Friday, January 30, 2009

წყარო

გუშინ, გვიან ღამით მომინდა ამაზე დაწერა – დღის მანძილზე საუბარმაც მოიტანა და მერე პოსტშიც ვახსენე. მოკლედ, მოჩუხჩუხე წყლის ნაკადს არ ვგულისხმობ, არამედ ტექსტში გამოყენებული მასალის, თუ ინსპირირების წყაროს მითითების ცივილურ ფორმას (თუმცა, სიტყვა 'წყარო' შესანიშნავად გადმოსცემს პირველწყაროს ბუნებას).
მას შემდეგ, რაც ქართულ ბლოგებს ვათვალიერებ, სხვადასხვა ასაკის ბლოგერებისგან ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი ყურადღების დანახვა მახარებს, ანუ: როცა ერთ თემაზე დაწერილ პოსტებში მითითებულია იმავე თემაზე დაწერილი სხვა ბლოგერის პოსტის ლინკი; ან სიტყვიერად, რომ იდეა წამოვიდა აქედან, ან ამ ადამიანისგან; თუნდაც ჩემი გუშინდელი (არა ერთადერთი) შემთხვევა – როცა წყარო მითითებული დამხვდა.
ამის მაგალითად მოტანა გადავწყვიტე, რადგან სამწუხაროდ, ხშირად იგივე კულტურას პოეტები არ იჩენენ (ძირითადად ახალგაზრდა ავტორებს ვგულისხმობ). სულ რამდენიმეს ჩამოთვლა შემიძლია, ვისთანაც ეპიგრაფს შევხვედრივარ (პირადი საუბრიდან მოტანილი ფრაზაც კი მინახავს, თუკი ის ინსპირაციის მიზეზია). ეს ადამიანის პატიოსან ბუნებაზე მიუთითებს. შედეგი არა მხოლოდ ის შეხედულებაა, რომელიც ბუნებასთან დაკავშირებით ჩნდება, არამედ ისიც, რომ პლაგიატორის დარქმევა თავში არავის მოუვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შემოქმედებითი ეთიკის ქონაზე მიუთითებს, რომელზეც მხოლოდ კეთილგანწყობით პასუხობენ.
ეპიგრაფის დართვა არანაირად არ აკნინებს ავტორს, არადა, პირიქით ფიქრობენ. სწორედ, რომ ასე, რადგან დღეს, კარგი კონცეპტი და მეტაფორა რამდენადაც იშვიათია, იმდენადვე მოიმატა მათზე მონადირეთა რიცხვმა. როცა რეიტინგისთვის ბრძოლაა გადასატანი, როცა სურთ, რომ ინტელექტუალის სახელით დამკვიდრდნენ, უკან არაფერზე იხევენ. ინტერნეტის უსაზღვრობის გამო კი შესაძლებელია, ოდესმე საკუთარი ქმნილების ქურდად გამოცხადდე – ვერ დაამტკიცო, რომ პირველი შენ იყავი, რადგან "საჭირო ადგილზე საჭირო დროს" არ აღმოჩნდი; ანუ, როცა ნამდვილი ავტორის დიდი აუდიტორიისთვის გაცნობა პლაგიატორზე გვიან მოხდება.
ცუდი ის არის, რომ წინათაობელებისგან არაერთხელ მსმენია – თუ ნაკლებად ცნობილი ავტორის ტექსტს გადაამუშავებენ, შერჩებათ კიდეც. მთავარია, ცნობილის სიტყვა არ გაეპაროთ სადმე ბრჭყალების, ან ეპიგრაფის გარეშე, რადგან ვინმე მიუთითებთ. საწყენია.
შთაგონების წყაროს ღელედ ან მდინარედ ქცევას რა სჯობს, ოღონდ მისი დავიწყების გარეშე, ვინც წყაროსთან მიგიყვანთ.

3 comments:

Anonymous said...

ძალიან საწყენია პლაგიატობა. მაგრამ ხან მგონია, რომ ყველა პლაგიატორია დღესდღეობით. ვითომ ქოფირაითი და მთელი ამბები, ამ დროს უფრო მეტს პლაგიატორობენ :(

შენი ნაწერები ვნახე, შენს ლექსთან დაკავშირებით და გული დამწყდა, რომ სხვასაც "დაუწერია" ასე. თუმცა ხომ იცი, პლაგიატი პლაგიატია და ორიგინალს დრო დააფასებს. მე ამის მჯერა!!!

Khatia Caroline said...

ძალიან საჭირო თემაზე ამახვილებ ყურადღებას! მომეწონა! :)

Keti said...

სოფი, მართლაც, მგონი მასობრივი სენი გახდა. ამ ფონზე კი ხშირად ისინი იკარგებიან, ვინც თავისით...
მეც მჯერა, რომ დრო – ზოგისთვის ადრე, ზოგისთვის გვიან, მაგრამ მაინც დგება :)
გმადლობ:)


ხატია,
დიდი მადლობა! :)