Showing posts with label საიტი. Show all posts
Showing posts with label საიტი. Show all posts

Friday, March 26, 2010

ეროვნული ბიბლიოთეკა

ცოტა ხნის წინ, ხატიას ბლოგზე საინტერესო კითხვა დაისვა: როგორი უნდა იყოს თანამედროვე ბიბლიოთეკა. ადრეც მიფიქრია, ერთი პოსტი მაინც ეროვნული ბიბლიოთეკის საიტის შესახებ დამეწერა. საიტზე (და შესაბამისად ბიბლიოთეკაში) არაერთი კარგი სიახლეა და შევეცდები, პატარა გზამკვლევი შევადგინო მათთვის, ვინც ეროვნულ ბიბლიოთეკას სტუმრობს ან მომავალში ესტუმრება (თუნდაც ვირტუალურად):

ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური საიტია www.nplg.gov.ge

* ბიბლიოთეკის წარდგენას იმ გვერდით დავიწყებ, სადაც მის შესახებ მოკლე ინფორმაციას გაეცნობით. აქვე: მეგზური და ბიბლიოთეკის ისტორია, არქიტექტურა, გალერეა
* ბიბლიოთეკით სარგებლობის მსურველებისთვის ალბათ ყველაზე საჭირო პირველადი ინფორმაცია გაწევრიანებისა და მომსახურების შესახებ (გაწევრიანებისთვის ფოტოს მიტანა არ დაგჭირდებათ, იქვე გადაგიღებენ). აქვეა ყველა დარბაზის ჩამონათვალი (შესაბამისი ფოტოებითა და პროფილის მითითებით).
* ინფორმაცია დაცული ფონდებისა და კოლექციების შესახებ
* ელექტრონული კატალოგები. მკითხველებს ამ კატალოგებით სარგებლობა ბიბლიოთეკის საკატალოგოებში განლაგებული კომპიუტერების საშუალებითაც შეუძლიათ, მაგრამ ყველაზე მოსახერხებელი ალბათ შინ სარგებლობაა, ასე ბიბლიოთეკაში მოსულები დროსაც დაზოგავთ. მითითებულ ბმულზე ჩამოთვლილია ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზები. სასურველ ბაზაში შესვლის შემდეგ "ჩვეულებრივი" საძიებო ფორმის მაგიერ "გაფართოებული" ძიების ჩართვას გირჩევთ (მარჯვენა ზედა მხარეს), რომელიც გაცილებით მეტ საძიებო ველს მოიცავს.
მაგ: ბაზა "ქართული წიგნები"
ამოწერეთ წიგნის შენახვის შიფრები და დაზოგეთ დრო.
კატალოგები მუდმივად ახლდება, ასე რომ ძიებისას სასურველი გამოცემის ვერ ნახვის შემთხვევაში ნუ ჩათვლით, რომ ის ბიბლიოთეკას არ აქვს.
* ბიბლიოთეკაში დაცულია საქართველოში დაცული დისერტაციები (ადრე ისინი, ბიბლიოთეკის გარდა, სხვადასხვა ინსტიტუტებშიც ინახებოდა, ამჯერად თავი ერთად მოეყარა). გარდა ქართული დისერტაციებისა, შეგიძლიათ ნახოთ რუსეთში დაცული დისერტაციების ციფრული ვარიანტები. ამ მომსახურების გაწევა მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკას შეუძლია.
* ქართული გაზეთების კატალოგი. მასში ნახავთ ყველა ქართულ გაზეთს – 1819 წლიდან (სწორედ ამ წელს, 8 მარტს, გამოიცა პირველი ქართული გაზეთი "საქართველოს გაზეთი") დღემდე. სასურველი გაზეთის პოვნის შემდეგ, დააწკაპუნეთ ჩამოთვლილ წლებზე (თუ გაზეთი ბიბლიოთეკის ფონდებში ინახება, აუცილებლად ახლავს წლების ჩამონათვალი) და ჩვეულებრივი საბიბლიოთეკო ბარათის ფორმაზე, როგორიც ბარათულ კატალოგებშია, ნახავთ – რომელი ნომრების მიღება შეგიძლიათ. ფონდების ველში არის F– ხელუხლებელი ფონდის და K – საერთო ფონდის შიფრები. ხელუხლებელ ფონდში ინახება საქართველოში ნაბეჭდი გამოცემების თითო ეგზემპლარი. ის ყველაზე სრული ფონდია. იმ შემთხვევაში, თუ გაზეთი საერთო ფონდს არ აქვს, მისი მიღება F ფონდიდან შეგიძლიათ. იგივე წესი ვრცელდება სხვა ბეჭდურ გამოცემებზეც.
* ბიბლიოთეკის კიდევ ერთი პროექტი – ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელშიც არერთი ციფრული წიგნის ნახვა შეიძლება. კოლექცია მუდმივად ახლდება.
* აქვე – იუნესკოს პროექტი "გრინსტოუნი", რომელშიც შესულია ტექსტები ქართული ლიტერატურიდან, სამოქალაქო განათლებაზე და არა მხოლოდ: დაწვრილებით
* ლექსიკონები. სასურველი სიტყვის განმარტების ძებნისას გუგლის საძიებო სისტემას ალბათ ხშირად გადაუყვანიხართ ბიბლიოთეკის ლექსიკონების გვერდზე. ერთად თავმოყრილი, სხვადასხვა თემის, განახლებადი 9 ლექსიკონის გამოყენება ვფიქრობ, მოსახერხებელია...
* ევროპული ბიბლიოთეკა. გაერთიანებული საძიებო სისტემა: მოძებნეთ სასურველი გამოცემები ევროპის ყველა დიდი ბიბლიოთეკის შეერთებულ კატალოგში.
* ბიბლიოთეკის ჩამოთვლილი და სხვა ინტერნეტრესურსების შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცანით.

ეს მხოლოდ ძირითადი – რისი დაწერაც ერთ პოსტში მოვახერხე. საიტის დათვალიერებისას კიდევ არაერთ საინტერესოს ინფორმაციას იპოვნით :)

Tuesday, March 9, 2010

ინტერნეტმა რა ჰქმნა

ცოტა ხნის წინ, რეალურად უცნობ (და მაინც "ფრენდ") ადამიანს და მის (ასევე) "ფრენდებს", ჩემდა გასაკვირად (რადგან თავის გამოდება არ მიყვარს ხოლმე), პოლემიკაში ჩავერთე – დარჩეს სახელი ფეისბუკი ფეისბუკად თუ "ოფიციალურად" გადმოქართულდეს უკვე რამოდენიმეთვიანი (ხშირად სახუმარო) პრაქტიკის მქონე პირწიგნაკად.
არ მომწონს ეს ხელოვნური სიტყვათშეხამებები, მით უმეტეს, რომ "ფეისბუკი", შეიძლება ითქვას, უკვე ბრენდია და ბრენდის სახელის თარგმნა აუცილებლად არ მიმაჩნია.
დღეს კიდევ ერთი ახალი სიტყვა წავიკითხე, ამჯერად დვორსკისთან (არ ვიცი,
პირველად მან გამოიყენა თუ არა) – თავხაზი. რეაქცია – დაახლოებით "ცისფერი მთების" გმირის მსგავსი მქონდა: თავხედი გამიგია, თავპირი, თავზარი, თავქვე, მაგრამ თავხაზი რა უბედურებაა :)
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ქართულ ენაში მიმდინარე უსწრაფეს ცვლილებებზე, რომელიც მას ინტერნეტის ერამ მოუტანა.
რამდენიმე მაგალითი, რაც უცებ გამახსენდება:
* ზმნები, რომლებმაც ახალი მნიშვნელობები შეითავსეს: დადება, აკრეფა, მოთრევა, ატვირთვა, გადაწერა, გადატანა, წაშლა, გახსნა...
* ინგლისურენოვანი ზმნებისა თუ არსებითი სახელებისთვის თავსართ-ბოლოსართების დამატებით, ან მათი პირდაპირი გადმოტანით, ხელოვნურად წარმოქმნილი ზმნები: დაკლიკება, დარეფრეშება, დარესტარტება, დასერჩვა, დალოგინება, დაგუგლვა, დამესიჯება, დაპიემება, დაქვოთვა, დათაგვა, დაკროპვა, ჩატაობა, დაბლოგვა, დაფაბლიშება, დასეივება, დაზიპვა...
* სიტყვები, რომლებმაც ახალი მნიშვნელობები შეიძინეს: მაგალითად, ფანჯარა აღარ არის მხოლოდ შენობის ნაწილი, არც საქაღალდე – რეალური ფურცლების შესანახი;
* უცხო სიტყვები, რომლებსაც უთარგმნელადაც გამოვიყენებთ: საიტი, ფაილი, პოსტი, პეიჯი, ვები, ნეტი, ჰაკერი, იუზერი, სიდი, აიდი, ლინკი, პასვორდი, სმაილი, მა(ე)ილი...
* სიტყვები, რომლებიც ხელოვნურად – თარგმნის გზით იქმნება (ხანდახან მესამე ენის – რუსულის გავლენითაც): სიცილაკი, ძაღლუკა, ბმული, პირწიგნაკი...

ჩემთვის მართლა საინტერესოა ამ ცვლილებებზე და შედეგებზე დაკვირვება. მას ერთი პრობლემა თუ აუცილებელი რეალობაც მოაქვს: ერთ ენაზე მოსაუბრე ორ ადამიანს შეიძლება ერთმანეთის არ ესმოდეს, თუ რომელიმე მათგანმა კომპიუტერის გამოყენება არ იცის. ეს ორი ადამიანი კი, უმეტესად ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები არიან.

და ბოლოს, რამდენიმე წლის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში კომპიუტერულ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი შეიქმნა. არ ვიცი, კიდევ ახლდება თუ არა,
პოსტის წერისას გამახსენდა და ბმულს დავდებ :)

Monday, February 15, 2010

საღამოს საკითხავი

ამ საღამოს მეგობარმა ერთი პატარა მოთხრობა გამომიგზავნა. ჩვენ ხშირად ვუგზავნით ერთმანეთს საკითხავს, ლიტერატურაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რაც ძალიან მომწონს, რადგან ჩემი მეგობარი საინტერესო მოსაუბრეა. საკითხავი ხომ ხშირად გვიქმნის განწყობას, გვიჩენს საფიქრს, რომელიც ხანდახან დღეების თუ მთელი ცხოვრების მანძილზეც მიგვყვება. ჰოდა, ახლა სპონტანურად ერთი იდეა გამიჩნდა: ბლოგზე გავაკეთო ახალი რუბრიკა "საღამოს საკითხავი", რომელშიც რომელიმე ლიტერატურულ (ან ლიტერატურასთან დაკავშირებულ) ნაწარმოებს შემოგთავაზებთ; ანუ იმას, რისი გაზიარებაც მომინდება. რა თქმა უნდა, არჩევანს მხოლოდ ვირტუალური "სარჩევიდან" გავაკეთებ – ქართული საიტებიდან.

ახლა რაც შეეხება "ტექნიკურ" მხარეს:
ბლოგს კიდევ ერთ ბანერს დავამატებ. მასზე დაწკაპუნებით საღამოს საკითხავსაც გადაფურცლავთ...
შევეცდები, რუბრიკა ყოველ საღამოს განვაახლო.


პ. ს. ორი კვირაა, რაც რუბრიკას ვაახლებ და რამდენჯერმე ჩემს არჩევანზე საუბარი მომინდა. ასევე, საინტერესო იქნება კომენტარები. ამიტომ ეს პოსტი ბანერთანვე ავტვირთე, აზრის გამოთქმისთვის კომენტარების ველი რომ გამოვიყენოთ :)

Sunday, December 27, 2009

ეს შენი ცაა


ორი წლის წინ ფორუმელებმა ეს სლოგანი ერთად შევარჩიეთ. ორგვარად იკითხება (უფრო ზუსტად, გამოითქმის), ორივე პოზიტიურია.. სლოგანს ლოგოც მივამატეთ – თოლიები; საიტისთვის შესაბამისი დიზაინიც შეირჩა... დღეს ემხვარმა მოულოდნელად ყველაფერი დააბრუნა:

> ლიტერატურული საიტი "თაობები"

დანარჩენი კი, მიმართვაში. მომავალში, რა თქმა უნდა, საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება. დარეგისტრირება ყველას შეუძლია..

* * *
"ლიტერატურული მესამე კორპუსი" – საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ცხოვრების შესახებ 29 დეკემბერს, გაზეთ "24 საათში" დაიბეჭდა. სტატიის ბმულს აქაც სიამოვნებით ვდებ..

და აქვე, პირველი პროექტიც – შერჩეული პროზაული ნაწარმოების თარგმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საბოლოოდ კი შეჯერებული ვარიანტი გამოქვეყნდება.

Monday, September 21, 2009

რამდენიმე ტენდენცია

დიდი ხანია, ლიტერატურული საიტების შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ერთხანს მათი კითხვაც შევწყვიტე, თუმცა ახლა ისევ ვათვალიერებ. ლექსების გარდა, ხანდახან კომენტარებსაც ვკითხულობ და ბოლო დროს ჩემთვის საინტერესო სწორედ მკითხველებზე დაკვირვება გახდა – ვინ კითხულობს ინტერნეტში და როგორ. არანაკლებ საინტერესოა, ავტორები გამოთქმულ აზრს როგორ იღებენ. რაკი კომენტატორები ძირითადად ისინი არიან, ვინც თავადაც ქმნიან, მკითხველზე ფიქრი კიდევ უფრო "მიმზიდველი" ხდება.
ის, რომ კარგი მკითხველი (ისევე, როგორც ავტორი) თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით მეგულება, არაერთხელ ვთქვი.
ახლა მხოლოდ ზოგადად და მოკლედ – ტენდენციებზე:

ავტორიტეტები
ქართველებს რომ ბელადომანია გვჭირს, ახალი ამბავი არ არის. თუ არ გვყავს ლიდერი, ვქმნით. საიტებზეც – ასე და მერე უგვირგვინო ბელადები ნაწარმოებების ირგვლივ ამინდს ჰქმნიან. რა თქმა უნდა, მათგან მობერილი ქარი ყველა მკითხველს ერთნაირად არ ცელავს, მაგრამ უმეტესობაზე "ზემოდან" ნათქვამი სიტყვა მოქმედებს. ეს კი დამწყებ ავტორს შესაძლოა გაბუქებულ თვითშეფასებას უჩენდეს, ან პირიქით. ჰო, კიდევ, მაღიმებს "ავტორიტეტებისთვის" შეფარული "თავის მოქონვა" მათი გემოვნების ღიად ქებით – მომავალში კარგი შეფასების მიღების მოლოდინით. სხვათა შორის, ხშირად რეაქციაც არ აყოვნებს ხოლმე..

შეფასება
კარგის და ცუდის გადარჩევა იმის მიხედვით, ავტორი და მკითხველი ერთმანეთს იცნობენ თუ არა;
თვალში მომხვდა განაცხადები, რომ "ბრმად ენდობიან" ვიღაცის შეფასებას და საკუთარსაც ამით საზღვრავენ. ერთმანეთის მიბაძვით შეფასება ხშირად ხდება, მაგრამ ადრე ამას ღიად არ გამოთქვამდნენ.

რეაქცია
ახლობლისგან მიღებულ შენიშვნაზე ან შედარებით დაბალ შეფასებაზე: წყენის ღიად დაფიქსირება და პირად ურთიერთობებზე გადატანა;
დასაბუთებული უარყოფითი აზრისთვის პასუხად: რევანშული უარყოფითი კომენტარი მთქმელის ნაწარმოებზე (თუ აქვს), მოთხოვნა – "აქ აღარ შემოხვიდე", სერიალად გადაქცეული "პოლემიკა", სადმე შეხვედრის დანიშვნა (ტელეფონის, უბნის, მეგობრების /ლიტერატურული წრიდან/ მითითებითაც!).

თვითშეფასება
საინტერესოა ზოგიერთი ავტორისგან საკუთარი თავის შემდგარ პოეტად დასახელება, რომელიც სხვის დაუხმარებლადაც ამოიცნობს თავისი ლექსის სუსტ მხარეებს (მაშინ რატომ არ აძლიერებს მათ? თუნდაც შემდეგ ლექსში?) და რაც მთავარია, პოეზიაში სხვებზე უკეთ ერკვევა.

თვითშეფასების და ნაწარმოებების ხარისხის შკალაზე მკვეთრად მოქმედებს კომენტარების სახით დაუნანებლად გაღებული დითირამბები.

კითხვა
ზედაპირულად, ფრაგმენტულად, კონტექსტის გაუთვალისწინებლად ან კონტექსტიდან ამოგლეჯით;

"ვერლიბრისტებისა" და "კონვენციის" მიმდევართა შორის "დავა" იმდენად უგვანო მგონია, რომ არ განვიხილავ. მხოლოდ როგორც ფაქტს – აღვნიშნავ, რადგან ლექსის "ღირსება" მისი ფორმით ხშირად ისაზღვრება.

...
რაც დავწერე, რა თქმა უნდა, ყველა მკითხველს და ავტორს არ ეხება. არსებობენ შედარებით ობიექტური (რადგან მთლად ობიექტური არ მგონია, ვინმე იყოს) ადამიანები. მე მხოლოდ ტენდენციებზე ვსაუბრობდი, თანაც იმ პოზიციიდან, რომ არცერთი საიტის წევრი არ ვარ.
აქვე, ამ ფონზე, რომ არ ვთქვა, არ შემიძლია: არსებობდა საიტი, რომელიც მისი სტრუქტურის გამო თავისუფალი იყო ბევრი იმ გამოვლინებისგან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

ვინმემ შეიძლება იკითხოს, რა მრჯის, ამას რომ ვწერ. ინტერნეტმა მკითხველი და ავტორი გაცილებით მეტად დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. შეიძლება ითქვას, ერთმანეთის ნაცნობებად აქცია. ამ ნაცნობობამ კი, სიკეთესთან ერთად ეს ტენდენციებიც მოიტანა. უფრო ზუსტად, მათი დანახვის საშუალება გააჩინა, თორემ მსგავსი ალბათ არავირტუალურ ლიტერატურულ სამყაროშიც იყო.
მგონია, ბევრი ადამიანია, ვინც არ არის ლიტერატურული საიტების წევრი და "ჩუმად" კითხულობს. მათზე ვერაფერს ვიტყვი, "ხილული" მკითხველები კი (აქ თაობაც იგულისხმება: ძირითადად ახალგაზრდები, რადგან უფროსი თაობა კომპიუტერს ნაკლებად იყენებს) ზოგადი სურათის წარმოდგენის საშუალებას იძლევიან. თან, ისინი ჩემი ლექსების პოტენციური თუ რეალური მკითხველებიც არიან, ჰოდა უბრალოდ მაინტერესებს, რას წერენ და როგორ შეიძლება ესმოდეთ სხვისი ნათქვამი..

Wednesday, August 12, 2009

ორი არჩევანი

კიდევ ორი ძველი ლექსი (რომლებიც ადრე "ებლიტფოზე" იდო) გავუგზავნე ლიბ.გეს. განათავსეს. საკუთარ თავთან დადებულ პირობას არ ვარღვევ – ახლებს ისევ ვიტოვებ (თუმცა ძნელია ეს სიჩუმე).
საინტერესო არჩევანის გაკეთება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძველებიდან ბევრია, რაც საიტზე არ დევს, ამ ლექსებთან თავისთავად მივედი: ჯერ – "გაკვეთილთან", მერე – მეორესთან და მივხვდი, მეტს ამჯერად არ გავგზავნიდი. მეგობარმაც ეს მითხრა, რომ ეს ორი ერთად უნდა გამოქვეყნებულიყო. ჩემ არჩევანზე მისი სიტყვების მერე დავფიქრდი, მანამდე მხოლოდ ქვეცნობიერი იყო ჩართული..
ამავე ლექსებს ჩემს საიტსაც დავამატებ.

...
თუ კრებულზე მუშაობა აქამდე ერთი დიდი მასის დამუშავებას ჰგავდა, დღეს თითებით გამოძერწილი სახის ნაკვთების შეგრძნებაც შევძელი. ეს არ არის სრულყოფილი სახე, მაგრამ როცა იცი, "ვის" ძერწავ, უკვე კარგია. ცოტათი ამოვისუნთქე, რადგან მთელ ამ დღეებს შიშსა და მცდელობებს შორის ვატარებდი (დამეხმარა მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ და სტარტის აქ – "ონლაინ" გამოცხადება, თორემ ვინ იცის, იქნებ გადამედო კიდეც). ვფიქრობ, მალე კიდევ ერთი წერილის დაწერა მომიწევს, ანუ – როგორც კი შემდეგ ეტაპზე გადავალ..

Saturday, June 20, 2009

ვიტრინა

ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც რეალურად სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი და მაინც, ჩემთვისაც გასაკვირად, მეგობრად ვთვლი (ეს კიდევ სხვა წერილის თემაა, ალბათ), ამ რამდენიმე თვის წინ მითხრა: შემოქმედი დღეში ხუთ საათს რომ საკუთარ შემოქმედებას დაუთმობს, მომდევნო ხუთი მის რეალიზაციას უნდა მოახმაროსო. ახალი არაფერი უთქვამს, მეც არაერთხელ მიფიქრია ამაზე (სხვა საქმეა, როგორ ვანხორციელებ), მაგრამ მას შემდეგ მისი სიტყვები ხშირად მახსენდება და დღესაც, წერილის დაწერას ამ საკითხზე შევეცდები. რაკი ჩემთვის სარეალიზაციო ის არის, რასაც ვწერ, ამ კუთხით ვიფიქრებ. სად შეიძლება, რომ მწერალმა/პოეტმა საქართველოში საკუთარი შემოქმედების გამოფენა – მკითხველამდე მიტანა შეძლოს? არის ვირტუალური და არავირტუალური სივრცეები, შესაბამისად – ღია და შედარებით დახურული (ან რთულად დასაძლევი). მათ შორის, ძირითადი:
  • ინტერნეტ რესურსები: ბლოგები, ლიტერატურული საიტები/ფორუმები, სხვადასხვა სოციალური ქსელი
  • ფურცლოვანი: პერიოდული გამოცემები, წიგნი
  • ლიტერატურული კონკურსები
  • "ცოცხალი": ლიტერატურული საღამოები
შევეცდები, თითოეულ მათგანზე გამოვთქვა აზრი, შეძლებისდაგვარად – მოკლედ. მანამდე კი, ორი სიტყვა წერილის სათაურზე: უმეტეს მკითხველს თვალწინ მაღაზიის დიდი ფანჯარა წარმოუდგება, მიუხედავად იმისა, რომ ვიტრინაში მხოლოდ გასაყიდი ნივთები არ აწყვია; ზოგს იქნებ, პროტესტის გრძნობაც გაუჩნდეს – როგორ შეიძლება მხარზე ნება–ნება ქნარმიდებულმა ადამიანმა გასაყიდ პროდუქტს შეადაროსო ქნარზე დამღერებული :) მათ ღიმილით და პირდაპირ ვეტყვი – ქნარი არ არსებობს, არც ფრთები და მენეჯმენტის სწორად წარმოება კი, მწერლისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც (პირობითად) ფურცლისა და კალმის ქონა. ერთია, საქართველოში მწერლებს თავად უწევთ მენეჯერობის შეთავსება – ვის წარმატებით (სულ რამდენიმე ვიცი ასეთი), ვის წარუმატებლად. მე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ყველაფერში გარკვევის მოსურნე ვარ, ჯერჯერობით.
შევეცდები, მალე დავუბრუნდე თემას და პირველ პუნქტად გამოტანილი – ვირტუალური სივრცის შესახებ დავწერო..

Wednesday, May 20, 2009

სხვადასხვა

დღეს არნოლდ გეგეჭკორის წიგნი მაჩუქეს. ახლა ვათვალიერებდი და გული დამწყდა – როგორც ფოტოგრაფი, ნაკლებად ცნობილია. ძალიან კარგი ხედვა აქვს: მომწონს მისი გადაღებული პორტრეტები, თუ ბუნების სცენები.. ეს – რაც წიგნის ფურცლებიდან ჩანს. საგამოფენოდ ნაბეჭდი ფოტოები, ვფიქრობ, ბევრად შთამბეჭდავი იქნებოდა.

კიდევ ერთხელ ვიფიქრე – შემოქმედების წარმოსაჩენად ზრუნვა აუცილებელია; ინტერნეტის რესურსების გამოყენებაც.
***
თითქმის აღარ ვკითხულობ ლიტერატურულ საიტებს. თუ მაინც წამძლია სულმა, სასწრაფოდ გამოვდივარ. ჯერ კიდევ როდის ვუწოდე კუნძულები. ბოლო დროს ნაპირებთან ნავებსაც აღარ ტოვებენ.
***
ბლოგზე წერა აღარ მინდება. ჩემზე თითქმის არაფერს ვწერ და რაც "თითქმისის" მიღმა რჩება, ისე შენიღბულია..
საზოგადოზეც – ნაკლებად. სიჩუმის დღეები მაქვს.

Thursday, March 26, 2009

დღის 'სმაილები'

* :)
ჩემი თარგმანი ლიბ.გეზე დადეს. კი, ვიცი, რომ კარგია (ამის გარეშე დღის შუქს არც ვაჩვენებდი), მაგრამ ჩემ თვალში საკუთარი თავი მაინც "შინაური მღვდელია" ხოლმე, ამიტომ გამიხარდა..
* :წერილი მოკითხვამდე:
ემ, გაიცრიცა, რაც მითხარი..
* :სა ქარ თვე ლო:
"სანაცვლოდ მთავაზობდნენ საბურავების გამოცვლას ჩემ მანქანაზე და ევრორემონტს შემოსასვლელში" © მ. ღლონტი.
– და იქნებ საძინებელში ერჩივნა, ა?! :)
* :sui:
"რაც შეეხება იმ ვერლიბრისტებს რომლებმაც რითმა უარყვეს იმის გამო რომ გაცვდაო, ვეტყვი, ვინაიდან რითმა უარყვეს, უარყონ ყველა ის სიტყვაც რომელიც ლექსებში უკვე ნახმარია, თუ ისინი ამას მოახერხებენ, მაშინ აუწიონ თავები და აუბზიკონ ცხვირები კონვენციური ლექსით გატაცებულებს" – ჩემთვის უცნობი ადამიანის კომენტარი ერთი ფორუმიდან. რატომღაც მისი სახის შეთვალიერება მომინდა :) კიდევ, წარმოდგენილი სცენის კარიკატურის დახატვა..
* :fish:
ბუშტუკები..

Sunday, March 15, 2009

არქივი

ახალი პირადი გვერდი გავაკეთე – პოეზიის.
და რატომ:
ჩემი ლექსები ამჯერად მხოლოდ ლიბ.გეზეა განთავსებული. ანუ, ის, რაც 2007 წლიდან ქვეყნდებოდა. გარკვეული მოსაზრებების გამო, ახალი ლექსების გამოქვეყნებას აღარ ვაპირებ და ამ ახალ საიტზე მხოლოდ ის ლექსები გადავიტანე, რაც ინეტს შემორჩა; თან, მცირე რედაქციით (პუნქტუაციას ვგულისხმობ), ასევე – თარიღების დაფიქსირებით. სასურველია, ლიბ.გეზეც ასევე იყოს, მაგრამ საკირკიტო საქმის თხოვნა მერიდება.
ახლა, რაც შეეხება საიტს. ვებ–გვერდის შექმნა არ ვიცი. ბლოგსპოტის HTML ლაბირინთსაც ვერაფერი გავუგე (ადრე, იმდენი ვიყოჩაღე, რომ ტექსტის გაფერადებაც აღარ შემიძლია). ჰოდა, გუშინ სხვა იდეა გამიჩნდა – ისევ ბლოგსპოტის საშუალებით გამეკეთებინა რაიმე. იმის სანახავად, თუ რა გამოვიდა, შეგიძლიათ ლინკლისტიდან (ბლოგის მარჯვენა, ზედა კუთხეში) გადახვიდეთ. მოგვიანებით, იქნებ უფრო დავხვეწო. ფერები იგივეა, რაც აქ. მოკლედ, უბრალოდ ლექსების არქივი – ამ ბლოგის დამატება.

აქაც იყოს ლინკი

------
აქვე დავწერ, რადგან ბლოგს ეხება:
წინა პოსტი – "ხელი მენჯთან" დრაფტში შევინახე, რადგან იმ ადამიანს, ვისზეც ვწერდი, ვესაუბრე და მან ადეკვატური ნაბიჯი გადადგა. ვფიქრობ, სიტყვის ადამიანია და ჩემგან კი, შესაბამისი ნაბიჯი ალბათ ეს უნდა იყოს.
მიხარია, რომ ერთი ლექსის დაცვა შევძელი.
მადლობა ყველას, ვინც იმ პოსტს გამოეხმაურა.

Tuesday, March 10, 2009

მოყვარეს პირში უძრახე..

ამ წერილის წერა გუშინ დავიწყე და ასე:
მგონი ბევრზე მამაცი ვარ, ღიად რომ დავიწყე კრიტიკული აზრის გამოთქმა:) ეს ნახევრად ხუმრობით..
ოღონდ, ამ ეტაპზე მოვლენების ზოგადი მიმოხილვა მაინტერესებს, თუმცა, არც კონკრეტულ ადამიანის შემოქმედებისა, თუ აზრის გამო დისკუსიას მოვრიდებივარ ფორუმის წევრობისას.
მერე ის ფაქტი გამახსენდა – ბიოგრაფიული და უცებ სულ სხვა წერილი დაიბადა.
ახლა ვფიქრობ, "ინტროში" მოთხრობილი ამბავი არაერთი თემის გასაშლელ კონტექსტად გამოდგება. მაგრამ, ჯერ იმ კითხვას დავუბრუნდები, რომლის დასმაც მსურდა: რატომ ერიდებიან ლიტერატურულ საიტებზე ერთმანეთის შემოქმედების შესახებ კრიტიკული აზრის გამოთქმას?
აქვე "კრიტიკულ აზრში" ნაგულისხმევს განვმარტავ – ეს მკითხველის მიერ თამამად დასაბუთებაა, თუ რატომ არ მოსწონს ესა თუ ის ნაწარმოები, ან რატომ აქვს უარყოფითი აზრი ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებაზე. ახლა მოქმედ ლიტერატურულ საიტებზე ჩამოთვლილთაგან რომელიმე მაინც თუ ფიქსირდება, დამფიქსირებლის მიმართ "ომს" და ამ "ომში" მის "დამარცხებას" იწვევს.
კიდევ ერთი შენიშვნა: დასაბუთებას მეტ–ნაკლები კომპეტენციაც სჭირდება და მე იმ შემთხვევებზე მაქვს საუბარი, როცა ეს კომპეტენცია არსებობს, გამბედაობა კი – არა.
ახლა კი, იმ კითხვებს ჩამოვწერ, ამ დღეებში რომ გამიჩნდა (თან ვფიქრობ – ჩემი პასუხებიც ამ კითხვებშივე ჩამრჩება):

*საკუთარი და განსხვავებული აზრის გამოთქმის მიზნით რატომ გადიან რეგისტრაციას ხელახლა?
*უცხო ნიკი – როგორც ჯავშანი – ვერმოთმენილი და ღიად ვერგაბედული სიტყვის ადრესატამდე როგორმე მისატანად?
*აქვს კი ამ აზრს რაიმე მნიშვნელობა ადრესატისთვის? (განსაკუთრებით მაშინ, როცა საპირისპიროს მამტკიცებელი რაოდენობრივად მეტია, თანაც – ნაცნობი?)
*რატომ ჩნდება დამოკიდებულება – "ის შურიანია და ბოღმა ალაპარაკებს"?
*ხანდახან მართებული შენიშვნის მიღების ხელისშემშლელი იქნებ სწორედ "ჯავშანია"? (ან იქნებ მხოლოდ ფაქტის /არგუმენტების გარეშე/ დაფიქსირება?)
*რა შემთხვევაში ბედავს ვინმე საკუთარი სახელით კრიტიკას?
*რატომ ხდება, რომ ასეთ ადამიანს მენტორულ ტონზე მიუთითებენ?
*რატომ გახდა ტაქტი იშვიათი თვისება?
*და ბოლოს, რატომ გვაქვს მუდმივად ერთნაირი ფინალი – "უარყოფითი" გმირის სცენიდან გაძევება..

აქვე: არ მინდა ისე აღიქვას ვინმემ, რომ უარყოფითს საერთოდ არაფერს ამბობენ. გაღიზიანებას უცხო და ერთჯერადად გამოსაყენებელი ნიკით შენიღბვა იწვევს, ან უტაქტობა.. თუმცა, შენიღბვას რა იწვევს, ჩემი აზრით, ეს არის მთავარი.

ბოლოს კიდევ ერთი გადახვევა (რა ვქნა, როგორც წესი, წერისას ათასი ასოციაცია მიჩნდება:) ):
ახლა ისეთი რამ გამახსენდა, რომ თვითონ მიკვირს. ადრე, როცა თითქმის ყველა თბილისურ სამზარეულოს "ხაზის" რადიო ამშვენებდა და მეც სკოლაში დავდიოდი, საუზმობა დილის გადაცემების თანხლებით მიწევდა. ერთი გადაცემა მახსოვს, უფრო სწორედ თემა გადაცემიდან – როგორ ვთქვათ "არა". მსახიობი (ალბათ) ერთსა და იმავე წინადადებას სხვადასხვა ტონით კითხულობდა. აღქმაც (მითუმეტეს, რომ რადიოს გამო აქცენტი მხოლოდ ინტონაციაზე იყო გაკეთებული) სხვადასხვაგვარად ხდებოდა..
არა, რამ გამახსენა!! :დ
ჰო, წერილობითაც – მსგავსად.. თან, გაცილებით ადვილია:)

პ.ს. ქართული სიბრძნე სათაურში ავაბრძანე :)

Thursday, February 12, 2009

სათაური

სახლისკენ წამოსულმა, პლეხანოვზე (თუ გინდათ, აღმაშენებელზე), მთელი თვე რომ არემონტებდნენ – იმ ფართის თავზე, სახელწოდება წავიკითხე : "სახინკლე – არა ვჭამოთ პური?!" გამეღიმა (თან დათას ფლიკრი გამახსენდა – თბილისის ქუჩებში გამოფენილი გონებამახვილობების მგონი ყველაზე სრული ბაზა) და გადავწყვიტე: დღეს აღარ დავიზარებ და სათაურებზე დავწერ. ოღონდ, არა ქუჩა–ქუჩა ნაპოვნზე (თემის სახალისო ხასიათის მიუხედავად), არამედ საიტ–საიტ აღმოჩენილებზე, ლექსებს (ძირითადად) რომ ამშვენებენ.
მაშ ასე, ორი რამ, რაზეც მინდა თქმა: ერთზე ადრე, ფორუმშიც ვისაუბრე. ეს ინგლისურენოვანი სათაურებია. მეორეზე კი, აქამდე არსად მითქვამს – ეს არ ვიცი, რა არის. შევეცდები, წერისას გავერკვე:)
დავიწყებ გადაღეჭილი წესის ხსენებით: კითხვა, ანუ ა მ ოკითხვა სათაურით იწყება. ნაწარმოების საწყისიც და შემკვრელიც – სათაურია. რა თქმა უნდა, არსებობს უსათაურო ლექსები, მაგრამ, ეს არ არის პრობლემა. ამ დროს, არაფერზე მიგანიშნებენ, შენ გიტოვებენ ნასკვის გაკეთების ნებას, შენ გაჭერინებენ ხელში ფანქარს – "თვალების" მისახატად. მოკლედ, შორს რომ არ წავიდე და წერის ხასიათზე მოსულმა, სათაურის მნიშვნელობის საჩვენებლად კიდევ არაერთი სახე რომ არ წარმოვიდგინო, მაგალითებზე გადავალ. ჯერ ინგლისურენოვანზე.
აი, ერთი საიტის ბოლო ორი თუ სამი კვირის ახალი ნაწარმოებებიდან:
John; Different; Massive; The dark side of the.. ; Requiem For Ninase; Shake; Ordinary Love; Short stories; Alternative ways
...
ამიხსნის ვინმე – რატომ "Different" და არა "განსხვავებული"? რაიმე დატვირთვას იძენს, გარდა იმისა, რომ უცხო(ურა)დ ჟღერს? (მაგალითად, მე ავხსნი ერთადერთ შემთხვევას, როცა ლექსს Circus დავარქვი. მინიშნების გაკეთება ორ რამეზე მსურდა: ცირკზე და წრეზე. მხოლოდ ლათინური ტრანსკრიფცია მაძლევდა ამის საშუალებას, რადგან ქართულად დასათაურებისას მკითხველისთვის "წრე" იკარგებოდა, ან ძნელი ამოსაცნობი ხდებოდა). როგორც "განსხვავებულს", დანარჩენსაც ისე მოეძებნება ქართული შესატყვისი.

გარდა "რაიმეენოვანი" და მაინც, ლექსზე ასე თუ ისე მორგებული სათაურებისა, გვაქვს კიდევ "რაღაც":
სხვადასხვა "სმაილები", სასვენი ნიშნები (ძახილის, კითხვის), ან:
კოტესტროფა; აროიალებ; შტერული განწყობა; უსახელო ივერიელმა ნაპოლეონის თვალწინ ოცდარვა ფრანგი გაფატრა; სულში შემომელეკვე; ნაპოეტარი ლექსი
...
ვფიქრობ, ამოწერაც საკმარისია – კომენტარის გარეშე (აქვე ავღნიშნავ, დღეს არცერთი ტექსტის სხვა ავ–კარგზე არ ვაკეთებ მინიშნებას). ჰო, ეს ყველაფერი კიდევ ერთი ლიტერატურული საიტიდან.
აქვე ვიტყვი, რომ არც უცხო ენაზე დასათაურებული ბლოგებისა და პოსტების ნახვაა იშვიათობა, მაგრამ ბლოგის წარმოება ლექსის წერას არ გავს და ჩემი აზრით, შედარება შეუსაბამო იქნება.

მოკლედ, სულ ამის თქმა მინდოდა: თონეში კარგად ჩაკრულ–გამომცხვარი ქართული პურის გატეხვა სჯობს:)
სულ სხვა სუნი აქვს...