Sunday, December 19, 2010

ელექტრონული თაროები

დღეს ბევრს საუბრობენ ელექტრონული წიგნებით ბეჭდურის ჩანაცვლებაზე. დგება გამოკითხვები, მსჯელობენ, დაობენ, ერთმანეთს "აჭიდებენ" ფურცელსა და ფაილს. მე ცოტა ხნის წინ მოვიხიბლე ელექტრონული რიდერით, მინდა შევიძინო, რადგან მგონია, ძალიან პრაქტიკული მოწყობლობაა. თუმცა, დღეს მინდოდა, ჩემი პასუხი დამეწერა კითხვაზე, რომელსაც ფორუმებსა თუ სხვადასხვა საიტებზე სვამენ: ვფიქრობ, ელექტრონული წიგნები ყოველდღიურობაში აუცილებლად ჩაანაცვლებს ნაბეჭდ წიგნს. უბრალოდ, მსოფლიოს მზარდ განვითარებას მოჰყვება ეს საჭიროება – მეტი პრაქტიკულობის გამო, ელექტრონული წიგნის გამოყენება უფრო მისაღები გახდება, რადგან ადვილი იქნება მისი მოპოვება, თანხლება და ა. შ. თანხლებაში ხომ ათასობით წიგნის თანხლება იგულისხმება.
გადახედეთ თქვენს საოჯახო ბიბლიოთეკებს, როგორ ფიქრობთ, რამდენი ათასი წიგნი აწყვია თაროებზე? იქნებ ათასიც არა. მით უმეტეს, თუ დამოუკიდებლად, გულდაგულ ადგენთ საკუთარ ბიბლიოთეკას, წარმოიდგინეთ, ყველა ეს წიგნი ჯიბეში გედოთ, ფურცლოთ ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, საჭირო წიგნს ადვილად პოულობდეთ, სულ რამდენიმე წამში... რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკულია და თანამედროვე ადამიანი, რომელსაც მუდმივად აქვს დროის პრობლემა, უარს არ იტყვის ამ საშუალებაზე.
მე ვფიქრობ, ათიოდე წელი სრულიად საკმარისი იქნება, რომ ელექტრონული რიდერების გამოყენება მასიური გახდეს. ათ წელს ვამბობ, რადგან მოწყობილობებს, რომლებიც წასაკითხად არის საჭირო, ღირებულების გამო, ყველა ქვეყანაში მასიურად ვერ ყიდულობენ. არც ყველა წიგნი არსებობს ელექტრონულ ფორმატში. როცა რიდერების ფასი მათი წარმოებისა და შესაბამისად, მასების მსყიდველობითი უნარის ზრდის პარალელურად დაეცემა და ისინი ისეთივე ადვილად შესაძენი გახდება, როგორც, მაგალითად, დღეს მობილური ტელეფონია, ეს კითხვაც მოიხსნება (აქ მთავარი წიგნის მკითხველთა რაოდენობის თუნდაც შენარჩუნებაა). ამასთან, გასათვალისწინებელია მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა – ეკოლოგია. გლობალური დათბობის და ეკოლოგიური კატასტროფების მიმართ შიში თუ ფაქტის წინაშე აღმოჩენა, ადამიანებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ალტერნატიული გზების მონახვისკენ უბიძგებს.
პირველ რიგში, ალბათ უპრიანი იქნება ტექნიკური და სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრება და მომავალშიც – მათი მხოლოდ ციფრული სახით გამოცემა. მე თუ მკითხავთ, ასეთ ლიტერატურაზე ქაღალდი არ უნდა იხარჯებოდეს. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, მისი ციფრული ვარიანტები მსოფლიოში უკვე პოპულარულია; იმედია, ქართულ ლიტერატურასაც, თარგმანებთან ერთად, მალე ვიპოვნით ელექტრონული წიგნის ბაზარზე.
რაც შეეხება ნაბეჭდ წიგნს: ვფიქრობ, ის უფრო "ელიტური" გახდება; ძვირი თვითღირებულებით; ალბათ, ავტორები მაინც ეცდებიან, თავისი წიგნების მცირე რაოდენობა ფურცელზეც დაბეჭდონ; წიგნების მთავარი საცავები ქვეყნის ბიბლიოთეკები იქნება, რა თქმა უნდა, უკვე არსებული საოჯახო ბიბლიოთეკებიც; ადამიანების ნაწილი შეაგროვებს წიგნებს, როგორც ბეჭდური წიგნის ნიმუშებს; ძველგაზრდები (ძირითადად) სინანულით გაიხსენებენ წიგნის სუნსა და ქაღალდის ფაქტურის უპირატესობას, თუმცა, როცა საქმე წიგნის წაკითხვაზე მიდგება – მთავარი შინაარსის "მოპოვება" იქნება და არა ფორმა, ყველას მოუწევს არჩევანის პრაქტიკულობის სასარგებლოდ გაკეთება. ისევე, როგორც ეს ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ხშირად "ნამდვილი", ხელნაწერი წერილების მიღებასა და მათი კითხვით გამოწვეული ინტიმის შეგრძნების პოვნას ნატრობენ.
და ბოლოს, მე სიამოვნებით გავაკეთებდი ჩემს წიგნს ელექტრონულ ფორმატში(ც). ამაზე ვიფიქრებ კიდეც, თუ წიგნის გამოცემა ოდესმე კვლავ გადავწყვიტე.

12 comments:

undone said...

ოო ამ საკითხზე მე და ვადერმა იმდენი ვიკამათეთ :დდ საბოლოოდ დამარწმუნა ელექტრონულის უპირატესობაში. დამარწმუნა რა, ლოგიკურადაც ასეა და...
ჰოდა ახლა, მეც დიდი სიამოვნებთ შევიძენდი მსგავს მოწყობილობას.
წარმოიდგინე, სადაც არ უნდა წახვიდე ზაფხულში, თან რომ ამდენი საყვარელი რამე გექნება მსუბუქად!!! მაგარია :*

Keti said...

მეც ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ ასე იქნება. თორემ მე ყოველთვის მინდოდა შინ მქონოდა მყუდრო კაბინეტი, კარგი ბიბლიოთეკით :))
კი, ზაფხულში და ყოველდღიურადაც :):*

სოფი שרה Golden said...

La la la
მე ვერ ჩამინაცვლებს :) ერთადერთი დღე კვირაში, როცა არასასწავლო ლიტერატურისთვის მცალია, შაბათია და ამ "მოწყობილებას" ვერ შევეხები, შესაბამისად, გამოაკელი ერთი ადამიანი სტატისტიკას, პლუს კიდევ ბევრი ჩემნაირი.
არ ვიცი, ვერ აღვიქვამ ვერაფერ ელექტრონულს წიგნად.
იმ წიგნად, კითხვას რომ მორჩები, გულზე მიიკრავ და დიდხანს ფიქრობ გმირებზე, დიალოგებზე, ავტორზე.

Keti said...

სოფი, კი, ალბათ ბევრი ადამიანი იქნება, ვისთვისაც სხვადასხვა მიზეზით ნაბეჭდ წიგნს ელექტრონული მოწყობილობები ვერ ჩანაცვლებს.
ეს განცდა კი ისე აღწერე... დამოკიდებულება ძალიან ინდივიდუალურია, ამაშიც არ შემიძლია, არ დაგეთანხმო. მაგრამ მე მაგალითად, კომპშიც ვკითხულობ ლიტერატურას, ეს კი გაცილებით არაკომფორტულია, ვიდრე რიდერი. ამიტომ, სადაც როგორ მოვახერხებ, ალბათ ისე წავიკითხავ :)

Toma said...

მე მაქვს ელექტრონული წიგნების საკითხავი პალმი (სხვა ფუნქცია აქვს მაგრამ მე წიგნებისათვის ვიყენებ).
ვიფქორბ რომ ძალიან მოსახერხებელია
1. იმიტომ რომ იტევს ძალიან ბევრ წიგნს და არ მჭირდება თითოეული მათგანის ზუგით თრევა. სამაგიეროდ როცა რამე მჭირდება ეგრევე დავაძობ ხოლმე და ვკითხულობ (ძირითადად პროფესიული წიგნები დსმ 4 და ა.შ)
2. ელექტრონული წიგნების საშუალებით იმედი მაქვს რომ როგრმე ტყის რეწვა შემცირდება.

Keti said...

მეც მაქვს ამის იმედი, რომ ტყის რეწვა შემცირდება...

Lord Vader said...

მთავარი პრობლემა ისაა, რომ - მეც მითქვამს და ჯორჯ პაიკმაც დაწერა ფბ-ზე - ვისაც არაფერი წაუკითხავს რიდერით, ვერ ხვდება ეს რა არის. რამდენიც არ უნდა უხსნა რომ E-Ink იგივე ქაღალდის დისფლეია და არ აღიზიანებს თვალს - მაინც ადამიანს LCD წარმოუდგენია.

თან წარმოიდგინე - წიგნზე მჩატე და მოხერხებული მოწყობილობა, რომელიც შეგიძლია სულ თან გქონდეს. გაქვს პაუზა - ჭამე ტვიქსიო - იმ რეკლამისა არ იყოს. თან უფრო სწრაფადაც კითხულობ. ერთ გვერდზე კითხვა უფრო სწრაფია. გადაფურცვლაც უფრო სწრაფად ხდება.
ამიტომ ბოლო პოსტშიც მაქვს სტატისტიკა - ვისაც აქვს რიდერი, ის საშუალოდ კითხულობს მეტს, ვიდრე კითხულობს ის, ვისაც არ აქვს რიდერი.

შენ კი გილოცავ. :)

Lord Vader said...

ამ პოსტს წავიღებ ფბ-ქის ქინდლის ქართულ გვერდზე ოკ? :)

Keti said...

გეთანხმები. მაგრამ, მგონი მალე ეჭვი აღარ შეეპარებათ, რადგან უფრო პოპულარული გახდება, საკუთარი თვალითაც ნახავენ და არჩევანს გააკეთებენ.
მადლობა, მეც სულ მალე... :)

კი, წაიღე :)

Clown said...

+1

Nina Gorecki said...

არც კი ვიცი რა დავწერო. რაღაც ამბივალენტური გრძნობები მაქვს რიდერის მიმართ.
სტატიას ვრჩები ეხლა და შეიძლება პოსტი მეც დავწერო ამაზე, თუ შევძელი სიტყვების პოვნა :)

Keti said...

* გიო :)

* ნინა, დაწერე, საინტერესოა შენი აზრი. :)