთვის.
წინა პოსტისთვისაც გამოდგება ეს ფოტო – ცის გამო

 
 
ახალი ქალაქი მხოლოდ მანქანიდან ვნახე
ეს ვილნიუსის ყველაზე ხალხ და მანქანამრავალი უბანი იყო. ჩვენი არ იყოს, ძეგლების გადაადგილება იქაც სცოდნიათ – მძღოლის თქმით, ხიდთან დამონტაჟებული ძეგლები რამდენჯერმე შეცვალეს:)
 
 
 
 
 

ცოტა პრაქტიკული ინფორმაცია და რჩევები:
ვილნიუსში დადის ტროლეიბუსი და ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი, როგორც ასეთი, არ დამინახავს. არც ტაქსები დადიან მგზავრის აყვანის მიზნით, როგორც ჩვენთან ხდება. ტაქსი ან უნდა გამოიძახოთ, ან სპეციალურ, ტაქსებისთვის განკუთვნილ მოედანზე მიაკითხოთ. ბენზინი დაახლოებით 1,35 ევროს ექვივალენტი ღირს, შესაბამისად ტაქსიც ძვირია. ვილნიუსში შეგიძლიათ იქირავოთ ველოსიპედიც. თბილისივით ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბანკის ფილიალი არ შეგხვდებათ – ამიტომ ფული ან წასვლამდე უნდა გადაახურდავოთ, ან ვილნიუსის აეროპორტში არსებულ პუნქტებში, სადაც ყოველი რეისის ჩამოსვლის შემდეგ გრძელი რიგები დგება. მე ბანკის მოძებნამ მომიწია და აღმოჩნდა, რომ ბანკში სალარო ცალკე არ ჰქონდათ – ოპერატორები ითავსებენ ყველა საქმეს, ეს კი მეტ დროს გაკარგვინებთ.


Wednesday, June 18, 2014

ცა

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ გინდა ქვეყანაზე რეალური წარმოდგენა შეგექმნას, დედაქალაქის ან რომელიმე მეგაპოლისის გარდა მის რეგიონებშიც უნდა იმოგზაურო, რადგან ასე უკეთ ხედავ ცხოვრების დონეს, ეცნობი ადგილობრივებსა და მათ წეს–ჩვეულებებს, უბრალო, ყოველდღიურ ამბებში მონაწილეობ და არ ხარ მხოლოდ მუზეუმების ან მაღაზიების სტუმარი. ისე მოხდა, რომ ჩემი მოგზაურობა ლიტვაში სწორედ ასეთი აღმოჩნდა, რამაც ძალიან გამახარა.

ვიდრე წავიდოდი, გუგლმეპით დავათვალიერე გზა, რომელიც უნდა გამევლო. რუკა სრულიად მწვანე და ტბებით სავსე სივრცეს მთავაზობდა. მაგრამ ვიდრე მიწაზე დავდგამდი ფეხს, იყო ცა. რომ მთხოვოთ სამი რამის ჩამოთვლა, რაც ჩემთვის ლიტვას ვიზუალურად გამოხატავს, ესენი იქნება: ცა, ტბა და მწვანე ფერი. ლიტვის ცით აბსოლუტურად მოხიბლული დავრჩი – არ ვიცი, ისე როგორ აგიღწეროთ, რომ ბანალურად არ ჟღერდეს. გისურვებთ, ნახოთ. უბრალოდ ვიტყვი, მიწიდან შეხედავთ თუ ციდან, ლიტვის ცა ღრუბლების უამრავი ფენის მიუხედავად ძალიან სუფთა და გამჭვირვალეა.

ცხადია, ცაში აღმოჩენის მიზეზიც უნდა ვთქვა: ლიტვაში, ქალაქ უტენაში, ორ წელიწადში ერთხელ იმართება პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი. წელს ის მეშვიდედ ჩატარდა. გასულ წლებში ფესტივალის ქართველი სტუმრები იყვნენ შალვა ბაკურაძე, დავით რობაქიძე, ბესო ხვედელიძე, დავით მაღრაძე, ნინო სადღობელაშვილი და მარიამ წიკლაური. წელს მე წავედი. ფესტივალის შესახებ მოგვიანებით მეტს მოვყვები, მანამდე ცის ამბები:

ორ აეროპორტში – თბილისსა და ვილნიუსში საპასპორტო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა მგზავრობის მიზნის მოსმენის შემდეგ მკითხეს, ვიცოდი თუ არა ჩემი ლექსები ზეპირად:) მე, ზოგადად, არასდროს მიყვარდა ლექსების დასწავლა, მათ შორის საკუთარისაც. ვიცი მხოლოდ რამდენიმე მინიმალისტური ლექსი. ჰოდა ვთქვი პატიოსნად, რომ არ ვიცოდი. ამის შემდეგ ორივე თანამშრომელმა მთხოვა ჩემი წიგნის ჩვენება. საბედნიეროდ, წიგნი ხელბარგში მქონდა – მგონი ჩალაგებისას გულმა მიგრძნო, რომ დამჭირდებოდა და ჩავდე. ქართველმა თანამშრომელმა წაიკითხა რამდენიმე ლექსი და შთაბეჭდილებაც გამიზიარა კეთილი სურვილების დამატებით; აი, ლიტველმა ატრიალა, ფურცლა, კოლეგას აჩვენა და ბოლოს მოუწია, დაეჯერებინა, რომ ხელში ნამდვილად ჩემი წიგნი ეჭირა:) ამ მოგზაურობის შემდეგ ვფიქრობ, ერთი რომელიმე ლექსი სამგზავრო საჭიროებების გამო საგანგებოდ ხომ არ დავისწავლო:)

თბილისი ჩემი ფრთის ქვეშ :)
ცაში ორი წიგნის კითხვის დაწყებაც მოვასწარი – ერთი მათგანი მეგობარმა გამატანა, მეორე თბილისის წიგნის ფესტივალზე ვიყიდე სწორედ იმ დღეებში, როცა საჭირო საბუთებს ვაგროვებდი და მისი ცაში დამგზავრებაც მაშინ გადავწყვიტე. იმედია, ამ ორ წიგნზე შესაბამის ბლოგზეც დავწერ – ჯერ ვკითხულობ.

ვილნიუსის აეროპორტი
წამოსვლისას ერთ სახალისო ამბავს შევესწარი – ჩემი რეისის შავ-თეთრზოლებიან  მაისურში ჩაცმულმა მგზავრმა შეამჩნია, რომ მოსაცდელ დარბაზში სხვა "ზოლიანებიც" იყვნენ და ყველას შესთავაზა სამახსოვრო ფოტოს გადაღება. იდეა მაშინვე აიტაცეს და იყო ერთი მხიარულება:)

ზოლიანები აფრენამდე:)

პ. ს. ლიტვურ, მიწის ამბებს სავარაუდოდ ხვალიდან მოვყვები:)