Showing posts with label ბეღურა. Show all posts
Showing posts with label ბეღურა. Show all posts

Wednesday, February 1, 2012

1 თებერვალი. ქაოსი.

დღეს სოციალური ქსელი ჩემამდე საოცარი ფოტოების გადმომზიდი გახდა: ვნახე, თუ როგორ იწყებს სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედისკენ სვლას. და მერე, როგორ იკვეთება ნაკვთები. მოკლედ, მთელი მათი ფოტოგრაფირებული რომანი. 26-ე კვირაზე რომ ჩავედი, სადაც "დაგვემშვიდობნენ", მივხვდი, თვალები გამფართოვებოდა. ფოტოეფექტის ქვეშ მოვექეცი. ცოტა დამეხმარა ეს სხვა ემოცია, როგორც ვარდნისას სარეცხის თოკები – მავან ფანჯრიდან გადმოვარდნილს, ვინც ასფალტამდე ცოცხალმა ჩააღწია.
...
ყოველდღიურობა: თვალებზე ხელების აფარება. ყურებში თითების დაცობა. თავზე საბნის წაფარება.
ჩემს ქაოსს სიტყვებს ვერ ვარგებ და აქ შევწყვეტ.
...
11 თვე დარჩა წლის ბოლომდე. პირველი თებერვალია. თოვლი, სიცივე. ზამთარი – ხანგრძლივად ისეთი, როგორიც მკლავს. თუმცა წელს ერთი რამ შევამჩნიე: სითეთრის ცქერა მომწონს და მასზე ხეების შავი ტორსებისაც. უმეტესად ცისფერი მაცვია. ვეძებ დროს, სიმშვიდეს, სითბოს. ამ ორშაბათს, როცა მზემ გამოანათა, სასაცილო ბეღურები ვნახე. გუბეში ბანაობდნენ. გაგიჟებულან-მეთქი. შორიდან ავუარე გვერდი – არ დამფრთხალიყვნენ. მერე ვიფიქრე, სხვა რამ ხდებოდა: მათთვის ის ცოტა მზეც გაზაფხულისა იყო.

Thursday, September 23, 2010

დილა


დღეს უცნაური დილა მქონდა. ჯერ ეს გოგოები ჩამოსხდნენ ჩემს ფანჯარასთან. უფრო ზუსტად, ექვსი თუ შვიდი ბეღურა იყო, მაგრამ კადრში ყველა ვერ მოხვდა. მხედავდნენ, მაგრამ არ გაფრენილან. პირიქით, აი ასე გამწკრივდნენ :) ფარდის უკან მდგარი ვიღებდი, ამიტომ ცოტა ბუნდოვანი ფოტო გამოვიდა.
სულ რამდენიმე წუთში კი, სამსახურისკენ აჩქარებული, ქურთების ქორწილს შევესწარი. დილის 9 საათზე! ისე მოულოდნელი იყო... მათი ცეკვა გადავიღე :) მერე მთელი გზა მეღიმებოდა.
რატომღაც, ამ დილის გამო, რაიმე კარგის მოხდენის მოლოდინი დღის მანძილზე არ მომცილებია. თუმცა, მეტი რა უნდა მომხდარიყო – რამდენჯერაც ბეღურები თუ მექორწილეები გამახსენდა, გამეღიმა..

ჰო, ფოტო და ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით ერთი იდეაც გამიჩნდა. კარგად მოვიფიქრებ და თუ მოვაბი თავი, ამაზე ცალკე დავწერ.