Thursday, September 30, 2010

მონაკვეთი (დილა)

სიტყვა "მონაკვეთი" ბოლო დროს ხშირად წარმოვთქვი. ვუკირკიტებ გზის მონაკვეთებს და ვცდილობ, განვსაზღვრო, რომელზე რა ხდება, ან უნდა მოხდეს. სწორი პასუხი წელში მმართავს – წინ მივდივარ. დღის მონაკვეთებზე ფიქრი, მათში სვლა კი თითქოს ბუნებრივია და მათ მხოლოდ მაშინ ვაქცევთ ყურადღებას (და მათი წყალობით – დღეს), თუ "კითხვა" გვერგება განსაკუთრებული – რთული ან სასიამოვნო, უბრალოდ, განსხვავებული.

დილა/1
წუხელ, 3 საათზე, გრგვინვამ გამაღვიძა. ვიწექი მობუზული და მეგონა, როცა გათენდებოდა, გარეთ მთელი აღარაფერი დამხვდებოდა. რაღა ამ ღამით ჩამოიქცა-მეთქი ცა, დილას რომ ასე ვუცდი; ან როგორ უნდა წავიდე, ან რა უნდა მოვახერხო, ან საერთოდ თუ წავალ...
როცა მოტივაცია გაქვს, არც ადრე დაწოლა გეზარება, არც 6-ის ნახევარზე ადგომა, პირიქით. ძალიან ლამაზი მომეჩვენა ეს დილა – მშვიდი, დაწმენდილი და ვიფიქრე, რომ ყოველი ადრიანი დილა ასეთია, უბრალოდ ვერ ვასწრებ მის ნახვას. როცა გავდივარ, ირგვლივ უკვე ხმაურია, მე კი საათზე მალი-მალ ვიყურები და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს, სამსახურამდე, მანქანის ტარების პირველი პრაქტიკული გაკვეთილი მქონდა.
მართალია, ისევ იმ აზრზე ვარ, რასაც წინა პოსტში ვწერდი, რომ მანქანის მარკას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ გამოცდაზე გასულების რჩევამ (მანქანისა და გამოსაცდელი ელემენტების გაბარიტების შესახებ) მაინც იმოქმედა, თანაც ეს ყველაფერი დროსა და ფულთან არის დაკავშირებული, ამიტომ მეც პირდაპირ "შკოდაზე" მეცადინეობა ვარჩიე.
მასწავლებელი ინტერნეტით ვიპოვე, თან სასწავლო მოედნის ადგილმდებარეობაც მისაღები აღმოჩნდა. სანამ დავიწყებდით, – 10 გაკვეთილზე ვინც ვერ ისწავლის, იმან მანქანა არც უნდა მართოსო, – თქვა. ვუსმენდი და მეშინოდა :) ცოტა ვიცი-მეთქი, მამაზე ვუთხარი. არ გეხსომებაო, ამდენი ხნის მერე. გავატარე და მოეწონა. მისი შეფასებით მაქსიმუმ 4 გაკვეთილი საკმარისი იქნება ჩემთვის. გამიხარდა. დღეს კარგი გოგო ვიყავი – არც ჩამქრობია, გარაჟშიც შევასკუპე და "ზიგზაგები" და "რვიანიც" მოვახერხე. დანარჩენი არ გაგვივლია. მოკლედ, მომეწონა ჩემი მასწავლებელი. ხვალ მგონი უფრო თავდაჯერებული მივალ – დაძაბულობამოხსნილი :)
ძალიან მინდა, წარმატებით ჩავაბარო. ასეთი განცდა მაშინ მქონდა, როცა აბიტურიენტი ვიყავი. არანაკლებია. ასე მგონია, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება იმ დღეს, როცა ეს ყველაფერი მორჩება.

დილა/2
როცა ადამიანებს ერთმანეთის ნახვა ახარებთ და ამას ასე გამოხატავენ, დღე ერთფეროვანი დღეების რიგში როგორ დარჩება?
...
ჯერ მხოლოდ ნაშუადღევია :)

Monday, September 27, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს სალვადორ დალის "უკანასკნელ სერობას" გამოვფენ. ამ თემაზე არაერთ მხატვარს დაუხატავს, მათ შორის ყველაზე ცნობილი ვერსია დალის საყვარელ მხატვარს – ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. როგორც და ვინჩის ნახატზე, ქრისტე აქაც მაგიდის ცენტრში ზის. თვალში მოსახვედრია მისი ქალური საწყისი: სახის ნაკვთებს თუ დააკვირდებით, გალას ამოიცნობთ. დალიმ გალა მანამდეც დახატა რელიგიურ თემაზე შექმნილ ნამუშევრებში (როგორც მადონა). ქრისტეს უკან, პეიზაჟზე, პორტ ლიგატში, დალის სახლის ახლოს მდებარე ყურეა გამოსახული.
პ. ს. უკომენტაროდ: ნავი – გულიდან..

27 სექტემბერი –
3 ოქტომბერი.

Thursday, September 23, 2010

დილა


დღეს უცნაური დილა მქონდა. ჯერ ეს გოგოები ჩამოსხდნენ ჩემს ფანჯარასთან. უფრო ზუსტად, ექვსი თუ შვიდი ბეღურა იყო, მაგრამ კადრში ყველა ვერ მოხვდა. მხედავდნენ, მაგრამ არ გაფრენილან. პირიქით, აი ასე გამწკრივდნენ :) ფარდის უკან მდგარი ვიღებდი, ამიტომ ცოტა ბუნდოვანი ფოტო გამოვიდა.
სულ რამდენიმე წუთში კი, სამსახურისკენ აჩქარებული, ქურთების ქორწილს შევესწარი. დილის 9 საათზე! ისე მოულოდნელი იყო... მათი ცეკვა გადავიღე :) მერე მთელი გზა მეღიმებოდა.
რატომღაც, ამ დილის გამო, რაიმე კარგის მოხდენის მოლოდინი დღის მანძილზე არ მომცილებია. თუმცა, მეტი რა უნდა მომხდარიყო – რამდენჯერაც ბეღურები თუ მექორწილეები გამახსენდა, გამეღიმა..

ჰო, ფოტო და ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით ერთი იდეაც გამიჩნდა. კარგად მოვიფიქრებ და თუ მოვაბი თავი, ამაზე ცალკე დავწერ.

Monday, September 20, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ამ ნახატის გამოფენა რთველის დაწყებიდან მინდა. ყოველთვის მიყვარდა რთველი. რთველამდე კი, ვაზი მიყვარს – მცენარე, რაც ალბათ მამას დამსახურებაა. ვაზს განსაკუთრებით უვლიდა, ეზოში, თუ სადმე ადგილი გვქონდა, ხეივანი გამართა. მაჩვენებდა – აი, ახალი ჯიში, აი, როგორ იხარა..
ვატყობ, ნოსტალგიური ვხდები და ბევრს არ გავაგრძელებ. უბრალოდ, ვან გოგის მწვანე ვენახებს გამოვფენ...

20-26 სექტემბერი.

Wednesday, September 15, 2010

მართვის მოწმობა

ერთი კვირაა, ჩემს დღის განრიგში ცვლილებაა – საღამოობით ავტოსკოლაში დავდივარ. ყოველთვის მინდოდა მანქანის მართვის შესწავლა, თან ისე, რომ თავდაჯერებული და კარგი მძღოლი ვყოფილიყავი, თუმცა ეს სულ გაურკვეველი მომავლისთვის მქონდა გადადებული – მანქანა არ მაქვს და შესაბამისად, არ ვჩქარობდი. სულ პატარა – 7-8 წლის ვიყავი, მამამ საჭესთან პირველად რომ დამსვა. უნდოდა, კარგად მცოდნოდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და სხვადასხვა მიზეზის გამო, წლებია, საჭესთან არ ვმჯდარვარ.
ბოლო დროს ჭორები გავრცელდა მართვის მოწმობის აღების გართულებაზე. მართალია, შემდეგ ოფიციალურად განმარტეს, რომ ეს მხოლოდ ჭორებია, მაგრამ მე მაინც ამაჩქარა. ჰოდა, ავტოსკოლის მოძებნაც დავიწყე. არ ვიცი, როდის მექნება მანქანა, მაგრამ მაინც..
ცოტა რამ პირადი გამოცდილებიდან – დასაწყისისთვის:
რა თქმა უნდა, ინფორმაციისთვის ინტერნეტს მივმართე – ვნახე რამდენიმე ავტოსკოლის კოორდინატები, დავრეკე და თითქმის ყველგან სტანდარტული პირობები დამხვდა: თეორიული კურსის ფასი 80-დან 100 ლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, ინდივიდუალურად ისწავლით თუ ჯგუფში. ხოლო პრაქტიკული მეცადინეობებისთვის ფასი დროისა და სასწავლო მანქანის მარკის მიხედვით დგება: "ოპელის" მარკის მანქანებზე 1 სთ. მეცადინეობა ძირითადად 15 ლარი ღირს (შემხვდა 20 ლარიც), ხოლო "შკოდას" მარკის მანქანაზე 1 სთ. – 25 ლარი. როგორც ჩემმა მასწავლებელმა თქვა, გამოუცდელ ახალბედებზე ინფორმაცია, რომ "შკოდა" ის მანქანაა, რომლითაც პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩააბარონ, მოქმედებს, არადა მნიშვნელობა არ აქვს. მე მგონია, როცა ადამიანი მართვის მოწმობას იღებს, იგულისხმება, რომ ის ნებისმიერ მანქანას უნდა მართავდეს (მოწმობის კატეგორიის შესაბამისად) და არა რომელიმე კონკრეტული მარკისას.

პრაქტიკული მეცადინეობა ორგვარია: 1) ავტოდრომზე (თბილისში არაერთია), რომელზეც დახაზულია ის 6 ელემენტი, რომლებიც გამოცდაზე ბარდება; 2) მეცადინეობა ქალაქში. არჩევანს თვითონ აკეთებთ, თუმცა დასაწყისისთვის ალბათ საგამოცდოდ მომზადება ჯობია. ასევე აუცილებელია პრაქტიკა ქალაქში (მით უმეტეს, თბილისის გადატვირთული ქუჩების გათვალისწინებით). თეორიული კურსის გავლა დამოუკიდებლადაც შეიძლება – არსებობს რამდენიმე სასწავლო წიგნი, ასევე საიტები, სადაც საგამოცდო ტესტებსა და სხვა ინფორმაციას ნახავთ, მაგრამ ალბათ მასწავლებელთან სიარული ჯობია. რა თქმა უნდა, წიგნები და საიტები ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენება. ტესტირების ბილეთები ყველა საიტზე ერთი და იგივეა – ის, რაც ბარდება. მართვის მოწმობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მომსახურების სააგენტოს საიტზეა.
წარმატებები, ვინც გამოცდაზე გასვლას გეგმავს, გამოცდილთა რჩევები კი საინტერესო იქნება :)

Monday, September 13, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დიდი ხანია, მარკ შაგალი არ გამომიფენია. სპონტანური არჩევანია, დილით სხვა ნახატს ვგეგმავდი. უცებ გამახსენდა მისი მთვარიანი ღამეები, მფრინავი წყვილები... ასე რომ, კიდევ ერთი მოღიღინე ადამიანი შემოუერთდება ჩემს ბლოგს :) ეს ჩემი აღქმით, რადგან სულ მგონია, რომ შაგალი ხატვისას ღიღინებდა :)
"საღამო ფანჯარასთან"

13-19 სექტემბერი.

Saturday, September 11, 2010

დგომა – პირუკუ


დღეს პირველად ვიგრძენი, რომ შემოდგომა დადგა. შემოდგომიდან ზამთარში გადასვლა თითქოს უფრო ადვილია. აი, თბილი დღის შემდეგ სუსხში გაღვიძება – ცოტა არ იყოს, რთული.
ახლა საღამოებს ჩაის სურნელი აუვა, ფორთოხლის შემოსვლამდე დროც ნელ–ნელა შემცირდება. ფორთოხლებამდე ყურძენია ხეივნებზე და ბროწეულები – ბაღებში, ფოთლები კი – ჩამოსაცვენი. შემოდგომობით ბუნებაში ხეტიალი მინდება, მზიან დღეებსაც სხვა ხიბლი აქვთ – თითქმის გათავებული სასუსნავივით, ყველა ლუკმას რომ განსაკუთრებულ გემოს ატან.

ისეთ სევდიან სიმღერას ვუსმენ. სხვა თბილისში დამაბრუნა. მიყვარდა ეს მელოდია და წლებია, არ მომისმენია, მაგრამ არც დამვიწყებია. უამრავი მელოდიაა, რომელიც დროდადრო მეხსიერების ზედაპირზე ამოტივტივდება ხოლმე და ეს საკმარისია – არ ვეძებ ჩანაწერს, ხმას, სახელს, მიუხედავად იმისა, რომ დღე(ებ)ს მისი რიტმის ქვეშ ვატარებ.
ახლა კი ვუსმენ და ძალიან ხელშესახები გახადა თითქმის 20 წლის წინანდელი პერიოდი – როცა ის დაიწერა. მას შემდეგ თითქოს ყველაფერი შეიცვალა: აღარც რაღაცნაირი თავისუფლება დაგვრჩა – უცებშემოჭრილი, არც ურთიერთობები; ის ადამიანებიც, ვინც მაშინ – ნელ-ნელა აღარ...

როცა უკან იყურები, წინა გზას თავისთავად თვალს აცილებ.
ეს მუსიკაა. მხოლოდ მუსიკა, რომელიც დროდადრო ბრუნდება.

...
წელი მიილია.

Wednesday, September 8, 2010

სიტყვები

სიტყვებს თუ ხელს ჰკრავ, წავლენ.
და მერეა, რომ ზიხარ, იღიმი და ვერ წერ. გრჩება ბლოგი უამბებოდ. არადა, რამდენია სათქმელი.
თითქოს დიდი ხნის უმოქმედო კიდურებს ვეღარ იმორჩილებდე. თავიდან სწავლობდე ნაბიჯის გადადგმას..
*
ჩემი წიგნი 150 გრამი ყოფილა.
დღეს ვნახე ერთი მაღაზიის საიტი, ძებნაში საკუთარი გვარი ჩავწერე და... აუწონავთ. მათთვის, ვინც ამანათად შეკრავს. ჩემზე კი იმოქმედა: ჯერ გამეცინა, მერე ვთქვი: სულ 150 გრამი სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები :)
წარმოვიდგინე, როგორ აწონეს..
იქ:
წიგნები, როგორც ახალშობილები: სიგრძე, წონა, სხვა ინფორმაცია.
ზოგი ხმაურობს, ზოგი ჩუმადაა.
ყველას შია... თვალი.
*
ჩვენში (ამბობენ): სიტყვას წონა აქვს და ფასი,
შეუძლია მოკლას ან განკურნოს,
გაუსწროს და
იყოს პირველი
(როგორც თავიდან).

თავები – ჩვენი – კალათები, სიტყვებით სავსე.
ჩავყო ხელი კალათასა :)





Monday, September 6, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს კიდევ ერთ ამერიკელ მხატვარს წარმოგიდგენთ: გრანტ ვუდი 1891 წელს დაიბადა. 1920-1928 წლებში ევროპაში მოგზაურობდა და იპრესიონიზმსა და პოსტიმპრესიონიზმს სწავლობდა. ის რეგიონალიზმის (მიმართულება, რომელიც ამერიკაში 1930 წელს გაჩნდა. რეგიონალისტები სოფლის ცხოვრებას ასახავდნენ) სამი საუკეთესო წარმომადგენელიდან ერთ–ერთია. ფერწერის გარდა, სხვადასხვა ტექნიკით მუშაობდა: ნამუშევრების შესაქმენლად იყენებდა ხეს, კერამიკას, მეტალს და სხვა მასალებს.
*
გრანტ ვუდმა "ამერიკული გოთიკა" 1930 წელს დახატა. ის არა მხოლოდ მხატვრის ყველაზე ცნობილ ნახატად, ამერიკული ხელოვნების კლასიკადაც ითვლება. ნახატზე გამოსახულია ვუდის და – ნენ ვუდ გრეჰემი. ინსპირაციის წყარო გოთურ სტილში აგებული სახლი იყო, რომელიც მხატვარმა ელდონში ნახა. პერსონაჟებს მე-19 საუკუნის შესაფერად აცვიათ, ხოლო სამკაპა მამაკაცის ხელში კატორღული შრომის სიმბოლოს გამოხატავს.
ძალიან საინტერესოა ვუდის პორტრეტები: საკმარისია, ერთხელ ნახოთ ეს ადამიანები და დაგავიწყდეთ მათი დამახასიათებელი ნაკვთები, გამოხედვა.. ადვილი ამოსაცნობია მხატვრის ხელწერა.
წყვილი "გოთიკიდან" ძალიან პოპულარულია: ქმნიან მათ პაროდიებს, იყენებენ რეკლამისთვის... ჩიკაგოში მათი ძეგლიც დგას.
*
კვირის მეორე ნახევარში მხატვრის ერთ–ერთ პეიზაჟს გამოვფენ.
...
აი, დაპირებული პეიზაჟიც – სიმინდის ყანები. ვუდის პეიზაჟებში მიწა ყოველთვის ნაყოფიერია, სოფლები – კოპწია, ადამიანები – მოფუსფუსე, "ბუთქუნა" ხეები კი ფერნანდო ბოტეროს ფერხორციან ადამიანებს მახსენებს :)

6-12 სექტემბერი.