Thursday, April 30, 2009

დეიდებო, ბიძიებო...

გუშინ, სოფის ბლოგზე, 7 და 10 წლის ბავშვების ფოტოები ვნახე, ბლიც–ინტერვიუს თანხლებით. არ ვიცი, რომელ გაზეთში დაიბეჭდა, მითითებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ, გაზეთის სახელწოდების დასახელება ბევრს ვერაფერს შეცვლის. პრობლემა ერთი გაზეთის კომპეტენტურობის ფარგლებს ძალიან გაცდენილია.
მეორე დღეა, მათზე ვფიქრობ. უფრო სწორედ, საზოგადოებაზე, სადაც ბავშვების პოლიტიკური ანგაჟირება დადებითად ფასდება; სადაც უფროსები ბავშვებს, საკუთარი შეხედულებებისთვის დამაჯერებლობის მოსამატებლად (როგორც კერძზე – მარილის), ერთგვარ იარაღად აქცევენ. ჰო, ჩვენ ხომ გვითხრეს, რომ ბავშვის პირიდან ჭეშმარიტება ღაღადებს. ამიტომ "ჭეშმარიტებას" ვქმნით.

არანაკლებ მაღელვებენ სამათხოვროდ გამეტებული ბავშვები. ყოველდღე მიწევს მეტროთი მგზავრობა. მეტროში (ბოლო დროს ნაკლებად, ესეც აკრძალვის გამო, თორემ საერთო სურათს არ ცვლის) შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ ხდება ბავშვების ექსპლუატაცია. ამას მათი მშობლები (ყოველ შემთხვევაში, თანმხლები/მომლოდინე უფროსები) აკეთებენ. ბავშვების ასაკი ჩვილობიდან მოზარდობამდე მერყეობს. ზრდასრული ადამიანისთვის სამათხოვროდ ხელის გაწოდება, ჩემი აზრით, მძიმე სულიერი ბრძოლის გადატანის შედეგია, მაგრამ როცა მიზანმიმართულად ხდება ბავშვისთვის ამის გაადვილება, ეს დანაშაულია. რა თქმა უნდა, სამართლებრივ განსაზღვრებას არაკომპეტენტურობის გამო ვერ მოვუძებნი, მაგრამ
ადამიანურად ასეა..
ორ მაგალითს მოვიტან, როგორც ამ ყველაფრის შესაძლო შედეგს:
რაკი მეტროთი მგზავრობისას ყოველთვის სამსახურში მივიჩქარი, ერთსა და იმავე დროს მიწევს ჩასვლა. შარშან, ჩემთან ერთად ბებია და, დაახლოებით, 7-8 წლის ბიჭი მგზავრობდნენ. მთელი თვე გრძელდებოდა ჩვენი "შეხვედრები", სანამ... ბიჭი ვაგონში მარტო არ შემოვიდა. სკოლის ჩანთა ისევ ზურგზე ჰქონდა (რამაც მაფიქრებინა, რომ იმ დღეს ბებიამ სკოლაში ვერ წაიყვანა), ხელში კი ერთჯერადი ჭიქა ეჭირა. მან ვაგონი უხმოდ ჩამოიარა. რამდენიმე დღის შემდეგ წყვილი ისევ შემხვდა, ბიჭი – ისევ ბებიასთან ხელჩაჭიდებული, თითქოს არაფერი.
ვფიქრობ, მას ადვილად მოეჩვენა, ისევე, როგორც იმ, მეორე, თუ მესამეკლასელ ბიჭს, რომელიც თითქმის ყოველ დილით ჩანთააკიდებული მხვდება. ის შემხვედრ უფროსებს ერთი ტექსტით მოგვმართავს: "ფენოვანზე 20 თეთრი მაკლდება და ხომ ვერ მომცემთ".

მესამე, რაზეც ამ წერილში დავწერ, სატელევიზიო თამაში –
"ვა–ბანკია". რამდენიმე გადაცემის მსმენელ–მაყურებელი ვიყავი და მიწვეული სტუმრებისა და მათი შვილების ფულთან დამოკიდებულების გამო გავოცდი. კერძოდ, საგულშემატკივროდ მიყვანილი პატარების აჟიტირება მაოცებს. ზოგადად, აზარტი – გასაგებია, მაგრამ... როცა, მაგალითად, მაია ასათიანს მისი, დაახლოებით ათი წლის გოგონა აღელვებული, სერიოზულად ეუბნება, რომ შემოთავაზებული თანხის აღებაზე დათანხმებას არ აპატიებს, ვფიქრობ, გასაღიმებელი არ არის. არც ის, როცა პატარებს მსგავს თამაშებში რთავენ, თანაც იმ მოსაზრებით (რამდენნაირად უნდა გადამღერდეს!), რომ "ბავშვის პირიდან ჭეშმარიტება ღაღადებს" და გაუმართლებთ.
...
მხოლოდ ერთის თქმა მინდოდა:
დეიდებო, ბიძიებო, ნუ თამაშობთ (ამ) ბუმერანგით.

8 comments:

Chaotic said...

კარგი პოსტი იყო.

საქართველოში, სამწუხაროდ, ბავშვის აღზრდის მეთოდების განხილვა ჯერ კიდევ ტაბუდადებული თემაა. "ჩემი შვილია და რასაც მინდა, იმას ვუზამ" მეთოდით მოქმედებს მშობლების 99%.
არადა, თუნდაც ის შემთხვევები მეტროში, კანონით უნდა რეგულირდებოდეს.

Katten försvann said...

სამწუხაროდ ბავშვებს ბავშვობა აქვთ წართმეული და ამაში რათქმაუნდა უფროსები არიან დამნაშავე.

მათხოვარი ბავშვები კი მარტო ჩვენთან არ არიან, ბევრ სხვა ქვეყანაში და მათ შორის განვითარებულშიც მინახავს, მაგალითად რომში ვნახე მეტროში თან ბევრი, უნგრეთში უამრავი და ა.შ.

Chaotic - რასაც მინდა იმას ვუზავ ერთია და რაც ვიცი და იმას ვუშვები მეორე. აი ეგაა. მშობლების მრავლესობას კარგი უნდა შვილისათვის აი ეს კარგი უკვე ძალიან ფარდობითი ცნებაა.

nati kuda said...

rogor minda msgavsi mshoblebi kanonit isjebodnen :(

Keti said...

Chaotic,
გმადლობ. კი, სამწუხაროდ, ასე ხდება..


კატენ,
რა თქმა უნდა, სხვაგანაც არიან. მაგრამ, როცა ჩვენთან, გარშემო ხდება და ვხედავ, მეტად მოქმედებს. შვილისთვის, ახლობლისთვის კარგის გაკეთების სახელით მოქმედებისას ადამიანები ხშირად აჭარბებენ და ელემენტარული უფლებების შეზღუდვასაც კი ახერხებენ.
თუმცა, ზრდასრული ადამიანი ალბათ უნდა ხვდებოდეს, რომ შვილის სამათხოვროდ გაშვება კარგი არ არის; რომ არ შეიძლება ბავშვებმა პოლიტიკური განცხადებები აკეთონ, ჩაენერგოთ იმდენი აგრესია, რაც ამ პატარა ინტერვიუებში ჩანს.
და თუ მაინც, კანონი მსგავსი შემთხვევების დასარეგულირებლად უნდა არსებობდეს. არ შეიძლება, ბავშვი ვინმეს ხელში იარაღი იყოს.
"რაც ვიცით" – ამის გაბევრებისთვისაც მოქმედებაა საჭირო.


ნათი, გმადლობ..

Sophie Golden said...

ეგ ფოტოები "ასავალ დასავალიდან" იყო :|

ბავშვი ოჯახის სარკეაო, ხომ იცით. რასაც ოჯახში ისმენენ, იმას ამბობენ. ცუდია, როცა ბავშვებს ფულს აყვარებენ, ცუდია, როცა მულტფილმების ან წიგნების მაგივრად სერიალებს აყურებინებენ :| იმ დღეს ავტობუსში ორი 9-10 წლის გოგო მეჯდა უკან და გავგიჟდი, ზეპირად იცოდნენ სერიალების სახელები, ვინ ვისი საყვარელია, ვისგან ჰყავს ბავშვი რამონას თუ ხულიას, საშინელება იყო :( ზოგს ჰგონია, რომ მთავარია, შვილი გააჩინო და აჭამო, აღზრდაზე ნაკლებად ფიქრობენ.

Keti said...

ვიფიქრე, მსგავსი გაზეთიდან იქნებოდა.

Khatia said...

ძალიან გულდასაწყვეტია. ხშირ შემთხვევებში ვერაფერი გაეწყობა, რეალურად ასეა. მაგრამ ზოგიერთი შემთხვევა კანონით უნდა იყოს დარეგულირებული. ყველაზე დიდ გავლენას კი ასეთი ჩანაწერები და კომენტარები მოახდენენ. რაც არაა მოდაში, ცოტას თუ უნდა გააკეთოს და მოდის დადგენაში კი ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი გავლენა :)

http://apps.facebook.com/causes/281819?m=3db756a1

Keti said...

ხატია, გეთანხმები და გამიხარდება, ეს ჩანაწერი რამდენიმე ადამიანს მაინც თუ ჩააფიქრებს. წერილის საიტზე გადატანით კი, მათი რიცხვი ალბათ გაიზრდება.
გმადლობ!