Thursday, February 12, 2009

სათაური

სახლისკენ წამოსულმა, პლეხანოვზე (თუ გინდათ, აღმაშენებელზე), მთელი თვე რომ არემონტებდნენ – იმ ფართის თავზე, სახელწოდება წავიკითხე : "სახინკლე – არა ვჭამოთ პური?!" გამეღიმა (თან დათას ფლიკრი გამახსენდა – თბილისის ქუჩებში გამოფენილი გონებამახვილობების მგონი ყველაზე სრული ბაზა) და გადავწყვიტე: დღეს აღარ დავიზარებ და სათაურებზე დავწერ. ოღონდ, არა ქუჩა–ქუჩა ნაპოვნზე (თემის სახალისო ხასიათის მიუხედავად), არამედ საიტ–საიტ აღმოჩენილებზე, ლექსებს (ძირითადად) რომ ამშვენებენ.
მაშ ასე, ორი რამ, რაზეც მინდა თქმა: ერთზე ადრე, ფორუმშიც ვისაუბრე. ეს ინგლისურენოვანი სათაურებია. მეორეზე კი, აქამდე არსად მითქვამს – ეს არ ვიცი, რა არის. შევეცდები, წერისას გავერკვე:)
დავიწყებ გადაღეჭილი წესის ხსენებით: კითხვა, ანუ ა მ ოკითხვა სათაურით იწყება. ნაწარმოების საწყისიც და შემკვრელიც – სათაურია. რა თქმა უნდა, არსებობს უსათაურო ლექსები, მაგრამ, ეს არ არის პრობლემა. ამ დროს, არაფერზე მიგანიშნებენ, შენ გიტოვებენ ნასკვის გაკეთების ნებას, შენ გაჭერინებენ ხელში ფანქარს – "თვალების" მისახატად. მოკლედ, შორს რომ არ წავიდე და წერის ხასიათზე მოსულმა, სათაურის მნიშვნელობის საჩვენებლად კიდევ არაერთი სახე რომ არ წარმოვიდგინო, მაგალითებზე გადავალ. ჯერ ინგლისურენოვანზე.
აი, ერთი საიტის ბოლო ორი თუ სამი კვირის ახალი ნაწარმოებებიდან:
John; Different; Massive; The dark side of the.. ; Requiem For Ninase; Shake; Ordinary Love; Short stories; Alternative ways
...
ამიხსნის ვინმე – რატომ "Different" და არა "განსხვავებული"? რაიმე დატვირთვას იძენს, გარდა იმისა, რომ უცხო(ურა)დ ჟღერს? (მაგალითად, მე ავხსნი ერთადერთ შემთხვევას, როცა ლექსს Circus დავარქვი. მინიშნების გაკეთება ორ რამეზე მსურდა: ცირკზე და წრეზე. მხოლოდ ლათინური ტრანსკრიფცია მაძლევდა ამის საშუალებას, რადგან ქართულად დასათაურებისას მკითხველისთვის "წრე" იკარგებოდა, ან ძნელი ამოსაცნობი ხდებოდა). როგორც "განსხვავებულს", დანარჩენსაც ისე მოეძებნება ქართული შესატყვისი.

გარდა "რაიმეენოვანი" და მაინც, ლექსზე ასე თუ ისე მორგებული სათაურებისა, გვაქვს კიდევ "რაღაც":
სხვადასხვა "სმაილები", სასვენი ნიშნები (ძახილის, კითხვის), ან:
კოტესტროფა; აროიალებ; შტერული განწყობა; უსახელო ივერიელმა ნაპოლეონის თვალწინ ოცდარვა ფრანგი გაფატრა; სულში შემომელეკვე; ნაპოეტარი ლექსი
...
ვფიქრობ, ამოწერაც საკმარისია – კომენტარის გარეშე (აქვე ავღნიშნავ, დღეს არცერთი ტექსტის სხვა ავ–კარგზე არ ვაკეთებ მინიშნებას). ჰო, ეს ყველაფერი კიდევ ერთი ლიტერატურული საიტიდან.
აქვე ვიტყვი, რომ არც უცხო ენაზე დასათაურებული ბლოგებისა და პოსტების ნახვაა იშვიათობა, მაგრამ ბლოგის წარმოება ლექსის წერას არ გავს და ჩემი აზრით, შედარება შეუსაბამო იქნება.

მოკლედ, სულ ამის თქმა მინდოდა: თონეში კარგად ჩაკრულ–გამომცხვარი ქართული პურის გატეხვა სჯობს:)
სულ სხვა სუნი აქვს...

4 comments:

nati kuda said...

ჰო,მაგალითად მე.. ჩემი ბლოგი გამახსენდა, იმიტომ, რომ ხშირად ვარქმევ არაქართულენოვან სახელებს პოსტებს, ძირითადად სიმღერის სათაურებია და იმიტომ. რატომ არ ვარქმევ ქართული სიმღერის სახელებს? ნაკლებად ვუსმენ და ალბათ ამიტომ :)

Sophie Golden said...

იმ დღეს ჩემს ერთ მეგობართან მქონდა ზუსტად ამაზე კამათი, რომელმაც შენიშვნა მომცა, უცხო ენას ხშირად "აკვეხებ" ბლოგზეც, საუბარშიცო... და სმაილებიც, ლამის საუბრის დროსაც "ამომეთქვას": ლოლ ან ახლა ხელისდაქნევა სმაილს გიგზავნი-მეთქი. შეიძლება მართლა კატასტროფაა, ქეთი, მაგრამ თავს გარემო პირობებით გავიმართლებ. (ქართულ პურს არაფერი ჯობია, თონეში ჩაკრულს და ხელით გატეხილს, მაგრამ ეს ოხერი "ვითომსული" რომ მაცდენს?..)

Keti said...

ნათი, სოფი,
ბლოგზე (ფორუმში, იმეილის გამოყენებისას) მეც ასე ვარ. სმაილებს მექანიკურად – მიმიკის შესაბამისად და უხვად ვწერ, სათაურებიც – არაერთხელ მქონია უცხო ენაზე...
ამ წერილში შედარებაზე დავწერე კიდეც – შეუძლებელია ბლოგისა და ლექსის მიმართ ერთი მოთხოვნა არსებობდეს. პოეზიაში (ზოგადად, ლიტერატურაში) მნიშვნელოვნად მიმაჩნია ყველა დეტალი. ნუ, თუ ავტორი ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით ეკიდება.

Kate said...

ახლა დავფიქრდი ამ საკითხზე იმაზე უფრო სერიოზულად, ვიდრე აქამდე დავფიქრებულვარ.
მეც სულ ინგლისურად ვარქვამ ხოლმე პოსტებს სახელებს, არვიცი რატომ. თუმცა ქართულადაც. ახლა შენ რომ დაწერე ამ სახინკლის სახელი, სიცილი ამიტყდა. მართლა მარაზმია რა.