Friday, February 12, 2010

LIVE პოეზია

დადიხართ ლიტერატურულ საღამოებზე? თუ ასეა, უკვე მოგიწევთ მობილურებში თუ დღიურებში განრიგის ხშირად ჩანიშვნა. სასურველია, ეს დღესვე გააკეთოთ, რადგან თუნდაც დღეს სამი საღამო გაიმართება. მათ შორის შუალედი ისეთია, ერთიდან მეორეზე გადაინაცვლებთ და რაკი ასეთ საღამოებზე ძირითადად ერთი და იგივე ხალხი დადის, გადაადგილების პროცესიც, სავარაუდოდ, კოლექტიური იქნება.
პროცესზე – ნახევრად ხუმრობით, თუმცა ცხადია: ბოლო წლებში საქართველოში მხატვრულ ლიტერატურას გაცილებით მეტს ბეჭდავენ და უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გამოჩენილი ავტორების უმეტესობაც იმდენად პოპულარულია, რომ საღამოებზე დასწრების მსურველები ჰყავთ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია.

2-3 წლის წინ ერთადერთი ადგილი, სადაც ლიტერატურული საღამოები რეგულარულად ტარდებოდა, ეროვნული ბიბლიოთეკა იყო. არ ვიცი, შერჩეული ავტორების, ფორმატის, თუ კიდევ სხვა ხიბლის გამო, მომდევნო ოთხშაბათის მოლოდინი მოსაბეზრებელი არ ყოფილა (საღამოები ოთხშაბათობით იმართებოდა). ბიბლიოთეკაში ახლაც ტარდება ლიტერატურული საღამოები, მაგრამ რეგულარულად – ტრადიციულ დღეს – ვეღარ. იმ პერიოდში კი, ბიბლიოთეკის გარდა, ამ შეხვედრებს იშვიათად, მაგრამ მასპინძლობდა კავკასიური სახლი, რამდენიმე თეატრის სცენა (კერძო მოლაპარაკების შედეგად) და ლიტერატურული კაფეები. დროთა განმავლობაში ყველა ზემოთჩამოთვლილს დაემატა წიგნის მაღაზიებიც (სხვათა შორის, იგივე ტრადიციის დამკვიდრების მცდელობით – კვირაში ერთი განსაზღვრული დღე ავტორებთან შესახვედრად); ასევე: უნივერსიტეტების სააქტო, სამების ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრისა და ქალაქის ბიბლიოთეკის დარბაზები, როკ–კლუბი; თუ არ ვცდები, რამდენიმე საღამო მუზეუმებშიც გაიმართა.
ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ ლიტერატურული საღამოები ძირითადად პოეტებს მასპინძლობს. პროზაიკოსებს მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკა იწვევდა ("ერთი მწერლის თეატრი"). მე არ დავსწრებივარ წიგნების მაღაზიებში გამართულ შეხვედრებს და არ ვიცი, პროზაიკოსებთან შეხვედრები თუ გაიმართა, ან რა სახით. რა თქმა უნდა, წიგნების პრეზენტაციები მსგავს დიფერენცირებას არ გულისხმობს.

ჯერ კიდევ შარშან, ერთ-ერთი თეატრის დარბაზში გამართულ რამდენიმე საღამოზე მოსახვედრად თანხის გადახდა იყო საჭირო, ამას მგონი დარბაზის ქირა ერქვა. ამჯერად, ფასიან საღამოებს კლუბი გვთავაზობს (თანხის რაოდენობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, როგორც ფაქტს, ვაფიქსირებ) და ეს ერთგვარი სიახლეც არის: პოეზიის საღამო – ავტორისა და დარბაზისთვის შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. ვფიქრობ, ამ სიახლეს ორი რამ შეიძლება, მოჰყვეს:
* მალე ამოიწუროს იმ ავტორთა რაოდენობა, რომლებზეც კომერციული გათვლები კეთდება (ანუ შედარებით ცნობადი სახეები) და საჭირო გახდეს მათი ხელახლა მოწვევა (ისევე, როგორც ლიტერატურული ჟურნალების შემთხვევაში ხდება – მათ სარჩევებში რეგულარულად ამოიკითხავთ ერთსა და იმავე გვარებს). თუმცა, არაერთი ავტორია, რომელიც თავს არიდებს საზოგადო გამოსვლებს და მათი დათანხმება, მიუხედავად მათი მეტ–ნაკლები პოპულარობისა, ალბათ ძნელი იქნება.
* კონტინგენტს, რომელიც ლიტერატურულ საღამოებზე დადის, არჩევანის გაკეთება მოუწევს – გადაიხადოს თუ არა ფული იმავეში, რასაც უფასოდაც ნახავს/მოისმენს კვირის ან თვის სხვა დღეს – სხვა ადგილას. სხვა საქმეა, რამდენჯერ გაჩნდება ერთი და იგივეს მოსმენის სურვილი.

ბოლო წლების მანძილზე პოეტის/მწერლის დესაკრალიზაცია ჩქარი ტემპით მიმდინარეობს, რაც დროულიც არის და კარგიც. თუმცა, რამდენად კარგია მათივე თითქმის ყოველდღიურ სცენაზე გადანაცვლება, ამას დრო გვიჩვენებს. ერთი ჩვენებური გამონათქვამი გამახსენდა – თვალის დანაყრებაზე. მაგრამ, არ განვავრცობ და მხოლოდ ლიტერატურული საღამოების სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ...

9 comments:

xissunianisaxli said...

თუ ახალ შექმნილ პოეზიას გამოიტანენ და მუდმივად ერთი და იგივეს არ მოვუსმენ რატომაც არ გადავიხდი? :)

პ.ს გუშინ ნატო ინგოროყვას საღამო იყო.
ისეთი კმაყოფილი წამოვედი.ისეეეთი

Keti said...

მთავარია, ახალშექმნილი პოეზია ღირებული იყოს ხოლმე :)

ნატოს საღამოზე მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ შევძელი..

Mai said...

ასეა თუ ისე, მიხარია, რომ ლიტერატურისადმი ინტერესი ხალხში სულ უფრო იზრდება. მეც სიამოვნებით გადავიხდი ფულს, თუ ახალ და როგორც ქეთიმ თქვა, ღირებულ პოეზიას მოვისმენ =)

Toma said...

რა კარგია მსგავსი საღამოები რომ ეწყობა.
სამუწხაროდ არ ვარ მად, თორემ სიამოვენბით ვივლიდი.

Keti said...

* მაია, მეც მომწონს ინტერესი რომ იზრდება.. :)

* ტომუშკა, კარგი იქნებოდა :)

Sophie שרה Golden said...

სტუდენტობისას ვიყავი რამდენიმე ასეთ საღამოზე. მერე კიდევ წავედი და უკმაყოფილო დავრჩი, ყველა ისეთი სახით ზის, თითქოს მსოფლიო სევდა აწევთ კისერზე და მართლა გალაკტიონ-ბარათაშვილები იყვნენ, მთავარია კუბოკრული კაშნე და ბერეტი იშოვონ. ყველას ერთნაირად არ განსვჯი, ბუნებრივია, უბრალოდ, მე არ მაინტერესებს ასეთი შეხვედრები. სულ რომ ვაჟა-ფშაველა გაცოცხლდეს... არა, ვაჟას სანახავად წავიდოდი.

Keti said...

"მთავარია კუბოკრული კაშნე და ბერეტი იშოვონ" –
ასე ჩაცმულთა საღამოებზე არასდროს ვყოფილვარ..

nastasia said...

miyvars me egeni,ufro sworad menatreboda,xooda,ro chamovedim,imdengan viyavi ukve ro gamichveulebrivda da axla chem tavs veubnebi xolme,nastasia,modi,axla nu caxval da mere cadi,xo ici mainc ra iqneba da gadavedi shigadashig siarulse,ise sul erti da igive xalxi dadis,ai,pirvel kurse ro ertad vescrebodit xolme universtetshi shexvedrebs da axla ro qaravanshi davdivart ertad...
xoooda,kide mtavaria,siaxleebi iyos da saintereso micedebis forma,performansi,an rame msgavsi,ai,basas cinis presentaciase ro iyo...

Keti said...

მეც ასე, უკვე ვარჩევ ხოლმე...