Friday, September 19, 2014

#bhappy

გუშინ, მთელი დღე თბილისის ზოოპარკში მიმდინარე მოვლენებს ვადევნებდი თვალს და ღამით, როცა ნარკოზის ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ, როგორც იქნა, გაიღვიძა სპილო გრანდმა, თავი ბედნიერად ვიგრძენი. მერე, ძილის წინ ვფიქრობდი, რა გვაგრძნობინებს თავს ბედნიერად; რამდენი წვრილმანი ხდება ყოველდღიურად ჩვენს ცხოვრებაში, რაც პოზიტივით გვავსებს. ამ დროს კი, ადამიანთა უმეტესობას რომ ვკითხოთ, არის თუ არა ბედნიერი, იტყვის, რომ არა. ყველა რაღაც გრანდიოზულის მოხდენას ელის, ბედნიერებად მხოლოდ რადიკალურ პოზიტიურ ცვლილებებს თვლიან.

ადრე ვწერდი მადლიერებაზე – როცა ბლოგზე მექსიკურ რეტაბლოებს ვფენდი – რამდენი წვრილმანის გამო შეიძლება ვიყოთ მადლიერი (და შესაბამისად, ბედნიერი). რაც დრო გადის, უფრო და უფრო მემატება მადლიერების გრძნობა, სწორედ იმ "წვრილმანებისთვის", რაც ყოველდღე ხდება. არ ჩამოვთვლი, რა მაგრძნობინებს თავს უკეთ. თუნდაც გათენებიდან შეიძლება დაწყება. თუ ჩიტებს დავაკვირდებით, ვნახავთ, როგორ უხარიათ მათ გათენება. მგონია, რომ გათენების გამო ყველაზე მადლიერები ჩიტები და მცენარეები არიან. მათგან მაგალითის აღება შეიძლება. მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა: ყოველი დღიდან ნათელი ფერების ამოკრება ჯობს და მათი საშუალებით თუნდაც წარმოსახვაში "რეტაბლოების" ხატვა. როცა მადლიერები ვართ, მეტი გვეძლევა – მეტი ნაწილაკი სასიცოცხლო ენერგიის გამოსამუშავებლად. მთავარია, მათი "ჩავლება" ვისწავლოთ, მათი მოხელთება და სევდისთვის, რომელსაც ვერსად გავურბივართ, დაპირისპირება.