Monday, September 21, 2009

რამდენიმე ტენდენცია

დიდი ხანია, ლიტერატურული საიტების შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ერთხანს მათი კითხვაც შევწყვიტე, თუმცა ახლა ისევ ვათვალიერებ. ლექსების გარდა, ხანდახან კომენტარებსაც ვკითხულობ და ბოლო დროს ჩემთვის საინტერესო სწორედ მკითხველებზე დაკვირვება გახდა – ვინ კითხულობს ინტერნეტში და როგორ. არანაკლებ საინტერესოა, ავტორები გამოთქმულ აზრს როგორ იღებენ. რაკი კომენტატორები ძირითადად ისინი არიან, ვინც თავადაც ქმნიან, მკითხველზე ფიქრი კიდევ უფრო "მიმზიდველი" ხდება.
ის, რომ კარგი მკითხველი (ისევე, როგორც ავტორი) თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით მეგულება, არაერთხელ ვთქვი.
ახლა მხოლოდ ზოგადად და მოკლედ – ტენდენციებზე:

ავტორიტეტები
ქართველებს რომ ბელადომანია გვჭირს, ახალი ამბავი არ არის. თუ არ გვყავს ლიდერი, ვქმნით. საიტებზეც – ასე და მერე უგვირგვინო ბელადები ნაწარმოებების ირგვლივ ამინდს ჰქმნიან. რა თქმა უნდა, მათგან მობერილი ქარი ყველა მკითხველს ერთნაირად არ ცელავს, მაგრამ უმეტესობაზე "ზემოდან" ნათქვამი სიტყვა მოქმედებს. ეს კი დამწყებ ავტორს შესაძლოა გაბუქებულ თვითშეფასებას უჩენდეს, ან პირიქით. ჰო, კიდევ, მაღიმებს "ავტორიტეტებისთვის" შეფარული "თავის მოქონვა" მათი გემოვნების ღიად ქებით – მომავალში კარგი შეფასების მიღების მოლოდინით. სხვათა შორის, ხშირად რეაქციაც არ აყოვნებს ხოლმე..

შეფასება
კარგის და ცუდის გადარჩევა იმის მიხედვით, ავტორი და მკითხველი ერთმანეთს იცნობენ თუ არა;
თვალში მომხვდა განაცხადები, რომ "ბრმად ენდობიან" ვიღაცის შეფასებას და საკუთარსაც ამით საზღვრავენ. ერთმანეთის მიბაძვით შეფასება ხშირად ხდება, მაგრამ ადრე ამას ღიად არ გამოთქვამდნენ.

რეაქცია
ახლობლისგან მიღებულ შენიშვნაზე ან შედარებით დაბალ შეფასებაზე: წყენის ღიად დაფიქსირება და პირად ურთიერთობებზე გადატანა;
დასაბუთებული უარყოფითი აზრისთვის პასუხად: რევანშული უარყოფითი კომენტარი მთქმელის ნაწარმოებზე (თუ აქვს), მოთხოვნა – "აქ აღარ შემოხვიდე", სერიალად გადაქცეული "პოლემიკა", სადმე შეხვედრის დანიშვნა (ტელეფონის, უბნის, მეგობრების /ლიტერატურული წრიდან/ მითითებითაც!).

თვითშეფასება
საინტერესოა ზოგიერთი ავტორისგან საკუთარი თავის შემდგარ პოეტად დასახელება, რომელიც სხვის დაუხმარებლადაც ამოიცნობს თავისი ლექსის სუსტ მხარეებს (მაშინ რატომ არ აძლიერებს მათ? თუნდაც შემდეგ ლექსში?) და რაც მთავარია, პოეზიაში სხვებზე უკეთ ერკვევა.

თვითშეფასების და ნაწარმოებების ხარისხის შკალაზე მკვეთრად მოქმედებს კომენტარების სახით დაუნანებლად გაღებული დითირამბები.

კითხვა
ზედაპირულად, ფრაგმენტულად, კონტექსტის გაუთვალისწინებლად ან კონტექსტიდან ამოგლეჯით;

"ვერლიბრისტებისა" და "კონვენციის" მიმდევართა შორის "დავა" იმდენად უგვანო მგონია, რომ არ განვიხილავ. მხოლოდ როგორც ფაქტს – აღვნიშნავ, რადგან ლექსის "ღირსება" მისი ფორმით ხშირად ისაზღვრება.

...
რაც დავწერე, რა თქმა უნდა, ყველა მკითხველს და ავტორს არ ეხება. არსებობენ შედარებით ობიექტური (რადგან მთლად ობიექტური არ მგონია, ვინმე იყოს) ადამიანები. მე მხოლოდ ტენდენციებზე ვსაუბრობდი, თანაც იმ პოზიციიდან, რომ არცერთი საიტის წევრი არ ვარ.
აქვე, ამ ფონზე, რომ არ ვთქვა, არ შემიძლია: არსებობდა საიტი, რომელიც მისი სტრუქტურის გამო თავისუფალი იყო ბევრი იმ გამოვლინებისგან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

ვინმემ შეიძლება იკითხოს, რა მრჯის, ამას რომ ვწერ. ინტერნეტმა მკითხველი და ავტორი გაცილებით მეტად დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. შეიძლება ითქვას, ერთმანეთის ნაცნობებად აქცია. ამ ნაცნობობამ კი, სიკეთესთან ერთად ეს ტენდენციებიც მოიტანა. უფრო ზუსტად, მათი დანახვის საშუალება გააჩინა, თორემ მსგავსი ალბათ არავირტუალურ ლიტერატურულ სამყაროშიც იყო.
მგონია, ბევრი ადამიანია, ვინც არ არის ლიტერატურული საიტების წევრი და "ჩუმად" კითხულობს. მათზე ვერაფერს ვიტყვი, "ხილული" მკითხველები კი (აქ თაობაც იგულისხმება: ძირითადად ახალგაზრდები, რადგან უფროსი თაობა კომპიუტერს ნაკლებად იყენებს) ზოგადი სურათის წარმოდგენის საშუალებას იძლევიან. თან, ისინი ჩემი ლექსების პოტენციური თუ რეალური მკითხველებიც არიან, ჰოდა უბრალოდ მაინტერესებს, რას წერენ და როგორ შეიძლება ესმოდეთ სხვისი ნათქვამი..

8 comments:

Anonymous said...

მე არ ვკითხულობ ხოლმე სხვების კომენტარებს და მითუმეტეს რამე დავას რომ წავაწყდები, ისე არ მიყვარს, ფორუმებზეც კი ტავს ვარიდებ ხოლმე ჩარევასაც და გადაკითხვასაც.. ავტორი და მკითხველი კი, მართალია, ინტერნეტმა ძალიან დააახლოვა :))

nastasia said...

miuxedavad imisa,rom literaturul saitebse msgavsi tendenciebi didad arc me mabednierebs,ragacatom vtvli,rom eg iseti movlenaa,rasac tavidan ver aicileb...saqartveloshizo sul sami kaci cxovobt da yvela igacis megobari tu ara,nacnobia,shesabamisad ,,chemi megobari kargad cers'' da ,,magan cels wero aigo,tan chemi mezobelia,ese igi,zalia magaria''
sulac ar mikvirs,magram e sastikad magizianebs komentarebi,romelic marto imistvis icreba ro komentri daiceros da mere vigacam miakitxos komentaris avtors...magalitad:
,,magaria'', ,,sityvebi ar mofnis'', ,, :)'' da msgavsi arafrobebi...
xo,ginda ro vigacam shegamchnios,magram rame ufro azriani ro moifiqro,ara???

daaxloebit isetia,,,saidangac mecnobi'' da ,,saati xo
ar gaqvs''

magram sul arafris cakitxvas da arafris daceras,isev is situacia mirchevnia,rac axlaa...

rodesme albat yvela ertad gavizrdebit da ufro karg literaturul samyarosac davimsaxurebt :)

ჯორჯ პაიკი said...

არც მე ვკითხულობ მსგავს საიტებს, მართალია საინტერესოა ახლის აღმოჩენა, როცა ჯერ პოპულარული არ არის ავტორი და შენ რომ მიხვდები რომ მაგარია, მაგრამ მაგას მირჩევნია შენი ბლოგი ვიკითხო. :)

Keti said...

* ბაბისა, მე შეიძლება კონკრეტულ ლექსზე გამოთქმული აზრით დავინტერესდე, მაგრამ ხანდახან ამის გარდა ყველაფერი მხვდება :)

* ნასტასია,
,,saidangac mecnobi'' da ,,saati xo ar gaqvs'' – :))))

მთავარი გაზრდის სურვილის ქონაა, მერე კი მოქმედებაც :)

* ჯორჯ :) მადლობა :)

Sophie שרה Golden said...

ქეთი, ძალიან კარგი პოსტი იყო.
რამდენიმე წლის წინ ლიტერატურა.გე-ს აქტიური მომხმარებელი ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას და ზუსტად ეს ტენდენციები ჭარბობდა, რაზეც შენ დაწერე :| ახლა ვხვდები, რომ კანონზომიერია: ლიდერები ზოგჯერ ისეთები ხდებიან, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდი, ხალხს ნაწერის ბოლომდე წაკითხვა ეზარება და სხვა...
მაინც კარგია, რომ შენ არსებობ და ამას ამჩნევ, წერ :)

Keti said...

სოფი, მადლობა :)
წლების მანძილზე ერთი და იგივე ტენდენციების სიჭარბე დასაფიქრებელია. ზემოთ უკეთესობის სურვილზე რომ ვწერდი(თ), მის ნაკლებობას აჩენს :)

Khatia Caroline said...

ქეთი მართალი ხარ ბევრ რამეში. შენი პოსტი ლიტერატურულ ნაწარმოებებზე, მათ ავტორებზე და მკითხველებზეა, მაგრამ ზოგადადაც იგივე სიტუაციაა ;)

Keti said...

კი, ზოგადადაც ხშირია ასეთი დამოკიდებულება. სამწუხაროდ.