Wednesday, April 30, 2008

(ჩემი) საწერი..

ჩემ მაგიდას ბევრი უჯრა აქვს. ბევრი არავიცი რამდენია, მაგრამ ბევრი აქვს. ერთი უჯრა სავსეა. დანარჩენებიდან ერთი უკვე გამოღებული – რამდენიმე ფურცელი დევს. ეს რამდენიმე არვიცი რამდენია, მაგრამ არც ერთია და არც ბევრი. ანუ, ერთი ხელის თითებს რომ ვერ გასცდები..

ჩემი მაგიდის ბევრი უჯრიდან იმაში, რომელიც სავსეა, ხანდახან ვიხედები. იქ ჩახედვა მიყვარს. იქ მოგროვებული ფურცლების კითხვა ხან მომწონს, ხან არ მინდება.

ისევ იმას ვფიქრობ.. ბევრი უჯრა რამდენია.. ერთი ხელი არ ეყოფა. არც ორი. ხომ ჩამჭიდებ ხელებს?

ჯერ ერთი უჯრაა სავსე.
ერთი–მეთქი.

...
ბოლოს მაგიდაზე ჩამომეძინება..

ისე..

ისე?!

რომ..

ფერებზე ვფიქრობ. უფრო სწორედ ფერზე. უფრო ზუსტად შენი თვალის ფერზე. უფრო მომწვანო, ვიდრე სერი და თითქმის ყავისფერი. სერი (თვალების ფერთან რუხის თქმა არ მომწონს) ერთხელ იყო, სულ ერთხელ და არ მავიწყდება. ეგ ალბათ განათების ბრალი იყო. მწვანე – არაერთხელ და ყავისფერი..
და მე რაფერი ვარ?
თვალები კი არა (მაგას დიდი მარჩიელობა რად უნდა, ასეთ განათებაზეც და ისეთზეც ყავისფერია), საერთოდ. რა ფერი.

და რატომ ვწერ ფერებზე..

სუნზეც მინდა გითხრა. აი, შენი სუნი ათას სხვა სუნში გამოირჩევა. შეუძლებელია ამერიოს.. მოტკბო და მხოლოდ მაშინ რომ ვგრძნობ, თუ ახლოს ვარ..

კიდევ იცი რა მომივიდა თავში? რომ დავბრმავდე. (დავაკაკუნო მაგიდაზე? :)) ჰოდა, რომ დავბრმავდე, მაინც არ შემეშლებოდი არავისში..
მერე რა, რომ თვალის ფერს ვეღარ დავინახავდი..
29.04.08

Tuesday, April 29, 2008

მწყერი

ტოტიდან ჩამომსვეს.
მითხრეს – მწყერი ხარო..


რა ვქნა, ჯეჯილში გავძვრე თუ საფანტს ავუფრინდე?!

ქრისტე აღსდგა!

ისე ველოდი 12 საათს და მოულოდნელად ისე ვიტირე. ყველა უცრემლო დღის ნაცვლად.
თითქმის ყოველღამე მოდიხარ და ყოველ დილით ვგრძნობ ზურგზე ხელის ოდნავ წაკვრას..
გინდა ვიარო..
დავდივარ.


. . .
არავინ მომიკრიფა ალუჩა. არც არავისთვის მითხოვია. რასაც მივწვდი, ის ვჭამე.
შენც იქ იყავი.
უბრალოდ, არ შეგეძლო..

ზამთარში ისე ვერ ვგრძნობდი. ახლა, როცა ყველაფერი გამწვანდა, გამიჭირდა. ზუსტად ისე შემოვიარე ეზო, როგორც ერთად ვაკეთებდით. მხოლოდ ახლა არავინ მაჩვენებდა რამეს. მე რა დავინახე? ბალახი.. სიცარიელეზე.

Monday, April 21, 2008

ჩამქრალი..

მინდა, გამოვფინო ჩემი გადამწვარი ნათურები
და ტანის ოდნავ რხევით ვუთხრა ყველას:
ლა-ლა,
აი, მე რა მაქვს, -
ჩამქრალი ნათურები,
აი, ის წვრილი ძაფივით ჩამწყდარი ზამბარები,
არ გინდათ, კარგად შეათვალიეროთ?
ლა-ლა,
მე ნათურის გამოცვლა არვიცი
და როცა ვიცი -
არ მაქვს ახალი ნათურები.
ლა-ლა,
სანთლის შუქზე ყველა ერთ ოთახში გროვდება,
მე შემიძლია, ხელი გავიწოდო და
შევეხო,
ნებისმიერს..

მოდი ახლოს,
ნახე ჩემი ჩამქრალი ნათურები,
შორიდან არ ჩანს გაწყვეტილი ზამბარა..
ან, არ გინდა ახლოს,
დარჩი ორი ნაბიჯით უკან -
ვერ მოგწვდები და
ჩრდილი იქნები.
ბნელში იდექი,
სანთელი,
ლამფა,
სანთებელა,
უბრალოდ, ასანთი გეჭიროს ხელში..
ჩემი ხელები ჰაერს უსინჯავენ ნაკვთებს:
აი, სუნი..
აი, სითბო..
აი, ტალღა..
დამტოვე ტალღების პატრონად,
ბგერების პატრონად
და გეჭიროს ხელში ასანთის ღერი,
ვიდრე უცებ არ გაგახსენდება,
რომ ჯიბეში გაქვს ახალი ნათურები,
ციმციმა ნათურები,
ფერადი..

ჩრდილო, მოიწიე,
ჩაყავი ხელი ჯიბეში -
დაგეწვა.

ქეთი გზირიშვილი

სრულყოფილი

სრულყოფილი სილამაზე.
ხომ არის?!

აი, ეს მინდა, კონკრეტულად ეს :) (ვა!)
და საერთოდ, ბევრი რამე მინდა..
ნუუ.. ასე, ორი–სამი რამ ;)

photo by torrado

Поле чудес :)

აბა, მიძღვნები, მიძღვნები..
შეიძლება, მოკითხვას გადავცემ?
ხელსაც დავუქნევ..
აი, მე..

ეს ყველაფერი შენთვის მინდა. რა ბანალური ვარ, არა?! მაგრამ, ასეა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩემით იამაყო..

Friday, April 18, 2008

. . .

ჩამიმუქდა მზერა.
ოდნავ გამოვიხედები და ისევ.

აღარც წერა მინდა. მგონია, სენტიმენტალური გამოვჩნდები, არადა..
ხალხი წერს! ხომ წერს, ხომ ყვირის, ხომ გამოთქვამს და ხომ იმკის..
მე რას ვამბობ, რომ მიპასუხონ..

ოკ.
გუშინ ლიტერატურული ფიქრები მქონდა.
დღეს..
ოღონდ, ამას ვერავინ ვერ მიხვდება.
ჩემს ჩამუქებულ მზერას მიაჩვიეს თვალი.
ჰოდა, არც აინტერესებთ.
არც მე.

Wednesday, April 16, 2008

თემა

კომენტარებს ვკითხულობ.. თუმცა, ამ კომენტარების წაკითხვამდე მომხვდა თვალში სიტყვა "თემა", ანუ ჩემს ლექსზე მითხრეს ეს.
მოკლედ, შ.გ. წერს ხშირად ამას, სხვებიც არ აკლებენ.. ჰოდა, ერთი კითხვა გამიჩნდა, როდესაც ლექსს წერენ, თემას ირჩევენ და ისე? ანუ, მოდი, მე ახლა თევზებზე დავწერ, ან ფანჯრიდან გადახტომაზე, ან .. ასე წერენ?!
საშინელებაა, თუ ასე და ვინც – ასე.
და მეორე საშინელება კიდევ, როდესაც ჰგონიათ, რომ ასე წერენ სხვები და ბრაზდებიან, რომ მისი "კოპირაითი" მიითვისეს.
და კიდევ, იგივე მაინტერესებს მიმდინარეობებზე – მე აქაც მოვსინჯე თავი, იქაც.. ან, როცა ავტორს ეუბნებნიან, შენამდე უკვე დაწერეს კარგად და აღარ გინდა..

ლექსის წერა სასკოლო თემის წერა არ არის, ის უცებ მოდის, განცდილის მერე. ჰო, შესაძლოა ეს განცდა დიდი ხნის მანძილზე არ გასვენებდეს, მაგრამ როცა ლექსად მოდის, ასოციაციები უცებ გეყრება თავზე სიტყვებად, მთავარია, მოასწრო..
რავიცი, მე ასე.. :(
სხვებმა თვითონ იციან..

(ახლა აქ უნდა იყოს სიტყვა "წარმატებები" :) :) )

Tuesday, April 15, 2008

. . .

ნახევრად სავსე..
არა, ცარიელი..

სულ ერთნაირად.

რა იქნება, ეს ყალიბი გაუფუჭდეს..
ან ეს გამოსახულება დაამსხვრიოს.

. . .

აპრილიც განახევრდა..
თურმე.


მე 14 მახსოვს..

Monday, April 14, 2008

თვალებში..

დერეფანი
ერთი კვირით ადრე სხვა ვნახე დერეფანში – შეკრული ფეხებით, მოძრავ საწოლზე. სხვა გზა არ მქონდა, შენთან რომ მოვსულიყავი, სუნთქვაშეკრულმა ჩავუარე გვერდით. მერე მთელი დღე დამძიმებული დავდიოდი და ჩემთვის ვბურდღუნებდი: შეიძლება ასე? პირდაპირ დერეფანში..

იმ დილით მუდამ ბრაზიანმა ქალმა გულმოწყალედ შემომხედა და ჯერ არაო, თქვა. შეღებული კარიდან საბანი დავინახე, დერეფანში..

ლიფტი
შეშლილისთვალებიანმა, ფერმკრთალმა ბიჭმა – გაჩერდითო. ვერ გავიგე, რატომ. ოთახი იყო ისევ. ბიძგის მერე აღარ იყო ოთახი – დავეშვით.. არც კარი, არც არაფერი. უბრალოდ, კედლები მაღლა ადიოდა, მოგვიანებით – პირიქით..

მაგიდა. წყლიანი. გვერდით, სხვა მაგიდაზე – გაპრიალებული ფეხსაცმლის ჭვინტები..
ჰაერი – ბლანტი სითხესავით..
არა, სავსე..
ჰო, სავსე – ტევა არ იყო.
ისხდნენ.
არა, იდგნენ – ერთმანეთზე მიყუდებულები, ყველა, ვისაც ის ოდესმე შეხებია..

იმ ბიჭზე ვფიქრობ ხოლმე.
უფრო სწორედ..
სიზმრებს თუ ხედავს, როგორს..

...
აღარ გავიქნიე თავი.
მაინც ვერ ვფანტავ ამ მოძრაობით.
ჰოდა, ჩავხედე.. თვალებში.
და ახლა რა? მაგარი ვარ?
მე მაგარი ვარ.
მე მაგარი ვარ.
მა, მაგარი ვარ..

Thursday, April 10, 2008

ხელები

მომეცი ხელები..
მომეცი შენი სველი ხელები,
დაძარღვული ხელები,
რბილი ხელები..
გამომიწოდე მზის ბორცვები,
მთვარის მინდვრები,
გადმოსახედები,
აივნები,
ბილიკები..
ვივლი ბილიკებზე,
ვივლი ღორღზე,
სლიპინა ასფალტზე
და გადავირბენ მოსახვევებთან
და გადავტეხავ სიცოცხლის ხაზს,
თამამად.

მომეცი ხელები,
ამოაბრუნე ჭიქები –
ამოავსე სიტყვებით
დაცარიელებული პირი,
ამოასხი ტკივილი,
იჩხუბე,
იყვირე,
იტირე..
მომეცი ხელები,
რბილი ხელები,
თბილი ძარღვები,
ფალანგები,
ფრჩხილები,
ნუნები,
კანი..
მომეცი,
ჩამიყარე თითებში დღეები,
ჩამიყარე თითებში ღამეები,
ჩამიყარე ლურსმნები,
მიმაჭედე,
გამაკარი,
დამცალე..

დახედე ხელებს.
დაიხარე.
მოფხოჭნე ტალახი.
ვიცდი..

ქეთი გზირიშვილი

0

უსიუჟეტოდ ვარ.
და როცა უსიუჟეტოდ ვარ, ვერ ვაწყობ სიტყვებს, ვერაფერს, არაფერს..
ეს ბლოგი გაქცეულის თავდაჯერებულობით გავაკეთე – როცა გინდა დარწმუნდე, რომ ყველაფერი შეგიძლია – სუნთქვაც, სიარულიც, ლაპარაკიც, დანახვაც.
ჰოდა, ვსუნთქავ
და დავდივარ
და ვლაპარაკობ
და ვხედავ..
0-ს.

თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ უკვე მიყვარს, ყოველდღე მოვდივარ, ველოლიავები.. ხან უბრალოდ ვზივარ და ვუყურებ. ამ დროს არც ვსუნთქავ, არც დავდივარ, არც.. არც.

სიუჟეტი მჭირდება. ახლა ეს ხელიდან გავარდნილი სიუჟეტი რომ მომცა, სულ სხვა რამეს დავწერდი.
პროზას.
ჰო.
რატომღაც მგონია, რომ პროზას შევეჭიდებოდი..
მაგრამ, ველოლიავები..
0-ს.

ისე, ათვლა ნულიდან იწყება, ჰო?
თითები ხომ არ მოვიმარჯვო?
მარცხენას ნეკა იქნება ნული.
ნული..
ნული..
ნუ..
თქვი პირველი..


სენტიმენტალური პ.ს.
პირველად შევათვალერე ეს ნული, არა უშავს სახეზე :)
ოვალურია, შეკრული, მკვრივი, არსად გახსნილ–გარღვეული.. ან უნდა ჩახტე, ან გარშემო უნდა ურბინო..
არაფერია, თუმცა ყველაფერი..
აი, თუ ჩახტი შიგნით, მერე მიხვდები, რამდენია. მიუგორე ნებისმიერს, გააათკეცებს, გააასკეცებს, გაა..

ვითვლი..
წინ დადექი..
მეორეს ვიტყვი..
ღმერთი ახსენე..
მერე დღეები იქნება..
და ღამეები..
მილიონი..

09.04.08.

Tuesday, April 8, 2008

Kumeyaay flower


რამდენიმე დღეა, ეს ფოტო დესტოპებს მიმშვენებს და არაერთი წელია – არქივს.
ძალიან მომხიბვლელია :)
თანაც განუმეორებელი – მხოლოდ Kumeyaay ინდიელების კუთვნილება.. აკი ასეც ჰქვია.
ჰო, ამ კუმ..–ს ქართულად ვერ ვწერ, არვიცი, როგორ იკითხება :)
და რას ვამბობდი.. ისე ვარ მოხიბლული, ლამის ბლოგიც მისით გავაფორმე, მაგრამ ამ ზღვასაც რომ ვერ ველევი.. :)
იქნებ, სხვა დროს..

და კიდევ:
ხომ ვარ ავატარზე ა ლ'ა ინდიელი? :) რომ ვიფოტოშოპე, პირველი რაც ვიფიქრე, ეგ იყო..

Here comes the sun..

რისი ბრალია, დიდი ხნის მერე რომ ვუბრუნდები მუსიკას, რომელზეც გავიზარდე?
ბავშვობის ნოსტალგიის? ან იქნებ, არც ვუბრუნდები.. ჰო, ამ აკორდებს არასდროს არ დავუტოვებივარ..

და ეს ფრაზაც რომ ასე მოვიხდინე?
ვანათებ პირდაპირ :)

დაიცა, სადმე მაღლა, ყველგან რომ მისწვდეს სხივები :)
და ჰანგიც..

Monday, April 7, 2008

:)

ისა.. რატომ მოვბრუნდი ახლა :)
როცა წერენ: "წარმატებები ცამდეეე..." ამაზე ვფიქრობ:)
ცაში – აღარ?!

:)

. . .

გუშინ ერთი უშველებელი წერილი დავწერე ტყუილზე. აი, ისეთი, ჟურნალისტს რომ შეეძლო დაეწერა. ნუუუ, სტილს ვგულისხმობ, თორემ რომელი ჟურნალისტი მე ვარ. თან, პირველი მცდელობაა წერილის წერისა. ჰოდა, ასე ათჯერ რომ წავიკითხე, მივხვდი, აქ არ უნდა დავდო, მტრებს გავიჩენ :) თუმცა ვინ იცის, თუ მტრების გაჩენის ხასიათზე დავდექი, ვნახოთ.. :) ისე, სახლში რომ არ მქონდეს კომპი, ამ წერილს არასდროს დავწერდი. ფურცელზე – არასდროს. საერთოდ კი.. ეს ერთგვარი თერაპია იყო, ტკივილის ამოთქმის საშუალება.

კიდევ რა.. ახალი კვირა დაიწყო. ჯერ არვიცი, წინასავით უმძიმესი იქნება თუ ოდნავ მაინც მსუბუქი..
სხვა არც არაფერი. გუშინ ჩემი თავი არ მომწონდა. საშინლად არ. დღეს სახლიდან გამოსვლისას გავუღიმე და მგონი კარგია ეს.

ჰო, ჩემი 'ჰედლაინები' მომწონს. საწყენია, რომ არავინ კითხულობს:(

Thursday, April 3, 2008

ჰედლაინები

აასხი შენი მექსიკური თოჯინები,
მრგვალები,
მოკლეფეხებები,
განიერი ყვრიმალებით..
დაკიდე ზურგით,
გამოფინე, როგორც პრესას ვფენთ ჩვენში.
მე წავიკითხავ, თითით გავყვები
შენი კაცის სომბრეროს ქვეშ ჩამალულ ოფლს,
შენი შვილის პირველ „მამიტას“,
შენი სახის უკვე ღრმა ნაოჭს..
გინდა, მოგიყვე, როგორ უყვართ მანდ, ჭუჭყიანი ქუჩის კუთხეში
და საღამოხანს, როგორ ავსებს სისხლის სუნი მტვრიან ტერასას?
რად გეფინება თვალის გარშემო ამდენი ლურჯი,
ანდა რომელ ჰანგს მიეჩვია შენი გიტარა..
გადამიცვალე ტიტლიკანა თოჯინები
ჯერ უნაოჭო ჩემ სახეზე,
ან ზომიერი ჰავით სავსე მოგონებებზე,
ან სიბრალულზე..
და თუ მაინც ვერ,
ფინჯან ყავაზე გეპატიჟები –
ერთად ვიკითხოთ წითელ შუბლზე
ჰედლაინები.


ქეთი გზირიშვილი

Wednesday, April 2, 2008

. . .

მგონი გავართვი თავი..
ჩავმუქდი, როგორც შევძელი.
ახლა ვიფიქრებ, რა ვწერო..

ჰო, რა მინდოდა მეთქვა:
ამ ორიდან უფრო ქვა, ვიდრე ზღვა..
მაგრამ ხმა?
და რადგან ხმა - ასე ახლოს..
და რადგან მზე, რომელიც ქვაა და ბევრია და გამორიყული ყოველი ღამის მერე..
ამიტომ.

გამა..

ლექსები მქონდა აქ. თებერვლიდან.
წავშალე..
ახლა რა თვეა? აპრილი..
ჰო..

მოკლედ, არ იქნება მხოლოდ ლექსები. არვიცი, რას დავწერ, რას ვიფიქრებ..
ეგაა, ასეთი ფითქინა და გვირილებიანი ბლოგი აღარ მინდა..
თუმცა გვირილა ძალიან მიყვარს.. ალბათ, სადმე მაინც დარჩება მისი ფურცლები.
ანუ, რაღაც სხვა მინდა – მხოლოდ ჩემი ლექსებით, ფიქრებით, ფოტოებით, ჩემით სავსე.. თუ ჩემი ცოდნა ტექნიკური თვალსაზრისით ამის მოგვარების საშუალებას მომცემს, ხომ კარგი..

თუ ვინმე კითხულობდა ამ ბლოგს, ან თუ წაიკითხავს..
გამარჯობა :)
მე ქეთი ვარ..
დანარჩენს, თუ დარჩები, გაიგებ..