Sunday, May 1, 2011

დაინახე და დამანახე, ანუ შთაბეჭდილებები თანამედროვე ქართულ პროზაზე

"როცა გაივლი იმ მეწვრილმანის ახლოს, თავისი დუქნის კართან რომ ზის, მეკარის ახლოს, ჩიბუხს რომ ეწევა მეეტლეების სადგომთან, მიჩვენე ეს მეწვრილმანე და მეკარე, მათი პოზა, მათი გარეგნული სახე, რომელიც შეიცავს აგრეთვე მათს ზნეობრივ ხასიათს, მიჩვენე ისე, რომ არ ავრიო არც ერთ სხვა მეწვრილმანესა ან მეკარეში, დამანახე – მხოლოდ ერთი სიტყვის დახმარებით, – რით განირჩევა ეს ცხენი ორმოცდაათი სხვა ცხენისაგან, რომლებიც მას უსწრებენ, თუ უკან მიჰყვებიან" – გუსტავ ფლობერი.

ბოლო დროს ორმა თანამედროვე ქართველმა მწერალმა თქვა – ფანტაზიას ვუჩივით (თუმცა ვაფასებთ ფანტაზიის მქონე მწერლებს) და რასაც ვწერთ, მხოლოდ ჩვენ თავს გადახდენილი ან ჩვენი ყურით მოსმენილი ამბებიაო. არ ვიცი, რატომ ჩათვალეს საჭიროდ ამის საჯაროდ აღნიშვნა, მაგრამ საერთო ფონზე ფიქრისას მათი ნათქვამი თავს იჩენს.

მე ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვე ქართულ პროზას კარგად ვიცნობ – ყველაფერს ვკითხულობ, ყველა ავტორს ვადევნებ თვალს, მაგრამ რაც წამიკითხავს, ძირითადად სწორედ ფანტაზიის ნაყოფია ხოლმე – გამოგონილი პერსონაჟები და ამბები (ხშირად უცხოელი მწერლების ნაწარმოებების გმირებისა და სიტუაციების ანარეკლები), ჩაკეტილი სივრცეები – მხოლოდ ემოციური მდგომარეობის საჩვენებლად. აქ, რა თქმა უნდა, შესაბამის ჟანრებს არ ვგულისხმობ, სადაც ფანტაზია მწერლის მთავარი საყრდენია.

ახალი თაობის ავტორების დიდ ნაწილს, მათი ნაწარმოებებიდან გამომდინარე, ეტყობა, რომ თავის საცხოვრებელ ადგილს იშვიათად ტოვებს, მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრეში ტრიალებს, არ ინტერესდება სხვადასხვა თაობის თუ სოციალური წრის ცხოვრებით, არ მოგზაურობს თუნდაც საკუთარ ქვეყანაში, იკვებება კლიშე შეხედულებებით, რომლებსაც თავს ახვევს კინო, ტელევიზია ან ინტერნეტი (ეს ცალკე ფენომენია და მასზე, იქნებ, სხვა წერილში), კითხულობს მოდურ მწერლებს... და ისე წერს. ერთი სიტყვით, მასისგან მათ მხოლოდ წერის სურვილი თუ გამოარჩევთ.
ალბათ ამიტომ, ხშირად ხდება, რომ პერსონაჟებს ვერ დაინახავ: პორტრეტს არ აგიწერენ, არც გარემოს – სადაც გმირები მოქმედებენ. დასახლებული პუნქტი უმეტესად თბილისია (ნაწარმოებში ნახსენები რომ არც იყოს, იგულისხმება), ან წარმოსახვითი დიდი ქალაქი – ფილმებიდან თუ წაკითხულიდან მიღებულ შთაბეჭდილებათა ნაზავი; ხოლო ამ მოცემულობის შესაბამისად, აღწერილი ურთიერთობები, სიტუაციები, დიალოგებიც – დაშტამპული. თითქოს არავის აინტერესებს პერიფერია. ან იქნებ ცუდი ტონია არათბილისურ (არადიდქალაქურ) ამბებზე წერა? ფილმების გავლენა კიდევ ცალკე აღსანიშნი ამბავია: აკი, ერთ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილე მოთხრობებზე თქვეს კიდეც – ადვილად მიხვდები, მათ დაწერამდე რომელმა ავტორმა რომელი ჰოლივუდური ფილმი ნახაო.

მე მგონია, კარგი პროზაიკოსისთვის გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების ქონა ისეთივე აუცილებელია, როგორც წერის ტექნიკის ფლობა; ცხოვრებისეულ გამოცდილებაში ბევრის მნახველობას ვგულისხმობ, რაც თავისთავად დაკვირვების უნარსაც მოიცავს და რაზეც მიხეილ ჯავახიშვილი არაჩვეულებრივად წერს თავის ესეში "როგორ ვმუშაობ":
"რა მასალა უფრო მშველის – ავტობიოგრაფია, დაკვირვება, წიგნი თუ ჩანაწერები? ყველა ერთად, ცალ-ცალკე კი არცერთი. ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა. თავისუფალი შემოქმედების მაგიერ ბრმა მიმბაძველობა გამოვა. დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიან დამეხმარა. პროზაიკოსისთვის იგი ფრთებს უდრის, უამისოდ ვერ გაფრინდება. შესაძლებელია მან ხალასი ფსიქოლოგიური რამ დასწეროს, მაგრამ ის ვერ შეჰქმნის ცოცხალ ტიპს, ვერ დაგვიხატავს პეიზაჟს, ვერ დაგვანახებს სულიერ-უსულო საგნების ურთიერთობას, ე. ი. ბუნებას, სიცოცხლეს, ცხოვრებას. მისი დანიშნულება კი სწორედ ეს არის და სხვა არაფერი... მარტო წიგნი და კარჩაკეტილობა პატიმრობას უდრის-მეთქი. მწერალმა, ნამეტან კი პროზაიკოსმა, ბევრი უნდა იმოგზაუროს, რათა ყველაფერი ნახოს, განიცადოს, გაიგოს, მოისმინოს და შეისრუტოს, თორემ ვისაც ბევრი არა მიუღია რა, ის ბევრს ვერც მოგვცემს" .
აი, ბეგბედერის ენით რომ რომ ვთქვათ: "ყველა მწერალი ჩამშვებია, ყველა ლიტერატურა დამბეზღებელია".
არ შეგაშინოთ ამ უსიამოდ მჟღერმა სიტყვებმა, – "გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები".

12 comments:

Toma said...

სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ აზრზე არ ვარ თანამედროვე პროზის თუ პოეზიის, არა მხოლოდ ქართულის.

ისე გუშინ ჩემმა მეგობარმა ნინომ მომცა ბურჭულაძის პატარა ნაწაარმოების ბმული. წავიკითხე და სიმართლე რომ გითხრა იმ ნწარმოებში მხოლოდ ძაღლის მომენტი მომეწონა :)

Sophie שרה Golden said...

ქეთი, რამდენი ხანია ასე დაკვირვებით პოსტი არ წამიკითხავს.
ძალიან კარგად აღწერე თანამედროვე პროზა. ყველაფერთან ერთად, ვერ ვიხსენებ მწერალს, რომელიც საქართველოს რომელიმე რეგიონში ცხოვრობს, თბილისის გარდა და იქაურ ცხოვრებას რეალურად (ან თუნდაც არარეალურად) აღწერდეს. ადამიანები ისე არიან ჩაკეტილები, თავის თავში და ხან მგონია, ეშინიათ, გარეთ გასვლა ეშინიათ. "გარეთ"–ში საზღვრების დატოვებას არ ვგულისხმობ, იქ გასვლას, ხალხში, სადაც ნამდვილი ცხოვრებაა და სადაც ადამიანები მხოლოდ კინო–ტელე–ინტერნეტის გავლენით არ ცხოვრობენ.

ძალიან კარგი წერილია. მადლობა.

Nina Gorecki said...

აბსოლუტურად გეთანხმები, ძალიან ღარიბია ხასიათებით თანამედროვე ქართული პროზა. წამიკითხავს ხოლმე უცხოელი მწერლების ბიოგრაფიებში, რომ ვიღაც ერთი თვე ცხოვრობდა სოციალურად დაუცველ ადამიანებთან, სანამ ამ თემაზე წიგნს დაწერდა და ასეთი რამეები..

ჩვენთან ვაკუუმში წერენ. თან ერთსა და იმავეზე, უბრალოდ სხვა სახელებს არქმევენ პერსონაჟებს. სიმართლე გითხრა, ბოლო დროს იშვიათად თუ ვეცნობი, აღარც მაინტერესებს უკვე :)

ახალი სლაიდი მომწონს :)

Keti said...

* ტომუშკა, ჰო, მისი რომანის ნაწყვეტი დევს ნეტში :)

* სოფი, გეთანხმები, უმეტესად ძალიან ჩაკეტილები არიან.
ახლა დავფიქრდი და რეგიონში მცხოვრებ მწერალზე უცებ ვინც გამახსენდა, გელა ჩქვანავაა, როგორც ვიცი სამეგრელოში ცხოვრობს, კარგადაც წერს...
დიდი მადლობა!

* ნინა, ზუსტად! მეც წამიკითხავს ეს ამბები და ნაწარმოებებსაც ეტყობა ხოლმე, როგორ უდგებიან საქმეს.
ჰო, ინტერესიც თავისთავად ქრება..
მადლობა, მიხარია :)

Janri Gogeshvili said...

ПЯТНИЦА, 23 АПРЕЛЯ 2010 Г.
”უანგარო” მკითხველთა კოჰორტა / Cohort of 'unselfish' readers...
ანონსი
...განა ერთხელ მაინც არ შეხვედრიხართ, სადღაც მიყრუებულ სოფელში, ან ჩვეულებრივ დაბაში, ან დიდი ქალაქის რომელსამე ბინაში ”ჩარჩენილ” ადამიანს, რომლის ნაკითხობით და უშუალობით, ამა თუ იმ ტექსტის შეცნობისა და განჭვრეტის უნარით მოხიბლულს, გაოცებით გიფიქრიათ, ასეთმა სამაგალითო ”შემტყობარმა” მხოლოდ უანგარო მკითხველად დარჩენა როგორ მოახერხაო…
იგი წიგნის მცოდნე, წიგნის დამგემოვნებელია… ჭეშმარიტი მადლის მატარებელი, გამავრცელებელი და მცველი. ნატიფ მკითხველთა ერთობის წევრები იმდაგვარად არიან შემფასებელნი, რამდენადაც მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებაა, სიტყვების ძალასა და მადლზე აგებული მხატვრული წარმოსახვების საშუალებით შეიგრძნონ და შეაფასონ გარესამყარო. უანგარო მკითხველთაგან ბევრს მიაჩნია, რომ ლიტერატორმა მარტივად და ყველასთვის გასაგებად უნდა წეროს… მაგრამ არიან ისეთებიც, რომლთაც მწერლის მიერ ენობრივ ქსოვილში ჩანერგილი ფსიქოლოგიური პასაჟების, კოდირებული ნიშნების შეცნობა იტაცებს. ისინი თავად ხდებიან შემოქმედებითი ძიების, მოკვლევის თანამოზიარენი…
P.S. ამგვარ მკითხველს, უკვე ”წითელ წიგნში” თუ შეხვდებით… ამაზე, თქვენი მეგობარი ქალბატონების კომენტარებიც ნათლად მეტყველებს.
და, ამ ესეს გაგრძელების სურვილმაც მიიძინა…
ნუ მიწყენთ და არც თქვენ კითხულობთ ”ყველაფერს”, "თანამედროვეობა" ჩვენთან,დღეს, რატომღაც ასაკობრივი ნიშნით განისაზღვრება. ახლა, უმეტსწილად ”ხმაურსა” თუ ”ფიარს კითხულობენ”.
უფრო საინტერესოდ თუ გნებავთ იხილეთ ინტერნეტჟურნალ ”ოქსიმორონში” გამოქვეყნებული ქალბატონ ლელა კოდალაშვილის წერილი ”ერთი-ორი უმართებულო ტენდენციის შესახებ”...
ისვევ და ისევ კეთილი სურვილებით…

Keti said...

ბატონო ჯანრი, მადლობა გამოხმაურებისთვის. რა თქმა უნდა, შევხვედრივარ კარგ მკითხველებს და ძალიან ვაფასებ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ისინი ძნელად საპოვნელები არიან.

რაც შეეხება იმას, რომ მეც არ ვკითხულობ „ყველაფერს“ – ეს ბუნებრივია, თუნდაც დროის სიმცირის გამო. მწერლის თანამედროვეობის ასაკობრივი ნიშნით განსაზღვრისა რა გითხრათ, მე ეს არ მახასიათებს. კარგი ნაწარმოები კი ყოველთვის თანამედროვეა.

ლელა კოდალაშვილის წერილი წაკითხული მაქვს. მის მიერ გამოთქმულ ზოგ მოსაზრებას ვეთანხმები, ზოგს არა, მაგრამ ამ კომენტარში აღნიშნულ წერილს დეტალურად ვერ განვიხილავ.
ჩემი წერილი სწორედ უკეთესი ქართული პროზის შექმნის სურვილს გამოხატავს.
ასევე კეთილი სურვილებით...

Lord Vader said...

ქართულ პროზაში კლასიკოსები და ისიც ბუმბერაზი არ გვყავს.

ქართულ პროზას რომ მოვაკლოთ და ა.შ. როგორც ბუმბერაზმა (ოღონდ მართლა) კლასიკოსმა (ოღონდ მართლა) თქვა ;)

Keti said...

ბოლო ფრაზაში ზოგადად, მსოფლიო ლიტერატურა ვიგულისხმე :) პროზაიკოსები, ანუ..

Anonymous said...

საინტერესო განხილვაა. თანამდეროვე ქართულ პროზას რომ არ იცნობდე, მაინც გექმნება წარმოდგენა.
ცხოვრების გამოცდილება ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესია. მაკა მიქაძეს "მე და ჩემი კუსტურიცა" წავიკითხე ამ ბოლოს და მემგონი ფანტაზია არ სჭირდება ამ ცხვორების გამოცდილებაზე დაფუძნებულ მოთხრობებს. თუმცა არც ის აკლიათ.
ჯავახიშვილის სიტყვებზე კლაისტის ცხოვრება მახსენდება. კლაისტმა თავის მოკლე სიცოცხლის უმეტესი ნაწილი მოგზაურობაში გაატარა თურმე.....

Keti said...

დიდი მადლობა :)
"მე და ჩემი კუსტურიცას" წაკითხვა მინდა და ჯერ ვერ მოვახერხე..

მე ვფიქრობ, ძველი თაობის მწერლები გაცილებით მეტს მოგზაურობდნენ, ახლოს იყვნენ ხალხთან და შესაბამისად, ცხოვრებისეული გამოცდილებაც და სათქმელიც მეტი უგროვდებოდათ. თანამედროვე ადამიანები გაცილებით ჩაკეტილები არიან თავის ნაჭუჭში, მათ შორის ისინიც, რომლებსაც მწერლობა გადაუწყვეტიათ. ალბათ ამიტომაა, რომ ახალი ნაწარმოებების უმეტესობა არაფერს გიტოვებს მკითხველს.

mari said...

უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ ქეთი შენი ნააზრევით...ზუსტად მიაგენი სათქმელს და ახსენი პრობლემა..მეც ვკითხულობ თანამედროვე ნაწარმოებებს მაგრამ ისინი სამომავლოთ არაფერს იძლევიან..ყველა მწერალი თითქოს ერთი მიმართულებით წერს..ჩემი აზრით თანამედროვე პროზა და თითოეული ნაწარმოების შესაქმნელად დახაარჯული დრო და ენერგია ფუჭია..

Keti said...

მარი, მადლობა