Monday, December 31, 2012

ორშაბათის კედელი

ძალიან მომინდა, ჩემს კედელზე  საახალწლოდ ფიროსმანი იყოს გამოფენილი.  ეროვნულ გალერეაში მარტის ბოლომდე შეგიძლიათ  მისი ნახატების ნახვა. გამონახეთ დრო და ისიამოვნეთ.
აქვე ბლოგის მკითხველებს გილოცავთ ახალ წელს – ბედნიერი, სიხარულით სავსე ყოფილიყოს!
"ხილის ფარდული"


Sunday, December 16, 2012

სენტიმენტალური

ყველა სიკეთესთან ერთად ავად გავხდი. როცა ავად ვარ, პატარასავით მინდება, ბევრ სითბოს ვგრძნობდე. გულის აჩუყებამ, რა თქმა უნდა, არ მიშველა და ავმოქმედდი: დავლიე ალბათ უკვე ორ ლიტრამდე ლიმონიანი (ვერ ვიტან სიტყვა ლიმნიანს) და ასკილის ჩაი, გამოვდგი დედას მოხარშული მურაბა, მოვძებნე წამალიც და ცოტა უკეთ ვარ, წეღანდელივით უმწეოდ – აღარ. ეგ ხვალ დილითაც მეყოფა – სტომატოლოგის სავარძელში მჯდომს. ყველაფერი ერთად მეტაკა. თან დეკემბერია და ახალი წელი მოდის. თან თოვს და ცივა. ღვთის რისხვაა პირდაპირ.
რაც მარტო ვარ, ავად გახდომის მეშინია ყველაზე მეტად. როგორც წესი, ძალიან იშვიათად ვცივდები, მაგრამ მაგ იშვიათი შემთხვევისაც მეშინია უკვე. ერთი კვირა დედა მესიზმრებოდა ყოველღამე, ძალიან შფოთავდა ჩემ გამო. იმედია, სულ ესაა გადასალახი.

Saturday, December 15, 2012

?!

ვეღარ მოვაბი თავი ამ ფოტოს კომპში გადატანას და ამასობაში მოთოვა. სინოპტიკოსებმა – ხვალაც აპირებსო და, მგონი, კითხვის დასმა ისევ შეიძლება. აბა, რას იტყვით :)

Thursday, December 13, 2012

ღამე

"მისნის ღამეს " ვკითხულობ. ამ ზაფხულს შიშით რომ ავუარე გვერდი, იმას. მაშინ კითხვას საერთოდ ვუარყოფდი. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ თაროდან რომ გადმოვიღე, გამიხარდა – რაღაც გადავხარშე-მეთქი, რაკი მას ვირჩევ. არც კი ვიცი, რომელ ამბავს ვკითხულობ მეტი გატაცებით – ძირითადს თუ სქოლიოში ჩატანილს, სიდისას თუ ნიკისას. თავიდან მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ამ ამბებს ავეღელვებინე. მერე კი, ნიკის (თითქმის) თავზე დაცემული ძელი ჩემი განწყობების გამყოფადაც იქცა. მისი ჯურღმულში გამოკეტვიდან ის დაიწყო, რასაც გავურბოდი. მინდა სიდმა გამოსავალი უპოვოს – იქნებ ჩემი გამოსავალიც. ხანდახან მავიწყდება, რომ ეს მხოლოდ წიგნია. ვულოცავ ოსტერს.
ძალიან ცუდი დღეები მაქვს. მინდოდა მოყოლა, მაგრამ კითხვა არ ყოფილა. არც დრო.  არც სივრცე. ეს წიგნიც როგორ დაემთხვა.
მაღიზიანებს ბრჭყვიალა საახალწლო პერიოდი.

Monday, December 10, 2012

მზესუმზირები

ერთადერთი, რითაც მიხვდები, რომ მზესუმზირები არიან, მათი სუსტი ღეროებიდან წამოსული სუნია – ისეთივე, როგორიც ბაღში ამოსულ, ძლიერ მზესუმზირებს აქვთ ხოლმე. ცდილობენ, იცოცხლონ და მეც წყალს ვუსხამ. ფოტო ცოტა ძველია, მას მერე უფრო დაუგრძელდათ ღეროები, ფოთლები კი ასე დარჩათ. მეეჭვება, ყვავილის გაშლა მოახერხონ – შეუფერებელ სეზონზე მომინდა მათი დათესვა. მგონია, მძიმე განწყობა უნდა ჰქონდეთ, როგორიც ახლა – მე.

Monday, December 3, 2012

ორშაბათის კედელი

მორიგი ორშაბათი და, ამჯერად, ქართველი მხატვრის გამოფენა:
აბსტრაქციონისტი მხატვარი, ვერა ფაღავა (1907-1988) საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1923 წელს საფრანგეთში ოჯახთან ერთად გადასახლდა. სწავლობდა პარიზში, რონსონის აკადემიაში, როჯერ ბისერთან. ბისერი ძალიან აფასებდა პოლ კლეეს შემოქმედებას, რამაც მისი მოწაფის მხატვრობაზეც იქონია გავლენა.
1938 წელს ფაღავა ლიონის ფოლკლორულ გალერეაში მოღვაწე ჯგუფს შეუერთდა. ამ ჯგუფთან მუშაობის დროს, ლიონელი მემაუდის  დაკვეთით შექმნა ცხოველების და მცენარეების მოტივებიანი, ინტერიერის გასაფორმებელი ქსოვილები. ქსოვილებს თავადვე ქსოვდა დაზგაზე. დღევანდელი გამოფენის კედელს ძირითადად მათ დავუთმობ – ისინი განსაკუთრებით მომწონს. გარდა ამისა, ქმნიდა ვიტრაჟებს (მისი გაფორმებულია სენ-ჟოზეფის ეკლესია დიჟონში), აფორმებდა წიგნებსაც. წელს გამოცემული კატალოგიდან დღეისათვის რამდენიმე აბსტრაქტული ნამუშევარიც შევარჩიე. ფაღავას აბსტრაქციები უაღრესად მინიმალისტურია, ცივი ფერებით, გეომეტრიული ფორმებითა და ბევრი სინათლით სავსე. საინტერესოა სათქმელი და ხედვა – ჩემთვის გამორჩეული იყო "საქართველო", "უცნობი" და "სკოლის ეზო თბილისში":
აქვე არ შემიძლია, არ დავწერო: ვერა ფაღავას შესახებ თინიტას ბლოგიდან შევიტყვე, მოგვიანებით კი თბილმიძღვნიანი, შესანიშნავი საჩუქარი მივიღე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბანკ "რესპუბლიკას", თიკოს და თეიკოს.

Thursday, November 22, 2012

ხეებთან

კვირის თემა – ნერგები. რა ვიყიდო, რომ საფლავზე გაძლოს: ვეიგელა, ემონიუსი, აზალია, ირმის რქა, გარდენია. ანაც, ყველა მინდა – ზოგი ეზოსთვის, ადგილი მაქვს. კიდევ მინდა ჟოლო – თუ ვიშოვე, დაფნა, კროკუსის ბოლქვები. უცხო სახელები კარგად დავიმახსოვრე, მცენარეების დამახასიათებელი ნიშნებიც. ჩემს თავში ახლა მათი ფოთლებია, ყვავილები, ფერები.
არაჩვეულებრივი სანერგე აღმოვაჩინე ნეტში, მათი კატალოგი მგონი ათასჯერ დავათვალიერე. ველი პასუხს ერთი სელექციონერისგან. დღეს ისევ ჩავაკითხე კოლმეურნეობის მოედანზე მეყვავილეებს. იქ დიდხანს ვიბოდიალებდი, მაგრამ გამყიდველები, ცხადია, კითხვებს სვამენ და პასუხობენ, საუბრის ამოწურვის მერე კი დარჩენა და ცქერა არ გამოდის. ნუ, საამისოდ არც დრო მაქვს.
მშველის ეს ფიქრები.
თითქოს.

გავერიდებოდი ყველაფერს და ვიცხოვრებდი ხეებთან.

Sunday, November 11, 2012

პეიზაჟი, რომელიც მიყვარს

ბავშვობაში ამ ნანგრევს სკამს ვადარებდი, თუმცა ახლაც იგივე ასოციაციას მიჩენს. კლდემაღალას ციხე ჰქვია, იგივე არსენას ციხე. მე-5 საუკუნით თარიღდება. 10 წლის ვიქნებოდი, როცა მამამ მის დასალაშქრად წამიყვანა. ნახევარი გზაც ვერ გავიარე და მოვბრუნდით. მახსოვს ქორი, რომელიც თავს დაგვტრიალებდა; ნაკვალევი, რომელზეც მამამ თქვა, მელიას ნაკვალევიაო და ხედი – ულამაზესი. მიყვარს ავტობანიდან მისი და მიმდებარე მთის კალთების ცქერა. ამას წინათ გავჩერდი და გადავიღე. უცნაურია, გუგლში მისი ფოტო არ მოიძებნა. მგონი პირველი ვარ, ვინც გაავრცელებს.

Monday, October 29, 2012

ორშაბათის კედელი

დიდი ხანია, გამოფენა აღარ გამიმართავს. ამ ფონზე სათაურიც ("ერთი კვირა, კედელზე") არაადეკვატურად ჟღერდა – წინა გამოფენა რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ვფიქრობ, სათაური "ორშაბათის კედლად" ხომ არ გადავაკეთო, ვიდრე გამოფენებს ასეთი რეჟიმით ვაწყობ. ვცდი აბა – დღევანდელს ასეც ვუწოდებ. ახლა რაც შეეხება ამ გამოფენას:

ოქტომბრის ბოლო ორშაბათია, გოგრის სეზონი დადგა – ბაზარში გოგრის ზვინებია მოწყობილი და უახლოეს დღეებში ერთი-ორის ყიდვასაც ვაპირებ. გემო  დიდად არ მიყვარს, მაგრამ გარეგნულად მომწონს – საშემოდგომო განწყობას ქმნის. შვედი კარლ ლარსონის (ფერმწერი და ინტერიერის დიზაინერი. დაიბადა 1853 წ.) ნახატიც შეეფერება ამ ორშაბათს, თუმცა მხოლოდ ამიტომ არ შემირჩევია. ვფიქრობ, საინტერესო მხატვარია ყოველდღიურამბებიანი ნახატებით. ამბებს კი თავისი ცხოვრებიდან "ყვებოდა" – ლარსონის საყვარელი მოდელები მისი მრავალსულიანი ოჯახის (8 შვილი ჰყავდა) წევრები ყოფილან. დღეს "ოქტომბერთან" (1883 წ.) ერთად სხვა ნამუშევრებსაც გამოვფენ:

"განიერი ლუანი"
"სუზანი და სხვა"
"ვაშლის კრეფა" 
"ზამთრის კოტეჯი"

Saturday, October 27, 2012

24 საათი

საჩუქარი
რამდენი თვეა, ჩემი თავისთვის არაფერი მიყიდია. აი, საჩუქრის მსგავსი, უბრალოდ ლამაზი რამ, რისი დანახვაც გსიამოვნებს. დღეს უცებ გადავწყვიტე. მოვიტანე შინ, დავდე მაგიდაზე და ვთქვი – ნახე, რა ვიყიდე. დამაკლდა ღიმილი და თბილი სიტყვები.

შაბათი
შაბათ დღეს რიტუალი შეემატა: 9 საათზე ეკლესიაში ვარ. ვწერ მოსახსენებელს, ვუსმენ გალობას და მოვდივარ. ღმერთთან სასაუბროდ, თუკი ამის სურვილი მიჩნდება, სპეციალური გარემო არ მჭირდება ხოლმე; ეკლესიაშიც მხოლოდ მაშინ შევდივარ, როცა გული მიმიწევს. ეს კი იშვიათად ხდება, რადგან არ მიყვარს ხალხმრავალი და დოგმატური ადგილები. ხანდახან, ამ შაბათების გამო, ჩემ თავს ვეუბნები, დედამ ეკლესიასთან მიმაბრუნა-მეთქი. ისე მოხდა, რომ შაბათობით იქ გულიც მიმიწევს.

გალობა
ხომ არის რაღაცები, რასაც გვინდა, ვფლობდეთ და ვიცით, რომ ვერა? ასეთი რაღაცების სიაში გალობაც მივამატე. ძალიან მსიამოვნებს ეკლესიის პატარა გუნდის მოსმენა. დღეს კი ტირილი მომინდა და წამოვედი.

გეგმა
ცუდი გრძნობაა, როცა რაღაცას გეგმავ დასვენების დღისთვის და ბანალური მიზეზით ჩაგეშლება – გაწვიმდა. სხვა გეგმები შევასრულე – ძირითადად საშინაო დავალებები.

სიხარული
ძალიან უნდა დაბნელდეს, რომ სინათლის დრო დადგეს. თუნდაც პატარა სხივების გამოჩენის. ბოლო 24 საათი ცოტა ნათელი მქონდა.

Friday, October 26, 2012

ახალი გამოცემა: ყვავილნარი

წელს ნაბეჭდი "ვეფხისტყაოსნის" 300 წელი აღინიშნება, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად ეხმაურება. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა იყო. ეს პროექტი შარშან დაიწყო და თითქმის დასრულებულია. სიახლე კი ის გამოცემაა, რომელზეც ახლა მინდა, დავწერო: ალბათ გსმენიათ ე. წ. "ყვავილების ფლირტის" შესახებ, იქნებ თქვენს ბებიებსაც შემორჩათ ძველი, ყვავილებიანი ბარათები და გინახავთ კიდეც. ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა სწორედ ყვავილების ფლირტია, ოღონდ რუსთაველის ციტატებით გაფორმებული. ილუსტრაციები (ჩემთვის "ვეფხისტყაოსნის" ალბათ ყველაზე საყვარელი ილუსტრაციები) ეკუთვნის მე-17 საუკუნის მხატვარს და პოემის გადამწერს – მამუკა თავაქარაშვილს, მცენარეების სახელწოდებები ალექსანდრე მაყაშვილის ბოტანიკის ლექსიკონიდან არის შერჩეული:

Saturday, October 20, 2012

მზესუმზირა

მზესუმზირა მიყვარს – როგორც ყველა ის ყვავილი, რომელიც მზეს მაგონებს.
და მზესუმზირა მიყვარს – შინ მოხალული. როცა რამე ფილმის ყურებას ვაპირებ, ჯერ მზესუმზირას ვიმარაგებ.
ამას წინათ, მოხალვის წინ, სამი მოზრდილი მარცვალი ამოვარჩიე, რამდენიმე საათით წყალში დავალბე და ყვავილის ქოთანში ჩავარჭე – იქნებ ამოვიდეს-მეთქი. ოღონდ დიდად დაიმედებული არ ვყოფილვარ, რადგან წელს ჩვენს ბაღში დათესილიც კი არ ამოსულა (ყოველ წელს ვთესავ, უბრალოდ ყვავილისთვის, რომ ვხედავდე). თუმცა ამჯერად, სამიდან ერთმა ამოჰყო თავკომბალა თავი :) ისე მაინტერესებს, რამხელა გაიზრდება და იყვავილებს თუ არა ბინის პირობებში. აი ასეთია ახლა:

შარშან ლესელიძეზე, ერთ აივანზე ვნახე, ქოთნით გამოედგათ. ისე საყვარელი იყო. რა თქმა უნდა, უფრო მცირე ზომის, ვიდრე ბაღში იზრდება. აივნიანი ბინის მეპატრონეების მშურს ხოლმე. თან არ მესმის, ხარახურის დასაყრელად როგორ იმეტებენ, ან ცარიელს როგორ ტოვებენ. ყველაზე ვიწრო თბილისურ აივანზეც კი მექნებოდა მცენარეები, სკამი და პატარა მაგიდა, სადაც სიამოვნებით დავლევდი ჩაის და წავიკითხავდი. ის კი არა, აივანზე მარწყვსაც დავრგავდი. ბოლო თვეებია, ყოველდღე ვსტუმრობ პინტერესტს. სხვა მსგავსი საიტებისგან ეს გამოვარჩიე. ჩემი საყვარელი კატეგორიები მებაღეობა და ხელნაკეთი ნივთებია. ორივე მეხერხება და სიამოვნებას მანიჭებს და სამწუხაროდ, არცერთისთვის მაქვს დრო.
პ.ს. ხვალ ჩვენს ქალაქგარე სახლში პირველად უნდა დავაფესვიანო ვარდის ანაჭრები. აქამდე დედა აკეთებდა ხოლმე. ახლა მე ვცდი. უკვე დროა ამინდის მხრივ.

Friday, October 12, 2012

* * *

სოც. ქსელში უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების ჯგუფი ჩემი საყვარელი ჯგუფია. იმ შესაძლებლობის არქონით გამოწვეულ სევდას, რომ მყავდეს შინ ცხოველი, იქ შესვლით ვიქარვებ ხოლმე. თან მომწონს ხალხი, რომელიც ცხოველების მიმართ სიყვარულს ღიად აფიქსირებს და კარგ საქმეებზე ჰყვება – როგორ პატრონობენ, იცავენ ძაღლმჭერებისგან, უვლიან როგორც საკუთარ, ისე თავშესაფრების ცხოველებს. ერთი გუნდია, შეკრული. სამწუხაროდ იქ სევდიანი ისტორიებიც იდება – მიტოვებული ძაღლებისა, რომლებისთვისაც ერთობლივი ძალებით ეძებენ ახალ პატრონებს და ხშირად პოულობენ კიდეც.

ამას წინათ ერთი ლეკვის ამბავი გავრცელდა, ფოტოთი. ქუჩაში უნახავს ჯგუფის წევრს. მე იმ ფოტოს კარგად ვერ დავაკვირდი, იმდენად მძიმე სანახავი იყო. ვეტერინარის კომენტარი კი წავიკითხე – როგორც ჩანს, ვიღაცას ისე ამოუკრავს ლეკვისთვის წიხლი, რომ ცხვირი ახეული აქვს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – თავის ქალას მოცილებული. დღეს გაუკეთეს ოპერაცია და ყველა იმედს იტოვებს, რომ გადარჩება. 

და რატომ ვწერ აქ:
ხომ შეიძლება ვინმე ისეთი ადამიანიც კითხულობდეს ჩემს ბლოგს, ვისაც არ უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით უსახლკაროები და მათი დანახვისას ხელ-ფეხს ვერ აჩერებს?
ჰოდა,
ვინმე ისეთო ადამიანო,
რომ გიცნობდე, არასდროს გაპატიებდი სისასტიკეს და აღარასდროს გავამჟღავნებდი, რომ გიცნობ. ვისურვებდი, ყველამ ასე იფიქროს შენზე. 

- - - - - -
ნეტში ამ ლეკვის ფოტოები გავრცელდა. ახლა უკვე ისე გამოიყურება, რომ თვალის გასწორებაც შეიძლება მისთვის. სამწუხაროდ, კბილები ასე დარჩება. 

Monday, October 8, 2012

პარალელური სიზმრები

კარგია ის დღე, როცა დედა მესიზმრება – ენერგია მიბრუნდება, ვიღიმი და წინ ვიყურები. დედას სიზმრად როცა ვხედავ, ან მეხმარება ან მეფერება. დილას, მაგალითად, გამაღვიძა, როგორც ხდებოდა ხოლმე ცხადში. რაც მარტო ვარ, თავის დროზე გაღვიძება და დაძინება ჩემი გადაუჭრელი პრობლემაა. ნუ, "თავისი დრო" პირობითია, ჩემთვის ოპტიმალურს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ჰოდა, დილას გვერდით მეჯდა და მითხრა, რომ უკვე გვიან იყო, ავმდგარიყავი და მეჭამა. მე კიდევ წუხანდელი ამბის მოყოლა დავუწყე,  თუ როგორ გავაკეთე ე. წ. აჯაფსანდალი ბადრიჯნის გარეშე. ეგ იმ მარტივი მიზეზით, რომ ბადრიჯანი არ მქონდა. გემრიელი გამოვიდა-მეთქი და მიღიმოდა. მოკლედ, ცაიტნოტზე გავიღვიძე, სიზმრად ნახსენები უსახელო საჭმელი ვჭამე და სამსახურში დავიგვიანე.
კულინარობა ჩემი "ახალი" ცხოვრების ახალი ფურცელია და ძალიან შემოქმედებითი. ადრე არ მიწევდა საჭმლის მომზადება, ყოველთვის მზად მხვდებოდა და მხოლოდ მაშინ ვიდექი ქურასთან, თუ ვეხმარებოდი დედას ან რაიმე კონკრეტულის გაკეთების ხასიათზე მოვდიოდი. ახლა ყოველ საღამოს ვფიქრობ "ხვალ რა ვჭამო". ამაზე არფიქრმა ცუდ შედეგამდე მიმიყვანა და დავიწყე. ხანდახან სამუშაო დღის ბოლოს ვმაზოხისტობ –  ფოტოებიან რეცეპტებს ვგუგლავ. დედას და ბებიას არაჩვეულებრივი რეცეპტები მაქვს, მაგრამ დედას ხელნაწერს რომ ვხედავ, ტირილი მინდება, ამიტომ არ ვნახულობ და ვგუგლავ.
შემდეგი ეტაპი ბაზარში და მარკეტში გავლაა. ეს ყოველთვის მომწონდა – ვგულისხმობ მრავალფეროვან დახლებს და ყიდვის პროცესს; აი სიმძიმის თრევა, ცხადია, არ მომწონს, ამიტომ ყოველთვის ცოტას ვყიდულობ. უკვე ვცნობ ბაზრის სტაფს, მაქვს ამოჩემებული წერტილები და ხანდახან ბაჯებისგან კომპლიმენტებსაც ვიღებ. კიდევ რამდენიმე გამყიდველია, რომლებსაც დედასგან კარგი რეკომენდაციები ჰქონდათ. მაგალითად, ყველის გამყიდველი ლელა. მეც სულ მისგან ვყიდულობ ყველს და არასდროს გაუცრუებია იმედი ხარისხის მხრივ.
და რას ვამბობდი, კულინარია შემოქმედებითი პროცესია-მეთქი. გემოების შეხამება, ჯერ წარმოდგენით და მერე ცდა, ხელთ არსებული პროდუქტებით მომზადება და ა.შ. მგონია, რომ რეცეპტები ეს ისეთი კანონებია, რისი დარღვევაც, საგზაო წესებისგან განსხვავებით, თავისუფლად შეიძლება, თუმცა არის დღეები, როცა არაფერი მინდა და, მით უმეტეს, დღეს/ხვალ რას ვჭამ – არ მაინტერესებს.

ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ პარალელური სამყაროების არსებობაზე. ძალიან მაწყობს, არსებობდეს ეგეთი რამ. აი აქ ხომ ასეთი უაზრო აწმყო მაქვს და იქნებ სადღაც ჯერ სულ პატარა ვარ, სადღაც – ჩაჩანაკი და საინტერესო ცხოვრებაგავლილი; მამა და დედაც  სადღაც გრძელდებიან და ყველა ის ადამიანი, ვინც მიყვარს, სხვაგანაცაა. იქნებ იქ სხვა შანსები გვაქვს, იქნებ რაღაც უკეთ არის, ან პირიქით, აქ უნდა ვიყო მადლიერი იმისა, რაც და როგორც ხდება. იქნებ სიზმრებში იმიტომ ვხედავ ჩემს მშობლებს და თან ისე, თითქოს არც არსად წასულან, რომ სწორედაც რომ არ წასულან?
ბავშვებს ხომ ჰყავთ ხოლმე წარმოსახვითი მეგობრები, მე ეს რამდენიმე თვეა წარმოსახვითი დედა მყავს. განსაკუთრებით მანქანით მგზავრობისას – ყოველთვის არის ჩემი უჩინარი მგზავრი. და ეს კარგი გრძნობაა – სულ მგონია, რომ უსაფრთხოდ ვივლი. ამასობაში რისკიანი მძღოლი გავხდი, სისწრაფის მოყვარული. რამდენადაც ტრასაზე მიღებული ადრენალინი მომწონს, იმდენად ვერ ვიტან თბილისის საცობებში ხოხვას და "შემოქმედებით" მძღოლებთან ურთიერთობას, ამიტომ ვერიდები კიდეც.
მთელი ეს თვეები არაფერი წამიკითხავს, ამას წინათ კუტზეეს "სირცხვილი" ვიყიდე. აი, ეგაც მნიშვნელოვანი ამბავი იყო, წიგნის მაღაზიაში რომ შევედი – აქამდე გული არ მიმიწევდა. ჰოდა ეს "სირცხვილი" ორი კვირაა თაროზე მიდევს სხვა წაუკითხავებთან ერთად და, თუ არ დამავიწყდა, ხვალ გზაში წავიყოლებ, იქნებ დავიწყო.

პ.ს. აზრზე არ ვარ, რატომ მომინდა ასეთი წვრილმანების მოყოლა. მადლობა ბოლომდე მოსმენისთვის. 

Friday, October 5, 2012

"ვერ ვნახე, დაკარგულიყო"

მეორე დღეა, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ხეებზე გაკრულ, თაბახის ფურცლებზე მსხვილი შრიფტით ამობეჭდილ საპროტესტო პლაკატებს ვხედავ:


"მინდა წიგნის კითხვა"
"მაქვს ბიზნესშეხვედრა"
"მინდა გართობა"
"მინდა განტვირთვა"
"მინდა ცოცხალი მუსიკა" 
თითოეული მათგანი დაწყვილებულია ასეთივე ამონაბეჭდ პლაკატთან:
"ვეძებ მყუდრო ადგილს"

მე მომეწონა ეს ჩუმი და თან მყვირალა საპროტესტო აქცია, როგორც მინიაქციის ფორმა, თავისი ბევრისმთქმელი შინაარსით: მილიონნახევრიან ქალაქში, სადაც თითქმის ყოველ 10 მეტრში გასართობი დაწესებულებაა გახსნილი და რომლებშიც, თავისთავად, არის მაგიდებიც, საკვებიც, მუსიკაც, ადამიანები (თუნდაც გარკვეული  ნაწილი) ვერ ახერხებენ ვერც განტვირთვას, ვერც საქმეზე მშვიდად მსჯელობას, ვერც წიგნის კითხვას. როგორც ჩანს, ქალაქში სიმყუდროვე იძებნება. იქნებ თბილისის კაფე-რესტორნებიც ჩაერთონ მის ძებნაში და იპოვონ. პლაკატები მათი კარების წინ მდგომ ხეებსაც ამშვენებს. ისე კი, მყუდრო გარემო მგონი ყველგან დეფიციტურია.
                                      
                                      

რაც გრძელ სიტყვად მინდოდა...

ორკვირიანი მძიმე ინფორმაციულ-ემოციური წნეხის მოდუნების მერე აღმოჩნდა, რომ სიტყვები ისევე არ მაქვს ბლოგის საწერად, როგორც ამ ორი კვირის მანძილზე. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა:
~ ვგმობ ძალადობას;
~ მიხარია, რომ ცივილურ ერს დავემსგავსეთ – ხალხს ხმა აქვს და დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას შეუძლია დამარცხების აღიარება;
~ მეშინია ქვეყნის მომავლის, რომელიც ამ ეტაპზე გაურკვეველი ჩანს;
~ როგორც ყოველთვის, არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ მხარეს, რადგან ეს ჩემთვის ჩარჩოში მოქცევას ნიშნავს და, შესაბამისად, აზრის თავისუფლად გამოხატვის შემზღუდველია;
~ მინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება.

Friday, September 14, 2012

შინაური

დავინახე თუ არა, მოვიხიბლე. ისიც გავიფიქრე – რა იქნება, რომ შინ. მოვძებნე: ფენეკი. არაბული სიტყვისგან „ფანაკ“ – მელას ნიშნავს. ზრდადასრულებული შინაურ კატაზე მომცროა, სიმაღლეც გრძელი ყურების ხარჯზე ემატება. ყველაზე პატარაა ძაღლისებრთა ოჯახში. ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობს, უდაბნოში. ალჟირის ეროვნული ცხოველია. ერთგულია – ერთხელ ირჩევს პარტნიორს და კიდევ... ადამიანს უშინაურდება.

1928 წელს ანტუან დე სენტ–ეგზიუპერიმ თავის დას, დიდის, კონცხ ტარფაიადან (იგივე ხუბი, სამხრეთ მოროკო) წერილი მისწერა, სადაც მოშინაურებულ ფენეკზე უყვებოდა, რომელსაც აღმერთებდა. 1935 წელს კი, როდესაც მისი თვითმფრინავი საჰარაში ჩამოვარდა, პირველი, რაც გონს მოსულმა დაინახა, ფენეკი იყო. მიიჩნევა, რომ სწორედ ფენეკია მისი წიგნის (და ჩემი საყვარელი) პერსონაჟის პროტოტიპი. თუმცა, რაღაა საკითხავი, ავტორისვე ნახატია მოწმე:
ნახეთ, რა კარგი ტიპია:
როგორ შეიძლება, არ შეგიყვარდეს.

Tuesday, September 11, 2012

„უმანკოების მუზეუმი“

წლევანდელ ფესტივალზე  თანხა ამ წიგნზე დავზოგე, მიუხედავად საკმაო ფასდაკლებისა.  ახლა ვფიქრობდი – ნეტა მასშიც იმავე დამოკიდებულებაზე წერია ნივთების მიმართ, რაც მე მაქვს? ოღონდ მე არ შემიგროვებია არაფერი; უცებ, სახლი იქცა მუზეუმად: ყველაფერს აქვს ისტორია, ყველაფერი სუნთქავს, ყველაფერი მიჩვენებს კადრს წარსულიდან.

ისე კი, მგონი ახალი წიგნების წაკითხვის მეშინია, ახალი შთაბეჭდილებების მიღების. აი, „მისნის ღამე“ დიდი ამბით ვიყიდე, მაგრამ ახლა ანოტაცია რომ მახსენდება, თავს ვიკავებ წაკითხვისგან. მგონია, იქ რაღაც ისეთი წერია, რაც ჩემი განცდების იდენტური იქნება და ემოციურად ვერ გავუძლებ. იგივე მჭირს ზემოთ ნახსენებ „უმანკოების მუზეუმზე“. სხვა წიგნებიც ვიყიდე წელს, მაგრამ მიწყვია. არ ვიცი, მათში რა წერია, მაგრამ ინტერესი ძალიანაც არ მკლავს. წიგნებს ჩამოვშორდი ჯერჯერობით; სამწუხაროდ, ასე გამოდის.

Friday, August 31, 2012

ქონდარი და პიტნა

ქონდარი შემიყვარდა. უფრო სწორედ, თავიდან აღმოვაჩინე. დედა ზამთრისთვის მწვანილებს ახმობდა ხოლმე და ამას წინათ ერთ ქილაში ქონდარი ვნახე. უცებ გამახსენდა კონკრეტული საღამო: ვისხედით ტელევიზორთან, აღარ ვიცი რას ვუყვებოდი, თავზე რომ გადამისვა ქონდრისსუნიანი ხელი. ეს კარგად მახსოვს სუნის გამო, ვუთხარი კიდეც. ხშირად შეგრძნებებს ხომ უფრო იმახსოვრებს ადამიანი, ვიდრე კონკრეტულ სიტყვებს.
ბრინჯი შევაზავე შარშანდელი ქონდრით და მეორე დღეს ბაზარში ვიყიდე რამდენიმე კონა; გავრეცხე, შევუდექი საქმეს: დავჭერი, გავფინე... და ახლა მაქვს ორიოდე მუჭა გამხმარი ქონდარი და მქონდა ქონდრის სუნიანი თითებიც, ოღონდ საკუთარ თმას ვერ მოვეფერე.

მეორე, რაც თავიდან შევიყვარე, პიტნაა. ნუ, პიტნის სუნი ბავშვობიდან მიყვარს – ჩვენი ეზოს სუნია. აქ სხვა მოგონება ჩნდება: რეცხავდა დედა პიტნის ქორფა, გრძელ ღეროებს და წნავდა. ძალიან საყვარელი იყო ეს ნაწნავები, სარეცხის თოკზე გასახმობად ჩამოკიდებული. პიტნის ჩაი მას და მამას უყვარდათ; ერთ დროს მეც, სანამ არ მივხვდი, რომ საკმარისი იყო, დამელია – მთვლემდა. გადავეჩვიე. ვუყურებდი ხოლმე, როგორ აყენებდა დედა ჩაის და მისი ჭიქიდან წამოსული სუნიც მყოფნიდა. ჰოდა ახლა, მგონი იმ, ჭიქიდან წამოსული სუნის ხათრით დავაყენე ჩაი... და მორჩა: მწვანე, ჟასმინიანი ჩაის დღიურ ულუფას – რამდენიმე ჭიქას – ერთი გამოაკლდა პიტნის ხარჯზე. მერე რა, რომ ჩემს დაბალ წნევას უფრო დაბლა სწევს. მჭირდება ეს სუნი.
ეს სუნები.

Monday, August 27, 2012

დაბრუნება: ერთი კვირა, კედელზე

ალბათ უნდა და დროა, განახლდეს ბლოგი, თუკი მინდა, რომ მან საერთოდ იარსებოს; და შეწყვეტილი ტრადიციული რუბრიკაც აღდგეს – ორშაბათის გამოფენა. თუმცა, არ მგონია ამ ეტაპზე პოსტი ყოველ ორშაბათს მოვამზადო. უბრალოდ, საგამოფენო შეხვედრა ისევ მხოლოდ ორშაბათობით გაიმართება ხოლმე, როგორც, მაგალითად, დღეს. ოღონდ დღევანდელი თემა არ იქნება ფერწერა, სინათლით მწერალზე – ფოტოგრაფზე მოვყვები: 

ის ჩინელია, სახელად დონ ჰონგ–ოაი. დაიბადა 1929 წელს. იყო აზიური პიქტორიალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო და, ამავე დროს, უკანასკნელი წარმომადგენელი. 13 წლის ასაკში უშუალოდ ფოტოგრაფებისგან დაიწყო ფოტოგრაფიის ტრადიციული ტექნიკის შესწავლა. თავადაც იღებდა პეიზაჟებს და ლეგენდარული ჩინელი ფოტოგრაფის, ლონგ ჩინ–სანის, გავლენას განიცდიდა.

ცხოვრების დიდი ნაწილი ვიეტნამში გაატარა. 1979 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩააღწია და სან–ფრანცისკოს ჩინურ უბანში დასახლდა. თავის გასატანად პეიზაჟების გაყიდვა დაიწყო და ნელ–ნელა მისმა ხელოვნებამ აღიარებაც მოიპოვა. მისი ტექნიკის საიდუმლო ასეთი იყო: ფოტოს საბოლოო სახეს სამი ნეგატივის გამოყენებით იღებდა – ახლო, შუა და შორი ხედების შერწყმით – ფოტოსურათის ყველა ნაწილი რეალურად არსებობდა ბუნებაში, თუმცა მათ სინთეზს მხოლოდ ფოტოგრაფის თვალი აღიქვამდა: დონ ჰონგ–ოაის თითოეული ფოტო უნიკალურია (ერთგვარი ნიშნის მოგებით ეს თავადაც აქვს ნათქვამი), რადგან ყველა დეტალი ხელით არის დამუშავებული. დონს არასდროს ჰყოლია ასისტენტი. ის ფოტოებზე დამოუკიდებლად მუშაობდა ერთი მიზეზით – რასაც ქმნიდა, მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობდა.
გარდაიცვალა 2004 წელს.

გამოფენისთვის რამდენიმე ფოტო შევარჩიე. ისინი ერთ ამბავს ჰყვებიან: ქვიშის, ქარიშხლისას და მარტოობის. გამოფენას პირობითად "წონასწორობის დაცვა" დავარქვი: 

Thursday, July 19, 2012

* * *

ოთხი დღით საავადმყოფოში დაწვენაზე რომ იყო საუბარი, განიცადა – მარტო როგორ უნდა იყოო, ღამით. 7 ღამე გავიდა და ღმერთმა იცის, რამდენი დამრჩა. ყველაზე აუტანელი მონატრების განცდაა. მისი ნახელავის ყურება, მისი დაწერილების, დალაგებულების, ნივთების. ისე აქვს ყველაფერი მოწესრიგებული, ხან მგონია, დროებით გავიდა და მოვა. სიჩუმეა აუტანელი – როცა მხოლოდ საკუთარი მოძრაობის ხმა მესმის.  
გუშინ წავიკითხე: „რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე“. გული ამომიჯდა. როცა მამა წავიდა, თითქოს გავიზარდე. რაღაც შეიცვალა შიგნით,  პასუხისმგებლობა მომემატა, თავი და დედა მყავდა გასატანი. ახლა პირიქით, თითქოს დავპატარავდი – როგორც პირველ კლასში, როცა ჩემი კლასელი ტყუპები გავაცილე მათი დედის სამსახურამდე და ქუჩაში დარჩენილმა უკან ვეღარ გამოვიგნე გზა. 
ბოლოს, როცა საჭიროების გამო ცოტა ხნით ვტოვებდი, დაბრუნებულს მეუბნებოდა, რომ ძალიან მოვენატრე და  მიხუტებდა. როგორ ვუცდიდით ამ ზაფხულს და ჩემს შვებულებას. თურმე ამიტომ, რომ მომენატროს და ვერ ჩავეხუტო.

Tuesday, July 3, 2012

* * *

"ვაი ჩვენი ბრალი", – ყურთან ჩამილაპარაკა ქალმა და საქმე განაგრძო – წყალში ჩაყრილი ახალი ხილი ქურაზე შემოდგა; არ შემოუხედავს. თვალს გვერდით ვაპარებ, – ხომ არ გაიგო... უცებ თავი შეთქმულად ვიგრძენი. იმ მომენტში ისე ახლობელი იყო ის ქალი; იგივე სტკიოდა, იგივე საზრუნავი ჰქონდა.
ადრე არ მესმოდა ფილმებში ნანახი თერაპიის სიკეთისა – წრეში ჩამსხდარი საერთო პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რა შედეგი მოჰქონდა საწუხარის გაზიარებას. მე ვინმესთვის პირისპირ რაიმეს მოყოლის სურვილი არ მაქვს, თუმცა იმ ადამიანების ცქერამ, მათზე დაკვირვებამ და მათთან საუბარმა, ვინც პრაქტიკულად სხვა სამყაროში ცხოვრობს, ჩემი დამოკიდებულება ამ თერაპიისადმი შეცვალა.
ყველაზე რთული პირველი დღეებია, როცა არ გინდა აღიარო, რომ სხვა განზომილებაში მოხვდი. ჯერ კიდევ გარსის გარედან ათვალიერებ მათ. ერთი სული გაქვს, შენობიდან გარეთ გამოვარდე და ღრმად ისუნთქო ქალაქის  მოწამლული ჰაერი, რომელიც ამ დროს საოცრად სუფთა გეჩვენება. როცა პირდაპირ მოხლილი სინამდვილის გამო მათ წინაშე  ტირილი გივარდება, გარსის ზღვარიც გადალახულია. ამ დროს საშინლად გრცხვენია, რომ თავი ვერ შეიკავე და ამით უნებლიეთ ტკივილი მიაყენე. ზურგს აქცევ, ცდილობ, მათი თვალთახედვის არეალიდან გაქრე და დაბრუნებისას მშვიდი იყო.  შემდეგ დღეებში უფრო ლაგდება ყველაფერი: შეიძლება რომელიმე გამოგელაპარაკოს, უფრო "კოლეგა" – პაციენტის ახლობელი. აუცილებლად გეტყვის, კონკრეტულად რა სჭირთ, რამდენი წელია, რაც ასე არიან, რამდენი დახარჯეს და იგივე კითხვებს დაგისვამს. ბოლოს ჯანმრთელობას და გაძლებას გისურვებს, რასაც გულწრფელად უბრუნებ. ქუჩაში თავს გამოიჭერ, რომ გამვლელების ფერს აკვირდები და ცდილობ გამოიცნო, ჯანმრთელები არიან, თუ არა. შენ ხომ უკვე ამდენი არაჯანმრთელი ადამიანი ნახე. ზოგიერთ მათგანზე, ადრე სადმე რომ შეგხვედროდა, ვერც იტყოდი, თუ რამე აწუხებს. იქნებ მათი სიმკრთალე მომხიბვლელადაც ჩაგეთვალა. კლინიკაშიც უკვე ადვილად გადააწყობ პაციენტებსა და მათ ახლობლებს. მათთან ურთიერთობის წამოწყებას აუცილებლად მოაქვს ერთი რამ: იწყებ მდგომარეობის შეფასებას. წონი: აი, იმის დიაგნოზი თუ ისეთი უმძიმესი იყო და ამდენი წლის მერე ასეა, ე.ი. უკეთესის იმედი შეგიძლია გქონდეს. გულის სიღრმეში რაღაც გკაწრავს: ყველაფერი ხომ ინდივიდუალურია და იქნებ ტყუილად გიხარია... მაგრამ ისევე სწრაფად ფუთავ ამ აზრს, როგორც გაშალე – მას არსებობის უფლება არ აქვს! და ამ დროს, ამ ყველაზე დახუთულ სივრცეში, ნათელი წერტილი ჩნდება – რაღაც პოზიტიური, საიმედო: ყველაფერი გამოსწორდება, ჰო, ჰო... უნდა. მერე რა, რომ ზოგი ექიმი უხეშია და მიაჩნია – შენს გამძლეობას მძიმე, დამიზნებული დარტყმებით აწრთობს.
                                                                                                                                                        

Wednesday, June 27, 2012

კითხვები

აფთიაქის კარში ფარფატა მოხუც ქალს შევხვდი და მერე მთელი გზა მეფიქრებოდა: როცა  ერთი თვის პენსია 2 მილიგრამ წამალს ყოფნის, როგორ ცხოვრობენ ის პენსიონერები, რომლებსაც არ ჰყავთ შვილები, ან თუ ჰყავთ – უპოვარები? როგორ უმკლავდებიან ავადმყოფობებს, ან სხვა აუცილებელ მოთხოვნილებებს. როგორი უსაშველო უნდა იყოს მათი შიში. ადრეც მიფიქრია ამაზე, მაგრამ ასე არ გამისიგრძეგანებია. გულში რაღაც ჩამწყდა.

ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი შეუძლიათ, სრულიად უცნობ თანამგზავრს თავისი ოჯახის მდგომარეობა გადაუშალონ და ამით აშკარა კმაყოფილება მოიპოვონ (აღარაფერს ვამბობ უბრალო ნაცნობების წრეში საუბარზე), ალბათ ძნელია უმცირესობაში მოყოლილი ადამიანების გაგება, რომლებსაც არც ეხერხებათ და არც სწორად მიაჩნიათ მსგავსად გახსნა. როდესაც დღეში რამდენჯერმე გარყევს რეალობა, ამ ყველაფრის ვერბალური რეზიუმეს შედგენა (ასევე დღეში რამდენჯერმე) ჩემნაირი ადამიანისთვის ძალიან რთულია. ძუნწია ჩემი პასუხები – გასაქცევად გამზადებული ადამიანისა. შეიძლება ამის გამო საკითხთან დაკავშირებით არასწორ შთაბეჭდილებასაც ვქმნიდე, მაგრამ არ მაღელვებს.

Thursday, June 14, 2012

* * *

ბლოგის გამოფენა ორი კვირაა, არ განმიახლებია. პირველად.
ჩემს ფლიკრის ფასიან ექაუნთს ვადა გასვლია... თავს ზედმეტი ხარჯის ნებას ვერ მივცემ.
.
მიღმა იმდენი რამ ხდება. თუ მცალია, გავცქერი, როგორც ილუმინატორიდან.
ჩემში იმდენი შიშია და მაინც, იმედიც.
შიშისგან მოცემული ძალა ყველა ძალას აღემატება.
ჩემში ბევრი თხოვნაა, რომელიც არ ვიცი, საით მივმართო.
ინტერნეტი სასტიკია. ყველაფერს თვალწინ გილაგებს. აქ არ არსებობს მიწოდების შერბილებული ფორმები. მხოლოდ ხისტი.
მინდა, კონკრეტულ ადამიანებს ვენდობოდე. 
მინდა, დავიძინო და დავბრუნდე: ეს თვე. მამა და დედა აივანზე სხედან, მე სურათს ვუღებ...

Sunday, May 27, 2012

P.S. : ფესტივალი

შეიძლება ითქვას, მთელი წლის საკითხავი მაქვს – ზოგი ადრე ნაყიდი წიგნი, ზოგიც ამ ფესტივალზე. დღეს კიდევ 2 მივამატე სიას. ერთ მათგანთან დაკავშირებით ასეთი ამბავი გადამხდა: წიგნი ქვედა თაროზე ჩალაგებულ სხვადასხვა თემატიკის და წლების გამოცემებს შორის ვიპოვე (არ დავწერ მაღაზიის სახელს); გადავხედე, დამაინტერესა. რა ღირს-მეთქი, ვეკითხები გამყიდველს. ეს სად იპოვეთო. ვიფიქრე, რაღაც დაკარგული ვნახე და უხარია. ამ თაროზე-მეთქი. გოგო კი აგრძელებს: ჩვენიაო? ბოლოს სიაში მოძებნა და ფასიც გავიგე. სანამ ვიყიდიდი, უცებ სხვა მსურველიც გამოჩნდა. მოკლედ, ეს მივიწყებული წიგნი ლამის აღმომჩენის სტატუსით პრივილეგირებულმა წამოვიღე შინ. ესპანურენოვანი ლიტერატურა ძალიან მომწონს, თითქმის ყველა თარგმანს ინტერესით ვეცნობი. ჰოდა, ეს ჩემთვის ახალი მწერალია – ასორინი. მგონი ფესტივალის შემდგომ კითხვის სეზონს მისით გავხსნი, წაკითხვის განწყობა აქა-იქ გადახედვამ უკვე შემიქმნა.

დღის ბოლოს დავესწარი ერთ კულინარულ წარდგინებას, კიდევ გავიარ-გამოვიარე და ეგ იყო. მორჩა ჩემი "წიგნის ფესტივალი 2012" და მასზე პოსტებიც.

Saturday, May 26, 2012

წიგნის ფესტივალი

უკვე მე-14. საოცრად სწრაფად გადის დრო. რაც ამ წლებმა ჩამომიყალიბა, ფესტივალზე მოლოდინის და სიხარულის განცდით წასვლაა. წელს, აპრილის მერე მაღაზიებში წიგნები აღარ მიყიდია – ეს საქმე ფესტივალისთვის გადავდე ფასდაკლებების იმედით. ამ მხრივ "დიოგენემ" გამოიჩინა თავი (40-50 %) და, შესაბამისად, ხალხმრავალი სტენდიც აქვს. უმეტეს სტენდთან ძირითადად 10-20 %–იან ფასდაკლებას გვთავაზობენ. ფესტივალის საინფორმაციო ბუკლეტი გვეუბნება, რომ პავილიონში 94 მონაწილეა. ეს რომ არ წამეკითხა, გაცილებით ნაკლებს ვივარაუდებდი, რადგან წინა წლებთან შედარებით თავისუფალი ფართი თვალში მოსახვედრია – როგორც ჩანს, განლაგების დამსახურებით. ასევე ცოტა მომეჩვენა დამთვალიერებელიც და პრეზენტაციებიც. ხალხის დიდი ნაწილი წლევანდელ საფესტივალო სიახლესთან – მაკულატურის შემგროვებელ პუნქტებთან იყო შეკრებილი. როგორც მოგვიანებით გავიგე, ამ ჩვენს კითხვის მოყვარულ ადამიანებს მხოლოდ ფიზიკური მოძველების გამო საკმაოდ კარგი გამოცემებიც ჩაუთვლიათ ნაგვად. პრიალა ყდები ხშირად ხომ უფრო თვალწარმტაცია.

რაც შეეხება ჩემს შენაძენს: ახალი თარგმანებიდან ვიყიდე პალანიკისა და ოსტერის წიგნები, ასევე ფამუქი, კუნდერა, კამიუ, ფოლკნერი. ჰო, კიდევ ფიროსმანის ნახატებიანი საყვარელი ბროშები, რომლებიც არ მგონია, დანიშნულებით გამოვიყენო, უბრალოდ, გვერდი ვერ ავუარე გულგრილად.

დღეს ასევე მინდოდა ყვავილების ფესტივალზე წასვლა და ვერ მოვახერხე; სიმართლე ვთქვა, ადგილმდებარეობის გამოც – სამხედრო აღლუმის მიმდებარედ მოწყობილმა გამოფენამ ისე აღარ მიმიზიდა. წიგნებს ხვალაც ვინახულებ. იქნებ რამე იპოვოს თვალმა – წასაკითხად ან ფოტოდ სასურველი.

ეს დღევანდელები:




Friday, May 25, 2012

წიგნებისაკენ, რასიზმის გავლით

დღის ბოლოს მოვახერხე წიგნის ფესტივალზე წასვლა, რამდენიმე წიგნის ყიდვაც, პავილიონის სივრცისთვის თვალის გადავლებაც, რომელიც ხალვათად მომეჩვენა და გზად – რასიზმზე დაფიქრებაც. წიგნებზე ხვალ, მით უმეტეს, რომ ფოტოებსაც გადავიღებ და ყველაფერს გულდასმით დავათვალიერებ. მანამდე ფესტივალისკენ მიმავალი გზის ამბავი:
წერეთელზე წვიმამ მომისწრო და მაღაზიის ტენტის ქვეშ შევეფარე. ჩემ წინ გაჩერებულ ტაქსის ყურადღება იქვე მდგომი კაცის გამო მივაქციე. გამოეღო კარი და ყვიროდა: "გადმოდი! გადმოდი..." ტაქსის წინ ზანგი ბიჭი იდგა, კაცი შიგნით მჯდომს მიმართავდა. ჯერ ვიფიქრე, უნდოდა თავად გადაეხადა ფული, მაგრამ მალე ხმას აუწია და მოთხოვნას გინებაც დაუმატა, კარიც გამოაღო და მიაჯახუნა. თურმე იმავე ტაქსით უნდოდა წასვლა. ბიჭი აშკარად აწურული იჯდა და ხურდას ელოდა. რომ გადმოვიდა, ცოტა დააკლდა ჩვენებურს – არ დაერტყა. გამოიქცნენ ეს ბიჭები და ჩემ გვერდით, კუთხეში მიიჭუჭყნენ. თან იხედებოდნენ, თვალით მანძილს ზომავდნენ –  ხომ არ ვბრაზობდი მათთან ახლოს დგომის გამო. რომ შეძლებოდათ, კედელშიც გავიდოდნენ ალბათ. მე კიდევ სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. საშინლად შემრცხვა. ამ დროს მაღაზიის პერსონალი გამომეცხადა – შემიპატიჟეს, ჩამოჯექით, თუ გინდათო. მანამდეც ვიდექი და არ შემოუთავაზებიათ, ჰოდა ამიტომ ვიფიქრე – ალბათ ცდილობენ, გამარიდონ-მეთქი ამ ხალხს. ისე შევწუხდი, აღარ დავუცადე წვიმის გადაღებას და გამოვიქეცი.

მთელი საღამოა ვფიქრობ, რატომ. რას აშავებდნენ ის ბიჭები? იმგზავრეს, ელოდნენ ხურდას. რატომ უნდა გამოლანძღოს ვინმემ? რატომ იყო აუცილებელი იმავე ტაქსით მგზავრობა მაშინ, როცა თბილისში ლამის ყოველი მეორე მანქანა ტაქსია? მათ მაგივრად რომ თეთრკანიანი უცხოელი ყოფილიყო, ასე მოექცეოდნენ?

Wednesday, May 23, 2012

21-ე საუკუნის 20 საუკეთესო

ამ კვირის მთავარი თემა წიგნებია – ხვალ თბილისის წიგნის ფესტივალი იწყება. მე, როგორც ყოველთვის, ველი და შთაბეჭდილებების გაზიარებასაც ვაპირებ; მანამდე კი ერთი გამოკითხვის შესახებ. ზოგადად, რეიტინგები არ მიყვარს, რადგან ადამიანთა ერთი ჯგუფის აზრი შეფასების  უალტერნატივობას არ ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე წიგნებს ეხება. თუმცა, ინფორმაციულობის თვალსაზრისით ნამდვილად საინტერესოა და სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე, გამოკითხვის შესახებ ბლოგზეც დამეწერა. 
ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა The Millions  21-ე საუკუნის 20 საუკეთესო პროზაული წიგნი დაასახელა. გამოქვეყნდა ორი სია – მკითხველების და ექსპერტების მიერ შედგენილი. ექსპერტების ჯგუფში შევიდა 56 ცნობილი ავტორი, კრიტიკოსი და  გამომცემელი. საინტერესოა, რომ მკითხველებისა და ექსპერტების აზრი 10 წიგნზე ერთმანეთს დაემთხვა. მე კი აღმოვაჩინე, რომ სიიდან მხოლოდ ერთი – „არასოდეს გამიშვა“ მაქვს წაკითხული, რაც ახლახანს ითარგმნა ქართულად და შემშურდა რუსების, რომლებიც ოპერატიულად თარგმნიან უახლეს პროზას.

მკითხველების მიერ შედგენილი ოცეული ასე გამოიყურება (სათაურების თარგმნას თავად შევეცდები):
  1. ჯუნო დიასი. „ოსკარ უოს მოკლე და განსაცვიფრებელი ცხოვრება“ (2007 წ.) / "The Brief, Wondrous Life of Oscar Wao" by Junot Díaz – დომინიკური წარმოშობის ამერიკელი მწერლის ნახევრად ავტობიოგრაფიულმა რომანმა 2008 წელს პულიცერის პრემია მიიღო.
  2. რობერტო ბოლანიო. „2666“ (2004 წ.) / "2666" by Roberto Bolaño – ჩილელი მწერლის ნაწარმოები, რომელიც ავტორის მიერ  5 დამოუკიდებელ წიგნად იყო ჩაფიქრებული, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ერთ წიგნად გამოიცა. 
  3. ჯეფრი ეუჯენაიდისი. „საშუალო სქესი“ (2002 წ.) / "Middlesex" by Jeffrey Eugenides – ბერძენი მწერლის ამ წიგნმა 2003 წელს მიიღო პულიცერის პრემია.
  4. დევიდ მიტჩელი. „ღრუბლების ატლასი“ (2004 წ.) / "Cloud Atlas" by David Mitchell.
  5. კორმაკ მაკარტი. „გზა“ (2006 წ.) / "The Road" by Cormac McCarthy – წიგნის მიხედვით 2009 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
  6. იენ მაკიუენი. „გამოსყიდვა“ (2001 წ.) / "Atonement"  by Ian McEwan – შესულია ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნს შორის, 2007 წელს გადაიღეს იგივე სახელწოდების ფილმი.
  7. მაიკლ ჩაბონი. „კავალერისა და კლეის გასაოცარი თავგადასავალი“ (2000 წ.) / "The Amazing Adventures of Kavalier & Clay" by Michael Chabon – 2001 წელს მიიღო პულიცერის პრემია.
  8. ჯონათან ფრანზენი. „შესწორებები“ (2001 წ.) / "The Corrections" by Jonathan Franzen.
  9. მერილინ რობინსონი. გილეადი (2004 წ.) / "Gilead" by Marilynne Robinson – 2005 წელს მიიღო პულიცერის პრემია.
  10. ზედი სმითი. თეთრი კბილები“ (2000 წ.) / "White Teeth" by Zadie Smith – ბრიტანელი მწერლის სადებიუტო წიგნი.
  11. ჰარუკი მურაკამი. კაფკა სანაპიროზე (2002 წ.) / "Kafka on the Shore" by Haruki Murakami.
  12. ხალედ ჰოსეინი. ფრანს ადევნებული (2003 წ.) / "The Kite Runner" by Khaled Hosseini.
  13. კაძუო იშიგურო. არასოდეს გამიშვა (2005 წ.) / "Never Let Me Go" by Kazuo Ishiguro – იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი, ბუკერის პრემიის მფლობელი. წიგნი დასახელდა ყველა დროს 100 საუკეთესო წიგნს შორის. 2010 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
  14. უ. გ. ზებალდი. აუსტერლიცი  (2001 წ.) / "Austerlitz" by W.G. Sebald.
  15. რიჩარდ რუსო. იმპერიის დაცემა  (2001 წ.) / "Empire Falls" by Richard Russo.
  16. ალის მუნრო. გაქცეული (2004 წ.) / "Runaway" by Alice Munro.
  17. კოლმ ტობინი. ოსტატი (2004 წ.) / "The Master" by  Colm Toibin – ირლანდიელი მწერლის ამ წიგნმა 2004 წელს ბუკერის პრემია მიიღო.
  18. ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი. ყვითელი მზის ნახევარი (2006 წ.) / "Half a Yellow Sun" by Chimamanda Ngozi Adichie – ნიგერიელი მწერალი ქალის წიგნი.
  19. ჯუმპა ლაჰირი. „არაჩვეულებრივი მიწა“ (2008 წ.) / "Unaccustomed Earth: Stories" by Jhumpa Lahiri – ინდური წარმოშობის ამერიკელი მწერალი ქალის წიგნი.
  20. სუზანა კლარკი. ჯონათან სტრენჯი და მისტერ ნორელი (2004 წ.) /  "Jonathan Strange & Mr. Norrell" by Susanna Clarke. 
თითქმის ყველა წიგნი დაჯილდოებულია რომელიმე (ან არაერთი) მნიშვნელოვანი  პრემიით. არსებობს რამდენიმე მათგანის ეკრანიზაციაც. და ბოლოს, ამ ორი გამოკითხვის შედეგები მინიჭებული ადგილების მიხედვით:

Thursday, May 17, 2012

არასოდეს გამიშვა

ხანდახან უცნაურად ემთხვევა ერთმანეთს მოვლენები. მაგალითად, კითხულობ წიგნს, რომლის სათაურიც უცებ მთელ შენს აწმყოს ერგება ქუდად. შეგიძლია ყველაფერს მიუსადაგო – ყველა სიტუაციას, ყველა სურვილს, ყველა სათქმელს. მარტოდ დატოვების შიში ალბათ ყველაზე დიდი შიშია, რაც კი არსებობს. გეშინია, რომ გაგიშვებს ხელს სიზმარი, დღე, ჯანმრთელობა, წარმატება, ადამიანი, სიყვარული. და თუ ღმერთი სიყვარულია, ღმერთიც. გგონია, მერე აღარაფერი დაგაკავებს, უწონო გახდები, ვერ მიმაგრდები ნიადაგზე თავიდან აღმოსაცენებლად, რადგან არ იარსებებს ნიადაგი. გგონია, ყველაფერი ხელის გაშვებით მთავრდება. ყველაზე დიდ ხელის გაშვებად კი გარდაცვალება მიგაჩნია, რადგან ამ ამბის გაგრძელებისა მიახლოებითაც არაფერი იცი – გარდმოცვლილები არ გინახავს. არავის ჰქონია შენს ირგვლივ უკან დასაბრუნებელი ბილეთი.
წიგნი ჯერ არ წამიკითხავს ბოლომდე. ზუსტად ვიცი, მყავს ადამიანები და მაქვს გრძნობები, რომლებსაც მინდა ვუთხრა: ”არასოდეს გამიშვა”.

Monday, May 14, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ამ ორშაბათს არაფრის გამოფენა მომდომებია. ბოლოს და საკმაო დაგვიანებით გერმანელი ექსპრესიონისტის, ფრანც მარკის (1880–1916) ცხენები შევარჩიე:
ცხენი სივრცეში (1910 წ.)
ლურჯა ცხენი (1911 წ.)

14–20 მაისი.

Monday, May 7, 2012

Monday, April 30, 2012

ერთი კვირა, კედელზე

გუსტავ კაიბოტი, "დედოფლის ყვავილები", 1892 წ.

30 აპრილი –
6 მაისი.

უთხარით

ჩემი ფეისბუკის ერთი "ფრენდი" რამდენიმე კვირაა სასოწარკვეთილი ეძიებს პასუხს კითხვაზე – რაიმე საშიშროება ხომ არ ემუქრება მის რწმენას, თუკი ექნება ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობა. იგი მრავალშვილიანი დედაა და მისი საწუხარია, რომ ვერ მუშაობს შვილების შესანახად, რადგან ვერ წყვეტს აიღოს თუ არა პირადობის მოწმობა და მოითხოვს ეკლესიისგან (ვფიქრობ, მის მეგობრების სიაში არაერთი საეკლესიო პირია) და ღმერთმა იცის კიდევ ვისგან, პასუხს, უფრო კი “ხელდასხმას”, რომ მიეცეს ცხოვრების საშუალება. ვკითხულობ მის სტატუსებს და ვფიქრობ: ჯერ იმაზე, – რამდენგვარი "ფრენდი" მყავს – ურწმუნო თუ მორწმუნე, ყველა სახის პოლიტიკური შეხედულებით (სულაც, აპოლიტიკური) და მერე: ეს ქალი ისეა მათ შორის, როგორც ქუჩაში უსასოოდ ხელებგაწვდილი, ყურადღებას რომ არავინ აქცევს. ის ძალიან ფრთხილად და მოკრძალებით პასუხობს კანტიკუნტად გაჩენილ კომენტარებს. აქაც ეშინია – სამდურავი არ დასცდეს. ჩემში პატივისცემას იწვევს როგორც პიროვნება, რომელსაც რაღაცის სწამს, მაგრამ…
განა როგორი უნდა იყოს მისი რწმენა, რომ შიშს ბადებს?! შიში, რომ ხელ-ფეხს უკრავს?!
აქეთ შვილები, იქით გაჩუმებული სათაყვანებელი ეკლესია.
უთხარით რამე ამ ქალს. ამ ხალხს.
უთხარით, რომ სიცოცხლე მათი უფლებაა.
ნუ ადებთ ბორკილებს და მარხავთ ცოცხლად.
ნუ ურევთ გონებას "სამი ექვსიანით" და ასეთებით.
ნუ აიძულებთ მორჩილებას ისედაც საკმარისად დამორჩილებულებს – საზოგადოებრივი თუ ცხოვრებისეული კანონებისგან.
ნურც ტყეში გასვლას მოანდომებთ – ზუსტად ასე დაწერა მან ერთ-ერთ სტატუსში, – მითხრან მაშინ და ტყეში გავალო.
ეშინია.
ღმერთი მათთვის მრისხანე მოსამართლეა. ბრალმდებელი. დამსჯელი. შუბლზე  მიმაგრებული სათვალთვალო კამერა.
რატომ გააცანით ასე.
რატომ არ შეაყვარეთ.

Monday, April 23, 2012

ერთი კვირა, კედელზე

დღეს წიგნის და საავტორო უფლებების დღეა და ბლოგის გამოფენაც წიგნის თემაზე იქნება:
ედვარდ ჰოპერის "ინტერიერი" (1925 წ.).


ეს კი საიტი, სადაც ჰოპერის გვერდი მომეწონა

23–29 აპრილი.

Monday, April 16, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ენდი დენზლერი – თანამედროვე ვიზუალური არტისტი ციურიხიდან (შვეიცარია). დაიბადა 1965 წელს. სწავლობდა ციურიხის სამხატვრო სკოლებში, პასადენას დიზაინის სახელოვნებო ცენტრში, ლონდონში – ჩელსის ხელოვნების და დიზაინის კოლეჯში. მისი გამოფენები მოეწყო ციურიხში, ლონდონში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, მიუნხენში, ბერლინში, მოსკოვში და სხვ. არის ფერმწერი, გრაფიკოსი, სკულპტორი. მისი ნამუშევრები ოთხ ჯგუფად იყოფა: "ურბანული გამოსახულებები", "ისტორიული ნახატები", "პორტრეტები" და "პეიზაჟები".

დენზლერის ხელოვნება რეალიზმისა და აბსტრაქციის ნაზავია. მას საოცარი შესრულების ტექნიკა აქვს – ნახატები ამოძრავებულ ფოტოკადრებად აღიქმება (ანდა  ვიდეოფაილად, რომელიც გაშვებისას "გაიჭედა"). ეს გადღაბნილი, დაბურული სივრცეები და მოქმედი პირებია – ზუსტად ისე, როგორც ნანახი, თავს გადახდენილი ამბები გვახსენდება ხოლმე. პრაქტიკულად, ის მოგონებებს ხატავს! დახუჭეთ თვალები (ან ნურც დახუჭავთ) და ამოატივტივეთ მეხსიერებიდან რაიმე ამბავი, თუნდაც გუშინდელი, თუნდაც სიზმარი. შეუძლებელია, ეს კადრები ნათელი იყოს. მოგონებები სწორედ რომ დენზლერის ნახატებს ემსგავსება! გახსენების შემდეგ ჩვენ ნელ-ნელა ვწმენდთ წარმოდგენილს – ვცდილობთ, ბუნდოვანება მოვაცილოთ. ენდი დენზლერიც სწორედ ამ შანსს გვაძლევს – სივრცეს გვიტოვებს წარმოსადგენად. ის არ იძლევა ზუსტ კადრს, მის კადრებში შეიძლება შენი ხედვის ჩამატებაც, ბუნდოვანება თავად უნდა დაწმინდო წარმოსახვით..
მოკლედ, ძალიან მომწონს ეს ხელოვანი. ამ კვირაში მის რამდენიმე ნამუშევარს გამოვფენ:
"სურვილის კიდეზე"
"ელინი"  
"მორბენალები"
"მოტივტივე ქვები" 
"პორტრეტი"


ოფიციალური საიტი
პ.ს. მომინდა, მქონდეს მაისურები დენზლერის ნახატებით; ვნახო ისინი რეალური ზომებით მსგავს სივრცეში.

16–22 აპრილი.

გაშეშობანა

სევდიანი ამბავია საფლავზე გასვლის დღე. ნაცნობი თუ  გზად შემხვედრი, გორაკებზე შეფენილი სასაფლაოები – სხვა თაობით სავსე, მათით, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს თავისები, ჰყავს, ეგულება, პატრონობს. დადიან ცოცხლები, იცინიან, ჭამენ, სვამენ. სახეები ქვებიდან თვალს ადევნებენ. მათი თვალები ყველა მიმართულებით მოძრაობს.

სევდიანი ამბავია ძველი მეზობლის შეხვედრა – კარის მეზობლის, ვინც სამშობიაროდან გამოყვანილი გნახა და ღიმილით აღგიწერს, როგორი იყავი, ვის ხელშიც გაიზარდე, ვინც ექსკლუზიური სახელი შეგარქვა და დღემდე ტკბილად გეძახის, ვინც ძალიან გახარებულია შენი ნახვით, მაგრამ... ძალიან შეცვლილი. ისე, რომ გული გეწურება. გრძნობ, როგორ გაირბინა წლებმა, რომ შენც იცვლები; როგორ დარჩა განზე ის დღეები, თითქოს სიზმარში, მართლაც რომ ხედავ ხოლმე – სიზმრებში ყოველთვის ბავშვობის სახლებში ხარ. სიზმრებში ყველა მიმართულებით მოძრაობ.

სხვა სევდიან ამბავს ჰგავს ეს შეხვედრები – ძველი ფოტოების თვალიერებას; როცა ნათლად ხვდები, რომ რაღაც მორჩა, ადამიანები წავიდნენ, სულ წავიდნენ, ცოცხლად, ხელშესახებად ვერასდროს ნახავ, შენს თავსაც ვეღარ ნახავ – შენი თავიც, ძველებური, იმ ფურცლებზე დაგრჩა, მოძველებულ ალბომებში რომ არის ჩაკრული, იმ jpeg ფაილებში, წლების მიხედვით დახარისხებულ ფოლდერებში რომ გიწყვია. ფოტოები გაშეშებენ, როგორც რომელიღაც ზღაპარშია.

სევდიანი დღე იყო. ორშაბათი. ატმები კი ისე ყვაოდა, ისე.

Friday, April 13, 2012

Green grass

  
> Tom Waits

Thursday, April 5, 2012

დღის პოზიტივი

აი როგორი კოხტა და ნარინჯისფერი დავინახე დილით, მეტროსთან სახელდახელოდ მოწყობილ ყვავილების დახლზე. გამყიდველმა ქალმა, ბაღში უნდა იყოსო, ცის ქვეშო, ჰოდა იქნება ჩემს ბაღში – ამათ მეზობლად:
უცნაური ტიპია, მთელი დღე შუქს დასდევდა. რაფაზე ისე დავდგი, რომ მეცქირა და  ზურგი შემაქცია – ღეროები თითქმის 90 გრადუსით შეაბრუნა ფანჯრისკენ. ასე სწრაფად მოძრავი და ელასტიური ღეროები არ მინახავს, ლამის ლაპარაკი დავუწყე :) საღამოს ერთ ყვავილს ფურცლები დასცვივდა და გული დამწყდა, რომ მალე... რამდენიმე კვირტი კი აქვს.

Tuesday, April 3, 2012

გადაფურცლეთ

ჩემი ბლოგის რუბრიკა "საღამოს საკითხავი" ბოლო თვენახევარია, რაც განვაახლე – კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად ვდებ რომელიმე ლიტერატურული საიტის ბმულს. ადრე ყოველდღიურად ვცვლიდი საკითხავს, მაგრამ მგონია, ამ სახის რუბრიკისთვის კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ განახლება ყველაზე ოპტიმალური იქნება. ასე რომ, ამ ტემპით განვაგრძობ.

უინსტონ გრუმის "ფორესტ გამპი" ქართულად არასდროს უთარგმნიათ – მისი თარგმნა ახლა დაიწყო ემხვარ კახაძემ. მთავარი გმირის, ფორესტ გამპის, ენის გადმოქართულება საკმაოდ რთულია და ვგულშემატკივრობ ამ პროცესს. ტექსტი მოგვიანებით რედაქტირდება. თარგმანისთვის თვალის მიდევნება ლიტერატურულ ჟურნალ "თაობებზეა" შესაძლებელი.

Friday, March 30, 2012

30 მარტი. განწყობა.

დღეს არაჩვეულებრივი ამინდი იყო. ვინც კითხულობს ჩემს ბლოგს, ემახსოვრება, როგორ განვიცდიდი გაწელილ ზამთარს და იმასაც მიხვდება, რამდენს შეიძლება ნიშნავდეს ჩემთვის მარტის ბოლოს როგორც იქნა გამოჩენილი გაზაფხული. სამსახურიდან წამოსულს მომინდა, გადამეღო ყველაფერი, რაც წიგნის მაღაზიისკენ მიმავალ გზაზე შემხვდებოდა. ვიდეო გადაღებულია ჩემი ძველი და ერთგული ფოტოკამერით, გულის გასწვრივ რომ მეკიდა; ხარისხზე ვიდეოს პრეტენზია არ აქვს, ეს უბრალოდ განწყობაა, რისი გაზიარებაც მომინდა, რამაც უცებ ერთი ძველი სიმღერა გამახსენა და მის მოტივზე მატარა; შინ მოსულმაც სწორედ ეს მელოდია მოვძებნე, ვიდეოზე ხმად რომ დამედო. დავტოვე ყველა სხვა ბგერაც – ჩემი ქუსლების კაკუნით დაწყებული ქუჩაში გამოფენილი ბოშა ბავშვების კინკლაობით დამთავრებული. და კიდევ, ვიდეოს ვუძღვნი ჩემს ბლოგზე უცხოეთიდან შემოსულ ყველა სტუმარს, ვისაც შეიძლება თბილისი ენატრებოდეს :)



Thursday, March 29, 2012

Tête à Tête

ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ ადამიანები ფსიქოლოგებთან სიარულს – თითქმის უცნობებთან საკუთარ თავზე თხრობას. ბოლო დროს ამაზე შეხედულება შემეცვალა და ეს ცვლილება ინგლისურის გაკვეთილებმა გამოიწვია, სადაც ჩემთვის უცნაური რამ მოხდა – საკუთარ თავზე საუბარი დავიწყე. კითხვები, რასაკვირველია, მასწავლებელს ეკუთვნის არჩეული სასაუბრო თემების მიხედვით და ჯგუფის წევრები ვპასუხობთ. ზოგადად, ძალიან არ მიყვარს პირად საკითხებზე დასმული კითხვები, არც მოყოლა მეხერხება (თუ წერას არ ჩავთვლი) და ამ მხრივ არასდროს გამოვხატავ ინიციატივას. გაკვეთილზე კი უხერხულობა მხოლოდ პირველ ჯერზე განვიცადე, მერე საშინაო დავალებებიც დიდი მონდომებით მოვამზადე. დიდი ხანია, მოსწავლის ამპლუაში არ ვყოფილვარ და ამ ფაქტმა დამაფიქრა. როგორც ჩანს, საქმე მიდგომაშია და პედაგოგებს ეს ეხერხებათ (ასეც უნდა იყოს).

ხანდახან ვფიქრობ, ჩვენი მასწავლებელი მწერალი რომ იყოს, რა არაჩვეულებრივი მადანი აქვს ხელთ – უცხო ქვეყანა, უამრავი პერსონა(ჟი), გახსნილი, საკუთარ თავზე ხალისით მოსაუბრე. მე აუცილებლად ვიქნებოდი მწერალი ქართულის მასწავლებელი, უცხოეთში რომ ვცხოვრობდე და ვასწავლიდე :)

Monday, March 26, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ახალი კვირის გამოფენისთვის ჯონ უილიამ გოდვარდი და ეს გოგო შევარჩიე.
მხატვრის შესახებ ცოტა რამ

26–31 მარტი.

Saturday, March 24, 2012

წიგნის სიყვარულის გასავრცელებლად – ალტერნატიული ბიბლიოთეკები

ნიუ–იორკში ახლახან "ნიუ-იორკის ალტერნატიული საჯარო ბიბლიოთეკები" გაიხსნა, რომელთა დიზაინიც არქიტექტორ ჯონ ლოკს ეკუთვნის: ნარინჯისფერი წიგნის თაროები ქალაქის სატელეფონო ჯიხურებში დამონტაჟდა. წიგნების დატოვება ან წასაკითხად წაღება ნებისმიერ მსურველს, რა თქმა უნდა, უფასოდ შეუძლია.
ამ ყველაფერს წინ არაჩვეულებრივი მოძრაობის – ე. წ. ბუქქროსინგის (bookcrossing) – ჩამოყალიბება უძღოდა, რაც გულისხმობს მკითხველებს შორის წიგნთგაცვლას (წაკითხულ წიგნებს ტოვებენ რომელიმე ადგილას და ინფორმაციას წიგნისა და მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინტერნეტით ავრცელებენ). სპეციალური საიტის მონაცემებით, ქვეყნების სია, სადაც ბუქქროსინგი ყველაზე პოპულარულია, ასე გამოიყურება: გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ავსტრია, ჰოლანდია, ესპანეთი. შესაძლოა, არქიტექტორ ჯონ ლოკს სწორედ ამ მოძრაობამ შთააგონა იდეა, ნიუ–იორკის ხელისუფლებამ კი მის განხორციელებას ხელი შეუწყო. 

გარდა სატელეფონო ჯიხურებში განლაგებული თაროებისა, არსებობს სხვა სახის ალტერნატიული ბიბლიოთეკებიც:
მოძრავი ბიბლიოთეკები – ავტობუსები, რომლებიც შეიძლება შენს სახლამდეც მოვიდნენ. ერთი ასეთი ავტობუსი თბილისშიც დადის და რამდენიმე წლის წინ გადავიღე კიდეც

პორტატული სამკითხველო ოთახები, რომლებიც ნიუ–იორკისა და ბოსტონის საჯარო სივრცეებშია განლაგებული, სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. აქ არ არსებობს აბონემენტის აღების საჭიროება, მუშაობენ მოხალისე ბიბლიოთეკარები, თაროებზე ინახება დაზიანებული ან გაცვეთილი სასწავლო წიგნები, სივრცე კი სამეცადინოდ საკმაოდ მოხერხებულია, როგორც ფოტოზე ჩანს. 

ყველაზე მეტად მომეწონა ხის პატარა სახლი–ბიბლიოთეკები. პირველი მათგანი სულ რაღაც სამი წლის წინ, ვისკონსინის შტატის (აშშ) ქალაქ ჰადსონში მცხოვრებმა ტოდ ბოლმა დაამზადა დედის ხსოვნის პატივსაცემად, რომელსაც უყვარდა წიგნები და მათი გაცემა. ტოდმა პირველი პატარა ბიბლიოთეკა საკუთარი სახლის წინ დადგა და წიგნების წაღება მეზობლებს შესთავაზა – წაკითხვის შემდეგ დაბრუნების პირობით. დღეს  სხვადასხვა სახალისო დიზაინის მქონე ეს პატარა ბიბლიოთეკები ამერიკის 28 შტატში და 6 სხვა ქვეყანაშია გავრცელებული; მათი ნახვა კერძო სახლების ეზოების გარდა, კაფეების, მაღაზიების, სამედიცინო ცენტრების წინ, ველოსიპედების სადგომებზე და ავტობუსების გაჩერებებზეც შეიძლება.

განსაკუთრებით მომწონს ხალხის განწყობა ასეთი სახის ბიბლიოთეკების მიმართ – აქ წიგნების აღება-დაბრუნებას არავინ აკონტროლებს და სამკითხველოების ფუნქციონირება მკითხველების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ყველა ხვდება და იზიარებს ერთ რამეს – ყველაფერი წიგნების სიყვარულის გასავრცელებლად ხდება და ამიტომ საჭიროა ზრუნვა იმაზე, რომ თაროები არ დაცარიელდეს. კარგი იქნებოდა, ჩვენთანაც არსებობდეს მსგავსი ბიბლიოთეკები. სიამოვნებით დავტოვებდი წიგნებს ან თავადაც ვიქონიებდი პატარა სახლ-ბიბლიოთეკას.

წყარო:

Monday, March 19, 2012

ერთი კვირა, კედელზე

რაღაც ცნობებს ვეძებდი მარკ შაგალის შესახებ და მის სიტყვებს წავაწყდი"მხოლოდ სიყვარული მაინტერესებს და მხოლოდ იმ საგნებთან ვურთიერთობ, რომლებიც სიყვარულის გარშემო ბრუნავენ".
რა ზუსტად უთქვამს – მისი მთელი შემოქმედება ამის დადასტურებაა, რომლის ერთ პატარა ნაწილს დღეს აქ გამოვფენ: "დიდი მზე" (1958 წ.)

19–25 მარტი.

Saturday, March 17, 2012

თეატრი მაყურებლისთვის

38 ლარი თეატრის ბილეთი. როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ საქართველოში ხალხი ძალიან გამდიდრდა. ასეთ ფასიან ბილეთს ბევრი ადამიანი საკუთარი თავისთვის ვერ იყიდის, არათუ დამატებით ვინმე დაპატიჟოს. მაგრამ ამას, ვფიქრობ, არავინ გააპროტესტებს, რადგან ფასებზე და გადასახადებზე წუწუნი ჩვენს ქვეყანაში არ უყვართ; აქ მზად არიან გადაიხადონ მეტი, ოღონდ სადმე არ წამოსცდეთ, რომ რაიმე ეძვირებათ (მერე „მეზობელი რას იტყვის“). სამაგიეროდ, ამ ფონზე, გვაქვს ტელევიზია, რომელიც უფასო, ე. წ. შოუებით "ხვეწს" გემოვნებას და შემდეგ, თავისივე ეთერიდან გვიცხადებს, რომ გაუნათლებელი თაობა მოდის – არავის იცნობენ ბიჭოლას გარდა.
ტელევიზიამ გამახსენა – ადრე არსებობდა ტელესპექტაკლები და არაერთი სპექტაკლის ტელევერსია გადიოდა ეთერში. ეს კარგი იყო მათთვის, ვინც ამ სპექტაკლებს სცენიდან ვერ ნახულობდა. გარდა ამისა, ეს ფონდი დღეს უკვე ოქროს ფონდია (სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია დღეს მის რეტროსპექტივასაც არ აწყობს).

კინოში ერთი კარგი სიახლეა (რაც, მართალია, ყველა კინოთეატრს არ ეხება, მაგრამ მთავარია, პრეცედენტი არსებობს) – 2 დღით ადრე თუ იყიდი ბილეთს, ფასდაკლებაა. 8-15 ლარიანი ბილეთის 3 ლარად ყიდვის შესაძლებლობა ცუდი არ არის. კარგი იქნება, ასეთი რამ თეატრებმაც შემოიღონ. სახელმწიფო  თეატრები, კინოთეატრებისგან განსხვავებით, ჩვენი გადასახადებით ფინანსდება და პრეისკურანტის შედგენის დროს აუცილებელია მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება.
და საერთოდ, მგონია, ხელოვანმა ადამიანებმა (არა მხოლოდ თეატრის დარგში) თავის თავზე უნდა აიღონ რაღაცები ქვეყანაში, სადაც გემოვნება და ზოგადი განათლების დონე დეგრადირდება.

ჩემი სამუშაო თეატრთან დაკავშირებული ისტორიული ცნობების დამუშავებასაც მოიცავს. ერთი საუკუნის წინ ჩვენი ლეგენდარული მსახიობები, როგორებითაც ახლა უკვე ვეღარ მოიწონებს თავს თანამედროვე ქართული თეატრი (იქნებ იმიტომაც, რომ თეატრი სახალხო ვეღარ არის და ახალი თაობის მსახიობების შესახებ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინფორმაცია არ აქვს, შესაბამისად, ვერ ხედავს და აღიარებს მათ ნიჭსა და შესაძლებლობებს), ხშირად უფასოდ, თვეობით მოგზაურობდნენ საქართველოს რეგიონებში, გამოდიოდნენ სოფლებისა და დაბების სცენებზე, რომ „ხალხში განათლება შეეტანათ“.
თეატრი სახალხო ხელოვნებაა, ხალხის გარეშე მის არსებობას აზრი არ აქვს. გარკვეული აქციების დაწესება, რაც მაყურებლის მოზიდვაზე იქნება გათვლილი, მხოლოდ კარგს მოუტანს ორივე მხარეს – თეატრალურ დასებსაც და ხალხსაც.

Friday, March 16, 2012

თბილისური "სეილების" ისტორიიდან და კავალიერის "თაფლის თვე"

100 წლის წინანდელ ჟურნალ "თეატრი და ცხოვრებაში" ვნახე და არ შემეძლო, აქ არ მომეტანა: რეკლამა ქართულ პრესაში – "დიდი იაფობა" – ჩვენი დროის "სეილის" და ფასდაკლების წინამორბედი. 102 წლის წინ, 16 მარტს კავებიანი თბილისელი ქალები ალბათ გურგენოვის სახლისკენ მიიჩქაროდნენ:
რომ არა ძველი ქართულით ნაწერი ტექსტები, ბევრი სარეკლამო განცხადება თანამედროვედ გამოიყურება დასმული აქცენტების გამო.
აი, შემდეგ ცნობებს თუ წავაწყდებოდი, რას წარმოვიდგენდი. რამდენიმე თვის წინ ლინას შესახებ დავწერე და დღეს ჩემ პოსტს ქართული წყაროებიც დაემატა:

"თეატრი და ცხოვრება", 1910, # 25, 30

Wednesday, March 14, 2012

სპონტანური და კომბინირებული

მეორე დღეა, მზიანი დღე "ხდება" და, მიუხედავად სიცივისა, უკეთ ვარ. სახლში კი ნამდვილი გაზაფხული გვაქვს: დედამ მოცხარის (აქ ეწერა "სმაროდინა") რამდენიმე ტოტი მოიტანა და ოთახის პალმის ძირში ჩავრგეთ, ვიდრე ბაღში გადავიტანთ. გუშინწინ გაფშეკილი ტოტები იყო, გამხმარის შთაბეჭდილებას ტოვებდა, დღეს ვნახე და წვრილ-წვრილი მწვანე კვირტებით არის სავსე. გამიხარდა, როგორც იქნა რაღაც გაზაფხულის დამახასიათებელი დავინახე (გასაყიდად გამოფენილი ყვავილები აღარ მოქმედებს – ლამის მთელ წელს ვხედავთ).
ჩემი ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც წლობით ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში, ამბობს, რომ კომბინირებულ სიზმრებს ხედავს – მაგალითად არის იმ ადგილზე, სადაც წლების წინ იმოგზაურა და ახალშერთულ ქართველ ცოლთან ერთად ზის იმ მანქანაში, რომელიც ამერიკაში დატოვა. მერე ვფიქრობდი, თითოეული ჩვენთაგანი რამდენი განცდილის "შედეგია" დღეს; კიდევ იმაზე, რომ მე, მაგალითად, სიზმრებში ძირითადად ბავშვობისდროინდელ სახლებში ვარ ხოლმე და ხშირად ხდება, რომ ახლანდელი ნაცნობები იქ მაკითხავენ. სულ ახლახან ერთი სიზმარი ამიხდა, რასაც მხოლოდ პოსტფაქტუმ მივაქციე ყურადღება. წუხანდელი სიზმარი კი კარგს არაფერს უნდა მიქადდეს. ვფიქრობ, ანდერძის წერა ხომ არ დამეწყო :) არ ვიცი, რატომ გახდა სიზმრების თემა აქტუალური ბოლო დღეებში. თითქოს ერთმანეთს მიეწყო: იქ – სიტყვამ მოიტანა და თქვეს, აქ – გამახსენდა...
მომწონს გაკვეთილზე სპონტანურად წამოჭრილი სასაუბრო თემები და აქაც, მართალია, არეულ-დარეული ჩანაწერი გამომივიდა, მაგრამ მაინც დავაჭერ ხელს გამოქვეყნების ღილაკს. უბრალოდ, სულ ეს მოგროვდა მას მერე, რაც ახალი პოსტის ფანჯარა გავხსენი.

Tuesday, March 13, 2012

ორშაბათის სენტიმენტები

დღეს სამუშაო ოთახის ფანჯარას თვალს ვარიდებდი. ერთადერთ იასაც კი, რაფაზე რომ დგას, ისე დავუსხი წყალი, გარეთ არ გამიხედავს. სამაგიეროდ, საღამომ არ მომცა საშუალება, ისევ დამეხუჭა თვალები: უკვე საშინლად მოქმედებს ჩემზე თოვლის დანახვა, შეთეთრებული ტოტები, მოყინული გზები, ტალახი და ფიფქები. იმას ჰგავს, ძალით გაჭამონ საჭმელი, რომელიც არ გიყვარს... და არც საჭმელი და არც ძალა ილეოდეს.

ისე სწრაფად გადის დღეები და მოდის ორშაბათები. ბლოგზე ორშაბათს მაინც ვდებ პოსტს – განწყობების თუ ტრადიციის გამო და ვწუხვარ, როცა ვხედავ – წინა პოსტიც ორშაბათს ეკუთვნის, რომ უსაშველო სიჩუმე მაქვს შეყრილი, არადა რამდენი რამ შემეძლო დამეწერა: მაგალითად, წაკითხულ წიგნებზე მომეყოლა, დიდი რაოდენობით რომ დამიგროვდა, ან თბილისის უსახლკარო ცხოველებზე – მათ ამბებს  სოციალურ ქსელში ვკითხულობ, ან ადამიანებზე, რომლებიც მახარებენ და გულს მტკენენ; უბრალოდ, ახალ ადამიანებზე, რომლებსაც ვხვდები; ან ვალდებულებებზე და მათი წყალობით სრულიად წართმეულ თავისუფალ დროზე, ანაც დღისა და ღამის სიზმრებზე. მინდა, მივხედო აქაურობას – ხშირად ვცვლიდე "საღამოს საკითხავს", ვამატებდე ახალ რუბრიკებს, ხშირად ვსტუმრობდე საყვარელ ბლოგებს. ხანდახან ვფიქრობ, ჩემი ბლოგი რომ ანონიმური იყოს, დავწერდი? ალბათ არც მაშინ, უფრო სწორედ, ამ განწყობის და რუტინის პატრონი – ვერ. ხან მგონია, რომ ძალიან შემეშველებოდა ნეთბუქი – ნებისმიერ მოსახერხებელ და ჩაჩუმებულ კუთხეში განსამარტოვებლად და მხოლოდ ასე დამიბრუნდებოდა სიტყვები.
ერთადერთი, სიზმრები და ტრანსპორტში წაკითხული წიგნებია, სადაც ვიყუჟები. და ისინიც ისე მალე მთავრდებიან. სათვალავი ამერია. მათიც და ორშაბათებისაც.

გუშინ ბრედბერის "ბაბუაწვერას ღვინოს" კითხვა დავიწყე. წიგნის მაღაზიაში  წინასიტყვაობას და რამდენიმე გვერდს გადავხედე და მივხვდი, ამ გაწელილ ზამთარში ძალიან მჭირდებოდა საკითხავი, სადაც ზაფხულზე იქნებოდა მოთხრობილი, თანაც ლამაზად. მოწყურებულივით ვყლაპავ ზოგიერთ ფრაზას, სადაც ბუნებაზეა საუბარი. ლამის დეპრესია დამმართოს ზამთარმა. ერთადერთი, რასაც აქამდე არ მივყავარ, ყოველდღიური საზრუნავებია, რომლებიც ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით მრავლდებიან. უსულო საგნებიც კი მართავენ ჩემს დროს; მათაც აქვთ სიტყვის თქმის უფლება და თუ არ შევუსრულებ მოთხოვნებს, პროტესტს ყველაზე შეუვალად "გამოხატავენ"... ამასობაში შაბათები შემიყვარდა, თითქოს ყველაზე "ჩემი თავის პატრონი" შაბათობით ვარ.

რა იქნება, ფანჯარაში თეთრტოტება ხეები არ ჩანდნენ.
ახლა არ იყოს სამის ნახევარი და გაღვიძებამდე 5 საათზე ნაკლები არ მრჩებოდეს.
სიზმრად ვნახო ის ადამიანები, ვინც მენატრება.
რამე კარგი მოხდეს ხვალ.
თუნდაც მზიანი დღე.

Monday, March 12, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირაში ერთი წელი შესრულდა იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. მინდა ეს გამოფენა იაპონურ მხატვრობას დავუთმო, კერძოდ, კაცუშიკა ჰოკუსაის ნამუშევრებს. მის შესახებ ადრეც დავწერე.
*
ამ ნახატზე გამოსახულ ლამაზ და ძლიერ ხეს, რომლის ტანზეც ადამიანები ხელების შემოხვევას ცდილობენ, სიცოცხლის სიმბოლოდ აღვიქვამ...
*
მართალია, ზამთარი ახალი ძალით შემოგვიბრუნდა – ისევ თოვლი და მოყინული გზები გვაქვს, მაგრამ კალენდარზე უკვე აღნიშნული გაზაფხულის თვე მაინც იმედად მრჩება. ყოველთვის მომწონდა, როგორი დამოკიდებულება აქვთ იაპონელებს ბუნებასთან. ალუბლის ხეები ავიღოთ და მასთან დაკავშირებული ამდენი ემოცია – სხვადასხვა სახით რომ გამოხატავენ. შემდეგ გამოსაფენ ნახატზე გამოსახული აყვავებული ხეები მათ ირგვლივ გაშლილ იაპონურ ყოველდღიურობას განსაკუთრებულ განწყობას სძენს. ნახატს "ფუძის მთის ხედი გოტენიამას მთიდან" ჰქვია. 


12–18 მარტი.

Tuesday, March 6, 2012

ერთი კვირა, კედელზე

ძალიან დატვირთული ორშაბათის გამო გამოფენის გახსნა დამიგვიანდა და გული დამწყდა. ამ კვირის კედელს  ჯონ სინგერ სარჯენტის ნამუშევარს ვუთმობ: მხატვარი პოლ ელიო ესკიზირებისას, მეუღლესთან ერთად (1889 წ.). მომწონს განწყობა ამ ნახატიდან: მშვიდი ამინდი, ირგვლივ მხოლოდ ბუნების ხმები რომ ისმის, კაცს მიყრდნობილი ქალი – მისი მზერა, მომუშავე კაცი – შემოქმედი...

6–11 მარტი.

Friday, March 2, 2012

შუშანაძვები

ვუძღვნი გამჭვირვალობას და ნაძვებს.








 

  მოვნათლე შესაბამისად.

my flickr

Wednesday, February 29, 2012

ქართული ტაქტის მაგალითებიდან

She: Do you know Umberto Eco?
He: No.
She: No? He is very famous Italian writer!
He: Yes?
She: Yes, very, very! So famous in the world. Very famous! And I was happy...
He: To see him face to face?
She: Yes, I have his sign...
He: Well...