Monday, March 28, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ისეთი ამინდი იყო – მსუბუქი და ღიმილიანი რომ ხდები და რენუარიც – მისი რომანტიკული, თბილი და ფერადი ნახატებით – თავისთავად გამახსენდა.
"სადილი მენიჩბეთა წრეში" 1881 წელს არის შექმნილი. ნახატზე მხატვრის მეგობრების გარდა, თავად რენუარი და მისი საცოლეც (ქალი ძაღლით) არიან გამოსახული. გამოფენისთვის ამ ნამუშევრის ერთ დეტალს – მოსაუბრე წყვილს ავარჩევ..

28 მარტი –
3 აპრილი.

Friday, March 25, 2011

ნიშადური

დღეს არქივში ჟურნალ "ნიშადურის" ერთი გაყვითლებული ფურცელი ვნახე. გამოცემის წელი (1908) და ნომერი მოგვიანებით დავადგინე, რადგან ამ გვერდზე არ არის აღნიშნული.
და რატომ ვწერ ამას:
არასდროს მინახავს გასული საუკუნის დასაწყისის ბათუმის პლაჟზე საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი ქალების ფოტოები ან ნახატები, ამიტომ მომეწონა ეს ილუსტრაცია და გულმოდგინედაც დავათვალიერე: სიღრმეში ხელგადახვეული წყვილი ჩანს – მამაკაცი, თუ არ ვცდები, ჩალმიანია; საინტერესოა ჯორზე შემჯდარი ადამიანი (მას მესიმინდეობა დავაბრალე), წინა პლანზე გამოსახულ ქალს კი – ბაფთიანი საცურაო კოსტუმით – უკომენტაროდ დაგიტოვებთ

და ფურცელს ამოვაბრუნებ:
აქ სხვა ილუსტრაციაა – "ფრთხილად... ფორთოხლებია!". მის თავზე კი ლექსი დაუბეჭდავთ, ვინმე პანიკაშვილისა... ლექსის მხატვრული ღირებულების რა ვთქვა, მაგრამ სიმწრით გაეცინება ადამიანს – ყველა დროში ერთსა და იმავეს ვჩივით.

ამ ფურცლის ნახვისას ვერაფრით მიხვდები, რა კავშირშია ილუსტრაციები ტექსტებთან – ვერცერთ დამაკავშირებელ ძაფს ვერ გამონახავ.
მეც, უბრალოდ, ნიშადურივით მოვიტანე ბლოგზე – გამოსაცოცხლებლად, ისეთივე ეფექტისთვის, როგორიც ჩემთვის სამუშაო დღის შუაგულში ჰქონდა :)

Monday, March 21, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ისე ხდება, რომ როგორც პოეზიასა და, ზოგადად, ლიტერატურაში, მხატვრობაშიც ძირითადად მამაკაცთა შემოქმედება მომწონს. იშვიათად გამოჩნდება ხოლმე ქალი, რომელიც მხიბლავს. დღეს სწორედ ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე:

ნახატის გამოფენამდე ცოტა რამ მხატვრის შესახებ – ჩვენში მას ნაკლებად ან სულ არ იცნობენ: მონსერატ გუდიოლი ესპანელია – 1933 წელს, ბარსელონაში, არქიტექტორისა და ხელოვნების ისტორიკოსის ოჯახში დაიბადა. 1950 წელს ძველი ნახატების რესტავრაცია შეისწავლა, განსაკუთრებით დაინტერესდა ხეზე და ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრებით. პირველი გამოფენაც ამავე წელს მოაწყო. 1981 წელს გახდა პირველი ქალი მხატვარი, რომელიც დაუშვეს კატალანის ხელოვნების აკადემიაში.
მომხიბლა მონსერატის სტილმა, წითელმა და, საერთოდ, მისმა ფერებმა, სახეებმა (რომლებმაც ბრეიგელი გამახსენა), დრამატიზმმა და ენერგიამ, რაც გადამდებია..

დღეს გამოსაფენად ნამუშევრის შერჩევა გამიჭირდა – რაოდენობის გამო – რამდენიმე მათგანი გამორჩევით მომწონს. ბევრს აღარ ვიფიქრებ და რაკი გუდიოლის ნახატებში ინტენსიურად გამოყენებულმა წითელმა ფერმაც ასე გამიტაცა (რაც ჩემთვის ცოტა უცნაურია), პირველი არჩევანიც ეს იყოს.
კვირის მეორე ნახევარში ვეცდები, ერთი ნახატიც დავამატო.
*
შუქნიშნის პრინციპზე აგებული ნამუშევრით დავასრულებ ამ გამოფენას.

21–27 მარტი.

Monday, March 14, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირის გამოფენას იაპონურ მხატვრობას მივუძღვნი, რომელიც გამოირჩევა ჟანრებისა და სტილის მრავალფეროვნებით, იაპონური ესთეტიკისა და დასავლეთიდან შემოტანილი იდეების სინთეზით და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. განვითარების გზას რამდენიმე პერიოდად ყოფენ – პრეისტორიული ხანიდან დღემდე. ჩემთვის უფრო მიმზიდველი ბოლო ოთხი პერიოდის ნამუშევრები აღმოჩნდა. ესენია: აზუჩი მომოიამას პერიოდი (1573-1603), ედოს პერიოდი (1603-1868), ომამდე პერიოდი (1868-1945) და ომის შედგომი პერიოდი (1945-დღემდე). კვირის მანძილზე გამოსაფენ ნახატებსაც ამ პერიოდებიდან შევარჩევ.

აზუჩი მომოიამას პერიოდის მხატვრებიდან ჰასეგავა ტოჰაკუს გამოვფენ. ის 1539 წელს ქსოვილების მღებავის ოჯახში დაიბადა, თუმცა გვარი, რომლითაც ცნობილი გახდა, მის მშვილებელს ეკუთვნის. კარიერა ბუდისტური ნახატების ხატვით დაიწყო, 20 წლისა პროფესიონალი ფერმწერი იყო, ხოლო მოგვიანებით კიოტოში გადავიდა, სადაც კანოს პრესტიჟულ სკოლაში შევიდა. ამავდროულად, შეისწავლა წინა პერიოდების მხატვრობა და მალე საკუთარი სტილი სუმი (Sumie) შექმნა, რომელიც განსხვავდებოდა კანოს სკოლის სტილისტიკისგან. მოგვიანებით ჩამოაყალიბა სკოლა, რომელიც დღეს "ჰასეგავას სკოლის" სახელით არის ცნობილი.
მხატვრის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია ფიჭვნარი, რომელიც იაპონიის ეროვნულ საგანძურად არის აღიარებული. მეც სწორედ მას გამოვფენ. ნახატი ექვს ნაწილადაა გაყოფილი (საერთო სიგრძე 356 სმ.), შესრულებულია ქაღალდზე – მელნით.

*
შემდეგი მხატვარი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ედოს პერიოდს ეკუთვნის – ეს არის კაცუშიკა ჰოკუსაი. იგი მიმდინარეობა უკიოეს (ukiyo-e) წარმომადგენელია და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იაპონელი მხატვარიც. მის უმთავრეს ნამუშევრად ითვლება გრავიურების ციკლი "მთა ფუჯის 36 ხედი" (1826-1833), რომლის "ჰიტიც" "კანაგავას დიდი ტალღაა" (მასვე გამოვფენ).
ჰოკუსაი 1760 წელს, ედოში (ახლ. ტოკიო) დაიბადა. ფიქრობენ, რომ მისი მამა სარკის ხელოსანი იყო. ჰოკუსაიმ ხატვა 6 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლისა მამამ სამუშაოდ წიგნის მაღაზიის აბონემენტის განყოფილებაში მიაბარა. იმხანად, წიგნის მაღაზიები იაპონური ქალაქების საშუალო და მაღალ სოციალურ წრეებში მეტად პოპულარული იყო. აქ მოდიოდნენ წიგნების წასაკითხად, რომლებიც ხეზე შესრულებულ გრავიურებს წარმოადგენდა. 14 წლის ჰოკუსაიმ ხეზე კვეთის შესწავლა დაიწყო, ხოლო 18 წლისა კაცუკავა შუნშოს სტუდიაში შევიდა, სადაც უკიოეს სტილს დაეუფლა.
ცხოვრების მანძილზე ჰოკუსაიმ თითქმის 30-ჯერ შეიცვალა სახელი, რაც იმ დროის მხატვრებში მიღებული იყო. სახელს ყოველი ახალი სტილის დაუფლებისას იცვლიდა. ჰოკუსაიმ მნიშვნელოვანი ნამუშევრები 60 წლის ასაკიდან შექმნა. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის "მთა ფუჯის 36 ხედიც". სიცოცხლის ბოლო წლები ედოში, სიღარიბეში გაატარა. მისი უამრავი ნამუშევარი სახელოსნოში გაჩენილმა ხანძარმა შეიწირა.

*
კვირის ბოლოს კიდევ ერთ მხატვარს გამოვფენ, ამჯერად ომის შემდგომი პერიოდიდან (ოთხივე პერიოდის მხატვრების გამოფენა ვერ მოვახერხე, მაგრამ მოგვიანებით კვლავ მივუბრუნდები იაპონურ მხატვრობას).
კაიი ჰიგაშიამა 1908 წელს იოკოჰამაში დაიბადა. 1931 წელს ტოკიოს ხელოვნების სკოლა დაამთავრა (ახლ. ტოკიოს ხელოვნებისა და მუსიკის ეროვნული უნივერსიტეტი). ჰიგაშიამა ძირითადად პეიზაჟებს ქმნიდა. მისი მხატვრობა ნიჰონგას (Nihonga) სტილს მიეკუთვნება. საკუთარი ხელწერის დახვეწაზე ჰიგაშიამა დიდხანს მუშაობდა. მხატვარი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც მის ნამუშევრებშიც აისახა. მუშაობდა კედლის მხატვრობაზეც. მან მოხატა იაპონური სახლი"შოფუსო", რომელიც 1953 წელს, ნიუ-იორკში გამოსაფენად ააგეს. მოგვიანებით, ფილადელფიაში გადატანილი სახლის ფრესკები ვანდალებმა დააზიანეს. გარდა ამისა, მხატვარმა შექმნა რამდენიმე ფრესკა ტაძრისთვის და იმპერატორის სასახლისთვის. მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო.
ჰიგაშიამას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია "გზა" (1950). მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით ტყის პეიზაჟები მომწონს და გამოფენისთვისაც ერთ მათგანს შევარჩევ.

14-20 მარტი.

* მინდა, გამოვხატო ჩემი ემოციები იაპონიის ტრაგედიის გამო, მაგრამ არ გამომდის ამაზე წერა..

Monday, March 7, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ვინსენტ ვან გოგის აყვავებული ხეხილის ბაღები, მგონი, ყველაზე უპრიანია, ახლა გამოვფინო – ეს ორი დღეა დათბა, ეზოს ცისთვალებიც მოედო და წელს პირველად ვიგრძენი, რომ გაზაფხული დადგა..

7-13 მარტი.

Tuesday, March 1, 2011

ყველა სარწმუნოების ქართველთათვის

იაკობ გოგებაშვილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი იყო. მის "დედა ენას" 1900-იან წლებში, ავტორის სიცოცხლეშივე, ეწერა: "ყველა სარწმუნოების ქართველთათვის". აქ ალბათ დამატებითი კომენტარი ზედმეტია.

დღეს წავიკითხე, თურმე ქალაქის აბონენტებთან რეკავენ კითხვით: "აუცილებელია თუ არა ადამიანებმა იკითხონ ბიბლია?" ამ ამბავმა ერთი ქართული სერიული გამოცემა გამახსენა მსგავსკითხვიანი გამოკითხვით (არ დავასახელებ, რადგან არ მინდა რომელიმე სერიას რეკლამას ვუწევდე). ვინ იცის, იქნებ სატელეფონო გამოკითხვაც ამ კონკრეტულ "დებატებს" უკავშირდება?

ჩემთვის ნაკლებმნიშვნელოვანია ამა თუ იმ კომერციული ხასიათის წამოწყების ფაგლებში რა სახის წიგნები დაიბეჭდება, მაშინ, როცა ამ პროექტებისთვის თვალის მიდევნება შეუძლებელიც კი გახდა (მგონი უკვე წიგნების გამყიდველებსაც ეშლებათ, რომელ ჟურნალს რომელი სერიული გამოცემა უკავშირდება), მაგრამ მსჯელობა, რის შედეგადაც მკითხველები რელიგიური ნიშნით იმიჯნებიან, მიუღებელია.

იქნებ, წაგვეწერა სერიისთვის "მხოლოდ ქრისტიანი ქართველებისთვის"?
თანამედროვე საქართველოში "ჭეშმარიტი ქართველი" ხომ მართლმადიდებლის სინონიმია...

აქვე იდეა: (ბარემ) გამოიცეს ახალი სერიული გამოცემა – "მსოფლიოს წმინდა წიგნები".

მე კი "დედა ენას" დავუბრუნდები – კიდევ არის ის წმინდა ან "წმინდა წიგნი" ქართველებისთვის? (რა საკვირველია, ყველა სარწმუნოების ქართველთათვის!)