Sunday, July 27, 2014

ჩემი ხელით (2)

ადრე სოფის და ტომას დავპირდი, რომ კიდევ გამოვფენდი ხელნაკეთობებს. ბოლო დღეები სახლს ვალაგებდი, ჰოდა, გადმოვაწყე რაღაცები. ახლა ამათ დავდებ: ყაისნაღით მოქსოვილი ჩანთა და საქსოვი ძაფის კოჭი, რომელიც, მას მერე რაც მოვხატე, ლარნაკია (თუმცა უძირო, ამიტომ ხელოვნურ ყვავილებს თუ ჩავაწყობ) :)
 
იკვრება ღილებით
 
 

Tuesday, July 1, 2014

საულე და აჩუ

ორი ლიტვური სიტყვა, რომლებიც არასდროს დამავიწყდება არის "საულე" და "აჩუ". საულე ჯერ კიდევ თბილისში, ლიტვური პოეზიის ფესტივალიდან დამამახსოვრდა – განსაკუთრებით ვლადას ბრაზიუნასის ლექსებიდან "ისმოდა" ხშირად; თარგმანების გაცნობისას კი აღმოჩნდა, რომ საულე მზეს ნიშნავდა. ლიტვაში რომ მზე ძალიან უყვართ, ამაში მოგვიანებით დავრწმუნდი:

ჩვენი პოეზიის ერთ–ერთი საღამო ეთნო-კოსმოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა. საღამომდე, ცხადია, მუზეუმი დავათვალიერეთ და მის დირექტორს, გუნარას კაკარასს შევხვდით. ძალიან შთამბეჭდავი ადამიანია ბატონი კაკარასი – გულს მზის გამოსახულება უმშვენებს. მზეს მხოლოდ მის გულზე არ იპოვით – მუზეუმის ეზოში ლიტვის ყოველი რეგიონიდან ჩამოტანილი უზარმაზარი ლოდებით მზის გამოსახულებაა შექმნილი.
მუზეუმი და ობსერვატორია

გუნარას კაკარასი
მზის სიმბოლო და ჩემი ანარეკლი

თუმცა დავიწყებ თავიდან: ამ მუზეუმის და ობსერვატორიის შექმნის იდეის ავტორი სწორედ გუნარას კაკარასია. ის დღემდე ზრუნავს მუზეუმის განახლებაზე და მგონია, რომ პრაქტიკულად მისით ცხოვრობს. მომეწონა ის ფაქტი, რომ მუზეუმის მოწყობაში სახელმწიფო დაუდგა გვერდით და დააფინანსა მისი იდეები. დღეს ერთ–ერთი პოპულარული ადგილია როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვისაც: გზაზე მექორწილეებს შევხვდით – ამ რეგიონში ახალდაქორწინებულებს ტრადიციად ჰქონიათ ობსერვატორიის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სამახსოვრო ფოტოების გადაღება.

ძალიან   მომხიბლა ისტორიამ, რომელიც დირექტორსა და მის მეუღლეს ეხებოდა.  ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საერთო მისწრაფება ძალიან აახლოებს წყვილს, ჰოდა ამ წყვილის ისტორიაც ასეთია – ცოლი ქმრის გვერდით იდგა მუდამ, ერთად მოაწყეს ეს მუზეუმი, მისი დამსახურებაა მუზეუმის ულამაზესი ბაღიც. თავის მხრივ, ქალი ფოტოგრაფი იყო – მე ვიტყოდი, ძალიან კარგი. იღებდა გარეულ ცხოველებსა და ფრინველებს და, რაც მთავარია, ზრუნავდა მათზე (ეს კარგად ჩანს ფოტოებიდან). თავად ქალბატონი კაკარასის მიმართ დიდ სიყვარულზე კი მოგიყვებათ დარბაზი, რომელიც მის ფოტოგამოფენას ეთმობა.
ბაღის ერთი მონაკვეთი
ამ ულამაზესი ტბის ხედი სწორედ მუზეუმის ბაღიდან იშლება
კიდევ ერთი ხედი მუზეუმიდან
მზე მხოლოდ ლოდებით არ შეუქმნიათ აქ: მუზეუმის დარბაზები მიწისქვეშ სართულებად არის აგებული და ეთნოგრაფიული ექსპონანტების დიდი ნაწილი სწორედ მზის კულტს ეძღვნება: როგორც ჩანს, ლიტვაში მზისადმი დიდი სიყვარული აქვთ, უამრავ უძველეს საყოფაცხოვრებო ნივთზე მზე არის გამოსახული. მოგვიანებით დავფიქრდი ყვითლად შეღებილ ლიტვურ სახლებზეც – მე მგონია, რომ ესაც მზის გამოა.
კედელში არსებული კარიდან მოხვდებით მიწის ქვეშ მდებარე ათამდე საგამოფენო დარბაზში, ასევე კინოდარბაზში, საიდანაც ლიფტით ან კიბეებით (მე ეს უკანასკნელი ვარჩიე) შეძლებთ ასვლას იქ, სადაც ჩვენი პოეზიის საღამო ჩატარდა 
საგამოფენო დარბაზებში ამავალი კიბე

საღამო შენობის ყველაზე მაღალ წერტილში – აი, ამ შუშის დარბაზში ჩატარდა, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა:
როგორც ჩანს, ბატონი კაკარასი ძალიან აფასებს ლიტერატურას და, ზოგადად, კულტურას – ხშირად უთმობს თავის მუზეუმს ხელოვანებს. ჩამავალი მზის სხივების ფონზე ჩვენს ლექსებს გოგონების ჯგუფის სამ ხმაში, თანამედროვე ინტერპრეტაციით  შესრულებული ლიტვური ფოლკლორული სიმღერები ენაცვლებოდა.
 
მზის ამბავი ამ ფოტოთი მინდა დავასრულო: ეს მანქანა ვილნიუსში ვნახე და სასწრაფოდ გადავიღე – თან ზუსტად ვიცოდი, რომ ბლოგისთვის ვიღებდი:) საულე ქალის სახელიც არის, ალბათ მანქანის მფლობელიც საულეა, მაგრამ ჩემთვის ეს სანომრე ნიშანი მზის სადიდებელივით იყო:)
და ბოლოს, სიტყვა, რომელიც ალბათ ვერც დამავიწყდება – ეს არის "აჩუ",  ლიტვურად მადლობა, ყოველთვის დიდი მადლიერების გრძნობით რომ ვამბობდი.