Monday, November 28, 2011

ხედი იგივე, თოვა, სექსტონი


ხედი იგივე. თოვლიანი და უხალისო. ისევე, როგორც ყოველდღიურობა. თუ ჩემ თავს განათებულ ადგილას დავაყენებ და ვიქნები მასზე დამკვირვებელი, რომელიც მხოლოდ გარეგანს აღიქვამს, რასაც ანალიზისთვის უმატებს ინფორმაციას გარკვეულ სიკეთეებზე, რომლებიც დასაკვირვებელ ობიექტს გააჩნია, გამიკვირდება სევდის არსებობა მის თვალებში. მაგრამ მე ვდგავარ განათებულ ადგილას და ვიყურები შიგნით.

ვცადე, შემეხედა სხვისი თვალით.
...
ეს დღეები სექსტონს ვთარგმნი. ამ პროცესს მთელ დროს სიამოვნებით დავუთმობდი (და, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვაკეთებ). უკვე სამი ლექსი მაქვს. კიდევ მინდა გაგრძელება. ასე ნაყოფიერად არასდროს მითარგმნია. საერთოდაც, ბოლო თარგმანიდან 2 წელზე მეტი გავიდა. არ ვიცი, რატომ გამიტაცა ამ ავტორმა, ახლა და ასე.

ერთი კვირა, კედელზე

ფრედერიკ ჩაილდ ჰასამის თოვლიანი პეიზაჟი: "მეხუთე ავენიუ ზამთარში"

29 ნოემბერი –
4 დეკემბერი.

Friday, November 25, 2011

ხედი ფანჯრიდან

მოპირდაპირე სახურავის სტუმრები, რომლებიც ერთფეროვან ხედს აცოცხლებენ და მახალისებენ. ყვავი – განსაკუთრებით: სასაცილო მიმოხვრით თითქმის ყოველდღიურად გადის გზას იმ ადგილიდან, სადაც ფოტოზე დგას, "მწვერვალამდე" – მრგვალ ქონგურებამდე. ორი-სამი ნაბიჯის გავლის შემდეგ ფრთხილად იხრება ნაპირზე და ყურადღებით ათვალიერებს – რა ხდება ქვემოთ, ქუჩაში. მოპოვებული საკვებიც აქ მოაქვს ხოლმე და მშვიდად შეექცევა.



Monday, November 21, 2011

ერთი კვირა, კედელზე

მორის უტრილო 1883 წლის 25 დეკემბერს პარიზში, მონმარტრში დაიბადა. მისი დედა სუზან ვალადონი იყო – ცნობილი მენატურე, მამის ვინაობა კი დაუზუსტებელი დარჩა (ერთ-ერთი ვერსიით – მხატვარი, გვარად ბუასი. არსებობს ანეკდოტიც, სადაც მხატვრის სავარაუდო მამებად რენუარი და დეგა არიან მოხსენიებულები, რომელთა ნახატებისთვისაც სუზანი პოზირებდა). მოგვიანებით მორისი ესპანელმა კრიტიკოსმა და მწერალმა, მიგელ უტრილო ი მოლინსმა, იშვილა.
1900-იანი წლების დასაწყისში მორისი ალკოჰოლიზმით დაავადდა, რასაც ფსიქიკური გართულებები მოჰყვა. მთელს მონმარტრში ჩხუბისთავისა და ლოთის სახელი გაუვარდა. 1904 წელს დედის რჩევითა და გამხნევებით ხატვას შეუდგა. 1906 წლამდე, ვიდრე მამინაცვლის გვარს მიიღებდა, ნახატებს მორის ვალადონს აწერდა. მორისს არ მიუღია საფუძვლიანი სამხატვრო განათლება. ხატვის ზოგიერთი პრინციპი დედამ გააცნო, ამას გარდა აკვირდებოდა მონმარტრელი მხატვრების ტექნიკას. ხატავდა პეიზაჟებს, რომლებიც მოსწონდათ დამთვალიერებლებს, თუმცა კრიტიკოსებისთვის მისი ნამუშევრები შეუმჩნეველი რჩებოდა. მორისი მხოლოდ 1910-იანი წლებიდან შეამჩნიეს, ხოლო 1920-იანი წლებიდან მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
1928 წელს უტრილო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოვდა. 52 წლის ასაკში რელიგიამ გაიტაცა. ამავე პერიოდში – 1935 წელს – იქორწინა ქვრივ ლუსი ვალორზე, რომელიც მისი საქმეების ენერგიული მწარმოებელიც გახდა.
გარდაიცვალა 1955 წელს, დაკრძალულია მონმარტრის სასაფლაოზე.

ჩემს საგამოფენო კედელს კვირის მანძილზე მხატვრის რამდენიმე პეიზაჟს დავუთმობ:
პირველი – ხედი ლეპერონისა და კუტელერის ქუჩებზე (1914 წ.).
*
ქარის წისქვილები უტრილოს არაერთ ნახატზეა. ერთი მათგანი – "სანუას წისქვილი" (1912 წ.).
*
"ჟონკიერის ქუჩა" (1909-1910 წწ.).

21 – 27 ნოემბერი.


Monday, November 14, 2011

Friday, November 11, 2011

ლამაზი ადამიანები

როცა დილას ლამაზი ადამიანების ნახვით იწყებ, დღე კარგი გამოდის. ხანდახან ისე ხდება, რომ დღეები გადის და ლამაზ ადამიანს ვერ ხვდები. ისინი, რასაკვირველია, არსებობენ, დადიან იმავე ქუჩაზე, რომელზეც შენ, მგზავრობენ იმავე ვაგონით, რომლითაც შენ, მაგრამ ვერ ამჩნევ. ერთადერთი, რასაც ხედავ, ხალხის სახეებზე არეკლილი საკუთარი მდგომარეობაა. შენი სახე კი სილამაზეს კარგავს, როცა სიმაღლიდან დაშვებულ, უფუნქციო თოკს ემსგავსება. ჰოდა, ის დღე, როდესაც გარშემომყოფებიდან ზოგიერთი, მიუხედავად მათი გამოუძინებელი, დაუდევრადგაკეთებულმაკიაჟიანი, ფიქრში ჩაფლული სახეებისა, ლამაზად მიგაჩნია, უკეთესი უნდა იყოს.
გადმოვაბრუნებ ქვიშის საათს. ვნახოთ.

Monday, November 7, 2011

ხეები, რომელთა შემოდგომაც მიყვარს

ფოტოები, ახლა რომ გამოვფენ, გუშინ გადავიღე. ღამით ბლოგზეც ავტვირთე, მაგრამ ბოლოს ძილი ვამჯობინე და პოსტის დასრულება დღეისთვის გადმოვდე. დღეს კი ზამთარი დადგა. რას წარმოვიდგენდი, მიუხედავად ზამთრისპირისა. თითქოს დღეები გამოვტოვე და სხვა სეზონში გადამსვეს, როგორც მექანიკური თოჯინა: აი, ახლა ზამთრის ანტურაჟია გარშემო, მე კი ტრიალი უნდა განვაგრძო.
მთელი შემოდგომაა, ფერშეცვლილი ხეების გადაღება მინდა. განსაკუთრებით წითელფოთლიანების – ეს ყოველთვის მეტად მომწონდა. ასე მგონია, ზოგიერთი ხის ფოთლებს შემოდგომა განსაკუთრებით უხდება (ალბათ, როგორც ზოგიერთ ადამიანს ასაკში შესვლა).
მოკლედ, ოთხი შემოდგომა:
გარგარი

ატამი

კარალიოკი

ბროწეული

ჩემს ბლოგზე ხეები მოგროვდნენ.

ერთი კვირა, კედელზე

ამერიკელი იმპრესიონისტის, უილიამ მერიტ ჩეისის (1849–1919),
"მზიანი სეზონის დასასრული" (1884 წ.)

ჩეისი
ამერიკული იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია, ჰქონდა გამორჩეული სტილი; იყო წევრი იმპრესიონისტთა ჯგუფისა "ათი ამერიკელი მხატვარი", ასევე – ამერიკელ მხატვართა საზოგადოების ხელმძღვანელი.

7–13 ნოემბერი.

Wednesday, November 2, 2011

კოსმოსი


ჩემი ფოსტის თემა კოსმოსია. ცაში აჭრილი რაკეტა და მისი ცეცხლოვანი ნათება. ათასი თემა გამოვცვალე წარმოდგენილი 62-დან და კოსმოსში შევჩერდი. უწონობა, სულ სხვაგვარად დანახული, ნათელი წერტილიდან, იყო თემა, რომელზეც დავწერე. უწონობა, რაც მჭირს, არის მდგომარეობა, რომელიც ჩვეულ რიტმსა და დროის აღქმას მაშორებს. თან მაფიქრებს, მეყოფა თუ არა სუნთქვა მაჯისცემის შესანარჩუნებლად. ყველაფერი მიღმაა. არეულ-დარეული, (გამო)ნათებებით, უპასუხო და პასუხიანი კითხვებით, ახალი ეტაპით, ახალი საზრუნავით. და წინ ნოემბერია, თვე, რომელიც არც ისე მიყვარს. ოქტომბერი, რომელიც ახლა კიდევ უფრო მეთბილება, უკან დარჩა. რაც ყველაზე მეტად მაკლია, სიმშვიდეა და რამდენიმე საათი, რომელსაც დავამატებდი დღე-ღამის 24 საათს; ძილი, რომელიც დამიმშვიდებდა თვალებს; სიზმრები, რომლებშიც დავინახავდი ჩვეულ სივრცეს; სითბო, რომელსაც თანაბრად გავანაწილებდი – ჩემგან და ჩემში. მინდა, გავიდეს ნოემბერი. თუმცა გაწელილი, ერთფეროვანი ზამთრის მოსვლა იმაზე ნაკლებად მინდა, ვიდრე ნოემბრის გასვლა. მაშინ, მინდა ნოემბერი ოქტომბრის პირველ ნახევარს ჰგავდეს - მოიტანოს მზე და შედარებითი სიმშვიდე. კიდევ, – ნაკლები საზრუნავი. მეტი თავდაჯერება. მეტი ფერი.