Saturday, January 24, 2009

კადრში


ასე მგონია, როცა მათ ვიღებ, კარგ საქმეს ვაკეთებ.
და უცნაური ის არის, რომ თავიდან ასე არ ვფიქრობდი.
თავიდან, თავისთავად მოხვდნენ კადრში.
მერე ვეძებდი.
ხან – არც, უბრალოდ ვხედავდი და მე ხომ თითქმის სულ თან მაქვს კამერა.
ბოლო დროს გამიჩნდა ეს განცდა, რომ კარგი საქმეა, რადგან აღმოვაჩინე: ზოგიერთი რამ ჩემ კადრებს შემორჩა, თბილისს – აღარ.
აი, მაგალითად, წერილი "ინიციალები", ასე თვენახევრის წინ დავწერე. ძველი ფანჯრის ფოტოც დავურთე, რომლის გისოსზეც სახლის, ალბათ, პირველი მფლობელის ინიციალები იყო აღნიშნული – Д. А.
დაახლოებით ორი კვირის წინ ეს ფანჯარა გააუქმეს. როგორც ჩანს, პატრონმა ბინა გააქირავა, ან გაყიდა; იქ ოფისი გაიხსნა, გარემონტდა და ჩემი აზრით, უნიკალური ძველი სახე სახლსაც დაეკარგა და ფანჯარასაც. ის გისოსი ამოუჭრიათ და ახალი რკინის კარის გასაფორმებლად გამოუყენებიათ. ინიციალები ისევ ჩანს, მაგრამ კარი თანამედროვეა, თან გადაშინდისფერებული.
და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის.

დღეს, დაუგეგმავად – ლოდინის ორი საათის შესავსებად სადგურის მიმდებარე ქუჩებს გავუყევი. ულამაზესი სახლები და სადარბაზო კარები ვნახე. რა თქმა უნდა, გადავიღე. სხვათაშორის, კიდევ აღმოვაჩინე კარზე ინიციალები, ამჯერად – M. C. და მეორეზე – წარწერა "Заводь" :)
ჰო, თან ისტორიაც განმეორდა.
ძველი ეზოების მაცხოვრებლებს შორის ეჭვს ვაჩენ ხოლმე. შარშან, ერთი ქალი ქუჩის ბოლომდე გამომყვა. ვერაფრით დაიჯერა, რომ სამშენებლო კომპანიიდან არ ვიყავი და ამიტომ არ ვიღებდი მათ ეზოს.
– ლამაზი ეზო გაქვთ, – ვეუბნები.
ვითომ არ ესმის, მიმეორებს:
– რატომ იღებთ? რომელ კომპანიაში მუშაობთ? ჩვენთან მოდიან დანგრევის მსურველები...

მე ერთი კადრის გადაღებით არ ვკმაყოფილდები, რამდენიმეს ვიღებ, რომ საუკეთესო გამოვაქვეყნო. დღესაც დრო დამჭირდა – ერთი სახლი ისე ლამაზი იყო, კარი და შიდა ეზოც ისეთი ჰქონდა... ჰოდა, სანამ ხან მანქანებს ვატარებდი სასურველი პოზიციის დაკავებამდე და ხან კადრს ვასწორებდი, თურმე მეზობლებიც მოგროვდნენ. ამ დროს, როგორც წესი, კაცები არ აქტიურობენ. ამბის გასაგებად ქალი მოდის :)
ნელი ნაბიჯით და თან დოინჯშემორტყმული რომ დაიძრა, მივხვდი. გავუღიმე.
– გოგონა, რატომ იღებთ? – მიღიმის.
– ლამაზია.
– მერე? რისთვის იღებთ?
– ისე, ჩემთვის. მომწონს.
– აა..
გავეცალე. გაკვირვებული დარჩა და ტუჩაბზუებულიც.
მათი სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში ორი ტრიალი მინდორია. ნინოშვილის ქუჩის უშველებელი მონაკვეთი, ორივე მხარეს – მიწასთან გასწორებული.
იქ ბეტონის გორას ჩადგამენ.
თბილისი ხომ შენდება..

ხანდახან მგონია, ჩემ თბილისს ვაგროვებ, იმის შიშით, რომ დავკარგავ.

4 comments:

Khatia Caroline said...

ძაან ლამაზი ჩანაწერია, თითქმის შემიყვარდი! :)

Keti said...

გამახარა ამ სიტყვებმა, გმადლობ :))

Anonymous said...

აუ ქეთ, მარჯანიშვილის მეტროსთან, ცოტა დაბლა რომ ცამოუყვები და მაკდონალდსს გამოცდები, მაგას და ახალ შენობას შორის არის ერთი ძვეელი მაღალი სახლი.

ხოდა რა არის ამასი გენიალური - ამ სახლს გარედან აქვს ერთი კარები,სადღაც მეორე თუ მესამე სართულის სიმაღლეზე და რაკოვინა დგას!

ძალიან ბუნდოვანდ მახსოვს, ძალიან, კარგად ვერ აღვწერ. სურათიც ვერ გადავუღე და თან ნუ მე რა, მობილით გადავუღო მაქსიმუმ, უბრალოდ იმიტომ, რომ ეგეთი საინტერესო რამე თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე ჩანს : ))

თუ გადაღებული გაქვს უკვე - გამომიგზავნო იქნებ, თუარადა მაგ ტერიტორიაზე რომ იქნები, აიხედე ზემოთ და დაინახე და გადაიღე : )მართლა მენანება ეგ თუ აღარ იარსებებს : )

Keti said...

დოდი, არ გადამიღია, მაგრამ, მგონი მახსოვს, რასაც ამბობ. სახლს ალბათ გვერდი მოუნგრიეს, იქ კი სამზარეულო იყო. აი, ვინც მოანგრია და ასე დატოვა, რა იფიქრა ნეტა :))
როგორც კი მოვხვდები, კიდევ ვნახავ :)

პ.ს. მარჯანიშვილის ქუჩა ბავშვობიდან მიყვარდა, ლამაზი იყო..