Showing posts with label მართვის მოწმობა. Show all posts
Showing posts with label მართვის მოწმობა. Show all posts

Saturday, October 30, 2010

I did it :)

დღეს გამოცდა ჩავაბარე – რამდენიმე დღეში მართვის მოწმობას ავიღებ...
გამთენიისას, სიზმრად ძალიან მინდოდა ტელეწამყვანად მუშაობა. სამსახურში აყვანის აუცილებელი პირობა მანქანის მართვის ცოდნა იყო. დიდი მონდომებით ვმართავდი და მანქანა ვერაზე, ჩემს ძველ ეზოში გავაჩერე. რამდენიმე საათში მართლაც მიმიღეს "სამსახურში" :)
ვინც გასვლას აპირებს, მინდა სიმშვიდე ვუსურვო და ვურჩიო – შესაბამისად, ცდაც წარმატებული იქნება. პირველ გამოცდაზე აბსოლუტურად მშვიდი ვიყავი, თეორიის საუკეთესო შედეგით (30/30) ჩაბარების შემდეგ პრაქტიკული გამოცდა აღარაფრად მიმაჩნდა. თან მასწავლებლისგანაც ძალიან გამხნევებული ვიყავი. ყველაზე მოულოდნელ ადგილზე და მოულოდნელი მიზეზით ჩამჭრეს. ბოლო მომიღო წარუმატებლობამ – იმ განწყობის მერე მიწაზე დანარცხებას უდრიდა. და გამიჩნდა შიში.
დღეს უმშვიდესი გამომცდელი შემხვდა – აი, ბუნებრივად ასეთი ნატურა და მეც გადმომედო მისი სიმშვიდე. დილითაც შედარებით აუღელვებელი გავედი შინიდან. მოკლედ, ისევე ვმართე, როგორც გაკვეთილებზე...
პრაქტიკულზე სიარული ხომ წვიმაში მიწევდა და დაემთხვა – გამოცდაც ასეთ დღეს ჩავაბარე. ვატყობ, მომავალში წვიმიან ქუჩებში სიარულიც მეყვარება :)

მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო, ვინც გამოცდაზე გასვლას აპირებს. მთავარია, არ იღელვოთ :)

Thursday, September 30, 2010

მონაკვეთი (დილა)

სიტყვა "მონაკვეთი" ბოლო დროს ხშირად წარმოვთქვი. ვუკირკიტებ გზის მონაკვეთებს და ვცდილობ, განვსაზღვრო, რომელზე რა ხდება, ან უნდა მოხდეს. სწორი პასუხი წელში მმართავს – წინ მივდივარ. დღის მონაკვეთებზე ფიქრი, მათში სვლა კი თითქოს ბუნებრივია და მათ მხოლოდ მაშინ ვაქცევთ ყურადღებას (და მათი წყალობით – დღეს), თუ "კითხვა" გვერგება განსაკუთრებული – რთული ან სასიამოვნო, უბრალოდ, განსხვავებული.

დილა/1
წუხელ, 3 საათზე, გრგვინვამ გამაღვიძა. ვიწექი მობუზული და მეგონა, როცა გათენდებოდა, გარეთ მთელი აღარაფერი დამხვდებოდა. რაღა ამ ღამით ჩამოიქცა-მეთქი ცა, დილას რომ ასე ვუცდი; ან როგორ უნდა წავიდე, ან რა უნდა მოვახერხო, ან საერთოდ თუ წავალ...
როცა მოტივაცია გაქვს, არც ადრე დაწოლა გეზარება, არც 6-ის ნახევარზე ადგომა, პირიქით. ძალიან ლამაზი მომეჩვენა ეს დილა – მშვიდი, დაწმენდილი და ვიფიქრე, რომ ყოველი ადრიანი დილა ასეთია, უბრალოდ ვერ ვასწრებ მის ნახვას. როცა გავდივარ, ირგვლივ უკვე ხმაურია, მე კი საათზე მალი-მალ ვიყურები და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს, სამსახურამდე, მანქანის ტარების პირველი პრაქტიკული გაკვეთილი მქონდა.
მართალია, ისევ იმ აზრზე ვარ, რასაც წინა პოსტში ვწერდი, რომ მანქანის მარკას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ გამოცდაზე გასულების რჩევამ (მანქანისა და გამოსაცდელი ელემენტების გაბარიტების შესახებ) მაინც იმოქმედა, თანაც ეს ყველაფერი დროსა და ფულთან არის დაკავშირებული, ამიტომ მეც პირდაპირ "შკოდაზე" მეცადინეობა ვარჩიე.
მასწავლებელი ინტერნეტით ვიპოვე, თან სასწავლო მოედნის ადგილმდებარეობაც მისაღები აღმოჩნდა. სანამ დავიწყებდით, – 10 გაკვეთილზე ვინც ვერ ისწავლის, იმან მანქანა არც უნდა მართოსო, – თქვა. ვუსმენდი და მეშინოდა :) ცოტა ვიცი-მეთქი, მამაზე ვუთხარი. არ გეხსომებაო, ამდენი ხნის მერე. გავატარე და მოეწონა. მისი შეფასებით მაქსიმუმ 4 გაკვეთილი საკმარისი იქნება ჩემთვის. გამიხარდა. დღეს კარგი გოგო ვიყავი – არც ჩამქრობია, გარაჟშიც შევასკუპე და "ზიგზაგები" და "რვიანიც" მოვახერხე. დანარჩენი არ გაგვივლია. მოკლედ, მომეწონა ჩემი მასწავლებელი. ხვალ მგონი უფრო თავდაჯერებული მივალ – დაძაბულობამოხსნილი :)
ძალიან მინდა, წარმატებით ჩავაბარო. ასეთი განცდა მაშინ მქონდა, როცა აბიტურიენტი ვიყავი. არანაკლებია. ასე მგონია, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება იმ დღეს, როცა ეს ყველაფერი მორჩება.

დილა/2
როცა ადამიანებს ერთმანეთის ნახვა ახარებთ და ამას ასე გამოხატავენ, დღე ერთფეროვანი დღეების რიგში როგორ დარჩება?
...
ჯერ მხოლოდ ნაშუადღევია :)

Wednesday, September 15, 2010

მართვის მოწმობა

ერთი კვირაა, ჩემს დღის განრიგში ცვლილებაა – საღამოობით ავტოსკოლაში დავდივარ. ყოველთვის მინდოდა მანქანის მართვის შესწავლა, თან ისე, რომ თავდაჯერებული და კარგი მძღოლი ვყოფილიყავი, თუმცა ეს სულ გაურკვეველი მომავლისთვის მქონდა გადადებული – მანქანა არ მაქვს და შესაბამისად, არ ვჩქარობდი. სულ პატარა – 7-8 წლის ვიყავი, მამამ საჭესთან პირველად რომ დამსვა. უნდოდა, კარგად მცოდნოდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და სხვადასხვა მიზეზის გამო, წლებია, საჭესთან არ ვმჯდარვარ.
ბოლო დროს ჭორები გავრცელდა მართვის მოწმობის აღების გართულებაზე. მართალია, შემდეგ ოფიციალურად განმარტეს, რომ ეს მხოლოდ ჭორებია, მაგრამ მე მაინც ამაჩქარა. ჰოდა, ავტოსკოლის მოძებნაც დავიწყე. არ ვიცი, როდის მექნება მანქანა, მაგრამ მაინც..
ცოტა რამ პირადი გამოცდილებიდან – დასაწყისისთვის:
რა თქმა უნდა, ინფორმაციისთვის ინტერნეტს მივმართე – ვნახე რამდენიმე ავტოსკოლის კოორდინატები, დავრეკე და თითქმის ყველგან სტანდარტული პირობები დამხვდა: თეორიული კურსის ფასი 80-დან 100 ლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, ინდივიდუალურად ისწავლით თუ ჯგუფში. ხოლო პრაქტიკული მეცადინეობებისთვის ფასი დროისა და სასწავლო მანქანის მარკის მიხედვით დგება: "ოპელის" მარკის მანქანებზე 1 სთ. მეცადინეობა ძირითადად 15 ლარი ღირს (შემხვდა 20 ლარიც), ხოლო "შკოდას" მარკის მანქანაზე 1 სთ. – 25 ლარი. როგორც ჩემმა მასწავლებელმა თქვა, გამოუცდელ ახალბედებზე ინფორმაცია, რომ "შკოდა" ის მანქანაა, რომლითაც პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩააბარონ, მოქმედებს, არადა მნიშვნელობა არ აქვს. მე მგონია, როცა ადამიანი მართვის მოწმობას იღებს, იგულისხმება, რომ ის ნებისმიერ მანქანას უნდა მართავდეს (მოწმობის კატეგორიის შესაბამისად) და არა რომელიმე კონკრეტული მარკისას.

პრაქტიკული მეცადინეობა ორგვარია: 1) ავტოდრომზე (თბილისში არაერთია), რომელზეც დახაზულია ის 6 ელემენტი, რომლებიც გამოცდაზე ბარდება; 2) მეცადინეობა ქალაქში. არჩევანს თვითონ აკეთებთ, თუმცა დასაწყისისთვის ალბათ საგამოცდოდ მომზადება ჯობია. ასევე აუცილებელია პრაქტიკა ქალაქში (მით უმეტეს, თბილისის გადატვირთული ქუჩების გათვალისწინებით). თეორიული კურსის გავლა დამოუკიდებლადაც შეიძლება – არსებობს რამდენიმე სასწავლო წიგნი, ასევე საიტები, სადაც საგამოცდო ტესტებსა და სხვა ინფორმაციას ნახავთ, მაგრამ ალბათ მასწავლებელთან სიარული ჯობია. რა თქმა უნდა, წიგნები და საიტები ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენება. ტესტირების ბილეთები ყველა საიტზე ერთი და იგივეა – ის, რაც ბარდება. მართვის მოწმობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მომსახურების სააგენტოს საიტზეა.
წარმატებები, ვინც გამოცდაზე გასვლას გეგმავს, გამოცდილთა რჩევები კი საინტერესო იქნება :)