Friday, February 26, 2010

Be That Easy


ამ საღამოს შადეს Be That Easy ამოვიჩემე. მოწყენილობიდან დროებით გამდევნა.
ზაფხულის საღამოს განწყობა მოაქვს: ლიცლიცა სინათლეები, ნიავი, ხილის სურნელი, ხელები კისერზე... არადა, გაცილებით სევდიანია.

...
სრული კოლექცია

Monday, February 22, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს მაკა ბატიაშვილის სევდიან გოგოს გამოვფენ. მაკა ადრინდელ სურათებს არ ასათაურებდა (ყოველ შემთხვევაში, მის საიტზე – არ), ასე რომ, ეს სახელი პირობითია, ჩემგან..

22-28 თებერვალი.

Saturday, February 20, 2010

პლა–პლა–პლა

წყალში ნავი მიცურავდა. რათა ერთი? მაშ რამდენი? ორი. რათა ორი? მაშ რამდენი? სამი....

თანამწერლები. ©
მრგვალ მაგიდასთან სჯობს მგონი, მე პირველს ვიტყვი, მეორეს... ბანი – ზუსტად ვიცი, რომლის იქნება :)

პლა–პლა–პლა. ©
პ – არ შემშლია. რა ვიგულისხმე? როცა ამაზე საუბარი ბლა–ბლა–ბლაა, გამოდის პლა–პლა–პლა. ანუ "შეაყარე კედელს ცერცვი" :)

ინკუბატორი

სუროგაციაზე ვუყურებ სიუჟეტს. დედები ამბობენ, რომ მხოლოდ ინკუბატორები არიან. არ განიცდიან ბავშვების მოცილებას. მიაჩნიათ, რომ სიკეთეს ჩადიან და საკუთარ შვილებს (არაინკუბატორიდან) ამით ინახავენ.
მე არ მგონია ასე. ინკუბატორი მინახავს. დედები არ არიან ნათურები, მათში სისხლი ჩქეფს...

ცუდი უნდა იყოს იმის ცოდნა, რომ ფული ღირდა შენი ჩასახვა, თანაც დედამ ინკუბატორი დაირქვა.

ჩვენებური ძუძუმტეობა გამახსენდა. საშვილომტეობა არაფერია?

Monday, February 15, 2010

საღამოს საკითხავი

ამ საღამოს მეგობარმა ერთი პატარა მოთხრობა გამომიგზავნა. ჩვენ ხშირად ვუგზავნით ერთმანეთს საკითხავს, ლიტერატურაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რაც ძალიან მომწონს, რადგან ჩემი მეგობარი საინტერესო მოსაუბრეა. საკითხავი ხომ ხშირად გვიქმნის განწყობას, გვიჩენს საფიქრს, რომელიც ხანდახან დღეების თუ მთელი ცხოვრების მანძილზეც მიგვყვება. ჰოდა, ახლა სპონტანურად ერთი იდეა გამიჩნდა: ბლოგზე გავაკეთო ახალი რუბრიკა "საღამოს საკითხავი", რომელშიც რომელიმე ლიტერატურულ (ან ლიტერატურასთან დაკავშირებულ) ნაწარმოებს შემოგთავაზებთ; ანუ იმას, რისი გაზიარებაც მომინდება. რა თქმა უნდა, არჩევანს მხოლოდ ვირტუალური "სარჩევიდან" გავაკეთებ – ქართული საიტებიდან.

ახლა რაც შეეხება "ტექნიკურ" მხარეს:
ბლოგს კიდევ ერთ ბანერს დავამატებ. მასზე დაწკაპუნებით საღამოს საკითხავსაც გადაფურცლავთ...
შევეცდები, რუბრიკა ყოველ საღამოს განვაახლო.


პ. ს. ორი კვირაა, რაც რუბრიკას ვაახლებ და რამდენჯერმე ჩემს არჩევანზე საუბარი მომინდა. ასევე, საინტერესო იქნება კომენტარები. ამიტომ ეს პოსტი ბანერთანვე ავტვირთე, აზრის გამოთქმისთვის კომენტარების ველი რომ გამოვიყენოთ :)

ერთი კვირა, კედელზე

სალვადორ დალის ორი ნამუშევრის გამოფენა მინდა:
პირველი "დილის ილუზიაა" – იმ ბევრი სითბოს შესატყვისის ძებნისას შევარჩიე, ხანდახან განსაკუთრებით რომ შემომიტევს ხოლმე და ვერაფრით გამოვხატავ :) არც ეს ნახატია საკმარისი.

მეორე ნამუშევარი კი "პურიანი კალათა" იქნება. მას კვირის მეორე ნახევარში შემოგთავაზებთ.

15 – 21 თებერვალი.

Saturday, February 13, 2010

ახალი

გუშინ "თაობებზე" ერთ-ერთი ახალი ლექსი – "ღია" გამოვაქვეყნე. შარშან, კრებულის სასიგნალო ცალი უკვე დამზადებული იყო, როცა გაჩნდა და ჩავამატე. ეს კრებულში შესული ახალი ლექსებიდან ერთადერთია, რომელიც მთელწლიანი სიჩუმის შემდეგ ინტერნეტში მოხვდა, რადგან ადრინდელი დამოკიდებულება ინტერნეტში ახალი ლექსების დადებაზე არ შემცვლია. ჰოდა, გუშინ ისე განვიცდიდი, ვიდრე გამოქვეყნების ღილაკს ხელს მივაჭერდი. ცუდია, რომ ეს განწყობა გამიჩნდა და ჯერაც ვერ მოვიცილე.
მოგვიანებით ლექსი ფეისბუკზეც დავდე და ჩემს ლექსების საიტსაც დავამატე.

ისევ მომწონს და სათქმელის თქმა, რომელიც ამ ლექსის საშუალებით გადმოვეცი, კიდევ და კიდევ მინდება...

Friday, February 12, 2010

LIVE პოეზია

დადიხართ ლიტერატურულ საღამოებზე? თუ ასეა, უკვე მოგიწევთ მობილურებში თუ დღიურებში განრიგის ხშირად ჩანიშვნა. სასურველია, ეს დღესვე გააკეთოთ, რადგან თუნდაც დღეს სამი საღამო გაიმართება. მათ შორის შუალედი ისეთია, ერთიდან მეორეზე გადაინაცვლებთ და რაკი ასეთ საღამოებზე ძირითადად ერთი და იგივე ხალხი დადის, გადაადგილების პროცესიც, სავარაუდოდ, კოლექტიური იქნება.
პროცესზე – ნახევრად ხუმრობით, თუმცა ცხადია: ბოლო წლებში საქართველოში მხატვრულ ლიტერატურას გაცილებით მეტს ბეჭდავენ და უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გამოჩენილი ავტორების უმეტესობაც იმდენად პოპულარულია, რომ საღამოებზე დასწრების მსურველები ჰყავთ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია.

2-3 წლის წინ ერთადერთი ადგილი, სადაც ლიტერატურული საღამოები რეგულარულად ტარდებოდა, ეროვნული ბიბლიოთეკა იყო. არ ვიცი, შერჩეული ავტორების, ფორმატის, თუ კიდევ სხვა ხიბლის გამო, მომდევნო ოთხშაბათის მოლოდინი მოსაბეზრებელი არ ყოფილა (საღამოები ოთხშაბათობით იმართებოდა). ბიბლიოთეკაში ახლაც ტარდება ლიტერატურული საღამოები, მაგრამ რეგულარულად – ტრადიციულ დღეს – ვეღარ. იმ პერიოდში კი, ბიბლიოთეკის გარდა, ამ შეხვედრებს იშვიათად, მაგრამ მასპინძლობდა კავკასიური სახლი, რამდენიმე თეატრის სცენა (კერძო მოლაპარაკების შედეგად) და ლიტერატურული კაფეები. დროთა განმავლობაში ყველა ზემოთჩამოთვლილს დაემატა წიგნის მაღაზიებიც (სხვათა შორის, იგივე ტრადიციის დამკვიდრების მცდელობით – კვირაში ერთი განსაზღვრული დღე ავტორებთან შესახვედრად); ასევე: უნივერსიტეტების სააქტო, სამების ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრისა და ქალაქის ბიბლიოთეკის დარბაზები, როკ–კლუბი; თუ არ ვცდები, რამდენიმე საღამო მუზეუმებშიც გაიმართა.
ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ ლიტერატურული საღამოები ძირითადად პოეტებს მასპინძლობს. პროზაიკოსებს მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკა იწვევდა ("ერთი მწერლის თეატრი"). მე არ დავსწრებივარ წიგნების მაღაზიებში გამართულ შეხვედრებს და არ ვიცი, პროზაიკოსებთან შეხვედრები თუ გაიმართა, ან რა სახით. რა თქმა უნდა, წიგნების პრეზენტაციები მსგავს დიფერენცირებას არ გულისხმობს.

ჯერ კიდევ შარშან, ერთ-ერთი თეატრის დარბაზში გამართულ რამდენიმე საღამოზე მოსახვედრად თანხის გადახდა იყო საჭირო, ამას მგონი დარბაზის ქირა ერქვა. ამჯერად, ფასიან საღამოებს კლუბი გვთავაზობს (თანხის რაოდენობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, როგორც ფაქტს, ვაფიქსირებ) და ეს ერთგვარი სიახლეც არის: პოეზიის საღამო – ავტორისა და დარბაზისთვის შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. ვფიქრობ, ამ სიახლეს ორი რამ შეიძლება, მოჰყვეს:
* მალე ამოიწუროს იმ ავტორთა რაოდენობა, რომლებზეც კომერციული გათვლები კეთდება (ანუ შედარებით ცნობადი სახეები) და საჭირო გახდეს მათი ხელახლა მოწვევა (ისევე, როგორც ლიტერატურული ჟურნალების შემთხვევაში ხდება – მათ სარჩევებში რეგულარულად ამოიკითხავთ ერთსა და იმავე გვარებს). თუმცა, არაერთი ავტორია, რომელიც თავს არიდებს საზოგადო გამოსვლებს და მათი დათანხმება, მიუხედავად მათი მეტ–ნაკლები პოპულარობისა, ალბათ ძნელი იქნება.
* კონტინგენტს, რომელიც ლიტერატურულ საღამოებზე დადის, არჩევანის გაკეთება მოუწევს – გადაიხადოს თუ არა ფული იმავეში, რასაც უფასოდაც ნახავს/მოისმენს კვირის ან თვის სხვა დღეს – სხვა ადგილას. სხვა საქმეა, რამდენჯერ გაჩნდება ერთი და იგივეს მოსმენის სურვილი.

ბოლო წლების მანძილზე პოეტის/მწერლის დესაკრალიზაცია ჩქარი ტემპით მიმდინარეობს, რაც დროულიც არის და კარგიც. თუმცა, რამდენად კარგია მათივე თითქმის ყოველდღიურ სცენაზე გადანაცვლება, ამას დრო გვიჩვენებს. ერთი ჩვენებური გამონათქვამი გამახსენდა – თვალის დანაყრებაზე. მაგრამ, არ განვავრცობ და მხოლოდ ლიტერატურული საღამოების სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ...

Monday, February 8, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ჩავრჩი ჰოპერთან და როცა რომელიმე მხატვარი ჩემს განწყობას ასე პასუხობს, მიჭირს სხვის შემოქმედებაზე გადართვა.

ბევრი ფიქრის შემდეგ კლიმტის გამოფენა ვარჩიე.

8-14 თებერვალი.

Friday, February 5, 2010

იახტები


ეს ვიდეო (პირობითად) ერთადერთი მიზეზით გავაკეთე: იუთუბზე ამ კომპოზიციაზე ნორმალური ვიდეო ვერ ვნახე. თუმცა, ვიდეო არც არსებობს, იქაც ფოტოებზე დადებული მუსიკაა, მაგრამ ჩემი აზრით, მელოდიას (და არც ჩემ ბლოგს :) )
არ უხდება. „იახტები“ იმ კომპოზიციებს შორისაა, რომლებიც წლების მანძილზე ვერ მოვიბეზრე..

Monday, February 1, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ისეთი მზიანი დღე იყო! თანაც – ორშაბათი, ჰოდა მხატვარი, რომელიც გამახსენდა და ახლა წარმოგიდგენთ კიდეც, ამერიკელი ედვარდ ჰოპერია – ჩემთვის "სინათლისმწერი", თუ შეიძლება, ასე ვუწოდო. მისი ნამუშევრები სწორედ ამით გამოირჩევა – განსაკუთრებული განათებით. ამაზე ცოტა ქვემოთ.

ჰოპერი 1882 წელს, ნიუ–იორკში დაიბადა; აქვე, 1900-1906 წლებში, ხელოვნების სკოლაში რობერტ ანრისთან და კენეტ ჰეის მილერთან სწავლობდა. სწორედ ანრიმ ურჩია თანამედროვე ცხოვრებისეული სცენების ხატვაზე კონცენტრირება. 1910 წლამდე ჰოპერი პარიზში რამდენჯერმე ჩავიდა. იმპრესიონისტების ხელწერამ, მათი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი შუქის და ფერების შესწავლამ ედვარდის ნამუშევრებზეც იქონია გავლენა. ჰოპერი ცდილობდა, თავის ნახატებში ქალაქის და სოფლის ამერიკა გადაეტანა. სინათლე და თანამედროვე ქალაქური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი მარტოობა ჰოპერის შემოქმედების მთავარ თემად იქცა.

მისი ადამიანები ხშირად დგანან ფანჯარასთან – მზეს მიფიცხებულები, ან სხედან – პირით სინათლის წყაროსკენ; ისინი მუდმივად ეძებენ შუქს. ღამის თემებიც საოცრად განათებულია, პერსონაჟები კი – ხშირად განმარტოებულები, თითქოს "კადრში" შემთხვევით მოხვედრილი არამთავარი გმირები არიან.

ჰოპერის ნამუშევრებში სინათლის წყარო მიზიდავს და მგონია, რომ მიუხედავად თვალითაღქმული სითბოსი, ამ შენობებსა თუ სივრცეებში ცივა. ხშირად, ჩვენს ცხოვრებაშიც ასე ხდება, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რეალურად, სასურველი სითბო წარმოსახვით ფანჯრებს მიღმა გვეგულება.
*
პირველს, რასაც გამოვფენ, "ზღვისპირა ოთახები" იქნება.
*
"თერთმეტი საათი".
ჰოპერი ხშირად ამახვილებს ყურადღებას დროებზე, კონკრეტული საათი იქნება ეს თუ დღის რომელიმე მონაკვეთი. განათება ყოველთვის შესაბამისია; ადამიანებიც მუდმივად
"გამოიმუშავებენ" სიცოცხლეს..
*
დღეს, რეალურად დათოვლილი პეიზაჟების შემყურემ, კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი სითბოსა და ფერების ნაკლებობა..
"კეიპ კოდის ნაშუადღევი" – ამ კვირის მესამე არჩევანი.

1-7 თებერვალი.

კვალი

დღეს ზურა ჯიშკარიანის ბლოგი წავიკითხე თემაზე, რომელზეც თავადაც არაერთხელ მიფიქრია. განსაკუთრებით მაშინ – როცა რომელიმე ვირტუალური ნაცნობის გარდაცვალების ამბავს ვიგებდი; ან როცა ერთ-ერთის პატარა გოგონას ფოტოებს ასევე ბლოგერი მეუღლე დებს და მე ვხედავ, როგორ იზრდება და ემსგავსება მამას; სრულიად უცნობების შესახებაც წამიკითხავს..

ამ საღამოს ისევ ვიფიქრე იმ რამდენიმე ვირტუალურ კვალზე (როგორც ზურა უწოდებს), რომლებსაც მე ვტოვებ და საერთოდ, ჩვენ – ყველანი ვტოვებთ.