Wednesday, April 3, 2013

ფროიდის ნისლი და გაზაფხული

ერთი თვე რომ არაფერს წერ, ცუდია; მაგრამ, როცა ნახულობ ბლოგის სტატისტიკას და ერთგული მკითხველები მაინც გყავს, გიხარია და თან გული გწყდება, რომ მათ მოლოდინს უცრუებ. წინა ჩანაწერის მერე უკეთესი ცვლილებები მაქვს: სიახლე სამსახურში, შესაბამისად – ახალი საქმის ათვისება და ხედვის ჩამოყალიბება; გაცილებით სოციალური გავხდი – შეძლებისდაგვარად გადავლახე მორიდება და მიკროფონს და კამერას ვუმეგობრდები; ვკითხულობ წიგნებს და ვწერ მათზე; ჩემი ბაღი უფრო მოვლილია, მე – ისევ გამოუძინებელი, თუმცა სიზმრებიანი. ბოლო დროს სიზმრების გამო ცუდადაც ვიყავი. დედა მესიზმრება, ძალიან ცხადად, შეგრძნებებით სავსე ვიღვიძებ და მერე უმისო რეალობის მიღება მიჭირს.
ბოლო დღეებში კიდევ ერთმა სიზმარმა გამახსენა თავი; მეგობრისთვის – ამ სიზმრის მთავარი გმირისთვის არ მომიყოლია. სიზმრად თავდაუჯერებელი გზაზე გადამიყვანა და ცხადშიც გვერდით დამიდგა. საერთოდ, შეიძლება ვთქვა, ჩემი პარალელური ცხოვრებაა სიზმრები. ხანდახან ვფიქრობ, ბედნიერი ვარ, მათი ნახვა რომ შემიძლია. შემხვედრია ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სიზმარი არასდროს უნახავთ.

ამას წინათ ფროიდის რაღაც ტესტს გადავაწყდი და შევსება დავიწყე. ბოლო კითხვაზე დავწერე: "თვალებს ვხუჭავ. ლამაზია." პასუხების  ანალიზი რომ ვნახე, გავშეშდი – ბოლო კითხვა სიკვდილზე ყოფილა, ანუ როგორი დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ. ამ თემაზე ისედაც თითქმის ყოველდღე ვფიქრობ და ტესტის შევსების მერე რამდენიმე დღე თავიდან ვერ მოვიცილე ფიქრი. ოღონდ ამჯერად სიმძიმისგან დავიცალე. ყველაფერი იმ ლამაზი პეიზაჟის ფონზე დგომას დაემსგავსა, რომელიც დასმულმა კითხვამ წარმომადგენინა.

დედას დაბადების დღე ახლოვდება და ძალიან განვიცდი. საერთოდ, ბევრი თარიღი უკვე ტკივილთან ასოცირდება. ალბათ ცხოვრების გარკვეული ეტაპიდან ყველასთან დგება ეს მომენტი. 
მოკლედ, ორფერია ჩემი გაზაფხული: თან სევდა, ხანდახან რომ მგონია, ვეღარ გავუძლებ და თვალებს მაგრად ვხუჭავ ან თავს გავიქნევ, თითქოს ამით ფიქრებს გავფანტავ; თან  საინტერესო და თბილი. მგონი პოსტიც ასეთი გამოვიდა + არეულ-დარეული. ეტყობა, რომ დიდი ხანია, ჩემზე არაფერი დამიწერია.


9 comments:

Tinita said...

მართალი ხარ, ველით, მოგვწონს შენი ფიქრების შესახებ კითხვა და შენთან ვართ. განსაკუთრებით მომწონს, შენი ფიზიკური სხეულის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე და შენი გონების შიგნით რაც ხდება, იმაზე რომ ერთად, ჰარმონიულად საუბრობ. პარალელურ სამყაროსთანაც აშკარად კარგი ურთიერთობა გაქვს :)
მეც მაინტერესებს ეს ტესტი.
არ ვიცი, ტკივილი და სევდა სად წავა, ან წავა თუ არა, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრებას ხომ ვსწავლობთ? სხვა გზა მაინც არ გვაქვს.

Keti said...

თინიტა, მადლობა. მგონი ოქროს შუალედი მაქვს ნაპოვნი :)

Keti said...

თინიტა, დაგვიანებით ვდებ ლინკს: http://www.droni.ge/?m=14&AID=9674

Toma said...

რაში მდგომარეობს შენი ახალი სამსახური? გილოცავ ცვლილებას, ასე მგონია სასიკეთოდ წაგადგება.

ფროიდის ტესტს რაც შეეხება, იმედია მთლად სერიოზულად არ მიიღებ :*

Keti said...

ჰო, დადებითი ცვლილებები სასიკეთოა. მადლობა, ტომა. ჯერ ძველ პოზიციაზე ვარ, თუმცა ახალი პროგრამის ათვისება დავიწყე ახალი საქმისთვის. მოგვიანებით დავწერ.

მთლად სერიოზულად არა, მაგრამ ემოციური კი იყო ჩემთვის და იმ მომენტში რაღაცნაირად დამეხმარა კიდეც :)
:*

Tinita said...

გავაკეთე, მადლობა. ერთი პასუხი გამოვიდა სასაცილო,აქ ვერ დავწერ.

ეს ლექსი თუ იცი:

გაზა გაზა გაზა გაზა
ფხული ფხული ფხული ფხული
არ მოსულა მაგრამ უკვე
გაგვიხარა ყველას გული

ძია ზიგმუნდს არ დაუწერია, მაგრამ არანაკლები ბიჭია, ვინც დაწერა :) :) :)

Keti said...

თინიტა, არ ვიცოდი ეს ლექსი, სახალისოა :)) კი, გვიხარებს გულს :)

Sophie שרה Golden said...

გაზაფხულზე იცის სევდის მოძალება...
დედა კი შეიძლება იმიტომ გესიზმრება ცხადად, რომ აღდგომა ახლოვდება. ჩემი ერთი მეგობარი ამბობდა ასე, რომ ამ პერიოდში ესიზმრებოდა თავისი ძალიან ახლობელი და საყვარელი ადამიანი ისე ცხადად, რომ საშინლად გულდაწყვეტილს ეღვიძებოდა ხოლმე, შენმა პოსტმაც ეს გამახსენა.

იმედია, ახლა თავს უკეთ გრძნობ.
ბედნიერი დასვენების დღეები გქონოდეს, ქეთი!!! მოკითხვა შენს ლამაზ მცენარეებს :)

Keti said...

სოფი, მეც ასე მგონია, აღდგომა რომ ახლოვდება, ამიტომ...


დიდი მადლობა და შენც ასევე, ბედნიერ დღეებს გისურვებ! :) გადავცემ მცენარეებს :*