Friday, September 9, 2011

წერილი ბორის ვიანს

/მოკითხვამდე/

ვერ გადავწყვიტე, როგორ მოგმართო – ძვირფასო ბორის, მისიე ბორის, თუ უბრალოდ, ბოღის – ფრანგული პრონონსით, ამიტომ პირდაპირ დავიწყებ:

აქ ასეთი ამბავია – წერილებს სწერენ საყვარელ მწერლებს. ერთი-ორ ჩემს საყვარელ მწერალს უკვე მისწერეს. მე კი მგონია, სააქაოდან საიქიოში ერთი ადრესატისთვის ერთბაშად რამდენიმე წერილის მოსვლა რთული საქმე უნდა იყოს. ამიტომ შენ ამოგირჩიე. თანაც, სწორედ ახლა ვკითხულობ შენს წიგნს და კითხვის ყოველი “სეანსის” დასრულებისას ვბუტბუტებ: აჰ, ეს ჩემი ნაწერი იყოს. ჰო, ჰო, შენს ნაწერს “ხელს მოვაწერდი”.

კარგი, თავიდანვე გეტყვი, რომ შენი ბევრი არაფერი წამიკითხავს. სულ ახლა ვიწყებ შენს გაცნობას და თავს ისე ვგრძნობ, როგორც მეტად საინტერესო კაცის წინ. მოკლედ, “გულსაგლეჯს” ვკითხულობ. მინდა გითხრა, ამ წიგნს ბარემ ერთი წელია, გვერდს ვუვლი. სათაური და ყდა არ მომეწონა. რაღაც ძალიან მწვალებლურად აღვიქვი. ქართულ ენაზე გამოცემულ შენს წიგნს გრძელცხვირა, ჩაჩიანი, მოხუცი კაცი ახატია, ქოლგით, ქუდით და ვიოლინოთი რომ დაუხუნძლია ხელები და მაცდურად უღიმის პიანინოსთან მორცხვად ჩამომდგარ გოგოს, რომელსაც ნოტები უჭირავს. ფედერიკო ანდრეოტის ნახატია. რაღაც მსგავს მდგომარეობაში ვარ ახლა: თუ მასწავლებლის ადგილზე წარმოგიდგენ – ვიღებ გაკვეთილს და ვკარგავ გულს, რომელსაც ასე უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად მაცლი შენი მდიდარი კოლექციისთვის. გამოდის, ყდის დიზაინი სწორედ (ჩემთვის) შეურჩევია მავანს.

წიგნის უკანა მხარეს შენი პორტრეტია – ისე გულიანად იცინი, მაგარი ტიპი უნდა ყოფილიყავი, ასე მგონია. მხიარული, ჭკვიანი, აი, რაღაცნაირი ანცი; და მაინც მუდამ სევდიანი თვალებით. თან ყურში მუსიკა გქონდა სულ. საყვირზე რომ უკრავდი, გენიალურია, ვგიჟდები საყვირის ჟღერადობაზე. მართლა, შენს სიმღერებსაც მოვუსმინე იუთუბზე. აჰ, არ იცი იუთუბის შესახებ. ეგ არაფერი. მოკლედ, შენი პოვნა ადვილია დღევანდელ სამყაროში – ერთი ხელის გაწვდენა და მუსიკა თუ ტექსტები ჩემ წინ გაჩნდება. ზუსტად ამას ვაპირებ დროთა განმავლობაში – კარგად გაგიცნო.

ამ წერილს ისე სწრაფად ვწერ, წყალივით. უცებ მომინდა, მომეწერა. როგორც ჩანს, მხოლოდ ის ბუტბუტი არ მეყო დამოკიდებულების გამოსახატად და ამდენი სიტყვაც ამიტომ მცვივა.

მოდი, ცოტას “გულსაგლეჯზე” გეტყვი. რაც წავიკითხე, იმაზე. თავიდანვე მომეწონე. პირველი თავიდან. რაღაც ისე აღწერდი გარემოს, ეგრევე დავიძაბე: გამიჩნდა სურვილი, არცერთი სიტყვა არ გამომპარვოდა. თითქოს აპლიკაციებით აწყობ პეიზაჟებს. უფრო ზუსტად, ხატავ. შენ თუ არა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ფუტკრები შეიძლება დაბნეულები და უსაქმოები იყვნენ, თხებმა კი ავტოსტოპით იმგზავრონ. არც მე ვიცოდი ეს. ჰო, კლემანტინი და მისი წარაკუები. ასე თარგმნეს ქართულად. სულ მეცინება. ნეტა ფრანგულად რას უწოდებ ტყუპებს. წითელმა ნაკადულმა დამამძიმა. სასტიკად აღწერ. მისი წარმოდგენისას მეგონა, ცოტაც და ჩავიძირებოდი, მაგრამ მერე, შარავანდის ამბავი რომ წავიკითხე, მადლობელი დავრჩი – ფეხი არ ჩამიცდა. მოხუცების ბაზრობა, შეგირდის სიკვდილი და ეკლესიის სცენა ძალიან შთამბეჭდავია. მღვდელთან ერთად ვყვიროდი: არ იწვიმებს-მეთქი, არააა... და მერე ვჩურჩულებდი: “ის არც არავის მომხრეა და არც მოწინააღმდეგე”. ნუ, გულში, რა თქმა უნდა. ეს რაც შეეხება საერთო სცენებს. ყველა სიტყვას რომ გულისყურით ვკრეფ, ხომ გითხარი. ახლა სიტროენმა სიარული ისწავლა და საინტერესოა, საით წავა.

იცი, როცა შენი კითხვა დავიწყე, ჩემს ბლოგზე დავწერე, ვნახოთ რას მეტყვის-მეთქი, ვიანი. ბლოგი რა არის? ისეთივე რაღაც, რაც იუთუბი – ამ სამყაროს პროდუქტია. ჰოდა, ისე გამოვიდა, თითქოს გამოგიწვიე და ახლა ვზივარ განიარაღებული. შენ კი, ალბათ გულიანი სიცილით იცინი მანდ, სადაც ხარ – კიდევ ერთი გული ჩაიგდე ხელთ.

საღამოს რამდენიმე სიმღერას ამოვირჩევ და მოვუსმენ. კარგად უნდა დავაკვირდე, როგორი ხმა გაქვს, რომ მორიგი გაკვეთილის ბოლოს შენი სიცილი წარმოვიდგინო, მეტღ*.

მივხვდი, როგორ მოგმართო.


6 სექტემბერი, 2011
თბილისი

-----
* Maître (ფრ.) – მასწავლებელი, მოძღვარი

9 comments:

Keti said...

წერილის დაწერიდან რამდენიმე დღე გავიდა – ვერ ვწყვეტდი გამოქვეყნებას, ჰოდა, მეგობრის გამხნევებით... :) ამასობაში, წიგნის ბოლო თავებიღა დამრჩა წასაკითხი და კიდევ უფრო მეტი ემოცია დამიგროვდა.
არასდროს დამიწერია ასეთი ღია ბარათი კონკრეტული ადრესატისთვის და რომ დავწერე, თანაც სრულიად სპონტანურად, სულ ვიანის "ბრალია" :)

babisa said...

ქეთი, ძალიან,ძალიან მომეწონა :))
სტილი, ემოციები, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე..
მომინდა, მეც წავიკითხო ეს წიგნი:)

Keti said...

ნინო, მიხარია :) :*
კარგია, გირჩევ, მე შემდეგ საკითხავსაც ალბათ მისი წიგნებიდან ავარჩევ :)

Nina Gorecki said...

ვიანი შენი საყვარელი მწერალია? :))) ჩემიც, ერთ-ერთი :)) ფორუმზე თემა მაქვს მაგისთვის გახსნილი ))

გულსაგლეჯი ყველაზე მძიმე წიგნია ვიანის, ეს მკვდარჟაკი და მისი ფსიქოანალიზები თავგზას მირევს :) შემოდგომა მიყვარს <3

მეც მომინდა ასეთი პოსტის დაწერა, მაგრამ თან ადრესატი არ ვიცი და თან დროს ვერ გამოვნახავ :(

Keti said...

კი, ერთ–ერთი :)) რა კარგია!

ჰო, ეგ მძიმე "გულსაგლეჯი" ისე შემიყვარდა <3 ახლა "დღეთა ქაფს" ვკითხულობ :)

კარგი იქნება, დაწერე, ნინა :)

Lord Vader said...

ძაღლიშვილო ვიან, - ასე უნდა მიმართო. უფრო მოეწონებოდა.
მერე უნდა მიხვიდე და საფლავზე დააფურთხო.

***
(ძალიან კარგი მწერალია)

Keti said...

მართალია, ასე მოეწონებოდა :) მაგრამ მე მთლად თავისუფლად არ გამომივა ეგ ამბავი :)

Sophie שרה Golden said...

მგონი, ყველაზე დიდი ხანი ველოდებოდი ამ პოსტს. გამოქვეყნებისთანავე წავიკითხე, მაგრამ არ ვიცოდი, რა კომენტარი შეიძლებოდა დამეწერა. არც ახლა ვიცი. უბრალოდ, არაფერია იმაზე საინტერესო, ვიდრე მწერლებისთვის მიწერილი წერილები, როგორც თავისებურად ხედავს ყველა ადამიანი და თავისად აქცევს ამა თუ იმ მეტრს, როგორც შენ ვიანს უწოდე.

ჩემთვის ვიანი ყველაზე სასაცილო, სწრაფად მოსაუბრე და ქარაფშუტა ტიპია, ხშირად რომ მსტუმრობს და სანამ ჩაის დალევს, ახსენდება, ყავა რომ უნდოდა :)

Keti said...

ჰო, სოფი, შენ მაშინვე მითხარი, გამეზიარებინა აზრი. იქნებ შენმა სიტყვებმა ქვეცნობიერად იმოქმედა კიდეც, ვინ იცის..

"სანამ ჩაის დალევს, ახსენდება, ყავა რომ უნდოდა" :)))
შენს დახასიათებას ჩემსას მივუწერდი გვერდით: "და მაინც მუდამ სევდიანი თვალებით" :)