დედას ფიკუსმა ორ კვირაში ორი ფოთოლი გამოიტანა. არ ვიცი, როგორი სისწრაფით იზრდებიან ფიკუსები ზოგადად, მაგრამ თუ ამ ფიკუსის წარსულით ვიმსჯელებ, მისთვის დიდი შედეგია. ვაშლის ნერგი, რომელიც შარშან ერთად დავრგეთ და ჯერ ერთი მეტრიც არ არის სიმაღლეში, აყვავდა; მინდოდა ატირებული ვაზის გადაღებაც, მაგრამ კამერა დამიჯდა. ბოლო დროს სულ მცენარეებზე ვწერ, ცალკე ბლოგიც კი გავხსენი მათზე, მაგრამ სასიცოცხლო ენერგიას მაძლევენ და გვერდს ვერ ვუვლი.
დღეს დედას დაბადების დღეა. დღის მეორე ნახევარი სასაფლაოზე გავატარე. ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობის გამო თითქმის ორი თვე თავს ცუდად ვგრძნობდი – რასაც ჩავრთავდი, ყველაფრიდან ეს თარიღი მესმოდა და სევდაც მუდმივად დამდევდა. საერთოდ, აპრილმა, თავის მხრივ, სიმძიმე და იმედგაცრუება მომიტანა. შეიძლება ითქვას, ყოველდღიურობით ვცხოვრობ, არანაირი ხედვა და გრძელვადიანი გეგმა არ მაქვს.