Wednesday, February 8, 2012

ცოცხალი თუ ფიტული?

რეი ბრედბერის აქვს ერთი მოთხრობა „და მეხმაც იქუხა“. მოქმედება მომავალში ხდება – დროის მანქანა გამოგონებულია, რომლის საშუალებითაც მდიდარ ადამიანებს წარსულში ნადირობის ტურებს სთავაზობენ. მაგალითად, ეპატიჟებიან დინოზავრების დასახოცად 60 მილიონი წლის წინ. ვისაც არ წაუკითხავს ეს მოთხრობა, ინტერესი რომ არ გაუნელდეს, შინაარსს აღარ მოვყვები, მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას. მონადირეს (მოთხრობაში) მკაცრად მოეთხოვება დადგენილი ნორმების დაცვა იმისთვის, რომ შემთხვევით არ დააზიანოს რაიმე, თუნდაც ბალახი, რადგან ამით მომავალს შეცვლის: აღწერილია, ერთი არსების მოსპობა როგორ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს, რამდენი რამ ნადგურდება ამით.

გუშინ, 9 საათის "კურიერში" (7 თებერვალი, 21:23) გავიდა სიუჟეტი, სადაც გვამცნეს, მალე ტურისტები საქართველოს ტერიტორიაზე იშვიათ ცხოველებზე ნადირობას შეძლებენ. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომელიც ლას-ვეგასში თებერვლის დასაწყისში გამართულ მონადირეთა ყოველწლიურ გამოფენას ესწრებოდა, თქვა: „დღესდღეობით შეიქმნა უკვე ძალიან მოქნილი კანონმდებლობა, რომ განვითარდეს სამონადირეო ინდუსტრია საქართველოში...“
სიუჟეტში დაგვპირდნენ, რომ მომავალ წელს საქართველოს საგამოფენო სტენდი უკვე შედეგებით მოიწონებს თავს, რაც სავარაუდოდ, სტატისტიკის და ფიტულების (სხვა სტენდების მსგავსად) გამოფენას ნიშნავს.
ვიფიქრე, კანონის მოქნილობას მეც გავცნობოდი და საკანონმდებლო ბაზას მივაშურე. უახლესი, 2011 წლის ნოემბერში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რაც თვალში მომხვდა:
  • „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი: „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების (გარდა ტყვეობაში გამრავლებულისა) მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) დასაშვები ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“ – – მხოლოდ ერთი პირის გადასაწყვეტია?!
  • „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ჩამოწერილია მოსაკრებლების ოდენობა ლარებში, თუ რა ჯდება ერთი იშვიათი ინდივიდის „ბუნებრივი გარემოდან ამოღება“. ჯიხვის მოკვლის შემთხვევაში ეს 1700 ლარი ყოფილა, ხოხობი 15 ლარი „ჯდება“ (აქვე: ყველაზე "იაფი" ძუძუმწოვრები ენოტი და ნუტრია არიან – 1 ლ.).
მაგალითად ეს ორი – ჯიხვი და ხოხობი მოვიტანე, რადგან ამ ეტაპზე სწორედ მათ დასახოცად ეპატიჟებიან უცხოელ მონადირეებს საქართველოში. მოსაკრებლის ოდენობა, არ მგონია, დანაკლისს ანაზღაურებდეს: კავკასიური ჯიხვი (განსაკუთრებით) გადაშენების პირასაა, არც სხვა სახეობები მოგვეპოვება ჭარბად.
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ 30 იანვარს გამოცემული ბრძანებით, ჯიხვსა და არჩვზე ნადირობის სეზონი წელიწადში არსებული 2,5 თვის ნაცვლად 6 თვემდე გაიზარდა.
კანონების თვალიერებისას ასეთ ფრაზას გადავაწყდი (ახალ "მოქნილ" კანონმდებლობასთან არაა კავშირში, მაგრამ მაინც):
„ნადირობა აკრძალულია ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი და სხვა საშუალებით, რომელიც ტანჯვას აყენებს გარეულ ცხოველს“ (კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“) –– ეტყობა, მხოლოდ ტყვია გაუტკივარების ეფექტით კლავს.

ეს პოსტი ჩემი მინიაქციის ფარგლებში დავწერე. ვინმე იტყვის, რა დროს ჯიხვებზე ფიქრია, ამდენი სხვა პრობლემის ფონზე. მე კი მგონია, როდესაც ადამიანები ბუნებაზე ზრუნავენ, სწორედ მაშინ ზრუნავენ ერთმანეთის კეთილდღეობაზეც, აწესრიგებენ სხვა საკითხებსაც, რადგან მათი პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალია.

ბრედბერის გმირი წარსულში მოხვედრას დაუპატიჟებელ სტუმრობას უწოდებს, რადგან მათ შეუძლიათ მომავლის – მათი აწმყოს – უარესობისკენ შეცვლა. "შუალედურ" აწმყოშიც შეიძლება მომავლის შეცვლა, თუკი ადამიანები "ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილას" პრინციპით იცხოვრებენ.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

ძალიან სერიოზული საკითხია, ქეთი.
სულ მთლად გაგიჟდნენ? ცივილიზებულ ქვეყნებში ლამის საერთოდ აიკრძალოს ნადირობა და ცხოველების დახოცვა და მანდ ამით ბიზნესისა და ეკონომიკის გაკეთება სურთ??? ძალიან აღვშფოთდი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ არ ვიცი, რისი გაკეთებაა შესაძლებელი :(

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მესამე სამყაროს ქვეყანაა საქართველო და ალბათ, მასზე ადამიანური, თანამედროვე კანონები არ ვრცელდება.
სულ ვამბობდი, რევოლუციამდელი კუბა და ინგლისის გამოხრულ ინდოეთს დავემსგავსებით–მეთქი და ყველა დამცინოდა. ვისურვებდი, რომ ვცდებოდე.

კავკასიურ ჯიხვებზე ნადირობა გაგონილა? გავაფრენ :| ნაკრძალებს უნდა აკეთებდნენ და თაგვებსაც კი უფრთხილდებოდნენ.

Keti said...

ზუსტად იგივეს განვიცდი და იგივე დამოკიდებულება მაქვს, სოფი.
მეც ერთადერთი, რაც შევძელი, ამ პოსტის დაწერა იყო.
შეიძლება ქვეყანა ნებაყოფლობით და სიამაყის გრძნობით ანადგურებდეს ბუნებრივ სიმდიდრეს? როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არ მინდა ამ ფასად "განვითარებული" ეკონომიკა, მაგრამ ერთეულების აზრს არავინ ითვალისწინებს.