Friday, November 27, 2009

სერობა ბუნუელთან ერთად

მთელი კვირაა, ჩემ თავს ლუის ბუნუელის ფილმების რეტროსპექტივას ვუწყობ. ნანახი კიდევ ვნახე, უნახავის მოძებნას შეძლებისდაგვარად ვცდილობ. მისი შემოქმედების შესაფასებლად მხოლოდ ერთ სიტყვას – გენიალურს ვპოულობ.. წერა კი 1961 წელს გადაღებულ „ვირიდიანაზე“ გადავწყვიტე:

1960 წელს ფრანკომ ესპანეთიდან გადასახლებულ ბუნუელს სამშობლოში დაბრუნება და ფილმის გადაღება შესთავაზა. ბუნუელი დაბრუნდა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ის ფრანკოსა და ვატიკანის მიერ შერისხული აღმოჩნდა. მიზეზი „ვირიდიანა“ იყო, რომლითაც მან, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებასაც და კათოლიკურ ეკლესიასაც ბრანწი უჩვენა. ფრანკომ ფილმის ესპანეთში ჩვენება აკრძალა (ეკრანებზე მხოლოდ 1977 წლიდან, ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ გავიდა), ვატიკანის ოფიციალურმა გაზეთმა კი მას მკრეხელური უწოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ფილმი 1961 წლის კანის ფესტივალის გამარჯვებულია. ეს – მცირე ისტორია, ახლა იმ მიზეზზე დავწერ, რამაც ვატიკანი აღაშფოთა, მე კი წერა მომანდომა.

სანამ სასურველ კადრამდე მივალ, მათთვის ვისაც ფილმი არ უნახავს, მოკლე შინაარსს მოვყვები: ვირიდიანა (სახელი სიტყვა „მწვანედან“ წარმოდგა, ესპ.) მონასტერში ცხოვრობს, კეთილი და საოცრად მორწმუნე ახალგაზრდა ქალია (როლს არაჩვეულებრივი სილვია პინალი ასრულებს). ჩანთით ეკლის გვირგვინს ატარებს, უხეში ჯვალოს პერანგებს იცვამს, რიტუალებს ზედმიწევნით ასრულებს (მთვარეულიც კი!).. ვირიდიანას დროებით ბიძის სახლში დაბრუნება უწევს. ბიძა სიყვარულში უტყდება. იმისთვის, რომ ვირიდიანა თავისთან დაიტოვოს, მოახლის დახმარებით მას აძინებს, დილით კი უცხადებს, რომ ღამე ერთად გაატარეს. ვირიდიანა სახლიდან მიდის, მაგრამ გზაში ბიძის თვითმკვლელობის ამბავს ატყობინებენ და შინ აბრუნებენ. ქალი მონასტერზე უარს ამბობს და სოფლის უსახლკაროებს სახლსა და პურს უყოფს. სასურველი კადრიც აქვეა: შინ მარტო დარჩენილი შეფარებულები ორგიას აწყობენ. კადრი, სადაც გაშლილ სუფრას შემომსხდარი უსახლკაროები ჩანან, თითქმის ზუსტად იმეორებს ლეონარდო და ვინჩის „უკანასკნელ სერობას“. სწორედ ამან აღაშფოთა რომის პაპი. და ვინჩის ფრესკაზე ქრისტეს ფეხები კედელში გაჭრილი კარის გამო არ ჩანს, ბუნუელმა კარი სკამით ჩაანაცვლა, გმირები კი ჰენდელის „მესიაზე“ აცეკვა. ამ ეპიზოდის ნახვა იუთუბზეც შეიძლება, მე კი ორ უკანასკნელ სერობას გამოვფენ (ფილმის გმირებისთვისაც უკანასკნელს):


ასევე საინტერესოა მათხოვრის მკვლელად მოსყიდვის სცენაც. შინაარსს ბოლომდე არ დავწერ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვირიდიანა ეკლის გვირგვინს საკუთარი ხელით წვავს.
აქვე არ შემიძლია, არ აღვნიშნო ფილმის საოცრად ლამაზი კადრები – დამოუკიდებელ ფოტოკადრებადაც რომ შეძლებდნენ არსებობას..

ფილმზე მხატვრობის ასახვამ ამ ზაფხულის შთაბეჭდილებაც გამახსენა: კიდევ ერთი "ჩემი" რეჟისორი (თუმცა ბუნუელს ვერ შევადარებ) ალმოდოვარი ლუისს თავის მასწავლებლად თვლის; შემოქმედებითი გავლენაც თვალში ადვილად მოსახვედრია. უახლესი ფილმის – „დამსხვრეული ჩახუტებების“ ("Los abrazos rotos") ჩემი აზრით ყველაზე დასამახსოვრებელ სექსის ეპიზოდს ისევ მხატვრობასთან – ამჯერად რენე მაგრიტის „საყვარლებთან“ მივყავართ (და ბუნუელის გავლენასთანაც, თუმცა მხოლოდ ამ სცენას არა):

...
გუშინ ლუის ბუნუელის ავტობიოგრაფიის ქართული თარგმანი ვიპოვე. მხოლოდ 4 ნაწილია და თავს ერთად მოვუყრი:

2 comments:

ჯორჯ პაიკი said...

როგორ მიყვარს ეგეთი პარალელების გავლება, ძალიან მომეწონა. :) ისიც მაგარია, როცა ფილმში ყველა კადრი ცალკე აღებული, კარგი ფოტოსავით რომ არის. ცუდია ბუნუელის (სულ ბენუელში მეშლება) ფილმები რომ არ მაქვს ნანახი, ვერ მოვახერხე, ახლა კი ნელ-ნელა უნდა ჩავუჯდე, ხელებისფშვნეტით. :)

Keti said...

მიხარია, ჯორჯ, მადლობა :)
ვფიქრობ, ბუნუელის ფილმებიც მოგეწონება... "ვირიდიანას" კადრებზე არაერთხელ ვიფიქრე ასე :)