Monday, December 23, 2013

* * *

დეკემბრის თვეში არაერთხელ ვინანე, რომ არ შემოვინახე შვებულების რამდენიმე დღე. საოცრად მჭირდება დასვენება. აღარ დავწვრილმანდები და ჩამოვთვლი გადაღლილობის მიზეზებს თუ ნიშნებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩემს ჩვევებსა და  ინტერესებზე, რაც ცოტა მაინც ახალისებდა თუნდაც საღამოებს მაინც, უარის თქმა მომიწია. ასე რომ ვეღარ გავაგრძელებ, უკვე ზუსტად ვიცი. შეუძლებელია ადამიანი რობოტად იქცეს. თვის ბოლოს ყველაფერ ამას დაემატა გაუთვალისწინებელი საქმეები თავისი ხარჯებით, – ესაც საკონტროლო გასროლა ჩემს გამძლეობაზე.
რამდენი ხანია საყვარელი ბლოგები არ წამიკითხავს, არც აქ შემომიხედავს, არც ფლიკრზე, არც, არც, არც... წიგნსაც კი, რომელიც შემიყვარდა, მთელი თვე ვკითხულობდი. განა შეიძლება, საყვარელი წიგნი მთელი თვე იკითხო? ორშაბათები მიყვარს-მეთქი და იმ დღიდან აირია ორშაბათების ამბავი და სიყვარულიც. ისეთი მძიმეები მობრძანდნენ, რომ უკან მიმაქვს ჩემი ოდა. მოკლედ, ძველი თავის ძიებაში ვარ. უნდა ვიპოვო და დავიბრუნო. ჰოდა, აქაც დავბრუნდები მერე.

Monday, December 2, 2013

ოდა

იყო დრო, როცა ორშაბათობით ჩემი ბლოგი ტრადიციული რუბრიკით ახალ კვირას ხსნიდა. რა უნდა მომხდარიყო, რომ ორშაბათის გამოფენა გადამედო.
ახლა ვფიქრობდი, რატომ ავირჩიე ორშაბათი.

ადამიანების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ორშაბათი მძიმე დღეა, არ უყვართ მისი დადგომა,  წუწუნებენ, ერთი სული აქვთ, დაღამდეს...
მე ალბათ იმ მცირე გამონაკლისებს შორის ვარ, ვისაც ორშაბათი არ აღიზიანებთ. უფრო მეტიც, ამ დღეს პოზიტიური განწყობითაც ვხვდები. 

ორშაბათებს, თავისი საწყისი პოზიციის გამო, ახალ წელს შევადარებდი: ახალი წლისგან განსხვავებით ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ახლავთ მისტიკა, მოლოდინი, ნამცეცით  მეტი იმედი და ენერგია, ვიდრე კვირის დანარჩენ დღეებს. სადღაც, გულის სიღრმეში, ყოველთვის მგონია, რომ ახალი კვირა უკეთესი იქნება, რაღაცით განსხვავებული, საინტერესო, თუნდაც უცნაური, ვიდრე წინა.

ჰოდა, მივუბრუნდები თავში დასმულ კითხვას – ჩემი გამოფენები ახალი კვირის შეხვედრა იყო, ერთგვარი ორიენტირი, თუ საით გადაიხრებოდა განწყობა, რას მოიტანდა კვირა, ან რას წაიღებდა.
სამწუხაროდ, გამოფენების გასამართად დრო აღარ მაქვს, თითქოს არც ემოციების გამოხატვა მსურს ნახატებით.  თუმცა, ერთი რამ უცვლელია:

მე მიყვარს ორშაბათის სენტიმენტები.
დაფარული და ღია.
თუნდაც მეათასედით მეტი, ვიდრე სხვა დღეების.