Monday, August 30, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირის გამოფენისთვის ჯონ სინგერ სარჯენტის ორი ნახატი შევარჩიე. ის იმპრესიონიზმის, ფოვიზმის, კუბიზმის ხანაში მოღვაწეობდა, თუმცა გულდასმით სწავლობდა რეალიზმს და ამ მიმართულებით ხვეწდა თავის ხელწერას. მის არაერთ ნახატზე დიეგო ველასკესის, ვან დეიკისა და გეინსბოროს გავლენა შეიმჩნევა და ეს (იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა მათ შემოქმედებას), ბუნებრივი და მიზანმიმართულიც კი არის. როდენმა სარჯენტს მათი დროის ვან დეიკიც კი უწოდა. სარჯენტი არ ითვლება იმპრესიონისტ მხატვრად, თუმცა ერთ ხანს მიმართავდა შესრულების იმპრესიონისტულ მეთოდებს. ბრიტანელი კრიტიკოსები მას მაინც იმპრესიონისტად მოიხსენებდნენ, ფრანგი იმპრესიონისტები კი ასე არ ფიქრობდნენ..

მისმა მშობლებმა ამერიკა ოჯახური ტრაგედიის გამო მიატოვეს – პირველი შვილის გარდაცვალების გამო დეპრესიაში ჩავარდნილი ცოლი სარჯენტის მამამ – ცნობილმა ქირურგმა – ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა. 1856 წელს, იტალიაში დაიბადა ჯონ სინგერ სარჯენტი. მისი მშობლები ხატვით თავადაც იყვნენ გატაცებულები – დედა მოყვარული მხატვარი იყო, მამა კი, გარდა ქირურგობისა, სამედიცინო გამოცემების კვალიფიციური ილუსტრატორი გახლდათ. სარჯენტმა ხატვის ნიჭი ბავშვობიდანვე გამოავლინა და მშობლების ხელშეწყობით მისი შესწავლაც დაიწყო. 17 წლის სარჯენტი უკვე ძალიან განათლებულ და პოპულარულ ადამიანად ითვლებოდა: ფლობდა რამდენიმე ენას, მხატვრობის გარდა, გატაცებული იყო ლიტერატურითა და მუსიკით. მოგვიანებით პროფესიონალი აკომპანიატორიც გახდა.

თავდაპირველად იგი პეიზაჟებს ხატავდა, თუმცა შემდეგ პორტრეტისტად ჩამოყალიბდა. 1874 წლიდან ხატვას ახალგაზრდა პორტრეტისტის – კეროლუს-დურენის სტუდიაში ეუფლებოდა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ტექნიკით. სარჯენტმა პირველი გამოფენა 1877 წელს მოაწყო. მას შემდეგ სხვადასხვა გალერეაში რეგულარულად ფენდა ნახატებს. დურენთან სწავლის დამთავრების შემდეგ ესპანეთში გაემგზავრა, სადაც დიდი გატაცებით სწავლობდა დიეგო ველასკესის მხატვრობას.
1900 წლისთვის სარჯენტი უკვე პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა. რამდენიმე წელიწადში კი მან რადიკალურად შეცვალა ხატვის მანერა და აკვარელით დაინტერესდა. ამ ტექნიკით შექმნილი აქვს 2000–მდე ნამუშევარი.
*
პირველად "დასვენებას" გამოვფენ, რომელიც სარჯენტმა 1911 წელს დახატა.
*
დიეგო ვილასკესის მხატვრობით სარჯენტის განსაკუთრებული გატაცების შესახებ უკვე დავწერე. ამიტომ კვირის გამოფენის მეორე ნამუშევრად "ედვარდ დარლის გოგონები" შევარჩიე. შეუძლებელია, ეს ნახატი ნახოთ და ველასკესის "Las Meninas"
არ გაგახსენდეთ. გავლენა თვალშისაცემია.

30 აგვისტო –
5 სექტემბერი.

Tuesday, August 17, 2010

(სულ) ცდა

"მექსიკაში მეცნიერებმა მტვირთავები დაიქირავეს. მათ სურდათ მთაში, ინკების ქალაქამდე მისვლა. გზაში მოულოდნელად მტვირთავები შეჩერდნენ – უარი თქვეს გზის გაგრძელებაზე. მეცნიერები, რა თქმა უნდა, აღელდნენ. მათ არ იცოდნენ, რა ექნათ და ცდილობდნენ გაერკვიათ მიზეზი, რის გამოც მტვირთავები შეჩერდნენ. გავიდა რამდენიმე საათი და მტვირთავებმა განაგრძეს გზა და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეს აეხსნათ, თუ რაში იყო საქმე. მათ თქვეს, რომ ისინი მიდიან ძალიან სწრაფად და მათი სულები ვერ ეწევიან" (ფილმიდან)
კადრი
ბავშვი, სირბილით
რომ ცდილობს მშობლის აუღელვებელ ნაბიჯს ფეხი აუწყოს. მაგრამ მას ჩაჭიდებული ხელი ეხმარება.
მოხუცი? სხეული წინ გარბის, სული ჩამორჩება.
ან მეოცნებე: როცა ჩვენ გზას ჩავცქერით, ის გზისპირებს ათვალიერებს. შემდეგ თვალებს ხუჭავს და იძინებს.
ისე კი, რა ხანია, მან გზა ისწავლა და თავისით (გვ)აგნებს.

(სულ) ცდა

ჩვენ: სული მიგვდის, სული გვიდგია, სულს ვაკაწკაწებთ, სულს ვიმღვრევთ, სულით ვეცემით, სულს ვებრძვით, სული წაგვძლევს, სულში ვიძვრენთ, სულს ვამძიმებთ, სული ყელში გვებჯინება...
ჩვენ სულს ვითქვამთ.
ჩვენი სული ტკბილია.

Monday, August 16, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ალდო ბალდინგს წარმოგიდგენთ – ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო, თანამედროვე ხელოვანს. დაიბადა 1960 წელს, ინგლისში. ცხოვრობს საფრანგეთში, ლანგედოკ–რუსიონის რეგიონში. განათლებით ილუსტრატორია, მისი კარიერაც სხვადასხვა ჟურნალებში ილუსტრატორად მუშაობით დაიწყო; ახლა კი ცნობილია, როგორც პორტრეტისტი. ჩემთვის საინტერესოა მისი საოცრად ცოცხალი პორტრეტები, მომწონს სინათლე მის ტილოებზე და ამბები, რომლებსაც გვიყვება. რატომღაც მგონია, მას უყვარს თავისი გმირები – მათ დიდი დაკვირვებით და განწყობების თანაგანცდით გამოსახავს. ზურგით მდგომი პერსონაჟებიც (რომლებსაც არც თუ იშვიათად ხატავს) ისევე მეტყველები არიან, როგორც ისინი, რომლებსაც სახით ვხედავთ.
ალდო გამოფენებს 2000 წლიდან აწყობს, არის რამდენიმე ჯილდოს მფლობელი.

საკმაოდ გამიჭირდა გამოფენისთვის ნახატის შერჩევა – რამდენიმე მეტად მომეწონა, ზოგიერთთან ნაცნობი განწყობის პოვნამ შემაჩერა. კიდევ ერთი უცნაური (ჩემთვის) სურვილიც გამიჩნდა: დამხატოს :)
არჩევანი ამ კვირის კედლისთვის: ფინჯან ყავასთან ერთად

16-22 აგვისტო.

Friday, August 13, 2010

მცირე ანტრაქტი – წიგნიდან ფილმამდე

დღეს ორ კარგ ფილმს ვნახავ. ერთს – როგორც კი წიგნის დარჩენილ 30 გვერდს წავიკითხავ, მეორეს ალბათ საღამოს. არ მიყვარს, როცა ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი წიგნიდან მისაღებ შთაბეჭდილებებს მიცვლის – სხვა მიმართულებებს მაჩვენებს და ფილმის ავტორის შეხედულებით შექმნილ ტიპაჟებს წარმომიდგენს. თითქმის არასდროს დამთხვევია ჩემი წარმოსახული გმირები ფილმში ნანახს, ისევე, როგორც მიზანსცენები.
თუ წაკითხვამდე ნანახი მაქვს სხვისი ხედვა და, მით უმეტეს, თუ მომწონს კიდეც, მერე კითხვა შედარება-შეჯიბრს ემსგავსება: აბა, რა როგორ გადაიტანა რეჟისორმა, რა როგორ გაიგო. ძირითადად კი სიზარმაცე მეპარება: იმ ნაწარმოების წაკითხვა, რომლის მოტივებზეც ფილმი ააგეს, აღარ მინდება. ხშირად ვრჩები მოწოდებული ინტერპრეტაციის მიხედვით შექმნილი შთაბეჭდილებით. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალია ხოლმე – მას რისი თქმა უნდოდა ჩემთვის თუ მისთვის (რეჟისორისთვის), ჩვენთვის – მკითხველისთვის.
წიგნის წაკითხვის შემდეგ ფილმის ნახვა კი გაცილებით ადვილია. თუ მიმიზიდა, ნახვის პროცესში წიგნზე ნაკლებად ვფიქრობ, ფილმის ხაზს მივყვები. მოგვიანებით ვადარებ (თავისთავად), ჩემი წარმოსახვები კი მყარად რჩებიან საკუთარ ადგილებზე.

წაკითხული ნაწარმოებების არაერთი ეკრანიზაცია მინახავს. თითქმის ყველა შემთხვევაში ვთქვი, წიგნი მირჩევნია. როგორც არ უნდა გადაიღონ, მხატვრული ფილმის ქრონომეტრაჟი არცერთ რეჟისორს მისცემს საშუალებას, სრულად ასახოს ლიტერატურული ნაწარმოების ყველა კარგი პასაჟი. ალბათ ამიტომ, ვფიქრობ, წიგნის მოძიება და წაკითხვა (თუკი არსებობს) საინტერესო და არდასაზარებელია, კარგი ეკრანიზაციის ნახვის შემთხვევაშიც.

Monday, August 9, 2010

ერთი კვირა, კედელზე

რაულ სოლდი 1905 წელს ბუენოს აირესში დაიბადა. 1921 წლიდან ათ წელზე მეტ ხანს ევროპაში სწავლობდა. არგენტინაში დაბრუნების შემდეგ მრავალმხრივად მუშაობდა: მოხატული აქვს თეატრების შენობები და ეკლესიები, იყო კინოსა და თეატრის მხატვარი, წიგნების ილუსტრატორი...
დღეს იმ ნახატს გამოვფენ, რომელიც ჩემთვის ამ მხატვრის სავიზიტო ბარათი იქნება, გარდა ამისა, ზაფხულის ცხელ დღესაც შეეფერება.

9-15 აგვისტო.

Monday, August 2, 2010

ჰორიზონტალური

გუშინ მარია დუშ პრაზერეშსა და მის ძაღლ ნოეზე ვფიქრობდი და ჩემი ბავშვობის შთაბეჭდილება გამახსენდა: ქვა, რომელზეც ეხატა კაცი – მხოლოდ დაბადების თარიღმიწერილი – გარდაუცვლელი. ის, რაც სხვა იბერიაში მიღებულია, ჩვენთან ღიმილნარევად მოიხსენებოდა, ბოლოს აუცილებლად დაატანდნენ: თავისი გემოვნებით უნდოდა და გააკეთაო, მერე ყვებოდნენ: რამდენჯერ უფიქრიათ სურათზე, რომელიც მათ საფლავზე იქნებოდა, ყვავილებზე... ისე რომ არ იყოს, როგორც მათ უნდოდათ. გავიხსენე ჩემთვის ყველაზე კარგად ნაცნობი სასაფლაოს საფლავები. ნეტავ მათ ბინადრებს ჭირისუფალთა ფანტაზიის ნაყოფები მოეწონებოდათ? წინასწარ რომ ეზრუნათ, მსგავსს ააშენებდნენ? ჩემმა ბებიამ იცოდა, სად მოუწევდა – მისი ადგილი ნაგებობაში იყო გათვალისწინებული. მე? მიფიქრია,
რაც ჩვენში არ ხდება.

დუშ პრაზერეში, წყალში ძვლებისა და თმის ტივტივის მოშიში ქალი: ყველაზე მაღალ ბორცვზე შეარჩია საფლავი, მოითხოვა უცილობელი პირობა: მდგომარეობა – ჰორიზონტალური; დარგო ყვავილები და, როგორც სხვები, პომადით ჯიუტად აწერდა მეზობლის ქვას მეზობლის სახელს, რომელიც ყოველ დილით გადაშლილი იყო. ჩვენებური მეორადი საფლავები გამახსენდა, ტერენტი გრანელის საფლავის ისტორიაც გამახსენდა, პატრონებისგანვე ქალაქგარეთ გადასვენებული წინაპრებიც – პრესტიჟულ ძველ ადგილში აღებული თანხის გამო. არავის უფიქრია მათ გზააბნეულ "ნოეზე".

მას გულდაგულ ასწავლეს სასაფლაოს გზა – იდგა "შორეული და სერიოზული, პასეო დე გრასიას შუქნიშანთან ფეხით მოსიარულეებივით მწვანე შუქის მოლოდინში", ქვასთან ტირილამდე.

გუშინ ვიჯექი აივანზე, ფეხებს სასიამოვნო ნიავს ვუშვერდი და ძალიან მაკლდა ძაღლი – ჩემს წვივზე ზურგით მიყრდნობილი, გადატკეცილი შუბლით და წყლიანი თვალებით.. ჩემი ძაღლიც ტიროდა ხანდახან – როცა მოვდიოდი, ან ვსაყვედურობდით; ერთხელაც – როცა დავბანე და გაწუწულის დანახვისას გამეცინა... მაშინ შემრცხვა. მისთვის ტირილი არავის უსწავლებია. გზებიც – სულ სხვა გზები იცოდა.
ყოველთვის, როცა იქ ვარ, ეზოში გამოსულს მაკლია ფეხდაფეხ ადევნებული. ხან კი მგონია, მან მხოლოდ ყეფა შეწყვიტა.

ერთი კვირა, კედელზე

გუსტავ კლიმტი – "წყლის სერპანტინები" (დეტალი)

2-8 აგვისტო.