Thursday, February 11, 2016

ბაქო

იანვრის ბოლოს ბაქოში ვიყავი – ყოველთვის მინდოდა ამ ქალაქში დაბრუნება. პირველად 7 წლის ასაკში ჩავედი დედასთან ერთად – მისი სამსახური წავიდა ექსკურსიაზე. ეს მოგზაურობა მახსოვს ბუნდოვნად, მაგრამ ძალიან თბილად. სულ რამდენიმე კადრი შემომრჩა: ძველი ქუჩა, სუვენირების მაღაზია, სადაც აღმოსავლურ სტილში მოხატული სინი ვიყიდეთ, ღამის ქუჩებში სეირნობა და კიდევ ძველი სასტუმრო, სადაც აივანზე არ გვიშვებდნენ მშობლები, რადგან, თუ არ ვცდები, პერსონალმა გააფრთხილა, თავი შეგვეკავებინა გასვლისგან.

რაც შეეხება ახლანდელი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს: შესაშურიც კი არის ის, თუ როგორ უვლიან ქალაქს (და არა მხოლოდ): სივრცესაც აღიქვამენ, ქალაქის დაგეგმარებაც აქვთ, არქიტექტურულ სტილსაც იცავენ (ეგ სტილი გემოვნების საკითხია, თორემ იცავენ), სახელმწიფო სიმბოლიკასაც დიდ პატივს სცემენ. არც საცობები აქვთ, არც აგრესიული მძღოლები ჰყავთ; ვაკვირდებოდი – მაშინაც კი, როცა ქვეითი შეუსაბამო ადგილზე გადადის, მოძრაობა ჩერდება და ყველა მანქანა ავარიულ მაშუქებს რთავს ქვეითის და უკანა მძღოლების გასაფრთხილებლად ყოველგვარი სიგნალის, საბურავების ღრჭიალის, მანქანიდან გადმოხტომის და "გამიშვი-გამატარეს" გარეშე; არც უსუფთაო ქუჩები აქვთ, უფრო მეტიც, პარკებში დაგებულ ქვაფენილს დილაობით წყლით და ჯაგრისით საგულდაგულოდ რეცხავენ. სკვერები და პარკები არაჩვეულებრივია – მრავალფეროვანი ნარგავებით და ძალიან მოვლილი; ბაქოს მიღმაც ასეა, ავტობანის გასწვრივ ფიჭვები და ნაძვებია დარგული ხრიოკებზე, სათითაო რიგს წვეთოვანი სარწყავი სისტემით რწყავენ და ეს იმ ნიადაგზე, სადაც ბალახიც არ ხარობს; მიწისქვეშა გადასასვლელებით ყოველგვარი "ბუტკების" და სუნების ბარიერების გადალახვის გარეშე ისარგებლებთ, საფეხმავლო არეალი ქალაქის ცენტრში უდიდესია და ნამდვილად საფეხმავლო (არა ისე, როგორც აქ – ერთი ქუჩა, სადაც მაინც შედიან მანქანები) და რაც მთავარია, ადამიანები არიან უზომოდ მშვიდები და აღმოსავლურად დინჯები. ზოგადად, ხალხი კეთილგანწყობილი იყო, ქუჩაში თუ რამე დამჭირდებოდა და ვკითხულობდი, ღიმილით და ყურადღებით ცდილობდენ დახმარებას. თუ რუსული (მით უმეტეს, ინგლისური) არ ესმოდათ, თურქული სიტყვების ცოდნა მეხმარებოდა თუნდაც იმის გარკვევაში, რომ ენა არ იცოდნენ.   

ბაქოში ყურები დაგისვენებთ თბილისური ხმაურისგან, ჟანგბადსაც მეტს ისუნთქებთ და კიდევ, ერთი ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ადგილი აქვთ – ბულვარი – სამჯერ ჩავიარე ბოლომდე და გული მაინც ვერ ვიჯერე. ზოგადად, ბულვარები ჩემი სისუსტეა, სტამბოლშიც ამიტომ მინდა ჩასვლა, რომ ბოსფორის ნაპირზე გავატარო დიდი დრო. ძალიან ბედნიერები მგონია ბაქოელები (და ზოგადად, ზღვისპირა ქალაქების მცხოვრებლები), რომლებსაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ თუნდაც ნავთობიანი ზღვის სანაპიროზე გასვლა, განმარტოება ან მეგობრებთან თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა. და მე მგონია, რომ ბაქოელები აფასებენ ამ შანსს – უამრავი ხალხი, ცივი სეზონის მიუხედავად, სანაპიროზე ატარებს დროს. საერთო ჯამში, ბევრი ვიპაპარაცე ბულვარშიც, ქალაქშიც და მაქვს 600-მდე კადრი. ვარჩევ და ნელ-ნელა ვდებ ფლიკრზე.

ერთ პატარა გოგოზე მინდა კიდევ დავწერო: ფასტ-ფუდის კაფედან, სადაც ყავისთვის შევედით, ორი მამა და მათი შვილები დამამახსოვრდნენ. დედების გარეშე იყვნენ მისულები. პირველ ოჯახს, ძალიან მინდოდა, მაგრამ ფოტო ვერაფრით გადავუღე: პატარა ბიჭი, რომელიც ჩემ წინ იჯდა, თვალს არ მაშორებდა. მისი დაახლოებით 4 წლის დაიკო იყო ძალიან საყვარელი, თან ლურჯი ჰიჯაბით შემოსილი, რამაც ცოტა არ იყოს, გული მომიწურა, არაერთი მუსლიმი ოჯახი მინახავს და ბავშვებს ჩვეულებრივად აცვიათ ხოლმე. ცოტა ხანში კიდევ ერთი მამა შემოუერთდათ პატარა და-ძმით. ჰიჯაბიანმა გოგომ მაშინვე ფრი გაუწოდა მასზე ცოტა უფროს გოგოს და უთხრა: "Ты моя подруга" :) ეს პატარა ჰიჯაბიანი ალბათ არასდროს დამავიწყდება. 

ბაქოს პარკ-ბულვარის მოლში წიგნის ფესტივალი ტარდებოდა. გადავხედე დახლებს და თარგმანებიდან აზერბაიჯანელების უახლესი გამოცემებია: კუტზეეს, კაფკას, ბეგბედერის, ფამუქის და სხვა თურქი მწერლების წიგნები, ასევე კლასიკური ევროპული ლიტერატურა. წიგნის პატარა მაღაზია მეტროსადგურშიც იყო – ჩვენგან განსხვავებით, მეტროს ფოიეში ბანკების და კოსმეტიკის ოფისების მაგივრად წიგნის მაღაზია რომ დამხვდა, გამიხარდა. "ალი და ნინო" ძალიან პოპულარულია. რამდენიმე გამოცემა ვნახე – ზოგი სასაჩუქრე, ზოგი ჩვეულებრივი. ფოტოს გადაღების ნებაც თავაზიანად მომცეს.

ნიზამის ქუჩაზე თინეიჯერები ჩახუტების დღეს აღნიშნავდნენ. მოგვიანებით "ქალწულის კოშკთან" შეგვხვდნენ ეს გოგო-ბიჭები და ჩახუტებაზე უარი არ გვითქვამს. ძალიან საყვარლები იყვნენ.

ბაქოდან წამოვიღე ჩაი და ლუქუმი. ჩემი "ჩაიხანას" მონაგარია: ჩაი ბეგქონდარათი, "ბერგა" (ბერგამოტით) და ერთიც ლამაზყუთიანი შავი აზერჩაი. განსაკუთრებით "ბერგას" გამოვარჩევდი, არომატის გამო.

ლუქუმი და აღმოსავლური ტკბილეული თბილისთან შედარებით იაფი ღირს. ქალაქში ყავის დალევა 1,5 მანათიდამ 3 მანათამდე დაგიჯდებათ. ჩემი აზრით, ზოგადად, არც ისე ძვირია კვება, თუმცა თბილისში მითხრეს, რომ ბაქო ძვირი ქალაქია. ბრენდების მაღაზიები გაცილებით ბევრია, ვიდრე ჩვენთან, ტანსაცმლის იქაურ ფასებზე ვერაფერს გეტყვით, არ შევსულვარ. წიგნების ფასები, რაც ვიკითხე, 5 მანათიდან იწყებოდა. სუვენირების – 1,5 მანათიდან. მუზეუმების მოსაკრებლებში, ყველაზე ძვირი გადავიხადე 5 მანათი, ზოგი მუზეუმი უფასოა, ზოგის ბილეთი 2 მანათი ღირს. დავათვალიერე ჰეიდარ ალიევის მუზეუმი, ქალწულის კოშკი, შირვანშაჰების სასახლე, მინიატურული წიგნების მუზეუმი. სუვენირების გამყიდველებს შორის ორი ბოლნისელი ვნახეთ და ერთი-ორი სიტყვა ქართულადაც გვითხრეს. ვალუტის გადაცვლა თბილისში ჯობია, ან საზღვარზე.

სხვა რა ვთქვა. ბაქოელ თოლიებს თბილისელი თოლიებისგან განსხვავებით წითელი ფეხები აქვთ:)
ქართველის კვალი რომ აღმოვაჩინე სანაპიროს მილიონობით ქვას შორის ერთ-ერთზე, გამეცინა. ამ ქვებზე ძირითადად სასიყვარულო ამბებია ხოლმე ამოკაწრული
იმერლები ბაქოში

წიგნის ფესტივალი

მეტროსადგურის ფოიეში

მიწისქვეშა გადასასვლელები
ფუნიკულიორის პარკში
ჩახუტების დღე

5 comments:

Tinatin Nadiradze said...

ქეთი! მომენატრა შენი ამბების წაკითხვა. <3

რა კარგი იყო, მეც მომინდა სუფთა ქალაქ ბაქოში მოგზაურობა და წითელფეხება თოლიების ნახვა.

Keti said...

თიკო! <3

რაღაცნაირი საყვარელი ქალაქია. სხვა უცხო ქალაქების მიმართ, რაც მინახავს, არ გამჩენია სენტიმენტები.

სოფი გოლდენი said...

რა თბილად აღწერე შენი ბაქოური მოგზაურობა, ქეთი.
გამიხარდა შენი "დაბრუნება" ბლოგზე.

Toma said...

ra kargad agcere eg mogzauroba da fotoebic ra kargia.
hijabi patara gogonaze dzalian gamikvirda, rogorc cesi simcifeshi rom shedian gogonebi mashin acmeven xolme msgass tansacmels.

Keti said...

სოფი, მადლობა <3



ტომა, მადლობა:) მეც გამიკვირდა, ასეთ პატარაზე არ მინახავს და ამიტომ ძალიან მინდოდა ფოტოს გადაღება, მაგრამ ვერ მოვახერხე.