Friday, March 26, 2010

ეროვნული ბიბლიოთეკა

ცოტა ხნის წინ, ხატიას ბლოგზე საინტერესო კითხვა დაისვა: როგორი უნდა იყოს თანამედროვე ბიბლიოთეკა. ადრეც მიფიქრია, ერთი პოსტი მაინც ეროვნული ბიბლიოთეკის საიტის შესახებ დამეწერა. საიტზე (და შესაბამისად ბიბლიოთეკაში) არაერთი კარგი სიახლეა და შევეცდები, პატარა გზამკვლევი შევადგინო მათთვის, ვინც ეროვნულ ბიბლიოთეკას სტუმრობს ან მომავალში ესტუმრება (თუნდაც ვირტუალურად):

ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური საიტია www.nplg.gov.ge

* ბიბლიოთეკის წარდგენას იმ გვერდით დავიწყებ, სადაც მის შესახებ მოკლე ინფორმაციას გაეცნობით. აქვე: მეგზური და ბიბლიოთეკის ისტორია, არქიტექტურა, გალერეა
* ბიბლიოთეკით სარგებლობის მსურველებისთვის ალბათ ყველაზე საჭირო პირველადი ინფორმაცია გაწევრიანებისა და მომსახურების შესახებ (გაწევრიანებისთვის ფოტოს მიტანა არ დაგჭირდებათ, იქვე გადაგიღებენ). აქვეა ყველა დარბაზის ჩამონათვალი (შესაბამისი ფოტოებითა და პროფილის მითითებით).
* ინფორმაცია დაცული ფონდებისა და კოლექციების შესახებ
* ელექტრონული კატალოგები. მკითხველებს ამ კატალოგებით სარგებლობა ბიბლიოთეკის საკატალოგოებში განლაგებული კომპიუტერების საშუალებითაც შეუძლიათ, მაგრამ ყველაზე მოსახერხებელი ალბათ შინ სარგებლობაა, ასე ბიბლიოთეკაში მოსულები დროსაც დაზოგავთ. მითითებულ ბმულზე ჩამოთვლილია ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზები. სასურველ ბაზაში შესვლის შემდეგ "ჩვეულებრივი" საძიებო ფორმის მაგიერ "გაფართოებული" ძიების ჩართვას გირჩევთ (მარჯვენა ზედა მხარეს), რომელიც გაცილებით მეტ საძიებო ველს მოიცავს.
მაგ: ბაზა "ქართული წიგნები"
ამოწერეთ წიგნის შენახვის შიფრები და დაზოგეთ დრო.
კატალოგები მუდმივად ახლდება, ასე რომ ძიებისას სასურველი გამოცემის ვერ ნახვის შემთხვევაში ნუ ჩათვლით, რომ ის ბიბლიოთეკას არ აქვს.
* ბიბლიოთეკაში დაცულია საქართველოში დაცული დისერტაციები (ადრე ისინი, ბიბლიოთეკის გარდა, სხვადასხვა ინსტიტუტებშიც ინახებოდა, ამჯერად თავი ერთად მოეყარა). გარდა ქართული დისერტაციებისა, შეგიძლიათ ნახოთ რუსეთში დაცული დისერტაციების ციფრული ვარიანტები. ამ მომსახურების გაწევა მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკას შეუძლია.
* ქართული გაზეთების კატალოგი. მასში ნახავთ ყველა ქართულ გაზეთს – 1819 წლიდან (სწორედ ამ წელს, 8 მარტს, გამოიცა პირველი ქართული გაზეთი "საქართველოს გაზეთი") დღემდე. სასურველი გაზეთის პოვნის შემდეგ, დააწკაპუნეთ ჩამოთვლილ წლებზე (თუ გაზეთი ბიბლიოთეკის ფონდებში ინახება, აუცილებლად ახლავს წლების ჩამონათვალი) და ჩვეულებრივი საბიბლიოთეკო ბარათის ფორმაზე, როგორიც ბარათულ კატალოგებშია, ნახავთ – რომელი ნომრების მიღება შეგიძლიათ. ფონდების ველში არის F– ხელუხლებელი ფონდის და K – საერთო ფონდის შიფრები. ხელუხლებელ ფონდში ინახება საქართველოში ნაბეჭდი გამოცემების თითო ეგზემპლარი. ის ყველაზე სრული ფონდია. იმ შემთხვევაში, თუ გაზეთი საერთო ფონდს არ აქვს, მისი მიღება F ფონდიდან შეგიძლიათ. იგივე წესი ვრცელდება სხვა ბეჭდურ გამოცემებზეც.
* ბიბლიოთეკის კიდევ ერთი პროექტი – ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელშიც არერთი ციფრული წიგნის ნახვა შეიძლება. კოლექცია მუდმივად ახლდება.
* აქვე – იუნესკოს პროექტი "გრინსტოუნი", რომელშიც შესულია ტექსტები ქართული ლიტერატურიდან, სამოქალაქო განათლებაზე და არა მხოლოდ: დაწვრილებით
* ლექსიკონები. სასურველი სიტყვის განმარტების ძებნისას გუგლის საძიებო სისტემას ალბათ ხშირად გადაუყვანიხართ ბიბლიოთეკის ლექსიკონების გვერდზე. ერთად თავმოყრილი, სხვადასხვა თემის, განახლებადი 9 ლექსიკონის გამოყენება ვფიქრობ, მოსახერხებელია...
* ევროპული ბიბლიოთეკა. გაერთიანებული საძიებო სისტემა: მოძებნეთ სასურველი გამოცემები ევროპის ყველა დიდი ბიბლიოთეკის შეერთებულ კატალოგში.
* ბიბლიოთეკის ჩამოთვლილი და სხვა ინტერნეტრესურსების შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცანით.

ეს მხოლოდ ძირითადი – რისი დაწერაც ერთ პოსტში მოვახერხე. საიტის დათვალიერებისას კიდევ არაერთ საინტერესოს ინფორმაციას იპოვნით :)

7 comments:

clown said...

საშვის აღება როგორ მინდა და მეზარება :შ

Kate said...

ძალიან საჭირო პოსტია.


აუ მე ავიღე, მაგრამ ვადა გაუვიდა ალბათ.
მე-2 კურსზე ვიყავი.

Keti said...

ქეთ, მადლობა :)
2007 და შემდეგ წლებში აღებული საშვები წელსაც ძალაშია.

Kate said...

და შემთხვევით ხომ არ იცი როდემდე აქვს საერთოდ საშვს ვადა???

Keti said...

საერთოდ ერთწლიანი იყო ხოლმე, მაგრამ 2007 წლის მერე შეზღუდვა არ არის, ვადას უგრძელებენ..

Clown said...

ჩემ საშვს 2011-მდე აქვს ვადა...

მე გერმანულ ბიბლიოთეკაში დავდივარ, მაგრამ მანდაც ეროვნულის საშვი უნდა ^_^

Keti said...

გიო,
კი, ახლა ვადა 2011 წლამდე აქვს და შეიძლება მერეც გაუგრძელდეს (წინა წლებში ასე იყო).
მართალია, იგივე საშვი მოქმედებს :)
მანდ ბევრი უახლესი მასალა აქვთ, კარგია რომ დადიხარ, გერმანულის შესწავლაში დაგეხმარება :)