Monday, December 23, 2013

* * *

დეკემბრის თვეში არაერთხელ ვინანე, რომ არ შემოვინახე შვებულების რამდენიმე დღე. საოცრად მჭირდება დასვენება. აღარ დავწვრილმანდები და ჩამოვთვლი გადაღლილობის მიზეზებს თუ ნიშნებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩემს ჩვევებსა და  ინტერესებზე, რაც ცოტა მაინც ახალისებდა თუნდაც საღამოებს მაინც, უარის თქმა მომიწია. ასე რომ ვეღარ გავაგრძელებ, უკვე ზუსტად ვიცი. შეუძლებელია ადამიანი რობოტად იქცეს. თვის ბოლოს ყველაფერ ამას დაემატა გაუთვალისწინებელი საქმეები თავისი ხარჯებით, – ესაც საკონტროლო გასროლა ჩემს გამძლეობაზე.
რამდენი ხანია საყვარელი ბლოგები არ წამიკითხავს, არც აქ შემომიხედავს, არც ფლიკრზე, არც, არც, არც... წიგნსაც კი, რომელიც შემიყვარდა, მთელი თვე ვკითხულობდი. განა შეიძლება, საყვარელი წიგნი მთელი თვე იკითხო? ორშაბათები მიყვარს-მეთქი და იმ დღიდან აირია ორშაბათების ამბავი და სიყვარულიც. ისეთი მძიმეები მობრძანდნენ, რომ უკან მიმაქვს ჩემი ოდა. მოკლედ, ძველი თავის ძიებაში ვარ. უნდა ვიპოვო და დავიბრუნო. ჰოდა, აქაც დავბრუნდები მერე.

Monday, December 2, 2013

ოდა

იყო დრო, როცა ორშაბათობით ჩემი ბლოგი ტრადიციული რუბრიკით ახალ კვირას ხსნიდა. რა უნდა მომხდარიყო, რომ ორშაბათის გამოფენა გადამედო.
ახლა ვფიქრობდი, რატომ ავირჩიე ორშაბათი.

ადამიანების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ორშაბათი მძიმე დღეა, არ უყვართ მისი დადგომა,  წუწუნებენ, ერთი სული აქვთ, დაღამდეს...
მე ალბათ იმ მცირე გამონაკლისებს შორის ვარ, ვისაც ორშაბათი არ აღიზიანებთ. უფრო მეტიც, ამ დღეს პოზიტიური განწყობითაც ვხვდები. 

ორშაბათებს, თავისი საწყისი პოზიციის გამო, ახალ წელს შევადარებდი: ახალი წლისგან განსხვავებით ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ახლავთ მისტიკა, მოლოდინი, ნამცეცით  მეტი იმედი და ენერგია, ვიდრე კვირის დანარჩენ დღეებს. სადღაც, გულის სიღრმეში, ყოველთვის მგონია, რომ ახალი კვირა უკეთესი იქნება, რაღაცით განსხვავებული, საინტერესო, თუნდაც უცნაური, ვიდრე წინა.

ჰოდა, მივუბრუნდები თავში დასმულ კითხვას – ჩემი გამოფენები ახალი კვირის შეხვედრა იყო, ერთგვარი ორიენტირი, თუ საით გადაიხრებოდა განწყობა, რას მოიტანდა კვირა, ან რას წაიღებდა.
სამწუხაროდ, გამოფენების გასამართად დრო აღარ მაქვს, თითქოს არც ემოციების გამოხატვა მსურს ნახატებით.  თუმცა, ერთი რამ უცვლელია:

მე მიყვარს ორშაბათის სენტიმენტები.
დაფარული და ღია.
თუნდაც მეათასედით მეტი, ვიდრე სხვა დღეების.  

Tuesday, October 29, 2013

ანოტაცია

მაშ ასე, ხუთკვირიანი "მარათონის" შედეგები გუშინ გამოცხადდა და ხუთ გამარჯვებულს შორის მეც დამასახელეს. მილან კუნდერას წიგნისთვის დაწერილმა ანოტაციამ გზაში წასაკითხი წიგნების სიის შევსების საშუალება მომცა – პრიზი "სანტა–ესპერანსას" სასაჩუქრე ბარათია. გუშინ კი ვათვალიერებდი სანტას თაროებს, მაგრამ არაფერი წამოვიღე. მოგვიანებით, შედარებით აუჩქარებლად შევარჩევ წიგნებს. დანარჩენი გამარჯვებულები არიან: სოფი, მაგა, მარიტა და მოლი ბლუმი.

ეს პროექტი რომ არა, ორ წიგნზე ანოტაციის დაწერას, ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გადავდებდი: "პლატფორმას" და "პიანისტ ქალს" ვგულისხმობ. ორივე რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და მათ შესახებ აქამდე არ დამიწერია – სულ მეგონა, რომ სათანადო სათქმელს თავს ვერ მოვუყრიდი. ხუთივე წიგნი, რომლებზეც დავწერე, გზაში მაქვს წაკითხული. კონკურსის მიმდინარეობის დროს მხოლოდ კუნდერას წიგნი წავიკითხე, არადა ორი წელია, თაროზე შემოდებული მოთმინებით ელოდა თავის რიგს. ახლა ვნანობ, აქამდე რომ არ გავეცანი – ძალიან მომეწონა. 

კიდევ მიხარია, რომ ახალი ნაცნობები მყავს და კარგი ბლოგებიც აღმოვაჩინე. დიდი მადლობა "სანტა–ესპერანსას" და ყველას, ვინც თვალს ადევნებდა ჩემს პოსტებს და მგულშემატკივრობდა :) ახლა ამ ხუთ ანოტაციას ჩემს "გზაში წაკითხულ წიგნებს" მივამატებ; ახალი ანოტაციების ნახვასაც სწორედ ამ ბლოგზე შეძლებთ.

Sunday, October 20, 2013

შეუცნობელი

წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" პროექტი "ანოტაცია"
მეხუთე კვირა



















ჩეხ მწერალს, მილან კუნდერას, ქართველ მკითხველთან წარდგენა ალბათ არ სჭირდება თუნდაც იმ ერთი, სავიზიტო ბარათის მსგავსი რომანის გამო, რომელსაც "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე" ჰქვია. 1975 წლიდან საფრანგეთში ემიგრირებული მწერლის წიგნებში ავტორის პირადი ცხოვრების ტკივილი თითქმის არასდროს იმალება. ასეთი ტკივილისა და სათქმელის წიგნია "შეუცნობელიც", რომელიც კუნდერას ერთ–ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანში კუნდერა ემიგრაციისა და პოლიტიკურ თემებს ეხება. წიგნი 2000 წელს გამოქვეყნდა, ქართულ ენაზე კი გამომცემლობა "დიოგენემ" დაბეჭდა.

"შეუცნობელის" მთავარი გმირები 1968 წელს, საბჭოთა ჯარის მიერ ჩეხოსლოვაკიის ექსპანსიის გამო სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები – ირენა და იოზეფი არიან. კუნდერა გმირების დახასიათებისას, ჩვეულებისამებრ, მენტალურ პროცესებს მიჰყვება, მათ გრძნობებსა და ქმედებებს ფსიქოლოგის თვალით აკვირდება და ხსნის. ეს არის წიგნი ჰომეროსის ოდისევსისეულ (რომელსაც ავტორი არაერთხელ ახსენებს წიგნში) "დიდ დაბრუნებაზე", ანუ სიცოცხლის დასასრულთან შერიგებაზე. სურთ კი კუნდერას გმირებს ეს შერიგება? იქნებ ემიგრანტული თავგადასავლის უსასრულობა ურჩევნიათ?

წიგნი იწყება ჩეხი ემიგრანტის, ირენასა და მისი ფრანგი მეგობრის, სილვის, დიალოგით. მას შემდეგ, რაც ემიგრანტის სამშობლო ოცწლიანი ტირანიისგან გათავისუფლდა, მიმღები ქვეყანა უხერხულად იშმუშნება შეფარებულის მოსაცილებლად. მიმღები ქვეყნის სახეა სილვი, რომელიც ირენას წინ ბილბორდად იქცევა და მას "დიდი დაბრუნების" აუცილებლობას აუწყებს. გაცილებით რბილი ფორმა აქვს ირენას საყვარლის, გუსტავის, მოთხოვნას დაბრუნების შესახებ. გუსტავს მიაჩნია, რომ საყვარელ ქალს სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარება სჭირდება და ცდილობს, გზის გამკვალავი თვითონ იყოს. არავინ სვამს კითხვას, რა ურჩევნია ირენას. უარყოფით პასუხს აქ არ განიხილავენ. ორივე მხარე,  მშობლიურიცა და მფარველიც, არ სცნობს ემიგრანტის ცხოვრების ოც წელს. ისინი მოითხოვენ ამ წლების წაშლასა და წარსულის მომავალთან მიკერებას "ისე, თითქოს მკლავს კვეთენ და მტევანს პირდაპირ იდაყვზე ამაგრებენ; ისე, თითქოს წვივს კვეთენ და ტერფს პირდაპირ მუხლზე უბამენ". 

იოზეფი სამშობლოში დაქვრივების შემდეგ, დანიიდან ბრუნდება. მისი გრძნობები ძალიან ჰგავს ირენას გრძნობებს. მათ ემიგრანტობის ერთნაირი გზა გაიარეს – მსგავსი სიზმრები, შიშები თუ იმედები ჰქონდათ. ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთს ავსებს, როგორც ვაშლის ორი ნაწილი.

წიგნში რამდენიმე ძალიან შთამბეჭდავი სცენაა, მათ შორის – ირენასა და იოზეფის  შეხვედრები ახლობლებთან. სცენები დამოუკიდებლად ვითარდება, მაგრამ ბევრი საერთო აქვთ. ირენას შესახვედრად რესტორანში შეკრებილი მეგობრები მხოლოდ ოცი წლის წინანდელ ირენას ხედავენ, იმდროინდელს, როცა სუფრაზე ჩადგმული ფრანგული ღვინო მათ შორის საზღვარს არ ავლებდა. ამიტომაც არაფერს ეკითხებიან ემიგრაციაში გატარებულ წლებზე. ირენას ტანჯვა ითაკეში დაბრუნებული ოდისევსის ტანჯვას ჰგავს, რომელიც ამაოდ ელოდა თხოვნას: "მოგვიყევი!.."

ირენას მსგავსად, ძმასთან მისულ იოზეფსაც არაფერს ეკითხებიან განვლილი წლების შესახებ. კითხვები მხოლოდ სამშობლოში გატარებულ წარსულსა და გასატარებელ მომავალს ეხება. ძმის ოჯახს ეშინია, რომ იოზეფი ბინის კუთვნილ წილს ან რაიმე ნივთს მოითხოვს, რაც აუტანლად ცივს ხდის შეხვედრას. იოზეფი ახლაც ისეთივე შორეული და არასასურველია უახლოესი ნათესავებისთვის, როგორც წასვლის წინ.

ეს წიგნი, პირველ რიგში, ალბათ იმ ემიგრანტებისთვისაა, რომლებსაც სამშობლოსთან დაკავშირებით ირენასა და იოზეფის მსგავსი იმედები აქვთ. გზავნილი, რომელსაც ავტორი ტოვებს, იმედგაცრუებისგან დაიცავს შინდაბრუნებულებს: "ვისაც უგულოდ ემშვიდობებიან, დაბრუნებისას ბევრს არაფერს უნდა ელოდეს". შინ დარჩენილებს კი იქნებ ემიგრანტებისთვის ნანატრი კითხვა დაასმევინოს: "მოგვიყევი!"

Sunday, October 13, 2013

პიანისტი ქალი

წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" პროექტი "ანოტაცია"
მეოთხე კვირა


ავსტრიელი ელფრიდე იელინეკისთვის ნობელის პრემიის გადაცემას (2004 წელი) მის სამშობლოშიც არ ელოდნენ. იელინეკი რადიკალიზმით გამოირჩევა, არ დაგიდევთ საზოგადოების შეხედულებებსა და ნორმებს; თავის წიგნებში გაბედულად ანგრევს ყველაფერს, რაც არასწორად მიაჩნია და, სიმართლე ვთქვათ, არასწორიც არის. გაკრიტიკებული საზოგადოებაც არ რჩება ვალში და იელინეკს მოიხსენიებენ, როგორც "ნიჰილისტურად განწყობილ ნევროტიკ ქალს", ექსტრემისტსა და ა.შ. სამშობლოში "საკუთარი ბუდის დამბინძურებელიც" კი უწოდეს. იელინეკის ორივე წიგნმა, რომლებიც ქართულ ენაზე წავიკითხე, ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და, ვფიქრობ, არც სხვა მკითხველები დარჩებოდნენ გულგრილნი. ამჯერად "საყვარლებს" თაროზე დავტოვებ და "პიანისტ ქალზე" გიამბობთ, რომელიც გამომცემლობა "ინტელექტის" ნობელის პრემიის ლაურეატების სერიის ფარგლებშია გამოცემული.

წიგნების კითხვისას ხშირად არ მიჩნდება სურვილი, უფრო ახლოს გავეცნო მწერლის პიროვნებას – მოვძებნო მისი ბიოგრაფია ან ინტერვიუები. იელინეკი იმ მწერლებს შორის არის, ვინც ეს სურვილი გამიჩინეს. "პიანისტი ქალიდან" გამომდინარე მნიშვნელოვნად მიმაჩნია შტრიხები მწერლის ბიოგრაფიიდან: 1946 წელს დაბადებული იელინეკი ერთხანს სამონასტრო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ვენის კონსერვატორიის სკოლაში, ბოლოს – ვენის კონსერვატორიაში. არასდროს ჰქონია კარგი ურთიერთობა დედასთან. ერთ-ერთი ინტერვიუში იელინეკი ამბობს, რომ დედას მასზე აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა და ელფრიდესთვის წერა თავშესაფარი იყო. დედა–შვილის დაძაბული ურთიერთობაა აღწერილი "პიანისტ ქალშიც".

ოცდაათი წლის ერიკა კოხუტი (როგორც დედა უწოდებს, "პატარა, ქარივით გოგო") ვენის კონსერვატორიის მუსიკის მასწავლებელია. ერიკას დაბადებას სახლიდან ერთადერთი მამაკაცის გაქრობა მოჰყვა – მამისთვის ადგილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოინახა. ყოველდღიურად შინ დაბრუნებულ ერიკას კართან ინკვიზიტორი დედა უცდის. ერიკას დაკითხვას უწყობენ – მისი ყველა ნაბიჯი და ფიქრი აღრიცხულია ისევე, როგორც ერიკას ჩანთის შიგთავსი. დაუშვებელია ოცნების ჩანთაში მაინც დამალვა. ერიკა მშობლის ხელში (ისევე, როგორც მოგვიანებით მის ცხოვრებაში გამოჩენილი მამაკაცისთვის) ინსტრუმენტია, რომელზეც დედა სასურველ ნაწარმოებს სასურველ ტონალობაში უკრავს.

ერიკა "თავისუფალი" მხოლოდ საკუთარ ოთახშია, რომელსაც არ აქვს საკეტი – "ბავშვს საიდუმლოებები არ უნდა ჰქონდეს". მისი თავისუფლება ტანსაცმლის კარადაში საკიდებზეა შეკიდული: კაბებს, რომელთა ჩაცმის ნებას დედა არასდროს მისცემს, ერიკა კარადაში აგროვებს. მისთვის მთავარია, რომ ამ კაბების მფლობელია და საღამოობით მათი მოზომება და საკუთარ სხეულში ქალის ამოცნობაც შეუძლია.

ერიკას სექსუალური ცხოვრება მხოლოდ "პიპ-შოუზე" დასწრებით შემოიფარგლება, სადაც იგი (ცხადია, დედისგან მალულად) ლამაზი სხეულის მქონე, ვნებიანი ქალების სათვალთვალოდ რეგულარულად დადის. ერიკას არ გააჩნია შეხების მოთხოვნილება (ისევე, როგორც საშუალება) და მხედველობით მგრძნობელობას სჯერდება; მისთვის საკმარისია დანახვა და ნაკლებმნიშვნელოვანი – შეხება; უფრო მეტიც, ერიკა ვერ აღიქვამს შეხებას. 

ერიკას ცხოვრება ალბათ არც არასდროს შეიცვლებოდა, რომ არა ვალტერ კლემერი – მისი ახალგაზრდა და ბეჯითი მოსწავლე. ვალტერს სურს, ერიკას სიყვარული მოიპოვოს და "ეს უფორმო გვამი", რომლის გამოსწორება ჯერაც შესაძლებელია, სიცოცხლისაკენ შემოაბრუნოს. ვალტერი, რომელიც ჯომარდობით არის გატაცებული და სტიქიას იმორჩილებს, იმედოვნებს, რომ ერიკა კოხუტსაც დაიმორჩილებს. კლემერს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ მხოლოდ მასწავლებლის დაუფლება აქვს მიზნად დასახული. მან ჯერ არაფერი იცის მასწავლებელში ჩასახლებულ დედაზე. ჯერ წინ არის დღე, როცა ძალადობის შედეგად დამორჩილებული ერიკა გვერდით ოთახში გამოკეტილი დედისკენ, ყველაზე მყუდრო წიაღისკენ, გაიწევს; დედისკენ, რომელსაც მხოლოდ ის ადარდებს, რომ მისი საკუთრების დამორჩილება სხვამაც შეძლო. 

თავის მხრივ, კლემერი ერიკასთვის ცხოვრების საშინელი გამოწვევაა. ერიკასთვის არასდროს ყოფილა მამაკაცი ცხოვრების გამოწვევა. მის დაბნეულობასა და საკუთარ თავთან ბრძოლას საოცარი ნატურალიზმით გადმოგვცემს იელინეკი: ბალზაკის ასაკში მყოფი ერიკას განცდებს ენაცვლება მისი ბავშვობის სურათები და შეგრძნებები. ამ ფონზე კარგად ჩანს აღზრდის ნაკლოვანებები თუ სოციალური პრობლემები.

აღზრდის მსგავსი მეთოდების და მათ შედეგად მიღებული ქალი–ინსტრუმენტების ნახვა არც ჩვენს ირგვლივ წარმოადგენს იშვიათობას. ამიტომ, ვფიქრობ, ქართველი მკითხველი მძაფრად აღიქვამს იელინეკის გმირების ცხოვრებას. იელინეკი, "პიპ–შოუს" კაბინაში შეკეტილი ერიკა კოხუტის მსგავსად, თავისი საწერი მაგიდიდან ათვალიერებს საზოგადოებას, დასცქერის სოციუმის ჭრილობებს და გულუხვად აყრის ზედ მარილს. მისი პირდაპირობა და უზომო გულწრფელობა ალბათ სწორი "არჩევანია" – მხოლოდ გულისრევამდე მისულმა მკითხველმა შეიძლება თქვას, რომ ასე არ შეიძლება, რომ თვითონ ასეთი არ იქნება.

Sunday, October 6, 2013

პლატფორმა


წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" პროექტი "ანოტაცია"
მესამე კვირა



















2001 წელს მიშელ უელბეკმა რომან "პლატფორმის" სახით მკითხველებს თავისი პლატფორმა წარუდგინა და სკანდალიც მაშინვე აგორდა. მიუხედავად იმისა, რომ რომანის პირველი პუბლიკაციიდან ათ წელზე მეტია გასული,  წიგნი აქტუალურობას და პოპულარობას არ კარგავს. რომანი ქართულ ენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერიის, "მსოფლიო კლასიკის", ფარგლებში გამოიცა. მთარგმნელი ირმა ტაველიძეა.

შეიძლება ითქვას, "პლატფორმა" თანამედროვე სამყაროს სარკედ იქცა. ის ალბათ ერთ–ერთი ყველაზე რეალისტური რომანია, რომელიც ჩვენს ცივილიზაციას ასახავს. მე ვერ ვიტყოდი, რომ წიგნის სკანდალური იმიჯი მასში ჭარბად არსებულმა სექსუალურმა სცენებმა განაპირობა. რატომღაც მგონია, პურიტან მკითხველსაც არ შეაწუხებს წიგნის ეს მონაკვეთები, რადგან ისინი ძირითადი სათქმელის და სინამდვილის აღქმაში გვეხმარება.

კითხვის დასაწყისში მიღებული შოკი მალევე იცვლება სიუჟეტის განვითარებისადმი უზომო ინტერესით და კითხვას გულდამძიმებული და ფიქრით სავსე ამთავრებ. საფიქრალი კი არაერთი მიმართულებით ჩნდება: იქნება ეს თანამედროვე ადამიანის მარტოსულობა, ბიზნესი და თამაშის წესები, კულტურა და მისი კომერციალიზაცია, პირადი ურთიერთობები, რელიგია, რასიზმი თუ, უბრალოდ, ცხოვრების არსი. უელბეკი თანამედროვე ცივილიზაციას სარჩულის მხრიდან გვაჩვენებს და ამბობს: "ჩვენ ის სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ". ამ სისტემას "მსოფლიოს სხვა ნაწილში"გაურბის რომანის მთავარი გმირიც.

მიშელი 40 წლის მარტოსული მამაკაცია, "ზომიერი სოციალიზმის" ქვეყნიდან. აქვს არაფრით გამორჩეული ცხოვრება, შეიძლება ითქვას, უღიმღამოც. მისი გაცნობა მამისეულ სახლში გვიწევს – მამის სიკვდილის შემდეგ მიშელი საკმაო მემკვიდრეობის პატრონი ხდება და რამდენიმე დღეში ტურისტული საგზურით ტაილანდში მიემგზავრება. მისი უღიმღამო ცხოვრებაც სწორედ ტაილანდში იცვლება. 

"შეიძლება სამყაროში ისე იცხოვრო, რომ მისი საერთოდ არ გესმოდეს, უბრალოდ, საკვების, ალერსისა და სიყვარულის მოპოვებას უნდა ახერხებდე" – მიშელს უმართლებს – სამივეს მოიპოვებს, თუმცა დროებით. რომანის მეორე მთავარ (და ჩემ ფავორიტ) გმირს, ვალერის, მიშელი ტურისტული მოგზაურობისას ხვდება და სწორედ მისი დამსახურებით ამოუბრუნდება აწმყო. "მხოლოდ რამდენიმე თვე ვიცხოვრე", – ამბობს მიშელი ვალერისთან გატარებულ ერთობლივ პერიოდზე და ამატებს, რომ ესაც კარგია, რადგან ამის თქმა ყველას არ შეუძლია. ბედნიერების მოულოდნელად დასრულება სიცოცხლის სურვილს აქრობს; რაც, თავის მხრივ, საკმარისი არ ყოფილა იმისთვის, რომ სიკვდილის სურვილი გაჩნდეს. რჩება მხოლოდ მოვაჭრეებთან ურთიერთობა და მიშელი ისევ ტაილანდს უბრუნდება, სადაც ცხოვრების თავიდან დაწყება კი არა, ასატან პირობებში დასრულება სურს; თუმცა მიდის დარწმუნებული, რომ "ბოლომდე ევროპის შვილად –  შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად" დარჩება. 

ერთ–ერთი თემა, რომელზეც ავტორი მთავარი გმირის პირადი ტრაგედიის ფონზე საუბრობს, რელიგიაა. უელბეკი არ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ, რაც პრობლემადაც ექცა – მას საფრანგეთის დატოვება და ესპანეთში გადაბარგება მოუხდა. 2002 წელს "პლატფორმა" დაჯილდოვდა პარიზის კინოფესტივალის პრიზით "კინორომანი".  ამ პრიზით ის საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები აღინიშნება, რომელთა ეკრანიზაციაც რეკომენდირებულია. ფილმი ჯერაც არავის გადაუღია, თუმცა "პლატფორმა" ესპანური თეატრის სცენაზე უკვე დაიდგა.

და ბოლოს, რომანში წამოწეული თემების სიუხვის მიუხედავად, რომლებზეც ავტორი ჩვეული პირდაპირობით და ცინიზმით მიგვითითებს, მაინც ვიტყოდი, რომ ეს წიგნი სიყვარულზეა და იმაზე, რომ ასეთ გაუსაძლის თანამედროვე სამყაროში ჯერაც არსებობს ის. 



Thursday, September 26, 2013

"SMS" გიო მგელაძისაგან


წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" პროექტი "ანოტაცია"
მეორე კვირა


გიო მგელაძის შესახებ პირველად გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში შევიტყვე, როდესაც მისი ფილმი "არა, მეგობარო" ვნახე. პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ჩაბნელებულ წლებში, თინეიჯერი მესთვის ის განსხვავებული და საინტერესო ადამიანი ჩანდა. გასულ წელს, გიო მგელაძის სადებიუტო კრებულის გამოცემის გამო, ისევ გამიჩნდა მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართულ პროზას თითქმის არ ვეცნობი, ამ ნოველების წაკითხვა გადავწყვიტე. კრებული გამომცემლობა "საუნჯემ" დასტამბა; სახელწოდებაც ისეთი აქვს, რომ მოგინდება "გახსნა" და ავტორის გზავნილს გაეცნო. წიგნში შესულია 29 ნოველა და 2 პიესა.

ვიდრე კრებულის შესახებ შთაბეჭდილებას მივუბრუნდები, ცოტა რამ გიო მგელაძის შესახებ: დაიბადა 1969 წელს, პროფესიით კინოოპერატორია, გადაღებული აქვს 6 ფილმი, არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და დამდგმელი ოპერატორი, მიღებული აქვს არაერთი კინოფესტივალის პრიზი, თავადაც მონაწილეობს ფილმებში. მოკლედ, კინოს ადამიანია და ეს მის ლიტერატურაზეც აისახა.

პირველი, რასაც მკითხველი წიგნის გადაშლისას ხედავს, ავტორის უსახო ფოტოა, მორიგ გვერდზე კი მისივე წინასიტყვაობის მაგიერი – პირადი გზავნილი თითოეულ მკითხველთან. მასში გიო მგელაძე ჩიტის ამბავს ყვება, რომელიც მისი ერთ–ერთი ფილმის პირველი მაყურებელი ყოფილა. გზავნილის დახმარებით ავტორთან საერთო შტრიხი ვიპოვე – ჩიტები ჩემს ცხოვრებაშიც საინტერესოდ ჩნდებიან ხოლმე. ამ წიგნში კი ისინი არაერთხელ აფრინდებიან მისტიკური ირაოს შესაკვრელად.

"გაპიკოება" კრებულის პირველი და ერთ–ერთი დასამახსოვრებელი მოთხრობაა 15 წლის ლილიზე, რომლის თვალებიც პროექტორად არის ქცეული. ლილი ნებისმიერ ზედაპირზე "უშვებს" კინოს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცის, პიკოს, მონაწილეობით. სხვა მოთხრობებში ცოცხლდება ოთხმოცდაათიანი და მომდევნო წლების თბილისი, აფხაზეთის ომის ფონზე გამკვეთრებული სახეები და ისტორიები; აქ არის ამბები ცარცის გოგოზე, ჩვეულებრივ მუსიკოსზე, რომელსაც ჩიტები უწერდნენ მუსიკას, დუელში მოკლულ ბაბუაზე, თბილისელ გოგოებსა და მათებურ "ლავ სთორიზე", სასიყვარულო სამკუთხედებსა თუ შვილისგან მოსმენილი სლენგით შეძრულ მამაზე.

წიგნის ყდაზე აღნიშვნაა: +16. ტექსტი საკმაოდ ბევრ სექსუალურ სცენასა და სკაბრეზს შეიცავს. წიგნში არც გამართული ლიტერატურული ქართული დაგხვდებათ. თუმცა სინამდვილის შეგრძნებას, რაც მკითხველს რჩება, სწორედ ეს ენა და გამოთქმის თავისუფლება ამყარებს – გიო მგელაძე ისე წერს, როგორც ჩვენ ირგვლივ ადამიანების დიდი ნაწილი ლაპარაკობს (მათ შორის ალბათ თვითონაც, რადგან ძალიან ბუნებრივია მისი თხრობა და დიალოგები). საერთოდ კი, ალბათ ეს არის წიგნი, რომლის მთავარი მოქმედი გმირი ავტორია. უბრალოდ, ასე მჯერა, რადგან მოთხრობები სიყალბისაგან დაცლილია; იმდენად, რომ კითხვისას გგონია, ეს ისტორიები შენ გვერდით ან შენი მონაწილეობით ვითარდებოდა. ამ ფონზე კი თითქოს წარმოუდგენელიცაა, ეს ყველაფერი ავტორს თავს არ გადახდენოდა, ვიდრე საპროექციო ეკრანზე გასაშვებად შეულამაზებლად მოგიტანდა.



განწყობისათვის: Emotions

Saturday, September 21, 2013

სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები


წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსას" პროექტი "ანოტაცია"
პირველი კვირა


"სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები" ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის, იმ ესეების კრებულია, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ორ წიგნად გამოიცა. იმ პერიოდისთვის უელბეკი ჯერაც არ არის ის მწერალი, ვისთანაც სიტყვა სკანდალს აკავშირებენ; შორია 2010 წლამდეც, როცა გონკურის პრემიის მიღების შემდეგ მას "ჩვენი სამყაროს მთავარ მოწმეს" უწოდებენ; თუმცა მისთვის  დამახასიათებელი დამთრგუნველი პირდაპირობა ამ ტექსტებშიც სახეზეა. გამოქვეყნებიდან თითქმის ორი ათეული წლის გასვლის მიუხედავად  კითხვისას არ ფიქრობთ, რომ ესეებში წარმოდგენილი თემები მოძველდა და წარსულს ჩაბარდა.

ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ესემ, რომელსაც "სიცოცხლის გაგრძელება: სახელმძღვანელო" ეწოდება. ესე ოთხნაწილიანია. ამ ტექსტით ყველაზე მეტად ალბათ ის მკითხველი დაინტერესდება, ვინც თავადაც წერს, ან სურს, გაერკვეს პოეტის რაობაში. უელბეკის ტონი შეუვალია, მკაცრი. თითოეული აბზაცის დასაწყისში იქნებ გონგის ხმაც კი ჩაგესმათ. შეიძლება ითქვას, ეს სახელმძღვანელო ციტატებისგან შედგება.

თავიდან ტანჯვაა – ყველაფერი ტანჯვით ევლინება ქვეყანას. ყოველივე, რაც სამყაროს შეადგენს – საგანი თუ სულიერი – მხოლოდ კივილის ხმას გამოსცემს. ადამიანი? სწორედ ადამიანს ეხება პირველი ტექსტი. "სამყარო ყველა მიმართულებით გაშლილი ტანჯვის ველია", წერს უელბეკი. ყველაფერი რაც დაბადებას აპირებს, იტანჯება და დაბადების შემდეგ, ცნობიერების გარკვეული დონის მიღწევისთანავე, თავზე წისქვილის ქვის ტრიალიც იწყება. ყველანაირი ტანჯვა ნაბიჯია პოეტად ქცევის გზაზე. ესეს კითხვის დროს ხვდები, რომ ის ავტორის განცდებისა და გამოცდილების დაწურვის შედეგია და გჯერა მისი სიტყვების, მით უმეტეს, რომ რაღაც მსგავსი შენც გამოგივლია. უელბეკი ტკივილსა და სიძნელეებში გასაგნებ გზებს გვაჩვენებს.

მას შემდეგ, რაც პოეტობის გზაზე შედგებით, იწყება დანაწევრებული მეტყველების ხანა. საჭირო ხდება ტანჯვის გამოხატვა, რასაც მკაფიოდ გამოკვეთილი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს. თუ ვერ მოახერხებთ ამას, ტკივილი შიგნიდან დაგხრავთ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა ამოთქვათ სიტყვები. რჩევები ამ ტექსტიდან პოეტს ფორმის ძიების გზაზე გამოადგება. ფორმის ძიებას და პოვნას კი ცოცხალი პოეტი სჭირდება.

რაკი დანაწევრებული სიტყვები ამოთქვით, ახლა გადარჩენის დროა, რაც ამ სამყაროში უკიდურესად ძნელია. თუმცა ცდად ღირს, რადგან ხანდაზმულობის დროს განვითარებული ფიზიკური და ფსიქიკური პროცესები ღირებულის შექმნას შეგაძლებინებთ. ესეს მეოთხე ნაწილში კი არის რჩევები მათთვის, ვინც გადარჩა: ისინი ყველაზე მტკივნეულ ადგილას მიღებული დარტყმის ატანაში დაგეხმარებათ.

კრებულში შესულ დანარჩენ ტექსტებში გაეცნობით უელბეკის ხედვას ყველა იმ საკითხსა და პრობლემაზე, რომლითაც გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ევროპული საზოგადოება ხასიათდებოდა. ეს არის ევროპელი ადამიანის პორტრეტი "მკვდარ დროში", უფრო დაწვრილებით: ევროპელი და პორნოგრაფია, პენსიონერი ევროპელი, ევროპელი დღესასწაულზე და ა.შ. ავტორი ეხება ისეთ თემებსაც, როგორიცაა კლონირება, არქიტექტურა, კინოხელოვნება, რეკლამა, ინფორმატიკა, ლიტერატურა და სხვ. ტექსტში, რომელსაც "სამყარო, როგორც სუპერმარკეტი და დაცინვა" ეწოდება, უელბეკი ნების ნაკლებობაზე წერს, რასაც ინდივიდუალობის ნაკლებობა მოსდევს. ამ საკითხმა ასორინის წიგნი "ნება" გამახსენა, რომელიც ბევრად ადრინდელ ევროპულ საზოგადოებაში არსებულ იგივე პრობლემას ეხება. როგორც ჩანს, დრომ ამ მხრივ არაფერი შეცვალა. ესეებში ჩამოყალიბებული ხედვა მომდევნო წლებში გამოცემულ, უელბეკის გახმაურებულ რომანებში ვრცლად არის გაშლილი.

თუ უელბეკი მოგწონთ და ჩემსავით ინტერესდებით მისი ახალი ქართულენოვანი გამოცემებით, ან ახლა იწყებთ მის გაცნობას, გეტყვით, რომ "სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები" უახლესი თარგმანია, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შემოგვთავაზა. თარგმანი უელბეკის ერთ–ერთ საუკეთესო მთარგმნელს, ირმა ტაველიძეს, ეკუთვნის. დიდი ალბათობით, ამ მომცრო წიგნის გვერდებზე საკუთარ (ევროპელ) თავსა და თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ამოიცნობთ.

Monday, September 16, 2013

ანოტაცია

დღეიდან 5 კვირის მანძილზე ჩემი ბლოგი წიგნების მაღაზია "სანტა ესპერანსას" მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნების შესახებ შთაბეჭდილებებს "გზაში წაკითხულ წიგნებში" ვაგროვებ, გადავწყვიტე კონკურსში ამ ბლოგით მივიღო მონაწილეობა. პროექტს გვერდი ვერ ავუარე, – ანოტაციებს მაინც ვწერ და ვნახოთ, იქნებ ამ საქმემ წარმატებაც მომიტანოს. ამ კონკურსში წარმატების ერთ–ერთი კრიტერიუმი კი პოსტების პოპულარობაა. მოკლედ, ვნახოთ.

Monday, September 9, 2013

კალათაში დამატებულები

ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით პრაგმატული ვარ ხოლმე. სიახლეები ყოველთვის მაინტერესებს და აღმაფრთოვანებს კიდეც, მაგრამ მხოლოდ იმას ვყიდულობ, რაც მჭირდება, ისიც შემოსავლის გათვალისწინებით. ჰოდა, რა მჭირდება ახლა:
ბოლო წელია, სულ მივაგდე ფოტოგრაფია. იმდენ რამეს ვამჩნევ, მაგრამ ვერ ვიღებ. ჩემი კამერა უკვე ძალიან მოხუცდა და იმ ძველებურ სატვირთოებს მახსენებს, წინ რომ ჰქონდათ ხელით დასატრიალებელი საქოქი. ზოგადად, ხათრს ვერ მიტეხავს და ცდილობს, მაგრამ რასაც ჰქვია "წამის დაჭერა", ეგ არ გამოსდის – მოულოდნელი კადრის გადაღების ბედნიერება აღარ მაქვს. ჰოდა, მინდა ახალი კამერა. მაგრამ: მინდა კარგი კამერა, რომელიც სულ თან მექნება. მინიმუმ ნახევარკილოგრამიანი კამერა კი სულ თან ვერ მექნება. ამიტომ არ ვიცი, რა ვქნა. ჯერჯერობით ვათვალიერებ საიტებზე მონაცემებს და ვფიქრობ. მივიღებ რჩევებსაც.
კიდევ მინდა ქინდლი. განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩემს წიგნების კარადას ღამის 12 საათზე ფეხი მოსტყდა; მანამდე კი, მთელი საღამო ისეთ იდუმალ ხმას გამოსცემდა, რომ წამიერად "დამავოის" შემოსახლებაზეც დავფიქრდი. კარადის ფეხის გამაგრების და ახალი თაროს შეკვეთის შემდეგ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ქინდლი მსგავსი პრობლემისგანაც გამათავისუფლებს. აქამდე ისე ხდებოდა, რომ იოლად გავდიოდი მის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მის ყიდვას მაქსიმალურად ვურჩევდი. უფრო ის ფაქტი მაფერხებდა, რომ ქართულ ენაზე ელექტრონულად ცოტა წიგნი მოიპოვებოდა. ქინდლთან დიდი მოთხოვნები არ მაქვს, კამერაზე მოვიფიქრებ და, იმედია, ახალი წლისთვის ორივე მექნება.

Sunday, August 25, 2013

Cats in love

ჩემს ეზოში ცხოვრობენ შეყვარებული კატები. აი ასეთი შეყვარებული კატების წყვილი მეორე არ მინახავს. სულ ერთად დადიან, გვერდიგვერდ წვანან ან სხედან და ამ დროს კუდებით ეფერებიან ერთმანეთს. სულ გადახვეული აქვთ კუდები :)
ეს სახელდახელო ვიდეო დასტურად და ცოტა პოზიტივისთვის:  



პ.ს. ვისთვისაც უბნებში მოსიარულე მემაწვნეები წარსულში დარჩნენ,  – ისინი ისევ  არსებობენ :)

Wednesday, August 14, 2013

* * *

ძალიან ბევრს ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდნენ – ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერი გზით და ვადით. ყველა მათგანი ტოვებს კვალს და შეიძლება ითქვას, საბოლოო ჯამში, მაშენებს. არიან ადამიანები, რომლებსაც ტალახიანი ხელები და ფეხსაცმელები აქვთ; უფრო უარესი – ნგრევა აბედნიერებთ. მაგრამ რომ არა ისინი, შეიძლება მთელი სიკაშკაშით ვერ შემემჩნია ადამიანები-სინათლის წყაროები. მე უბრალოდ მიხარია და მადლობელი ვარ – არ ვიცი რა ძალის, რომელმაც ამ სინათლის წყაროებს შემახვედრა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამხელა ფართს ანათებს – მთავარია, რომ ანათებენ, სიბნელის შიშს კლავენ და გზის გაგრძელების ძალა მოაქვთ.
უბრალოდ, მომინდა, მადლობა მეთქვა და სიყვარული გამომეხატა; იმის მიუხედავად, წაიკითხავენ თუ არა (და შეესაბამება თუ არა მათი სინათლე) ამ სიტყვებს.

Monday, July 8, 2013

* * *

დედას ეხერხებოდა კერვა და არასდროს უთქვამს უარი, თუკი რაიმე მჭირდებოდა. თავისთვისაც იკერავდა ან გადააკეთებდა ხოლმე რამეს. ჩვენი მძიმე და ორნამენტებიანი საკერავი მანქანის გადმოდგმა ყოველთვის რიტუალს ჰგავდა. გადმოდგმა იმიტომ, რომ თავისი მაგიდა არ აქვს. კერვა სპონტანური პროცესი არასდროს ყოფილა, ამისთვის საჭირო იყო დროის გამოყოფა. ჰოდა, მეტყოდა დედა – ხვალ, ან დასვენების დღეს, ან ამ საღამოს გავაკეთოთ. მეც ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო, ბავშვობიდანვე. მაგრამ დამოუკიდებლად არასდროს შემიკერავს მანქანით. ასე ვთქვათ, ჩემი ცოდნა თეორიით შემოიფარგლებოდა,  პრაქტიკით – თითქმის არა. ორი წლის წინ, როცა დედა რაღაცას კერავდა, ვთხოვე კარგად აეხსნა, ძაფის ჩადგმა როგორ ხდებოდა. მერე მაგიდაზე დადებულ ფოტოაპარატს გავხედე და ჩავწერ–მეთქი. ვიდეოგაკვეთილების იდეა ძალიან მოეწონა, ჩავწეროთო. სამი პატარა ვიდეო დამრჩა. ამ ვიდეოებში მხოლოდ მისი თითები ჩანს და კალთა. მთელი წელია მინდა ვნახო ეს კადრები, მაგრამ ვერ. გული მეკუმშება. ჰოდა ახლა გავხსენი. ოღონდ ხმა არ ჩამირთავს. ხმა მომკლავს.
ვუყურებ მის თითებს და სათითაო ღარი, ფრჩხილების მოყვანილობა ცოცხლად მიდგას თვალწინ. თმაზე ხელის გადასმის შეგრძნებაც.

დღეს ერთი წელი გახდა, რაც დედა წავიდა. აქამდე მქონდა გრძნობა, რომ ეს დროებითი იყო. ასე მგონია, დღევანდელმა დღემ სახეში გამარტყა – რომ  ტყუილად არის მისი ნივთები ისე, როგორც დარჩა. და ასე მგონია, ძალიან გრძელი და უსასრულოა ცხოვრება, რომელიც შეიძლება მქონდეს. იმდენად, რომ წინასწარ გული მიწუხს. არ ვარ გამოცდილი მოგზაური. საერთოდ არ მინდოდა გამგზავრება.

Sunday, June 23, 2013

* * *

უცნაური დღე იყო. ჩიტები დამტრიალებდნენ  თავს. ვიყავი ჩვენს ეზოში მარტო. ორჯერ ბეღურის მსგავსი ჩიტი შემოფრინდა აივანზე  წივილით და შურდულივით ჩამიქროლა, მერე ბაღში კაჭკაჭი ჩამომიჯდა ორიოდე მეტრში უშიშრად, ისიც ჭყიოდა და შემომცქეროდა. მთელი დღე მქონდა შეგრძნება, რომ გვერდით ვიღაც მედგა. ასეთი არაფერი მიგრძვნია ადრე. არ მინდა ბანალური ვიყო, მაგრამ  სერიოზულად, უცნაური დღე იყო.
ბოლო დღეებია, მშობლები მესიზმრებიან და ამ მხრივ ბედნიერი ვარ – მონატრება მიმსუბუქდება. ივლისი მოდის. მასთან ერთად ყველაფერი, თავიდან. მათი თვეა.

Thursday, June 20, 2013

ხეები

ხეები მოდური გახდა.
შეიძლება ითქვას, დღეს ქართველები ხეებისკენ თურქებმა მიახედეს. ახლა ბევრი წერს, რომ თბილისის რომელიმე უბანში ხეები უნდა დარგონ, ან სადღაც ხეს ემუქრებიან მოჭრით და ნებას არ მისცემენ, ან სკვერი ყოფილა ჩაკეტილი.
თუნდაც ერთი წლის წინ რომ გეთქვა, ამ ხეს ნუ მოჭრითო, გეტყოდნენ, რომ მოცლილი იყავი. თბილისის არაერთი სკვერის და ბაღის მწვანე საფარი შეიწირა ახალმა შენობებმა. აქა-იქ, ვირტუალურად გამოთქმული პროტესტი უშედეგო იყო.

ძალიან მიხარია ხეების გამო. მე ისევ მგონია, რომ ისინი სულიერები არიან, ჰოდა, ერთი ასეთი სულიერის შესახებ გიამბობთ:

რამდენიმე წლის წინ ერთ ქუჩაზე აკაციები იდგნენ; იმდენად მაღლები, რომ მათი კენწეროები მესამე სართულს სწვდებოდა. დაახლოებით წელიწადის ამ დროს ყვავილობდნენ, ქუჩას კი მთელი წლის მანძილზე სიმყუდროვეს მატებდნენ:

მერე:
ჯერ გადაბელეს
 
 მოგვიანებით კი, სულ მოაშთეს.

და მაინც,
ნახეთ, როგორ უნდა სიცოცხლე:

Saturday, May 25, 2013

წიგნის ფესტივალი

ბოლო დროს, ფესტივალის მოახლოების გამო წიგნების ყიდვას თავს ვარიდებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაღაზიებში შერჩეული წიგნები ფესტივალზე აღარ ვიყიდე. წელს ისეთი რაციონალური ვიყავი, როგორც არასდროს. ბოლო წლის მანძილზე არაერთი კარგი თარგმანი გამოიცა, ყველასკენ გამირბის თვალი, მაგრამ ვიყიდე ის, რომელმაც გადახედვისას მიმიზიდა და ნამდვილად წავიკითხავ. ყველაზე მეტი ნობელიანტების წიგნებთან ვიტრიალე. სამუელ ბეკეტის "გოდოს მოლოდინში" სცენაზე მაქვს ნანახი და დღეს მისი აღმოჩენა გამიხარდა. ნობელიანტების სერიიდან ქენძაბურო ოეს მოთხრობების კრებულიც ავარჩიე. კიდევ მაქვს "ბაღის მცენარეები", რომელიც თავდაპირველ ფასთან შედარებით მართლაც საკვირველი ფასდაკლებით იყიდებოდა; ასევე: კოველერტის "წასვლა" და ჰერტმანსისა და კომრეის პოეტური კრებულები. ეს უკანასკნელები ადრე წამიკითხავს და კარგად მახსენდება. ჩემი ახალი წიგნების შესახებ, რა თქმა უნდა, "გზაში წაკითხულ წიგნებში" დავწერ და მოვყვები. ერთი შეხედვით მწირი შენაძენი მაქვს, მაგრამ გული არ მწყდება. დღეს რამდენიმე კარგი ადამიანის ნახვამაც გამახარა, საჩუქარიც მივიღე და, საბოლოო ჯამში, წლევანდელი ფესტივალიდან კმაყოფილი წამოვედი.
წლევანდელ ფესტივალზე სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ამბებიც აისახა: ბანერი  პავილიონის ცენტრში იდგა, ხოლო გამომცემლობა "ინტელექტმა" გაავრცელა სპეციალური გამოცემა "როგორ წავართვათ წიგნი ავტორსა და გამომცემელს" *
სერია, რომელიც მომწონს და ველი. თუმცა დღეს არაფერი შევმატე ჩემს წიგნებს. "ძარცვის" ყიდვას ვგეგმავდი, მაგრამ რომ გადავხედე, არ მიმიზიდა. ვნახოთ, მოგვიანებით თუ ვიყიდი
სტივენ კინგის წიგნების ყიდვაც მომავლისთვის გადავდე, როცა მათი წაკითხვა მომინდება
ნობელიანტების სერია
:)
__________
* წიგნში "როგორ წავართვათ წიგნი ავტორსა და გამომცემელს" თავმოყრილია ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომლითაც გამომცემლებმა მიმართეს სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს, დაბრუნებული პასუხები, პრესაში და ელექტრონულ სივრცეში გავრცელებული ანალიტიკური  წერილები, სინქრონი სატელევიზიო გადაცემებიდან,  სოლიდარობის გამომხატველი გამოხმაურებები და სხვ. ძალიან მომეწონა პრობლემის გარშემო ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის კომპაქტურად შეკვრის და უფასოდ გავრცელების იდეა.  მკითხველისთვის ასე გაცილებით იოლია ანალიზის გაკეთება.  წიგნში აღნიშნულია, რომ მომდევნო გამოცემებში მოცემული იქნება სამართლებრივი ბრძოლის პერიპეტიები და ჟურნალისტური გამოძიებები. 

Monday, May 20, 2013

ორშაბათის კედელი

დიდი ხანია, ბლოგის ტრადიციული გამოფენა არ გამიმართავს. დღეს ორშაბათის კედელზე ნამდვილ კედელს გამოვფენ: ამას წინათ ბაბილონის შესახებ ვათვალიერებდი მასალებს და ეს დეტალიც შემომხვდა. ისე მოვიხიბლე, რომ კარგა ხანს თვალი ვერ მოვწყვიტე. ისიც კი ვიფიქრე – საშუალება რომ მქონდეს და თავად ვაპროექტებდე რამეს, აუცილებლად გამოვიყენებდი აგურის დამუშავების მსგავს მეთოდს-მეთქი.

დრაკონი ბაბილონის კედლიდან

Thursday, May 9, 2013

ბეგონია

ეს ფოტო ჩემს გრინტონიკზე ავტვირთე, მაგრამ გადავწყვიტე აქ მეტი დამეწერა, მით უმეტეს, რომ ძალიან მივივიწყე აქაურობა და ცოტას გამოვაცოცხლებ. ასეთი ბეგონია ყოველთვის გვქონდა გასულ ზამთრამდე. რამდენი არ ვცადე, მაგრამ ვერაფერი ვუშველე და ბოლოს გახმა. ჰოდა დღეს, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი რომ დავინახე, ისე გამიხარდა, მარშრუტიც კი შევიცვალე – ვიყიდე და შინ ამოვბრუნდი. საღამოსთვის ქოთანშიც გადავრგე და ახლა ოთახში შესვლისას თვალს მიხარებს:

Friday, April 19, 2013

19

მომწონს უბრალო ადამიანების მოსმენა. ისინი ყვებიან ამბებს თავიანთი წარსულიდან, ზოგს – თავმომწონედ, ზოგს – მხოლოდ შთაბეჭდილების გაზიარების მიზნით. მათი შეხედულებები პოლიტიკაზე, კარგ ადამიანობაზე ან უბრალოდ, ყოველდღიურობაზე ყოველთვის საინტერესოა, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა. ჩემთან ენაწყლიანობენ, შეიძლება იმიტომ, რომ ყურადღებით მოსმენა მახასიათებს, თავად კი ბევრს არ ვლაპარაკობ. დღეს მაგალითად, ერთი შემოსწრებული ადამიანისგან, რომელიც თურმე დღიური სამუშაოს გამო მთელ საქართველოში დადის და მეზობელ ქვეყანაშიც ყოფილა, მოვისმინე: რამდენიმე დღის წინ კახეთის აზერბაიჯანულ სოფელში როგორ რეაგირებდნენ უეცარ სეტყვაზე; რა ხდება ქუთაისში, ჩინელების ნაყიდ ქარხანაში და როგორ ელიან ჩეჩნეთში გზაზე გამოსული ქალები ავტობუსს – თურმე ისინი იცუცქებიან ჩვენებური ე.წ. ძველი ბიჭებივით. კაცები იგივეს აკეთებენ გზის გადაღმა და არასდროს ქალების გვერდით. კინო თუ ფოტოკადრივით წარმოვიდგინე. კიდევ მოვისმინე ამბები ჩემი მშობლების თაობის ადამიანებზე, მათ შორის – ნაცნობებზე, რამაც ბავშვობისდროინდელი ეპიზოდები გამახსენა.

დედას ფიკუსმა ორ კვირაში ორი ფოთოლი გამოიტანა. არ ვიცი, როგორი სისწრაფით იზრდებიან ფიკუსები ზოგადად, მაგრამ თუ ამ ფიკუსის წარსულით ვიმსჯელებ, მისთვის დიდი შედეგია. ვაშლის ნერგი, რომელიც შარშან ერთად დავრგეთ და ჯერ ერთი  მეტრიც არ არის სიმაღლეში, აყვავდა; მინდოდა ატირებული ვაზის გადაღებაც, მაგრამ კამერა დამიჯდა. ბოლო დროს სულ მცენარეებზე ვწერ, ცალკე ბლოგიც კი გავხსენი მათზე, მაგრამ სასიცოცხლო ენერგიას მაძლევენ და გვერდს ვერ ვუვლი.

დღეს დედას დაბადების დღეა. დღის მეორე ნახევარი სასაფლაოზე გავატარე. ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობის გამო თითქმის ორი თვე თავს ცუდად ვგრძნობდი – რასაც ჩავრთავდი, ყველაფრიდან ეს თარიღი მესმოდა და სევდაც მუდმივად დამდევდა. საერთოდ, აპრილმა, თავის მხრივ, სიმძიმე და იმედგაცრუება მომიტანა. შეიძლება ითქვას, ყოველდღიურობით ვცხოვრობ, არანაირი ხედვა და გრძელვადიანი გეგმა არ მაქვს.

Tuesday, April 9, 2013

მიუწვდომელი ბ პუნქტი

გქონიათ შენობის ნოსტალგია? აი მე მაქვს. დღემდე, როცა რკინიგზის დეპარტამენტის შენობას ჩავუვლი, მინდება შევიდე შიგნით, ავიდე მეორე სართულზე, გავიარო გრძელი, მიხვეულ–მოხვეული დერეფანი და მოვძებნო ოთახი, რომელშიც ბავშვობაში ხშირად მივყავდი დედას – თავის ბიძასთან სტუმრად. არ ვარ დარწმუნებული, რომ დამოუკიდებლად მივაგნებ კონკრეტულ ოთახს, თუმცა ვინ იცის. ერთადერთი, ვიცი ის, რომ ეს რკინიგზის პროფკავშირების ოთახი იყო.
მახსოვს ამ ლაბირინთულ დერეფნებში (მაშინ ასე აღვიქვამდი) ჩამომდგარი სუნი, ფერადი ფანქრები, რომლებსაც მჩუქნიდა ძია მიშა, სიყვარული, რომლითაც მიღებდნენ ის და მისი თანამშრომლები.
აი ახლა, რომ მივიდე იქ და ვუთხრა, უბრალოდ შენობის დათვალიერება მინდა–მეთქი, არ მგონია, შემიშვან. რომ ვუთხრა – ნოსტალგიის გამო მივედი, ნორმალურად არ ჩამთვლიან :) გარეგნულად ეს შენობა არ შეცვლილა, ისევ ისეთია. იქნებ შიგნითაც, რა ვიცი.
უცნაურია, სკოლის შენობის მიმართ არ მაქვს ეს განცდა. ცოტათი ვიგრძენი უნვერსიტეტის მიმართ, ამას წინათ დამესიზმრა კიდეც. ჩემი ძველი სახლი ჯერაც ძალიან მასევდიანებს, ასე რომ, ვერიდები. მაინტერესებს რამდენიმე სოფლის ნახვა,  ასევე იმ ქალაქებისა და გზების, ბავშვობაში რომ ვყოფილვარ. ორი წლის წინ, წლების მერე, სტეფანწმინდა და დარიალის ხეობა რომ ვნახე, ძალიან განვიცადე... მაგრამ ეს რკინიგზის დეპარტამენტის შენობა მაინც სხვაა, "ცხვირწინ" არის და როცა გვერდს ვუვლი – ხან ტრანსპორტით, ხან ფეხით – ყოველთვის შესვლის სურვილი მიჩნდება. 

Wednesday, April 3, 2013

ფროიდის ნისლი და გაზაფხული

ერთი თვე რომ არაფერს წერ, ცუდია; მაგრამ, როცა ნახულობ ბლოგის სტატისტიკას და ერთგული მკითხველები მაინც გყავს, გიხარია და თან გული გწყდება, რომ მათ მოლოდინს უცრუებ. წინა ჩანაწერის მერე უკეთესი ცვლილებები მაქვს: სიახლე სამსახურში, შესაბამისად – ახალი საქმის ათვისება და ხედვის ჩამოყალიბება; გაცილებით სოციალური გავხდი – შეძლებისდაგვარად გადავლახე მორიდება და მიკროფონს და კამერას ვუმეგობრდები; ვკითხულობ წიგნებს და ვწერ მათზე; ჩემი ბაღი უფრო მოვლილია, მე – ისევ გამოუძინებელი, თუმცა სიზმრებიანი. ბოლო დროს სიზმრების გამო ცუდადაც ვიყავი. დედა მესიზმრება, ძალიან ცხადად, შეგრძნებებით სავსე ვიღვიძებ და მერე უმისო რეალობის მიღება მიჭირს.
ბოლო დღეებში კიდევ ერთმა სიზმარმა გამახსენა თავი; მეგობრისთვის – ამ სიზმრის მთავარი გმირისთვის არ მომიყოლია. სიზმრად თავდაუჯერებელი გზაზე გადამიყვანა და ცხადშიც გვერდით დამიდგა. საერთოდ, შეიძლება ვთქვა, ჩემი პარალელური ცხოვრებაა სიზმრები. ხანდახან ვფიქრობ, ბედნიერი ვარ, მათი ნახვა რომ შემიძლია. შემხვედრია ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სიზმარი არასდროს უნახავთ.

ამას წინათ ფროიდის რაღაც ტესტს გადავაწყდი და შევსება დავიწყე. ბოლო კითხვაზე დავწერე: "თვალებს ვხუჭავ. ლამაზია." პასუხების  ანალიზი რომ ვნახე, გავშეშდი – ბოლო კითხვა სიკვდილზე ყოფილა, ანუ როგორი დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ. ამ თემაზე ისედაც თითქმის ყოველდღე ვფიქრობ და ტესტის შევსების მერე რამდენიმე დღე თავიდან ვერ მოვიცილე ფიქრი. ოღონდ ამჯერად სიმძიმისგან დავიცალე. ყველაფერი იმ ლამაზი პეიზაჟის ფონზე დგომას დაემსგავსა, რომელიც დასმულმა კითხვამ წარმომადგენინა.

დედას დაბადების დღე ახლოვდება და ძალიან განვიცდი. საერთოდ, ბევრი თარიღი უკვე ტკივილთან ასოცირდება. ალბათ ცხოვრების გარკვეული ეტაპიდან ყველასთან დგება ეს მომენტი. 
მოკლედ, ორფერია ჩემი გაზაფხული: თან სევდა, ხანდახან რომ მგონია, ვეღარ გავუძლებ და თვალებს მაგრად ვხუჭავ ან თავს გავიქნევ, თითქოს ამით ფიქრებს გავფანტავ; თან  საინტერესო და თბილი. მგონი პოსტიც ასეთი გამოვიდა + არეულ-დარეული. ეტყობა, რომ დიდი ხანია, ჩემზე არაფერი დამიწერია.


Monday, March 4, 2013

ორშაბათის კედელი

ეს შემთხვევით ნანახი ნახატები რომ არა, დღევანდელი ორშაბათიც უგამოფენოდ ჩაივლიდა. უცნობი ავტორი, სავარაუდოდ, ყაჯართა დინასტიის დროინდელ (1795–1925) ირანს ეკუთვნის. მომწონს სახეები და ფერები, თანაც ბოლო დღეებში "ვეფხისტყაოსნის" სტროფებს ვკითხულობ და აღმოსავლური განწყობა უფრო გამიმკვეთრდა:
ქალი ჩილიმით
ქალი ჩილიმით (დეტალი)
მოცეკვავე
მოცეკვავე (დეტალი)

Tuesday, February 26, 2013

მწვანე ტონიკი

თითქმის ერთი თვეა, არაფერი დამიწერია. არ ვიცი, ასეთი პერიოდი იყო – ზამთრისთვის დამახასიათებელი უმოქმედობის, თუ მხოლოდ ჩემს განწყობას დავაბრალო ეს. ამ ერთ თვეში მოავასწარი რაღაც საშინელი ვირუსის გადატანა (წელს ან ვირუსებია ახალი და ძლიერი, ან იმუნიტეტი დამიქვეითდა. დიდი ხანია, ასე არ გავციებულვარ), რამდენიმე წიგნის წაკითხვა, ახალ ბლოგზე პოსტების დადება, პოლიტიკის კიდევ ერთხელ შეძულება და ერთი ცალი უთითო ხელთათმანის მოქსოვა. ამასობაში კალენდარული გაზაფხულიც მოახლოვდა და მცენარეებზე ზრუნვის სურვილიც გამიმძაფრდა. რამდენიმე თვეა, მცენარეები და, ზოგადად, ბუნება ჩემთვის ერთ–ერთი მთავარი მოტივატორია – ცხოვრების ხალისს მიჩენს. ვეძებ ნერგებს და ბოლქვებს, მერე ველოდები – რამეს რომ დავრგავ – ამოვიდეს, თუ გაიხარა – მეც მიხარია. ახლა მაქვს საგაზაფხულო გეგმები და ამისათვის ზრუნვაც – დაწყებული.

რამდენიმე დღის წინ ეს საიტი აღმოვაჩინე – ლაივ–კამერები აფრიკიდან. არ ვიცი, თქვენთვის რამდენად საინტერესო იქნება, მაგრამ მე ძალიან მომწონს ცქერა და მოსმენა. სიმშვიდეა და კეთილგანწყობა ამ ხმებში და ცხოველების ყოფაში. თითქოს მათთან დროა გაჩერებული. ვრთავ ხოლმე და თუ არ ვუყურებ, ვუსმენ მაინც. ამ დროს მავიწყდება, რომ ფანჯრის იქით უჟანგბადო თბილისია და დაღლილობაც ისე აუტანელი არ არის.

პ.ს. ამ პოსტისთვის სათაურის დარქმევისას სპონტანური იდეა გამიჩნდა: ხანდახან მცენარეებს ვუღებ ხოლმე ფოტოებს, ზოგ მათგანს ფლიკრზე ვდებ, მაგრამ ძირითადი ნაწილი კომპის არქივში რჩება; ჰოდა, მწვანე არეაში გადაინაცვლონ და მწვანე ტონიკებად იქცნენ, რა უჭირს.

Tuesday, January 29, 2013

გზაში წაკითხული წიგნები

ახალი ბლოგი გავხსენი. თუ რის შესახებ და რატომ, პირველ პოსტში წერია. გუშინ უცებ გადავწყვიტე – ხანდახან შინ დღისით დაუგეგმავად დაბრუნება  ნაყოფიერი შეიძლება იყოს. კრიტიკოსის ამბიცია არ მაქვს, უბრალოდ, ეს იქნება ერთგვარი ნუსხა, რომელიც მეც დამეხმარება უკან გახედვისას და, დიდი იმედი მაქვს, რომ ბლოგის მკითხველებსაც – თუ მათ კარგ წიგნს აღმოვაჩენინებ, გამიხარდება. შეიძლება მკითხველების რჩევებმა მეც მაპოვნინოს რომელიმე კარგი წიგნი. ამ ბლოგის მსგავსი ბლოგებისგან განმასხვავებელი ნიშანი გამოკითხვაც იქნება – პოსტში ნახსენებ წიგნს 5 ბალიანი შკალის მიხედვით შევაფასებთ – მეც და, თუ მკითხველებს სურვილი ექნებათ, ისინიც.
და ბოლოს, ცოტა მოტივაცია გამიჩნდა, რაღაც საინტერესო ვაკეთო. როცა არ გაქვს მიზანი, ასეთი წამოწყება მნიშვნელოვანია. იქნებ ეს პერიოდი გადამალახინოს.

ჰო, მისამართი: http://bookbagofketi.blogspot.com

Monday, January 14, 2013

მარგა(ლ)(რ)იტები

გაბრიაძის ილუსტრაციებმა მომანდომა მარგარიტების შეკრება. რაც უცებ გამახსენდა:
 
რეზო გაბრიაძე, "შერეკილები". ილუსტრაცია: რეზო გაბრიაძე

ნიკო ფიროსმანი, "აქტრისა მარგარიტა"

დიეგო ველასკესი, "მენინები". ინფანტა მარგარიტა

მიხეილ ბულგაკოვი, "ოსტატი და მარგარიტა", 2004 წ. გამოცემა
ილუსტრაცია: გენადი კალინოვსკი

Saturday, January 12, 2013

რამონა

იმისათვის, რომ სიკვდილს გადარჩე, დღესასწაული უნდა მოიწყო, თუნდაც მარტო ესწრებოდე მას.
სცენას ყოველთვის დღესასწაულად აღვიქვამდი, ბავშვობიდან.
აფიშის დანახვისთანავე მოუსვენრობამ შემიპყრო – ვიცოდი, მასთან რაღაც სხვა მელოდა – ჯადოქარი რომაა, ეგაც ბავშვობიდან შემომრჩა.
ისე ვარ შთაგონებული რამონათი, რომ ველი უახლოეს თავისუფალ დროს ორთქლმავლების, ჟანგიანი ვაგონების, მაზუთიანი შპალების და წითლად მოციმციმე შუქნიშნის გადასაღებად.
დანებდით ჯადოქარს:
ნახეთ რამონა.
მოკვდით რამონასთან ერთად და მერე გაცოცხლდით,
რომ სულ გახსოვდეთ ის.